აგვისტოს ტერაქტი კვლავ იდუმალებით არის მოცული

აგვისტოს ტერაქტი კვლავ იდუმალებით არის მოცული

    გასულ კვირას დამთავრდა გელაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც თანამზრახველებთან ერთად სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებაში ადანაშაულებენ. ბრალდებულ გოჩა გელაშვილს არაფერი აქვს საერთო გიგა გელაშვილთან, რომლის სასამართლო, როგორც ჩანს, შემოდგომაზე დაიწყება. ახლახან დასრულებული პროცესი იოსელიანი-გელაშვილის საქმის პრელუდიად უნდა ჩაითვალოს, თუმცა მას საკუთარი სპეციფიკა გააჩნია: ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯათ ადამიანებს იმისათვის. რომ მათ (გამოძიების მტკიცებით) შევარდნაძეზე ტერორისტული აქტის მოწყობა განიზრახეს. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა მხოლოდ იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ «მხედრიონმა» დაასწრო. როგორც ჩანს, ამ დაჯგუფებას კვირაია და თარგამაძე ჯაბა იოსელიანის «ალტერ ეგოდ» აღიქვამდნენ და გელაშვილი «ეროვნული» შეფერილობის რადიკალური პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლად და ლიდერად გამოაცხადეს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც «ჭკუის სასწავლებელი» ნიმუში შექმნა «დაპირისპირებულთა ერთიანობისა» (ციხეში) ისევე, როგორც, მაგალითად, ლამის ერთ საკანში ჩასვა ჯაბა იოსელიანი და ლოთი ქობალია.
    29 აგვისტოს ტერაქტი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მიჯნად უნდა ჩაითვალოს. თუმცა ამ ისტორიას უკვე იმდენი მნიშვნელოვანი მიჯნა გააჩნია, რომ მთელ ეპოქას ეყოფოდა. მიუხედავად ამისა, დღემდე გაურკვეველია, თუ რა მოხდა საქართველოში 1995 წელს და ვის ინტერესებს ემსახურებოდა (ნებსით თუ უნებლიეთ) გიგა გელაშვილი? ვის გულისხმობდა ედუარდ შევარდნაძე იმ პიროვნებაში, «რომლის სახელსაც, სანამ ცოცხალია, არ იტყვის?» რა კავშირი შეიძლება იყოს ორ გელაშვილს შორის, თუ ისინი მართლაც გეგმავდნენ ტერაქტს და ჰყავდათ თუ არა მათ ერთი დამკვეთი?
    «ეროვნულ-რადიკალთა» სასამართლომ ამ კითხვებს, რა თქმა უნდა, პასუხი ვერ გასცა. საეჭვოა, რაიმეს ნათელი მოეფინოს ჯაბა იოსელიანის გასამართლების შემდეგაც, ვინაიდან მხარეები ყველანაირად შეეცდებიან, რეალობა მხოლოდ მათთვის სასურველი რაკურსით წარმოაჩინონ და მეორეხარისხოვანი ეპიზოდებით მთავარი მიჩქმალონ - ვინ შეუკვეთა არა მხოლოდ აგვისტოს ტერაქტი, არამედ ზვიად გამსახურდიას «თვითმკვლელობაც» და თვით იანვარ-დეკემბრის გადატრიალება? თუ შემკვეთი კრემლია, რომელ ძალას ენდობა იგი საქართველოში ბოლომდე ან იმდენად მაინც, რომ მის წინააღმდეგ მორიგი შეთქმულების მოწყობა არ დასჭირდეს? ჩნდება კიდევ ერთი მარტივი კითხვა: ვის რა სმენია ამ ე.წ. «ეროვნულ-რადიკალური» პარტიის შესახებ? როგორც ირკვევა, არავის, არც «ზვიადისტებს», არც «ანტიზვიადისტებს» და არც «დემოკრატებს». იქმნება შთაბეჭდილება, რომ უხილავი ხელი პირდაღებული მაყურებლის თვალწინ საბრალო ტიკინებს ათამაშებს.

მერიდიანი, 25 აპრილი, 1997 წ.