საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ოქტომბერი. 2021 წელი.
სულ უფრო მეტი ინდიკაციაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა აშშ თავდაცვის მინისტრის, გენერალ ლლოიდ ოსტინის ვიზიტი ევროპაში. მათ შორის საქართველოში და უკრაინაში.
ოსტინი ბრიუსელში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო NATO-ს მინისტერიალში, რომელიც შესაძლოა ისტორიული გამოდგეს, რადგან დახურულ კარს მიღმა მიღებულია ალიანსის საიდუმლო გეგმა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო წინააღმდეგობას ბალტიის ქვეყნებში(ც) და შავ ზღვაზეც.
ანუ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში `წარმატების` ესე იგი ყირიმის და დონბასის დაპყრობის შემდეგ, პუტინი უკვე ბალტიისკენ დაიძვრება თავისი არმადით და ამ მიზნით ბელორუსს გამოიყენებს.
NATO იქ წითელ ხაზს ავლებს ანუ გენერალმა ოსტინმა წერტილი დაუსვა ხმებს იმის შესახებ, თითქოს ალიანსი, მათ შორის ამერიკა, იოლად მიატოვებს თავის მოკავშირეებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმავე საიდუმლო გეგმის შესაბამისად, გათვალისწინებულია NATO-ს სამხედრო `ყოფნის` გაზრდა შავი ზღვის რეგიონში. ეს რეგიონი სულ უფრო მეტად იძენს სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობას. შემთხვევითი არ არის, რომ ოსტინი საქართველოში და უკრაინაში ჩამოვიდა - ახლოს არ გაკარებია სომხეთს ან აზერბაიჯანს.
`ოსტინის` გეგმით, NATO (ალიანსის სამხედრო პოტენციალის 80% ამერიკაა!) გეგმავს რეგიონში საჰაერო და ანტისარაკეტო სისტემების განლაგებას, მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელთა მობილიზებას, გაახშირებს სამხედრო სწავლებებს, მათ შორის საქართველოში ისე, რომ ერთი სწავლებების დასრულებას მოსდევს ახალი სწავლებები და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მუდმივად იქნებიან მოქმედი (!) ამერიკული ქვედანაყოფები ამ სწავლებათა საბაბით.
`ოსტინის გეგმას` უკვე მოჰყვა ცოფიანი რეაქცია მოსკოვიდან.
რაც მეტს იყვირებენ, მით უკეთესი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საქართველოსთვის ცუდია, რომ სწრაფად ეცემა აშშ პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგი: მხოლოდ 44% იწონებს მის საქმიანობას.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რა სოციო-ფსიქოლოგიური მექანიზმი იწვევს ბაიდენის პოპულარობის `ალოგიკურ` დაცემას: ამერიკის ეკონომიკა იზრდება, უმუშევრობა მცირდება და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან `კოვიდ`-ის შეზღუდვათა შემდეგ ამერიკის კოლოსალური ეკონომიკა იღვიძებს. ერთდროულად რამდენიმე საბირჟო ინდექსი ისტორიულად უპრეცედენტო დონეს აღწევს.
მაშ რა იწვევს ბაიდენის პოპულარობის დაცემას?
ამერიკელი სოციო-ფსიქოლოგები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ამის მიზეზი სოციო-ფსიქოლოგიურია და `აღქმითი` ანუ ზოგადად, Job approval ინდექსის დაცემას იწვევს ბაიდენის სუსტი ქმედუნარიანობა მის მიერ ანონსირებული პროექტების განხორციელებისას.
რა თქმა უნდა, ავღანეთის ფაქტორიც არის და ასევე იმ კატასტროფისა, რაც იქ ამერიკას დაემართა მთელი მსოფლიოს დასანახად, მაგრამ `ავღანეთი`პოლიტიკური არაქმედუნარიონობის მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენი ვერ ახერხებს `დაალაგოს` სიტუაცია თვით ამერიკაში, ვერ ახერხებს დაარწმუნოს საკუთარი `დემოკრატიული პარტიის` ლიდერშიპი, მიიღონ მისი ტრილონდოლარიანი ინფრასტრუქტურული გეგმა. ორი დემოკრატი-სენატორი კვლავინდებურად კატეგორიული წინააღმდეგია და ბაიდენი ვერ ახერხებს მათ დარწმუნებას. ამერიკელ და ნებისმიერ სხვა ამომრჩეველს კი არ უყვარს წარუმატებელი პოლიტიკოსი, რომელიც `გამოიყურება`(!!!) – Looks like , როგორც სუსტი, არადამაჯერებელი, უღონო, გაუბედავი.....
