ნინო ბურჯანაძე - ჩასაფრებული ლეკვი ლომისა

ნინო ბურჯანაძე - ჩასაფრებული ლეკვი ლომისა

    პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას კენჭისყრის 1 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ, მოჰყვა „პოლიტოლოგიური აუდიტი“, თუ ვინ და რა ძალები მიიღებენ მონაწილეობას მომავალ საპარლამენტო რბოლაში, რომელიც შეცდომით ითვლება ბევრად უფრო მნიშვნელოვან მოვლენად, ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
    საოცარია, რომ ამ შეცდომას ბევრი კოლეგა ვერ ამჩნევს; მით უმეტეს არ აღიარებს, რაკი წმინდა ფორმალისტური თვალსაზრისით განიხილავს ქართულ პოლიტიკურ დისკურსს - მისი მრავალწლიანი ტრადიციისა და სოციო-ფსიქოლოგიური მომენტების გაუთვალისწინებლად. არადა, ჩვენს რეალობაში, მთავარი სწორედ ეს მომენტებია და არა ის, თუ რა წერია ახალი კონსტიტუციის რომელიღაც აბზაცში:
    პოლიტიკური დომინანტი საქართველოში გახდება არა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალა (როგორც ზოგიერთს ჰგონია მეტისმეტი გულუბრყვილობით), არამედ ის, ვინც გაიმარჯვებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში! თუ პრეზიდენტი დღევანდელი ოპოზიციის რომელიმე ლიდერი გახდა, ის ამ „მოდერნიზებულ კონსტიტუციას“ სულ მალე გადაახევს თავზე 2012 წელს გამარჯვებულებს, რაკი რამდენიმე თვის განმავლობაში გადაიბირებს მაჟორიტარებსაც და პარლამენტში საშოვარზე (და არა იდეური მოსაზრებებით) შესულ ნებისმიერ უმრავლესობასაც.
    ისინი კი (პირობითად თუ ვიტყვით „გიგა ბოკერიები“ და „ნუგზარ წიკლაურები“), ვისაც კიდევ რაღაც, თუნდაც სხვებისთვის მიუღებელი იდეური მოტივები აქვთ, სულ მალე აღმოჩნდებიან უმცირესობაში. ნუ დავივიწყებთ, რომ ე.წ. „საკონსტიტუციო კომისიის“ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო (დანაშაულებრივად უპასუხისმგებლო!) გადაწყვეტილებით, „ძლიერი პარლამენტისა“ და „ძლიერი მინისტრთა“ კაბინეტის პირობებში პრეზიდენტს ირჩევს არა საკანონმდებლო ორგანო, არამედ „ხალხი“ პირდაპირი კენჭისყრით. ჩვენი მენტალობისა და კულტურის გათვალისწინებთ კი, საერთო-სახალხო კენჭისყრით არჩეული პრეზიდენტი, რომელიც, ამასთანავე ძალისმიერ სტრუქტურებზე გადამწყვეტ გავლენასაც ინარჩუნებს, აუცილებლად შეეცდება თავის მხარეს „გადაქაჩოს“ რეალური (და არა ქაღალდზე გაწერილი) ძალაუფლება, რის შედეგადაც უარეს შემთხვევაში მივიღებთ სრულ პოლიტიკურ დომხალს და სამოქალაქო დაპირისპირებას (თუ არა სამოქალაქო ომს), უკეთეს შემთხვევაში კი, ტრაგიკომიკურ სიტუაციას, როდესაც რეალური ძალაუფლება ასცდება „ბრძნული საკონსტიტუციო რეფორმით“ დადგენილ ჩარჩოებს. ანუ ისღა დაგვრჩება, ისევ 1995 წლის შევარდნაძის ან 1991 წლის თურქმენბაში ნიაზოვის კონსტიტუციები ვინატროთ ელემენტარული წესრიგისა და გარკვეულობის მისაღწევად.
