ასლან აბაშიძე - რეგიონული ლიდერი

ასლან აბაშიძე - რეგიონული ლიდერი

განვლილი არჩევნების ყველაზე მთავარი შედეგი და, ამავე დროს, ყველაზე დიდი უცნაურობა გახდა ასლან აბაშიძის პარტიის («საქართველოს აღორძინების კავშირი») თითქოსდა მოულოდნელი წარმატება.
    ასლანის პარტიამ მიიღო ხმების დაახლოებით 10-15 პროცენტი და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე (!) გავიდა «მოქალაქეთა კავშირის» შემდეგ. თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ სამ-ოთხ პარტიას აქვს, «აღორძინების» კავშირის სადეპუტატო კორპუსი კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან დამარცხებულ პარტიათა ხმებიც მათ მიემატებათ.
    ამრიგად, «აბაშიძის კავშირი» პარლამენტში დაახლოებით 40-50 კაციან ფრაქციას შექმნის (მაჟორიტართა გათვალისწინებით). შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ასლან აბაშიძის ეს წარმატება აჭარის მოსახლეობამ განაპირობა, რომელმაც პროპორციულ არჩევნებში ერთხმად დაუჭირა მხარი რეგიონული ლიდერის მიერ ჩამოყალიბებულ «კავშირს». მაგრამ სინამდვილეში, ამ პარტიას ხმა მისცეს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ საქართველოს ყველა კუთხეში, - თბილისშიც, კახეთშიც, იმერეთშიც და ა.შ.
    საარჩევნო კანონი საქართველოში, ისევე როგორც მთელს დემოკრატიულ მსოფლიოში, კრძალავს პარტიის შექმნას რეგიონული ნიშნით. ამიტომ აბაშიძე ეშმაკურად მოიქცა და თავის პარტიას სწორედ «საქართველოს აღორძინების» კავშირი დაარქვა, რითაც მას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შესძინა.
    თავად აბაშიძესა და მის პარტიას კი, საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სწორედ იმის გამო, რომ აბაშიძე აღიქმებოდა არა როგორც რეგიონული, არამედ სრულიად საქართველოს მაშტაბის ლიდერი - ელექტორატის დიდი ნაწილისათვის იგი შევარდნაძის ალტერნატივა იყო.
    ფაქტობრივად, აბაშიძეს ხმა მისცა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომელიც უეჭველად მას მიაკუთვნებდა უპირატესობას იმ შემთხვევაში, თუ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, როგორც შევარდნაძის მოწინააღმდეგე.
    აბაშიძემ ამ დიდ გამარჯვებას უაღრესად ეშმაკური და ზუსტად გათვლილი პოლიტიკის წყალობით მიაღწია. მის წარმატებას განაპირობებდა ქართული ელიტის იმ ნაწილის გავლენა, რომელიც ასლან აბაშიძემ თავისი ინტერესების გამომხატველად აქცია უხვი საჩუქრებითა და მატერიალური მხარდაჭერით. ფაქტობრივად, იგი ბათუმიდან ახერხებდა თბილისში საკუთარი ელიტის ჩანასახი შეექმნა, რომელიც დაიცავდა მას და დაეხმარებოდა შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში - შევარდნაძისა და მისი ელიტის წინააღმდეგობის პირობებშიც კი.

    არადა, ის შთაბეჭდილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას შეექმნა და რის გამოც მან აბაშიძეს ხმა მისცა - აშკარად ყალბია! სინამდვილეში ასლან აბაშიძე არ არის სრულიად საქართველოს მაშტაბის ლიდერი - იგი რეგიონული ინტერესების გამომხატველია და ამიტომ, მხოლოდ რეგიონულ ლიდერად შეიძლება ჩაითვალოს. ეს მის პირად ნება-სურვილზეც არ არის დამოკიდებული, ვინაიდან აბაშიძე სწორედ რეგიონულ ელიტას ეყრდნობა და მისი მოქმედებაც, ამ თვალსაზრისით, გარკვეულწილად შეზღუდული და განსაზღვრულია: მიუხედავად პირადი მისწრაფებებისა, აბაშიძის ფენომენი უდავოდ პარტიკულარისტულია - იგი პარტიკულარისტული ლიდერის ბრწყინვალე ნიმუშია.
    ყველაფერი დანარჩენი კი - «სრულიად საქართველოს აღორძინებაზე ზრუნვა», თბილისურ ელიტასთან დაახლოება და მაღალფარდოვანი ფრაზეოლოგია მხოლოდ საშუალებაა, ნიღაბია პარტიკულარისტულ მისწრაფებათა განსახორციელებლად.
    ასლან აბაშიძეს მძლავრი ფრაქცია პარლამენტში ესაჭიროება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ იმისათვის, რათა მოიპოვოს ქმედითი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც აიძულებს საქართველოს პრეზიდენტს, წავიდეს დათმობებზე აჭარის პარტიკულარისტული მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით - საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ.
    აბაშიძის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის აჭარაში ე.წ. «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» დაფუძნება. აბაშიძე ამ მოთხოვნას, მისთვის ჩვეული ოსტატური დემაგოგიით, «საერთო-ეროვნული ინტერესების შესაბამისად» აცხადებს და «დემოკრატიულობის საფარით» ნიღბავს - აქაოდა ამგვარი ზონები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობსო. მაგრამ ეს პირწმინდა დემაგოგიაა!
    «თავისუფალი ეკონომიკური ზონა» ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი, საფრანგეთი და მალაიზია - არაფრით არ ემუქრება მათ სახელმწიფოებრიობას, რადგან ეს ქვეყნები უკვე დიდი ხანია, რაც სახელმწიფოებრივად ჩამოყალიბდნენ.
    საქართველოს სახელმწიფოებრიობა კი ჯერ «თოთო ბავშვივითაა» და მის ეკონომიკურ სისტემაში ამგვარი «უცხო სხეულის» ჩასმა უეჭველად დაანგრევს ახლადშობილი სახელმწიფოს სუსტ და მყიფე სტრუქტურებს.
    სინამდვილეში, აბაშიძეს «თავისუფალი ეკონომიკური ზონა» იმისთვის სჭირდება, რათა აჭარაში (მთელი საქართველოსაგან განსხვავებით) რუსულ რუბლს თავისუფლად მიმოქცევის საშუალება მისცეს (ქართული ლარის საზიანოდ); მოიპოვოს საშუალება დამოუკიდებელი კონტაქტი დაამყაროს ეკონომიკური სუბიექტებთან რუსეთში; ხოლო საბოლოო ანგარიშით, «აჭარის სახელმწიფოებრიობა» კიდევ უფრო განამტკიცოს, რაც უეჭველად ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას.
    «თავისუფალი ეკონომიკური ზონა» რეგიონში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის თითქმის ყველა ნიშანი გააჩნია, - პარტიკულარიზმის გამარჯვებაა! დღევანდელ ფედერალურ-კონფედერაციულ დუელში ასეთი ზონის გაჩენა «ოზონის ხვრელის» ტოლფასი იქნება ერთიანი საქართველოს თავზე.

«მიმომხილველი» 10 ნოემბერი, 1995 წელი.