რუსეთის საინფორმაციო დივერსიები საქართველოს წინააღმდეგ

რუსეთის საინფორმაციო დივერსიები საქართველოს წინააღმდეგ

       

        რუსეთის საინფორმაციო საშუალებები კვლავაც ინტენსიურად განაგრძობენ ჩვენი ქვეყნის «დაბომბვას»; თუმცა, შესამჩნევია, რომ ეს დივერსიები დღითი დღე კარგავენ ძალას და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ძველებურ ზემოქმედებას ვეღარ ახდენენ;
        განსხვავებით 1989-1993 წლებისაგან, როცა მათ, ფაქტობრივად, ნებისმიერი პროცესის წარმოშობა და გაძლიერება შეეძლოთ. მიუხედავად ამისა, რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაჩაღებული ანტიქართული ისტერია აშკარად მიუთითებს, რომ მოსკოვში საქართველოს წინააღმდეგ რაღაცას ამზადებენ.
        უკანასკნელი საინფორმაციო დივერსია დაკავშირებული იყო ვითომდაც ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის გამოსვლასთან და «ბოევიკთა» გამოზამთრებასთან საქართველოში.
        ბუნებრივია, რუსეთს ამ გზით სურს საქართველო ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც იგი იძულებული იქნება მუდამ თავი იმართლოს. «თავის მართლების» პოზიცია კი იმთავითვე წამგებიანია.
        მეორე მხრივ, ამგვარი პროვოკაციების რეაგირების გარეშე დატოვებაც არ გამოვა, ამიტომ იმ «დივერსიათა» შემდეგ, რომელთა ავტორები რუსეთის მითიური «სამხედრო წყაროები» და მესამეხარისხოვანი სააგენტოები არიან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოგჯერ თვით პრეზიდენტი აკეთებენ ხოლმე «გამაქარწყლებელ» საპასუხო განცხადებებს.
        რუსეთი ამით კვლავ მომგებიან ვითარებაშია. რუსეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი (პირადად) თითქოს არ გვადანაშაულებენ და ბრალდებებს ღიად არ გამოთქვამენ, ბრალს გვდებენ მხოლოდ და მხოლოდ მასმედიის წარმომადგენლები - დაუზუსტებელ წყაროებზე დაყრდნობით.
        მიუხედავად ამისა, საქართველოდან პასუხის გამცემი პირველი პირები არიან. ამით რუსეთი, ყველაფერთან ერთად, მეორე (მესამე, მეოთხე, თუ მეათე) კურდღელსაც იჭერს და ხაზს უსვამს საქართველოს სახელმწიფოებრივ სისუსტეს, - სახელმწიფოებრივ არასრულფასოვნებას.
        თუმცა, დღევანდელ ვითარებაში, ამას, როგორც ჩანს, ვერ ავცდებით.
        საქართველომ, უბრალოდ, ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა არ მისცეს რუსეთს საშუალება საზოგადოებრივი აზრი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიისათვის «შეამზადოს».
        აგრესია კი გამორიცხული ნამდვილად არ არის - ოღონდ, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ოკუპაციის მიზნით. რუსეთს ეს არაფერში სჭირდება - სამაგიეროდ, ესაჭიროება საქართველოს დაშინება, სახელმწიფოებრივი დისკრედიტაცია და (ეგებ მოხერხდეს) ჩვენ ქვეყანაში კიდევ ერთი სამოქალაქო ომის პროვოცირება.
        თუ გახსოვთ, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი მთავარი ბრალდება რუსეთის მიმართ «პროვოკაციულ-კონფრონტაციული» პოლიტიკის გატარებაში მდგომარეობდა. არადა, სწორედ ამ საკითხში, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ცამდე მართალი იყო - იგი მხოლოდ რეაგირებდა რუსეთის აგრესიაზე ცხინვალის რეგიონში.
        დღესაც დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა - რუსეთი ისე გვადანაშაულებს თბილისში ჩეჩნეთის წარმომადგენლობის გახსნაში, თითქოს მოსკოვში მეექვსე წელია «აფხაზეთის წარმომადგენლობა» არ მოქმედებდეს.
        რაც შეეხება ჩეჩნეთის მთავრობას დევნილობაში - საეჭვოა, საქართველომ მას თავშესაფარი მისცეს. ისევე, როგორც (მით უმეტეს) ჩეჩენ «ბოევიკებს» შამილ ბასაევის მეთაურობით.
        რატომღაც ისინი საქართველოს მიმართავენ ათასგვარი თხოვნით და არა «მთიელ ხალხთა კონფედერაციას» ან «ამაყ აფხაზ-ადიღელ ხალხებს», რომლებიც ასე გულადად ებრძოდნენ (რუსეთის დახმარებით) საქართველოს, ახლა კი სამარცხვინოდ დუმან.
        არ არის გამორიცხული, რუსეთი ცდილობდეს ჩეჩნეთის კონფლიქტის გამოყენებას საიმისოდ, რათა მიაღწიოს სტრატეგიულ დათმობებს საქართველოსგან ბაზების საკითხში. მით უმეტეს, სტამბოლის სამიტის წინ, სადაც ძალიან ბევრი რამ უნდა გაირკვეს.
        საქართველოში ბაზების შენარჩუნება და «სამხედრო ყოფნის» გაძლიერება რუსეთისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩეჩნეთის დამარცხება.
        თუმცა, სამაგიეროდ, მას არანაირ დათმობაზე არ სურს წასვლა აფხაზეთის საკითხში. მოსკოვისათვის გაცილებით ხელსაყრელია, პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის მეთოდებით მიაღწიოს საწადელს და არა ოსი ან აფხაზი სტრატეგიული მოკავშირეების გაწირვით.
        სამხედრო ზეწოლის ფორმად კი შეიძლება იქცეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვა, ვითომცდა ჩეჩენ «ბოევიკთა» ბაზების გასანადგურებლად.
        მართლაც, არ არის გამორიცხული, რუსეთის ავიაციამ დაბომბოს პანკისის ხეობა, თუმცა, პრაქტიკულად, ამით საქართველოს უფრო მისცემს პოლიტიკურ არგუმენტებს, - მით უმეტეს, რომის პაპის ვიზიტის შემდეგ, აგრეთვე სტამბოლის სამიტის წინ, როდესაც მთავრდება მზადება «ახალი ევროპული წესრიგის» განმსაზღვრელი ქარტიის მისაღებად.
        საქართველოს დაპყრობას რუსეთი ვერ შეძლებს, ხოლო საავიაციო დარტყმებით კიდევ უფრო დააჩქარებს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის (ნატოს) შემოსვლას.
        ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის სუბიექტად აღიარებულ ჩეჩნეთში აგრესიის გამოც კი ამზადებს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ და მწვავე განცხადებებს აკეთებს.
        აქედან გამომდინარე, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ ნებისმიერი აგრესიული აქტი ვაშინგტონის უმწვავეს რეაქციას გამოიწვევს და შედეგად, საქართველოს სანაპიროსთან ამერიკული ავიამზიდიც კი შეიძლება ვიხილოთ.
       

მერიდიანი, 12 ნოემბერი, 1999 წელი