    ბრიყვული თეზისი იმის შესახებ, რომ „ძალაუფლების ორი, დაახლოებით თანაზომადი ცენტრის არსებობა, ისევე, როგორც საფრანგეთში, ჩვენშიც ძალაუფლების გადანაწილებასა და პლურალიზმის განვითარებას შეუწყობსო ხელს“, ისევ და ისევ არ ითვალისწინებს ჩვენს პოლიტიკურ კულტურას, ეთნოფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და ბოლო 25 წლის განმავლობაში მკაფიოდ გამომჟღავნებულ სხვა თვისებებს.
    სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ჩვენ არა ვართ ფრანგები!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სწორედ ამ დისკურსშია მნიშვნელოვანი პარლამენტის „ექს-სპიკერ“ ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომ მისი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. პირველი ნიშანდობლივი მომენტი ამ განცხადებაში ის გახდა, რომ ბურჯანაძეს ამჯერად „სახალხო კრება“ არც კი უხსენებია. არადა, სულ ცოტა ხნის წინ იგი მისი პოლიტიკური პროექტის „გულანი“ იყო!
    არ ახსენა, რაკი აღარ აინტერესებს მას შემდეგ, რაც „კრების“ ცნობადმა სახეებმა, ვინც ქალბატონ ნინოს საკუთარი პერსონის ლეგიტიმაციისთვის სჭირდებოდა (ლუკა კურტანიძე, გოგი ქავთარაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზოგიერთი ცნობით კი თვით ნონა გაფრინდაშვილიც!) ბიძინა ივანიშვილისკენ „გადაიხარენ“ და მისი „ქოლგის ქვეშ“ აპირებენ პარლამენტში კენჭისყრას. ამით „სახალხო კრების“ პროექტი საბოლოოდ დასამარდა. თვით ნინო ბურჯანაძე კი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე მარტივი მიზეზით ამბობს უარს: მის პარტიას რა თქმა უნდა არა აქვს არავითარი შანსი, თუნდაც მიუახლოვდეს 5 პროცენტიან ბარიერს. მით უმეტეს გადალახოს ეს ბარიერი. აშკარა დამარცხება კი შელახავს ბურჯანაძის პოლიტიკურ რენომეს და შეამცირებს მის სამომავლო შანსებს.
    მაგრამ კატასტროფულად ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ნინო ბურჯანაძე უკვე ჩამოწერილი პოლიტიკოსია და მისი განცხადება პოლიტიკიდან საერთოდ წასვლას ნიშნავს. სინამდვილეში, ბურჯანაძე ემზადება არა 2012 წლის საპარლამენტო, არამედ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც სულ სხვა სოციო-ფსიქოლოგიური მოცემულობით ჩატარდება: ერთია, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას, ანუ ლიდერსა და მის გუნდს და მეორეა მთლიანად პერსონიფიცირებული საპრეზიდენტიო არჩევნები. ამ არჩევნებში ბურჯანაძეს განუზომლად მეტი შანსი ექნება, ვიდრე „დემოკარტიულ მოძრაობას“ წლევანდელ კენჭისყრაში.
    ბურჯანაძე იმასაც ითვალისწინებს, რომ 2013 წელს მისი კონკურენტი შეიძლება არა მხოლოდ დათო ბაქრაძე ან გიგი უგულავა, არამედ ბიძინა ივანიშვილიც იყოს. ამდენად, განცხადება „ქართულ ოცნებას წარმატებას ვუსურვებო“, საკმაოდ ეშმაკური სვლაა: თუ „ოცნება“ ოქტომბერში დამარცხდა და უმრავლესობა ვერ მოიპოვა, „პროტესტული ელექტორატის“ იმედგაცრუება იმდენად დიდი იქნება, რომ იგი აუცილებლად დაიწყებს სხვა ალტერნატივის ძებნას 2013 წლისთვის. ნინო ბურჯანაძის პარტიას კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ ექნება მიღებული, შესაბამისად მარცხიც არ ექნება განცდილი. ყოველ შემთხვევაში, მასის თვალში ეს სწორედ ამგვარად აღიქმება.