ეს თანამედროვე დემოკრატიის მნიშვნელოვანი `აღმძრავია`! ამიტომ თანამედროვე, კომუნიცირებულ სოციუმში, სადაც უკვე არის არა მხოლოდ ტელევიზია, არამედ სოციალური ქსელები, გაჯეტები და ა.შ მით უმეტეს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რაც გამოიხატება ტერმინით Leadership. თუნდაც ეს ფენომენი ვიღაცას `აგრესიულ პოპულიზმად` ეჩვენებოდეს.
`დაჭაობებას` რასაც ვეძახით, 50 წლის წინ არ იყო ასე საშიში პოლიტიკისათვის, რადგან მაშინ არ არსებობდა Twitter, Facebook, Instagram, Apple, Ipad, Ipod და ა.შ.
ამ მხრივ, ანუ სტილით, ბაიდენი ნამდვილaდ წარსული, 50 წლის წინანდელი პოლიტიკის წარმომადგენელია და მისი კრახი გარდაუვალი სჩანს.
გაუგებარი მხოლოდ ისაა, რა გაუჭირდა ამერიკულ ისტებლიშმენტს და პოლიტიკურ ელიტას ასეთი, რომ ტრამპსა და ბაიდენს შორის უხდება არჩევა, როდესაც რესპუბლიკურ პარტიაშიც და დემოკრატიულ პარტიაშიც უუუუუუუამრავი(!) ახალგაზრდა, კრეატიული, ენერგიული, მოდერნისტული, თანამედროვედ მოაზროვნე სენატორი და კონგრესმენი თუ გუბერნატორია.
ალბათ ამის მიზეზი ამერიკის პარტიული სისტემის მოუქნელობაა, რომელიც ჩარჩა XIX საუკუნეში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დღევანდელ მსოფლიოში ესეც დიდი პოლიტიკაა.
ამერიკული საკალათბურთი ასოციაცია NBA-ს ერთ ერთი საუკეთესო კლუბის, Boston Celtics მოთამაშემ Enes Kanter ღიად გამოთქვა მხარდაჭერა ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი ტიბეტის დამოუკიდებლობის იდეისადმი. დაწერა კიდეც სოციალურ ქსელში. ბოტასებს მიაწერა Free Tibet!
ტიბეტის დამოუკიდებლობის იდეის მომხრეებს ზოგადად იტაცებთ დალაი ლამა და ბუდიზმის იდეები. როგორც ცნობილია, დალაი ლამა გაძევებულია ტიბეტიდან (ჩინეთიდან), ხოლო ტიბეტში პეკინმა მკაცრი რეჟიმი დაამყარა.
NBA ვარსკვლავის განცხადებამ ჩინეთში უდიდესი რეაქცია გამოიწვია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმაც კი გააკეთა ამ თემაზე განცხადება: `კანტერი ცდილობს ხელი შეუშალოს ტიბეტის განვითარებას და აყვავებას` - განაცხადა სფოუქსპერსონმა. ანუ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ტიბეტი ბედნიერად ვითარდება ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში.
ჩინეთის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, აუცილებლად მიიღებდა ზომებს იმ ბერკეტების გამოყენებით, რომელიც მას აქვს: ამერიკული კალათბურთი ძალიან პოპულარულია ჩინეთში. ჩინეთის ხელისუფლებამ შეზღუდა ჯერ-ჯერობით მხოლოდ Boston Celtics-ის თამაშების ტრანსლაცია. იმუქრებიან, რომ საერთოდ NBA-ს დაბლოკავენ ჩინეთის მედია-სივრეცში, ჩინურ სოციალურ ქსელებში, სმარტფონებზე, პლანშეტებზე, საკაბელო ტელევიზიებში და ა.შ. არადა ეს ასეულობით მილიონი დოლარია სარეკლამო და სხვა შემოსავლების გათვალისწინებით, რადგან ჩინური ბაზარი კოლოსალური მასშტაბისაა. გარდა ამისა, ჩინეთში სწრაფად ვითარდება ყველა სმარტ-ტექნოლოგია. ეს კი არა, სატელეკომუნიკაციო ბაზრის მხრივ ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია უკვე.
