პოლონეთის პრეზიდენტი...მოკლეს?

პოლონეთის პრეზიდენტი...მოკლეს?

სმოლენსკის წყევლა და პუტინის მახე
       

   სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტისა და პოლონელი ერის საუკეთესო წარმომადგენლების დაღუპვიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთმა პოლონურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა სენსაციური ცნობა, რომ რუსმა მილიციელებმა, რომლებიც ტერიტორიას იცავდნენ, პოლონეთის მკვდარი პრეზიდენტი გაძარცვეს – გვამს ჯიბეში ხელის ფათურით საკრედიტო ბარათი აართვეს და სმოლენსკის ერთ-ერთ სუპერმარკეტში არაყი იყიდეს.
        ამ ინფორმაციამ მთელი პოლონეთი საშინლად აღაშფოთა. მით უმეტეს, რომ იგი მთლიანად დადასტურდა: ოღონდ აღმოჩნდა, რომ (კიდევ უარესი) მკვდარი პრეზიდენტი არა რუს მილიცეილებს, არამედ რუს სამხედრო მოსამსახურეებს გაუძარცვავთ, რომლებიც ტრაგედიის ადგილს «იცავდნენ». ესე იგი, მოროდიორები რუსი სამხედროები აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა: «რუს მილიციელებს, ვისაც მიცვალებულის ძარცვას ვაბრალებდით, ბოდიშს ვუხდი, თურმე ისინი არაფერში ყოფილან დამნაშავენი, ხოლო მოროდიორობა რუს სამხედროებს ჩაუდენიათო».
        რუსულმა ტელევიზიამ ტუსკის განცხადების მხოლოდ პირველი ნაწილი გაუშვა: «პოლონეთის პრემიერმა რომ რუს მილიციელებს ბოდიში მოუხადა», მაგრამ ის კი აღარ უთქვამთ, რომ მკვდრის მძარცველები თურმე მათი საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები აღმოჩნდნენ.
        ასეთივე ცინიკური დამოკიდებულება გამოამჟღავნა რუსეთმა ამ საშინელი ტრაგედიის გამოძიებისას. ამიტომ, ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალმა ძმამ, იაროსლავლმა ტუსკს საპარლამენტო სხდომაზე უსაყვედურა: როგორ დათანხმდი, რომ სმოლენსკის ტრაგედია არა საერთაშორისო კომისიას, არამედ მხოლოდ რუსეთსა და პოლონეთს გამოეძიათ, ეს ხომ აშკარა მახე იყოო.
        მართლაც მახე აღმოჩნდა.
        საკმარისია ითქვას, რომ ე.წ. «სახელმწიფოთშორისი კომისია» ვითომდაც ორი მხარის თანამშრომლობას უზრუნველყოფდა ამ საქმეში, მაგრამ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე მხოლოდ რუსები იყვნენ – პოლონელები კი არ მიუწვევიათ. აბა ეს რა ერთობლივი კომისიაა? დაცინვაა და მეტი არაფერი!
        თვით რუსული კომისიის დასკვნა კი უბრალოდ გამაოგნებელი აღმოჩნდა: ყველაფერი დაბრალდათ პოლონელ პილოტებს მაშინ, როდესაც რუს დისპეტჩერებს, როგორც აღმოჩნდა, ნებსით თუ უნებლიედ, შეცდომით თუ ბოროტი განზრახვით, ისინი ერთი საათის განმავლობაში შეცდომაში შეჰყავდათ დაშვების კუთხესთან დაკავშირებით.
        ანუ, როდესაც რუსი დისპეტჩერები პოლონელ მფრინავებს ეუბნებოდნენ, რომ მიწამდე კიდევ 100 მეტრი იყო, სინამდვილეში 20 მეტრიღა იყო დარჩენილი. Aამას მფრინავები თვითონ ვერ დაინახავდნენ, რაკი აეროდრომი ნისლში გაეხვა. ამიტომ დისპეტჩერებს ენდობოდნენ.
        ხოლო როცა თვითმფრინავი რომ რუსულ «ბერიოზკას» შეასკდა 10 მეტრის სიმაღლეზე, უკვე გვიან იყო.
        შეიძლება ვივარაუდოთ, წინასწარგანზრახულად მოიქცნენ ასე რუსი დისპეტჩერები (ლეხ კაჩნსკის მოსაკლავად), თუ უბრალოდ შეცდნენ. Mმაგრამ იმის უარყოფა, რომ სმოლენსკის აეროდრომის სანავიგაციო მოწყობილობა არ ვარგოდა და რომ სწორედ ამიტომ (უმთავრესად) მოხდა ტრაგედია – უბრალოდ თავხედობაა!!!
        თუმცა, ეს თავხედობა რუსებს გასდით და გაუვათ პირველ რიგში იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი ტუსკი გაება პუტინის მიერ დაგებულ ეშმაკურ მახეში - თავიდანვე თანხმობა განაცხადა გამოძიებაზე არა საერთაშორისო კომისიის ფარგლებში, არამედ მხოლოდ ორმხრივ დონეზე.
        დღეს პოლონეთი უკვე ალტერნატიული დასკვნის გამოქვეყნებას აპირებს, თუმცა ესეც გვიანაა – რუსეთმა მოახერხა მთავარი: გამოეთიშა ამ საქმის გამოძიებიდან საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლეთი, ნატო და ევროკავშირი. რაც კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ პუტინის ნდობა გულუბრყვილობაზე უარესია.
        სხვათა შორის, ასეთი შეცდომა 2007 წელს საქართველოს ხელისუფლებამაც დაუშვა, როდესაც წითელუბანთან რუსული რაკეტის ჩამოგდების შემდეგ, ორმხრივ გამოძიებას დათანხმდა და საერთაშორისო კომისიის შექმნა არ მოითხოვა.
        რაც მივიღეთ – ვიცით.

2011