    ამიტომ ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება არის არა „ბრძოლის ველიდან წასვლა“, არამედ „ჩასაფრება“ ხელსაყრელი მომენტის მოლოდინში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ - ქუთაისის პარლამენტში ერთმანეთთან კინკლაობით - სულ მალე მოაბეზრებენ თავს ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ყოველთვის გარკვეულობისა და ერთმნშვნელოვნებისკენ ისწრაფვის.
    „ხალხიც“ ახალი მესიის ძიებას მოჰყვება, ვინც „დაამყარებს წესრიგს“ და ბოლოს მოუღებეს პოლიტიკურ ჯგუფთა „ერთმანეთის ჭამას“. არაერთგზის მითქვამს, რომ ნინო ბურჯანაძის მოკავშირე ამ პროცესში არა მხოლოდ ხსენებული პროტესტული ელექტორატი არამედ ის ამოუწურავი სოციალური ინტენციაა, რომელიც მუდამ „ძლიერი ხელისა“ და „წესრიგისკენ“ ისწრაფის. და რაც უფრო „პლურალისტური“ გამოდგება მომავალი პარლამენტი, მით უფრო გაძლიერდება ბურჯანაძის, როგორც „მესამე ალტერნატივის“ პოზიციები! შესაბამისად, თანდათან მისკენ გადაიხრება ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს უჭერს მხარს, როგორც „გარკვეულობის, პროგნოზირებადობის, წესრიგისა და სახელმწიფოს ძლიერი ხელის“ გარანტებს. ამ „ხელს“ დემოკრატიული პლურალიზმი შეასუსტებს და „ქალბატონი ლომის“ შანსებიც გაიზრდება. ბუნებრივია, „ხალხის“ უმრავლესობას წინ გაუსწრებენ ფაქიზი ყნოსვის მქონე ელიტები: ბიზნესმენები, მედიამფლობელები, საშუალო და დაბალი რანგის ჩინოსნები და ა.შ. ისინი სულ მალე ისკუპებენ „მიშას და ვანოს გემიდან“ - ქალბატონი ტეტჩერის „მხსნელ“ ნავში, რათა მისი მეშვეობით გამოსცურონ პოლიტიკური შტორმიდან, რაც 2012 წლის არჩევნებს მოჰყვება უეჭველად.
    ამიტომ ნინო ბურჯანაძის „ჩამოწერა“ ძალიან ადრეა: იგი (ვიმეორებ) შორს არსად წასულა, - მხოლოდ „ჩასაფრდა“ და ხელსაყრელ მომენტს ელის სანადიროდ. მისი განეიტრალება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ 2012 წლის „საშუალედო არჩევნების“ მთავარ მოთამაშეთაგან რომელიმე (აქ არა აქვს მნშვნელობა „ნაციონალები“ თუ „ოცნება“) შეძლებდა პარლამენტში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას და შემდეგ ეს გამარჯვებული ძალა მოახერხებდა საკუთარი კანდიდატის „გაყვანას“ პრეზიდენტად.
    მაგრამ ეს უკვე თითქმის გამორიცხულია: თანაფარდობა, რომელიც ჩამოყალიბდება მიმდინარე წლის ოქტომბერში (დაახლოებით 60-40-თან) ქვეყანაში აუცილებლად შექმნის ტურბულენტობისა და მუდმივი დაპირისპირების განცდას, რასაც დემოკრატიული რომანტიზმის ადეპტები „პლურალიზმს“ უწოდებენ და სინამდვილეში კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ხალხის სოციოფსიოლოგიისათვის.
    აი, სწორედ ამ დროს გამოვარდება ასპარეზზე ჩასაფრებული „მტაცებელი“ და ნამდვილად დიდი შანსიც ექნება წარმატებული ნადირობისთვის!

2012