შეუძლია NBA-ს უარი თქვას ამ შემოსავლებზე? ასე იოლად ვერ იტყვის უარს, რაკი კოვიდის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. წინა სეზონი ფაქტიურად ჩავარდა, ზარალი ასეულობით მილიონი დოლარია და ა.შ.
აქ რამდენიმე ინტერესი და ინტერესთა კონფლიქტია ერთამენთში აზელილი:
ა) ჩინეთი, როგორც სახელმწიფო, დაინტერესებულია (თან ძალიან ძლიერაა დაინტერესებული) არ დაუშვას მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში ტიბეტის დამოუკიდებლობის პრომოუტირება;
ბ) ამერიკის სახელმწიფო დაინტერესებულია, - ტაივანის გარშემო მოსალოდნელი კონფლიქტის ფონზე, - გლობალურად დამკვიდრდეს სრულიად ობიექტური შეხედულება, რომ ჩინეთი არის დიქტატორული სახელმწიფო, რომელიც ჩაგრავს ეროვნულ უმცირესობებს, ჩაგრავს ადამიანს და ა.შ;
გ) NBA დაინტერესებულია შეინარჩუნოს დიდი შემოსავალი ჩინეთის კოლოსალური ბაზრიდან. ჩინეთში ამერიკულ კალათბურთს იმაზე მეტი ადამიანი უყურებს (შესაბამისად უყურებს რეკლამებს, ყიდულობს სტრიმინგს, ყიდულობს საკაბელო ტრანსლაციებს და ა.შ) ვიდრე თვით ამერიკაში. მართალია ამერიკელებზე ნაკლებს იხდიან, თუმცა მაინც.
დ) სიტყვის თავისუფლება უზენაესი ამერიკული სოციალური ღირებულებაა და ვერავინ ამერიკაში (ვერც სახელმწიფო და ვერც კორპორაცია - NBA) ვერ გაბედავს ასე იოლად `წამოარტყას` ხელი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ანუ დასაჯოს სპორტსმენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის.
ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ `ეჯახება` ერთმანეთს თანამედროვე მსოფლიოში მერკანტილური ინტერესები - დასავლურ ღირებულებებს. ადრე, 50 წლის წინ, ამგვარი კონფლიქტი არ არსებობდა იმდენად, რამდენადაც არ არსებობდნენ ჩინური და რუსული `ბაზრები`, რომლებიც ამ ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოების მიერ იმართებიან და აქტიურად იყენებენ დასავლური ცივილიზაციის ტექნოლოგიებს, ასევე დასავლური კორპორაციების ფინანსურ დაინტერესებას - საკუთარი მიზნებისათვის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისევ და ისევ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ გლობალური დღის წესრიგის პირველი ნომერი ხდება წყნარი ოკეანის აუზში შექმნილი ვითარება, ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირება და სიტუაცია ტაივანის გარშემო, სადაც არ არის გამორიცხული დიდი ომი.
ეს თემა იმაზე მნიშვნელოვანიც კია დღეს, ვიდრე ევროპული ენერგო-კრიზისი.
პირველად 30 წლის მანძილზე, იაპონიამ გუშინ წამოიწყო უდიდესი სამხედრო სწავლებები სწორედ ახლა, როდესაც ჩინეთი პირდაპირ ემუქრება ტაივანს. იაპონურ სამხედრო სწავლებებში, რომლებიც რა თქმა უნდა შეთანხმებულია ამერიკასთან (სხვაგვარად გამორიცხულია!) მონაწილეობს 100 000 იაპონელი ჯარისკაცი, 20 000 სამხედრო მანქანა (ტანკი, ყველგანმავალი და ა.შ) და 120 საბრძოლო თვითმფრინავი.
როგორც ცნობილია, იაპონია დამნაშავედაა ცნობილი II მსოფლიო ომის გაჩაღებაში, ჩინელთა და კორეელთა გენოციდში, ამიტომ მუდამ ერიდებოდა ამ რეგიონში სამხედრო სწავლებებს. თუმცა ყველაფერი იცვლება, დრო გადის, ახალი რეალიები ყალიბდება.......ეს ტრენდი, ძველი ისტორიული კომპლექსების გადალახვისა, იაპონიას უფრო ადრე შეეხო, ვიდრე გერმანიას. თუმცა ადრე თუ გვიან გერმანელებიც დააღწევენ თავს ამგვარ კომპლექსებს. მით უმეტეს რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე.
საქართველოსთვის ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან გერმანია ევროპის `ლოკომოტივია`