ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის ინტერესების სამსახურში

ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის ინტერესების სამსახურში

    კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კოდორის ხეობის ცნობილი ინციდენტი მოხდა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ, სინამდვილეში რა მოხდა, ვინ არის დამნაშავე და, საერთოდ - რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ თავდაცვის მინისტრის - ვარდიკო ნადიბაიძის დისკრედიტაციის მიზნით აგორებული ახალი ტალღა, რომელმაც ამჯერად, როგორც ჩანს, მიზანს ვერ მიაღწია...
    ვარდიკო ნადიბაიძის - როგორც «რუსეთის კაცის», ქართული ჯარის აღმშენებლობის პროცესისთვის სრულიად შეუფერებელი პიროვნების (თუნდაც იმიტომ, რომ იგი მეურნე გახლავთ და არა ე.წ. «ბოევოი გენერალ»-ი) - დაცვას, რასაკვირველია არ ვაპირებ; უდავოა, რომ თავდაცვის რუსულენოვანი მინისტრი არათუ კარგა ხანია მოსახსნელია, არამედ იმთავითვე აზრადაც არ უნდა მოსვლოდათ მისი ამ პოსტზე დანიშვნა და მეტიც - ჩვენი დღეს გაპრინციპულებულ-გაეროვნულებული პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის მხარდაჭერა ნამდვილი უზნეობა იყო...
    სრულიად სხვა საკითხია და, უფრო მნიშვნელოვანი თუ არა არანაკლებ არსებითი, თუ რამ გამოიწვია ამ ბოლოხანებში ასეთი მრისხანე გალაშქრება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა წინააღმდეგ.
    ვარდიკო ნადიბაიძეზე «ნადირობა» უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს - პირველი მძლავრი შეტევა მასზე, რასაკვირველია, ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ განახორციელა... დღესდღეობით საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ იგი «თანამდებობისთვის შეუფერებელი პიროვნებაა»«წყალი აქვს შემდგარი» და, დღეს თუ ხვალ, ალბათ, მოხსნიან...
    რა იქნება «დღეს თუ ხვალ» - მაღლა ღმერთმა და დაბლა შევარდნაძემ თუ იციან - ფაქტი კი ფაქტად რჩება: «ზემოდან» მწვანე შუქი მიეცა თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციისთვის გამიზნულ სერიოზულ მოძრაობას.
    ვარდიკო ნადიბაიძე, ალბათ, პირველი იქნებოდა «მოსახსნელთა» სიაში, რომ არა მოულოდნელი დარტყმა მეორე ძალოვანი სტრუქტურის - უშიშროების სამინისტროს - შეფზე, შოთა კვირაიაზე.
    შოთა კვირაიას გადადგომის ამბავი კომედიურ ჟანრში გადაწყვეტილ სპექტაკლს ჰგავს: ისეთი აჟიოტაჟი ატყდა სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით, თითქოს მოულოდნელიო რამ გაიგეს და ვერც კი წარმოედგინათ, რომ უშიშროებას გაზეთების რედაქტორები კონტროლზე ჰყავდა აყვანილი!
    იმდენად «თეთრი ძაფით იყო ნაკერი» კვირაიასადმი წაყენებული მკაცრი ბრალდება, რომ იმთავითვე ცხადი გახდა კულუარებში გარკვეული შეთანხმების არსებობა, რომლის მონაწილე, სულ მცირე, ტრიადაში (შევარდნაძე - ირინა სარიშვილი-ჭანტურია - შოთა კვირაია) «დამრტყმელ» როლს ირინა სარიშვილი-ჭანტურია ასრულებდა...
    უშიშროების მინისტრებში რომ «ბედი არ გვწყალობს», ეს მეორე საკითხია - საოცარი ის არის, რომ გასაიდუმლებული ინფორმაცია ასე თავისუფლად ჟონავს დახურული სტრუქტურებიდან და, კიდევ უფრო გასაოცარი ისაა, რომ ეს ინფორმაცია მაინცდამაინც (და აუცილებლად!) ირინა სარიშვილი-ჭანტურიასთან ხვდება!
