საერთაშორისო მიმოხილვა. 14 აპრილი. 2025 წელი
პუტინმა პირდაპირ სახეში შეაფურთხა ტრამპს!
სხვაგვარი შეფასება შეუძლებელია იმისა, რაც კრემლმა ჩაიდინა მაშინვე, როგორც კი აშშ პრეზიდენტის სპეც-წარმომადგენელმა უიტკოფმა დატოვა რუსეთი.
ბუნებრივია უიტკოფმა სანკტ-პეტერბურგში პუტინს (ფეხზე მდგარი საათნახევარი ალოდინა ამ უკანასკნელმა ამერიკელ დიპლომატს) წარუდგინა ტრამპის ცნობილი წინადადებები;
და ისიც უთხრა პუტინს, რომ უკრაინა არ თანხმდება....... ასევე ევროპა არ თანხმდება (უკრაინა რომც დათანხმდეს, ევროპა არ დათანხმდება პრეცედენტულობის გამო - ამ მომენტს რატომღაც ნაკლებად ექცევა ყურადღება-დ) ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის რუსულ რეგიონებად აღიარებას.
ამიტომ ყიტკოფმა გადასცა ტრამპის „მესიჯი“ პუტინს: ცეცხლის შეწყვეტას „გამყოფ ხაზთან“, ესე იგი დღევანდელ ფრონტის ხაზთან დათანხმდიო.
სწორედ ამის პასუხად (!) პუტინმა უბრძანა არმიას სუმისთვის ერთდროულად ორი ბალისტიკური რაკეტა SS-26 Iskander ესროლათ.
აი საქართველოს რომ ესროლეს დაღესტნიდან 2008 წლის 12 აგვისტოს.
ამ რაკეტის მოსაგერიებლად დღეს პლანეტაზე არსებობს ერთადერთი საშუალება: გენიალური ამერიკული საზენიტო სისტემა Patriot.
სხვათა შორის ბევრს არ სჯეროდა, რომ იგი Iskander-ის მოგერიებას შეძლებდა, რადგან რუსული ბალისტიკური რაკეტა ფლობს უნიკალურ თვისებას: ადის ჯერ 50 კილომეტრზე, შემდეგ გადაადგილდება სტრატოსფეროში სამიზნისკენ, მერე ეშვება შვეულად და რაც მთავარია, რამდენიმე ბგერის სისწარფით მანევრირებს დარტყმამდე.
თუმცა Lockheed Martin და (გაგიკვირდებათ) „მშვიდობიანი“ Boeing წარმოების რაკეტამ Iskander-ის უძლეველობის და მოუგერიებადობის მითი დაამსხვრია.
უბედურება ისაა, რომ Patriot ცოტა აქვთ უკრაინელებს.
კიევს იცავენ და რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებას კიდევ.
ვერც ბაიდენმა ვერც ტრამპმა ეს უნიკალური კომპლექსი მეტი რაოდენობით (ამჟამად 5 ი 6 ერთეული აქვს უკრაინის არმიას) ვერ გაიმეტეს რაკი ისრაელის დასაცავად სჭირდებათ.
ესაა მთავარი მიზეზი.
სუმიზე დარტყმის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.
მათ შორის ბავშვები.
ტრამპის მეორე სპეცწარმომადგენელმა კიმ სტარმერმა (იგი სამხედრო კაცია) ეს დარტყმა სასტიკად დაგმო.
უიტკოფი სდუმს.
უმწვავესი განცხადებები გააკეთეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა.
მაგრამ ეს არის „ლაპარაკი საქმის ნაცვლად“.
„საქმეს“ ყველა ელის ამერიკის პრეზიდენტისგან!! თუმცა დონალდ ტრამპი ახლა „ტარიფების ომშია“ ჩაფლული და პრობლემებს ვერ აუდის, რაკი აღმოჩნდა, რომ (როგორც მოსალოდნელი იყო) მხოლოდ საბაჟო ტარიფებით ამერიკული ინდუსტრიების „ამოქოქვა“ ვერ მოხერხდება.
მით უმეტეს სწრაფად ვერ მოხერხდება, რაკი ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა „კოოპერაციულობის“ თვალსაზრისით კარდინალურად შეიცვალა: Iphone-ს ვერ დაამზადებ ჩიპების გარეშე. ჩიპები კი იმ უცხოურ პროდუქციაში მოჰყვა, რომელიც ტრამპის ტარიფებმა გააძვირა.
შესაბამისად, Apple-მა ანუ კომპანიამ, რომელიც ამერიკის „შესანიშნავ შვიდეულში“ შედის (Apple, Microsoft, Alphabet, Amazon, Nvidia, Tesla и Meta) ასეულობით მილიარდი დოლარი დაკარგა ერთბაშად.
