ათენში მოსალოდნელია ქართული დიპლომატიის მორიგი შერცხვენა

ათენში მოსალოდნელია ქართული დიპლომატიის მორიგი შერცხვენა


      საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრძელდება მზადება ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდისათვის, რომელიც ათენში უნდა გაიმართოს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდითა და შუამავლობით.
    ერთი სიტყვით, აფხაზეთის თემა თანდათან იქცა იმ «საჯილდაო ქვად», რომლის მეშვეობითაც არა მხოლოდ პირველი, არამედ მეორე და მესამეხარისხოვანი ქვეყნებიც კი იწერენ ქულებს და იმაღლებენ საერთაშორისო პრესტიჟს.
    კიდევ კარგი, ჯერჯერობით არძინბამ (მიუხედავად დიდი სურვილისა) ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
    საქართველოს პრეზიდენტი როგორც იქნა მიხვდა, რომ ნებისმიერი ასეთი შეხვედრა სეპარატისტებს აძლევს საშუალებას დააფიქსირონ «თანასწორსუბიექტურობა».
    ამდენად, რაც უფრო მეტი ამგვარი «სამიტი» გაიმართება (მით უმეტეს, მთელი მსოფლიოს თვალწინ - ათენში, ჟენევაში და ა.შ.) მით უკეთესი და მით სასურველი ძაღლთაპირი არძინბასთვის.
    ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ იგი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრებსაც «არ თაკილობს», რათა ისევ და ისევ სეპარატისტთათვის ხელსაყრელი რეალობა დააფიქსიროს. პოლიტიკურ რეალობას კი (ეს აფხაზეთში მშვენივრად უწყიან) იურიდიულში გადასვლის თვისება აქვს. ანუ «დეფაქტო» ადრე თუ გვიან, გადაიქცევა დეიურედ.
    სწორედ ამიტომ, ათენში არძინბაც «დაფიქსირდება» - იგი საქართველოს ნებისმიერ წარმომადგენელთან შეხვედრაზე არ იტყვის უარს თუ ეს შეხვედრა საერთაშორისო მაშტაბით გახმაურდება; რასაკვირველია, საბერძნეთს, რომელსაც საკუთარი პრობლემები ვერ გადაუწყვეტია და ევროპაში «აბეზარ ღარიბ ნათესავად» ითვლება, ნამდვილად აძლევს ხელს ამგვარი შეხვედრის გამართვა ათენში.
    ქართული დიპლომატია კი ტრაგიკომიკურ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა ვეხმარებოდეთ სხვა ქვეყნებს მათი საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებაში მაშინ, როდესაც ეს არათუ არაფერს გვაძლევს, არამედ პირიქით - ზიანსაც კი გვაყენებს? ამაზე მეტი იდიოტიზმი გაგონილა? ათენის შეხვედრა დაიწყება (ალბათ) საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის «ბრძნული» შესავალი სიტყვით, რომლითაც იგი მოუწოდებს მხარეებს «იპოვონ გზები პოზიციათა დასაახლოებლად» და დასრულდება მისივე განცხადებით, რომელშიც გამოითქმება «მწუხარება იმის გამო, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს.. და ა.შ.... თუმცა, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, განაგრძონ ძალისხმევა»
    არც ისაა გამორიცხული, საბერძნეთმა საერთოდ სასაცილოდ აიგდოს საქართველო და საგარეო საქმეთა მინისტრის ნაცვლად შეხვედრას რომელიმე მისი მოადგილე გაუძღვეს. ამით ათენი კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს საკუთარ მნიშვნელობასა და «გავლენას» მაშინ, როცა არანაირი გავლენა სინამდვილეში არ გააჩნია; ქართული დიპლომატიის მორიგ შერცხვენას დაასრულებს ის ფაქტი, რომ ათენის შეხვედრაში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მიიღებს მონაწილეობას.
    ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი ნათელია; გაუგებარი მხოლოდ ის არის, მაინც რა აუცილებლობა რჯის საქართველოს, რომ ამგვარ სპექტაკლებში მიიღოს მონაწილეობა? გაეროს მოთხოვნა? მაგრამ გაერო ჩვეულებრივი, უმაქნისი, ბიუროკრატიული ორგანიზაციაა, რომელსაც საკუთარი მუნდირის ღირსების გარდა არაფერი აინტერესებს. რატომ უნდა სწირავდეს საქართველო საკუთარ ინტერესებს ამ მუნდირს? რა ძალა გვადგას?
    ან იქნებ ზიანს მოგვიტანს სეპარატისტებთან მოლაპარაკების შეწყვეტა? - არავითარ შემთხვევაში! ვითარება აფხაზეთის ირგვლივ უკვე ჩამოყალიბდა, მდგრადობა შეიძინა და მოლაპარაკებათა შეწყვეტით იგი არ შეიცვლება. პირიქით - მოლაპარაკებები მხოლოდ სეპარატისტთა წისქვილზე ასხამს წყალს და აახლოებს მათ საბოლოო მიზანთან - ფაქტობრივი მდგომარეობის იურიდიული დაკანონებასთან. გარდა ამისა, საქართველოს (ნუ დავივიწყებთ) აქვს საშუალება, პარტიზანთა ფარული მხარდაჭერით მცირე ინტენსივობის სამხედრო ზეწოლით შეაფერხოს ეს პროცესი.
    მივმართოთ ანალოგიას. რა დააკლდა აზერბაიჯანს იმით, რომ ყარაბაღში სეპარატისტებთან ყოველგვარი მოლაპარაკებაზე თქვა უარი? აბსოლუტურად არაფერი! პირიქით, აზერბაიჯანის პოზიციები ყარაბაღის მიმართ, იურიდიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, გაცილებით უფრო მტკიცეა; საქართველო კი აფხაზეთთან «საგარეო საქმეთა მინისტრების» დონეზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

მერიდიანი, 14 ოქტომბერი, 1998 წ.