    ამ უცნაურობას შეიძლება მხოლოდ ორგვარი ახსნა მოეძებნოს:
    1. ირინა სარიშვილი-ჭანტურია «შეკრულია» შევარდნაძესთან და მის მითითებებს ასრულებს;
    2. მას, როგორც პიროვნულად პრინციპულ ადამიანს, იყენებენ გარკვეული ძალები (ვთქვათ, იგივე შევარდნაძე) თავიანთი მიზნების განსახორციელებლად.
    ნაკლებ სავარაუდოა პირველი ახსნა: შევარდნაძე საკმაოზე მეტად ფრთხილი პოლიტიკოსია და ამგვარ თვალსაჩინო გარიგება-შეთანხმებაზე იგი არ წავიდოდა (რომ აღარაფერი ვთქვათ ჭანტურია-სარიშვილის პოზიციაზე - შევიდოდა კი იგი შევარდნაძესთან ამგვარ ალიანსში?!)... უფრო მეტად სავარაუდოა, რომ პარტიული იმიჯის ასაწევად, პოლიტიკური ქულების დასაწერად, ირინა სარიშვილი წამოეგო (უფრო ზუსტად, «თავი წამოაგებინა») ერთგვარ პროვოკაციას, რომელშიც მას მთავარი როლის შესრულება მოუწია: მოგებული დარჩა თავადაც, თუმცა სხვის ინტერესებზე ითამაშა...
    მაგრამ რა ინტერესი ჰქონდა (და აქვს) შევარდნაძეს, ასე ერთბაშად დაერიოს თავის ერთგულ «ძალისმიერ თანამებრძოლებს». ლაფში გასვაროს და ასე «უთავოდ» დატოვოს ქვეყნის თავდაცვისთვის საჭირო ძალისმიერი სტრუქტურები?
    აი, კითხვა, რომელიც «არსი არსთაგანია» და რომელზე პასუხის გაცემაც მიზეზ-შედეგობრივ ახსნასთან მიგვიყვანს.
    ჩემი ღრმა რწმენით, ქართული მას-მედიის მეშვეობით ნადიბაიძის, კვირაიასა და ნაწილობრივ თარგამაძის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია უშუალოდ უკავშირდება 31 ივლისის სინდრომს: თარიღს, რომლის მოახლოებაც ჩვენს ამჟამინდელ ხელისუფლებას უმძიმესი პრობლემების წინაშე აყენებს და, შეიძლება ითქვას, ცაიტნოტში აგდებს...
    უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ ანბანური ჭეშმარიტება: კვირაიას გადადგომა, რასაკვირველია, ვერ შეცვლის უშიშროების სამინისტროს სტრუქტურას, იმ მანკიერებებს, რაც კომუნისტურ-საბჭოური პერიოდიდან ინერგებოდა ამ სისტემაში... ვერც ნადიბაიძის მოძრაობა და მის ნაცვლად ეროვნული სულისკვეთებით ანთებული ახალი მინისტრის დანიშვნა ააშენებს ასე ერთბაშად ქართულ ჯარს... პირიქით - მოახლოებული 31 ივლისის ქარიზმა დიდ არეულობას შეიტანს უმეთაუროდ დარჩენილ ძალისმიერ სამინისტროებში - ეს გამოჩნდა კიდეც იმ საერთო დაბნეულობასა და უპრინციპობაში, რაც გამოიჩინეს ჩვენმა «ძალისმიერებმა» და რის გამოც ლამის ჩაიშალა მადრიდის სამიტში შევარდნაძის გამოსვლა (თუ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ასე თავქუდმოგლეჯილი გამოქცევაც კარგად დადგმული სპექტაკლი არ გახლდათ!)
    ხოლო ვის აწყობს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების ძალების ბრძოლისუნარიანობის სულ არარსებობა თუ არა, დაცემა-დაქვეითება - ალბათ ყველასათვის ცნობილია.
    რატომ თამაშობენ რუსეთის ინტერესებზე ქართველი პოლიტიკოსები? როდემდე უნდა იფრინონ ჩრდილოეთიდან მობერილ ქარზე და როდის დადგება დრო, რომ პრინციპულად, ყოველგვარი «ორმაგი სტანდარტების» გარეშე აწარმოონ დამოუკიდებელი ქვეყნისთვის შესაფერისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა?!

მსგეფსი, 16 ივლისი, 1997 წელი