თუმცა აქციების ფასი ნაწილობრივ აღდგა, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია კომპრომისი.
და ახლა ამერიკაში მწიფდება დიდი სკანდალი: მართალია თუ არა, რომ დონალდ ტრამპის სიძემ, კუშნერმა ისარგებლა ამ „ინსაიდერული“ ინფორმაციით და იყიდა აქციები წინა დღეს, სანამ პრეზიდენტი 90 დღიან მორატორიუმს გამოაცხადებდა და Dow-ს ინდექსი კვლავ გაიზრდებოდა.
ოღონდ ეს ეჭვი ჯერ „დასაბუთებულის მიღმა სტანდარტს“ ვერ აკმაყოფილებს.
ამიტომ სრულყოფილადაც ვერ „გორდება“.
დღეს დილით „თეთრმა სახლმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპს არავითარი გამონაკლისი არ დაუშვია ჩინეთში წარმოებული პროდუქციისთვის - კვლავინდებურად 145%-იანი საბაჟო ტარიფი ადევს ყველაფერს.
მათ შორის ელექტრონიკასაც. ოღონდ......მაინც ვრცელდება ჯიუტად ინფორმაცია, რომ ჩიპებზე (!!) გამონაკლისები დაშვებულია.
მიკრო-ჩიპების გლობალური „ამქარი“ ტაივანია და არა ჩინეთი.
თვით დონალდ ტრამპი, შეიძლება ითქვას, მახვილგონივრულად „მანევრირებს“ ამ საინფორმაციო ომში. ამ მხრივ „შიდა-ომიც აქვს გაჩაღებული დემოკრატებთან და ლიბერალურ მედიასთან, რომელიც ჩასაფრებულია.
დილით პრეზიდენტმა მის კუთვნილ პლატფორმაზე Truth Social დაწერა, რომ არავითარი „გამონაკლისი“ (exeption) არ დაუშვია სატარიფო ომში უბრალოდ....ადმინისტრაციას დაავალა ყურადღებით შეისწავლოს ელექტრონიკისა და მიკროჩიპების ლოჯისტიკა და…… „ეს პროდუქცია სხვა საბაჟო-სატარიფო კალათაში“ გადაიტანა.
და რას ნიშნავს ეს თუ არა გამონაკლისის დაშვებას? ოღონდ „ტექნოლოგიურ უკან დახევას“ - ისე, რომ მტრებმა ვერ „გააფიარონ“.
აშშ ვაჭრობის მინისტრი (მდივანი) ჰოვარდ ლატნიკი ამბობს, რომ დღეს, 14 აპრილს ტრამპი ამ „კალათაში“ შემავალ პროდუქციაზე ცალკე სხვაგვარ საბაჟო ტარიფებს გამოაცხადებს, ხოლო პეკინთან, ლატნიკის თქმით „შუამავლების მეშვეობით ფრთხილი დიალოგი იწყება“ შესაძლო კომპრომისებზე.
ეს შუამავლები „ვინები“ არიან, არ დაუკონკრეტებია.
ახლა დავაკვირდეთ რას აკეთებს ჩინეთი. უფრო ზუსტად, მისი ავტორიტარი მმართველი სი ძინპინი.
როგორც მოსალოდნელი იყო, სი იღებს ასიმეტრიულ გადაწყვეტილებებსა და ზომებს რაკი ესმის, რომ როდესაც ამერიკას სავაჭრო დეფიციტი აქვს ჩინეთთან, უშუალოდ „სატარიფო ომში“ შეყოლა პეკინს ვერ გაამარჯვებინებს:
გუშინ ჩინეთის მთავრობამ შეწყვიტა გლობალურ ბაზრებზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფერადი ლითონების ექსპორტი, რასაც აბსოლუტურად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს საავტომობილო, კოსმოსური და იმავე მიკროჩიპთა წარმოებისთვის.
ანუ არა მხოლოდ ამერიკაში მათი ექსპორტი გაყინა, არამედ ზოგადად შეაჩერა ექსპორტი, რათა ამერიკას მესამე ქვეყნებისგან არ ეყიდა.
სი მზადაა გლობალური ეკონომიკა დაანგრიოს, გლობალური წარმოებაც დაანგრიოს, მაგრამ ტრამპთან ომში გაიმარჯვოს.
და აქვე უნდა ითქვას, რომ ამ პოლიტიკის ბენეფიციარი შესაძლოა გახდეს იგივე პუტინი - კრემლის ბინადარმა ტრამპს რაღაც გამოსტყუოს უკრაინის თემაზე, ვთქვათ ალუმინის მიწოდების სანაცვლოდ.
ალუმინის გარეშე Boeing დიდი ხნით გაჩერდება. გერმანიის ავტომრეწვიც გაჩერდება..... გარდა იმ ქარხნებისა, რაც მერსედესმა და სხვა გიგანტებმა იმავე ჩინეთში გადაიტანეს.
