აფხაზები რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ

აფხაზები რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ

    ვიდრე თბილისი და მისი ოფიციალური თუ ნახევრადოფიციალური ოპოზიცია თეორიულ დისკუსიას მართავს «საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის თაობაზე», თვით აფსუა სეპარატისტები პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამენ (ფართო თეორიული დისკუსიის გარეშე).
    კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო «გეას» ცნობით, უახლოეს მომავალში აფხაზეთში დაგეგმილია რეფერენდუმის ჩატარება. პასუხის სამი ვარიანტით: 1. მხარს ვუჭერ აფხაზეთის ყოფნას საქართველოს შემადგენლობაში; 2. მხარს ვუჭერ აფხაზეთის ყოფნას რუსეთის შემადგენლობაში; 3. მხარს ვუჭერ აფხაზეთის სრულ დამოუკიდებლობას.
    იგულისხმება, რომ რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს გალის რაიონის ქართული მოსახლეობაც. შექმნილი მდგომარეობა აიძულებს მას, რომ სეპარატისტთათვის სასურველი გადაწყვეტილება დააფიქსიროს. ამჟამინდელ ვითარებაში აფხაზთა უდიდესი უმრავლესობა, ალბათ, სრულ დამოუკიდებლობას მისცემს ხმას და არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. «საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსზე» ხომ ლაპარაკი ზედმეტია..
    მაგრამ «აფხაზური რეფერენდუმის» იდეა უეჭველად მეტყველებს იმაზეც, რომ ვლადისლავ არძინბას მძლავრი ოპოზიცია ჰყავს უპირველეს ყოვლისა, პარლამენტში, სადაც ეს იდეა წარმოიშვა. ამ ოპოზიციის არსი მის რადიკალურობაში მდგომარეობს, - იგი აშკარად გაღიზიანებულია არძინბას ვიზიტით თბილისში, ზოგადად კი - მისი «შემრიგებლური პოლიტიკით».
    რასაკვირველია, არძინბა მოჩვენებითი შემრიგებლობით კვლავ საქართველოს მოტყუებას ცდილობს, მაგრამ «რადიკალებს» არაფრის გაგონება არ სურთ. ისინი მოითხოვენ, რომ არძინბამ რეფერენდუმით გამოაცხადოს სრული დამოუკიდებლობა, რისგანაც (ფორმალურად), აფხაზეთის «პრეზიდენტი» დღემდე თავს იკავებდა; ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით რეფერენდუმი აფხაზეთში დაასუსტებს სეპარატისტთა პოზიციას და მათ ლიდერს პოლიტიკური მანევრირების საშუალებას მოუსპობს. თუ დღეს არძინბას ჯერ კიდევ შეუძლია თვალთმაქცურად ილაპარაკოს საქართველოსთან «საერთო სახელმწიფოს» შექმნაზე, დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდეგ ეს უკვე შეუძლებელი გახდება.
    გარდა ამისა, აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა გააღიზიანებს არძინბას მოკავშირეებს მოსკოვში, რომელთაც აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში ხილვა სურთ. აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი: აფხაზები ამჟამინდელი სეპარატისტული მოსახლეობის უმრავლესობას არ წარმოადგენენ თავიანთ «რესპუბლიკაში» - სომხები და რუსები საერთო რიცხვით მათზე მეტნი არიან.
    რეფერენდუმის ჩატარებამ შეძლება მწვავე დაპირისპირება გამოიწვიოს, რადგან «რუსულენოვანი» (არააფხაზური) მოსახლეობა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მისცემს ხმას. თუ უმრავლესობით სწორედ ეს პოზიცია დაფიქსირდა. რუსეთის შემდგომ «შუამავლობაზე» ლაპარაკი ზედმეტია. არადა, მოსკოვისათვის იდეალურია ისეთი მდგომარეობა, როდესაც აფხაზეთი ფორმალურად საქართველოს შემადგენლობაში რჩება ან მასთან ქმნის ე.წ. საერთო- სამოკავშირეო სახელმწიფოს, სინამდვილეში კი რუსეთის დანამატად იქცევა.
    ამრიგად, აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება არძინბასა და მისი მოსკოველი მფარველებისათვის ჯერ-ჯერობით ძალზე არახელსაყრელია.

მერიდიანი 12 სექტემბერი, 1997 წ.