ამერიკა-საქართველო: ურთიერთობათა «გადატვირთვა»

ამერიკა-საქართველო: ურთიერთობათა «გადატვირთვა»

        ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად იცვლება «აპარატი», რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით ზესახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს. მათ შორის, რასაკვირველია, საგარეო სფეროშიც.
        რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ «ამერიკის საგარეო პოლიტიკა ზეპარტიულია და ჩვენი ქვეყნისათვის არაფერი შეიცვლება», სინამდვილეში საქართველო ამერიკისათვის არც ისეთი სიდიდეა (როგორც მაგალითად ისრაელი), რათა რეგიონის მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღების თვალსაზრისით მცირეოდენმა კორექტირებამაც კი, ჩვენთვის არაფერი შეცვალოს.
        აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს «საკადრო მომენტს», ანუ კონკრეტულ ფიგურებს, რომლებიც პოლიტიკას ახორციელებენ და შესაბამისი, უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბებული კონტაქტები, შეხედულებები, შეფასებები და «პროექტები» აქვთ.
        ისრაელისათვის მართლაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, კონდი რაისი დაიკავებს სახელმწიფო მდივნის პოსტს თუ ჰილარი კლინტონი – სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ქვეყანა ამერიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დარჩება.
        საქართველოსათვის კი, რაისის გუნდის წასვლა და კლინტონთა დაბრუნება შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია გამართლდება თუ არა პროგნოზი (ჯერ-ჯერობით ბოლომდე დაუდასტურებელი) სახელმწიფო დეპარტამენტიდან დენიელ ფრიდისა და მეტიუ ბრაიზას წასვლის შესახებ.
        ბუნებრივია, ჰილარი კლინტონს საკუთარი გუნდი მოჰყავს და ამგვარი ცვლა სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვეულებრივი ამბავია. დენიელ ფრიდის პოსტი კლინტონის ადმინისტრაციაში სტროუბ ტელბოტს ეკავა – ცნობილ მეცნიერსა და სოვეტოლოგს. ხოლო ის ფუნქცია, რომელსაც ბოლო დრომდე «ჩვენი მეგობარი» მეტიუ ბრაიზა ასრულებდა – სტივენ სესტანოვიჩს ეკისრებოდა.
        მხოლოდ ერთი მაგალითიც საკმარისია საილუსტრაციოდ, თუ რას ნიშნავდა ეს რეალურად ჩვენი ქვეყნისათვის: 1999 წელს, პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ამერიკაში ვიზიტის დროს, სტივენ სესტანოვიჩი მას ძირითადად რეგიონულო პროექტებსა და სომხეთის იზოლირების დაუშვებლობაზე ესაუბრებოდა; იმდენად, რომ მისთვის თვით საქართველოს პრობლემატიკა თითქოს მესამეხარისხოვანი იყო.
        ხოლო «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, დენიელ ფრიდიცა და მეტიუ ბრაიზაც, პრეზიდენტ სააკაშვილთან და მისი გუნდის წევრებთან შეხვედრებისას, უფრო «ხავერდოვანი რევოლუციების» და მათი სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ექსპორტის რეალობაზე აკეთებდნენ აქცენტს.
        მთლიანობაში, «უსისხლო რევოლუციის ბრენდი» ვაშინგტონში სწორედ დენიელ ფრიდისა და მეტიუ ბრაიზას პირადი შემოქმედების პროდუქტად, «აღმოჩენად» და მათი პროფესიული შესაბამისობის დადასტურებად ითვლებოდა.
        მართლაც, რაკი ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკა «დიდი ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაციას» ისახავდა მიზნად, ხოლო საქართველო (ჩვენდა გასაკვირად) არა ევროპის, არამედ სწორედ ხსენებული «დიდი ახლო აღმოსავლეთის» ნაწილად მოიაზრებოდა, - ამ რეგიონში ტრადიციულად ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების «ხავერდოვანი», რაც მთავარია «უსისხლო» შეცვლა საუკეთესო ვარიანტად აღიქმებოდა.

        მაგრამ დენიელ ფრიდი და მეტიუ ბრაიზა მიდიან (ყოველ შემთხვევაში, ძველი ფუნქცია სახელმწიფო დეპარტამენტში ნამდვილად აღარ ექნებათ), მოვლენ ახალი ადამიანები, რომლებიც ახლებურად შეუდგებიან რეგიონში ამერიკული პოლიტიკის კონსტრუირებას.
        თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა: საქართველო და სამხრეთ კავკასია არის არა «დიდი ახლო აღმოსავლეთის» ნაწილი, არამედ სწორედ რუსეთის პრიორიტეტული ინტერესების ზონა.
        ახალი ადმინისტრაციისა და ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ კი წარმოუდგენელია, მაგალითად, განმეორდეს ის, რაც მოხდა აგვისტოში, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, ეკა ტყეშელაშვილი ჩვეულებრივი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მეტიუ ბრაიზას და ცხინვალში ოპერაციის იძულებით დაწყება ამცნო – ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ; მეტიუ ბრაიზამ ეს ამბავი დაუყოვნებლივ შეატყობინა დენიელ ფრიდს და ორივემ ერთად დაარწმუნეს კონდი რაისი განსაკუთრებით მკვეთრი და მკაფიო პოზიცია დაეკავებინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
        მათი პირადი დაინტერესების მიზეზი ეჭვს არ იწვევს: აგვისტოში რუსეთის აგრესია ფრიდმა და ბრაიზამ აღიქვეს, როგორც საკუთარი პროექტის, საკუთარი ავტორიტეტის შებღალვა და მათი «პროფესიული შეუსაბამობის» დემონსტრირება, რაც ორივესათვის მტკივნეული იქებოდა.
        მაგრამ ჰილარი კლინტონის მიერ რეგიონის კურატორად დანიშნულ ახალ ფიგურებს, ქართველი პარტნიორების მიმართ არანაირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება არ ექნებათ. მათთვის მიხეილ სააკაშვილი და, მთლიანობაში, საქართველოს ხელისუფლება გახდება «ახალი პარტნიორი», რომელთან ურთიერთობებსაც «სუფთა ფურცლიდან» დაიწყებენ.
        აქედან გამომდინარე, მომავალი რამდენიმე თვე ურთულესი გახდება ქართული დიპლომატიისათვის, ვინაიდან ფრიდისა და ბრაიზას «პროექტი» დამუშავებული და აპრობირებული იყო, ახალმა გუნდმა კი ჯერ მხოლოდ უნდა შეიმუშავოს თავისი დამოკიდებულება, რაც ზრდის რისკებს საქართველოსათვის «გარდამავალ პერიოდში».
        ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს პრობლემებს და თუნდაც ჩვენს წინააღმდეგ ახალ პროვოკაციებს ჰილარი კლინტონის სახელმწიფო დეპარტამენტში ისევე აღიქვამენ საკუთარი «პროფშესაბამისობის» საკითხად, როგორც დენიელ ფრიდი, მეტიუ ბრაიზა და, შესაბამისად, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, - კონდოლიზა რაისი.
        კომპიუტერული ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, კლინტონი უეჭველად «გადატვირთავს» ამ ურთიერთობებს.
     
       

2009 წლის 19 თებერვალი