აქვე: ირკვევა, რომ ჩინეთს აქვს ლამის გლობალური მონოპოლია იმ წიაღისეულის მოპოვება/ექსპორტში, რასაც ინგლისურად ჰქვია Rare earth magnets
მათ შორისაა ბორი, ნეოდიმი, სამარია, კობალტი და ა.შ.
heavy rare earth metals სამხედრო ინდუსტრიისთვისაც შეუცვლელია. მაგალითად დრონებს საერთოდ ვერ დაამზადებ ამის გარეშე..... არადა XXI საუკუნის ომი დრონების ომია - უკრაინამ ეს ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა.
Earth metals 90% პლანეტაზე ჩინეთში მოიპოვება.
განა დედამიწაზე სხვაგან არ იქნება? როგორ არ იქნება, არის კიდეც, მაგრამ......დრო (!!).......დროა საჭირო ახალი მომპოვებელი და ლოჯისტიკური სიმძლავრეების ასაწყობად და მერე „დასაქოქად“.
აბა სად აქვს გლობალურ ეკონომიკას ამდენი დრო, როდესაც „მესამე მსოფლიო ომს“ უწოდებენ უკვე ტარიფების ომს?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კვლავ აქვე: გულდასაწყვეტი ის არის, რომ თუ ამ დღეებში ამერიკულ და ევროპულ მეინსტრიმულ მედიას, განსაკუთრებით ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებს გადავხედავთ (WSJ, WP, NYT, Bloomberg, Times, FT, Le Mond……) უკრაინის საზარელი ტრაგედია პირველ ადგილზე ნამდვილად არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თეთრი სახლის ოფიციალურმა ექიმმა შონ ბარბაბელლამ გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპს ჩაუტარდა სპეციალური კვლევა კოგნიტიური შესაძლებლობების თაობაზე, რომელმაც დაადგინა, რომ აშშ 45-ე და 47-ე პრეზიდენტი, 78 წლის ასაკში „კოგნიტიურად სრულებით ჯანმრთელია“.
მაგალითად მეხსიერებას არ უჩივის.
სამედიცინო ენიდან თუ „გადმოვთარგმნით“ ასე ჟღერს: „არც გიჟია და არც დემენცია აქვსო“.
„თეთრი სახლის“ თანახმად, ე.წ. „მონრეალის კოგნიტიური ტესტით“ დონალდ ტრამპმა მიიღო მაქსიმალური - 30 ქულა.
იმავე ინფორმაციით, ამჟამად ტრამპი სვამს მხოლოდ ქოლესტერინის დაგროვების საწინააღმდეგო პრეპარატს, სისხლის გამათხელებელს და კანის დამარბილებელ მალამოს ისვამს.
ამასობაში, ამერიკელი და არა მხოლოდ ამერიკელი იურისტები დავობენ იმაზე, მართლა ჰქონდა და აქვს თუ არა აშშ პრეზიდენტს უფლება, კონგრესის გვერდის ავლით შემოიღოს საბაჟო ტარიფები.
ირკვევა, რომ ტრამპი იყენებს 1962 წლის კანონს, რომელიც ნამდვილად ანიჭებს სახელმწიფოს მეთაურს უფლებას, გამოაცხადოს სრული ან ნაწილობრივი საგანგებო მდგომარეობა ვაჭრობაში, როდესაც ჩათვლის, რომ ვაჭრობა ემუქრება ამერიკის ეროვნულ უშიშროებას.
თუმცა ეს კანონი მეტისმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის.
განა რა ისეთი ქვეყნის დამაქცეველი და სახელმწიფოს გამანადგურებელი მდგომარეობაა ამერიკის ეკონომიკაში, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე მხოლოდ იზრდება, უმუშევრობა მცირდება, ძირითადი ინდექსები სულ მაღლა მიიწევდნენ, ინფლაცია შედარებით დაბალი იყო და ა.შ და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან ცუდი ამბავია, რომ რუსულმა საზენიტომ C-400 ჩამოაგდო ამერიკული F-16. უკრაინელი მფრინავი, გვარად ივანოვი (!) დაიღუპა.
ორგზის ცუდია, რომ ამ თვითმფრინავის ქალაქ სუმზე გადაფრენის მოკლე ვიდეო უპასუხისმგებლო ბლოგერმა დადო ქსელში მისი გეოლოკაციის დადგენის შესაძლებლობით.
სწორედ ამის შემდეგ ჩამოაგდეს რუსებმა.
თანამედროვე კომუნიცირებულ მსოფლიოში, როდესაც ყველას უდევს ჯიბეში სმარტფონი, პერსონალური უპასუხისმგებლობა ნეგატიური საომარი ფაქტორი ხდება ხშირად.