აფხაზები რუსეთს გაუნაწყენდნენ

აფხაზები რუსეთს გაუნაწყენდნენ

    აფხაზური „ბლოგოსფერო“, ანუ ის რუსულენოვანი საიტები და პორტალები, სადაც აფხაზ ბლოგერებს აქვთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა, რამდენიმე დღეა ლამის დაიქცეს აღშფოთებულ სეპარატისტთა „პოსტებისაგან“. ისინი განცვიფრებასა და განაწყენებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ბოლო საპარლამენტო ასსამბლეაზე (9 ივლისს) რუსულმა დელეგაციამ თავი შეიკავა და წინააღმდეგ არ მისცა ხმა იმ რეზოლუციას, სადაც აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ოკუპირებულ ტერიტორიებადაა მოხსენებული.
    რუსეთის „სახელმწიფო სათათბიროს“ დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი კოვალიოვმა ეს დემარში იმით ახსნა, რომ რუსეთი მუდმივი კონფრონტაციის მომხრე როდია. თუმცა ამგვარი ახსნა აფხაზებისთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს. ისინი წერენ, რომ რაკი რუსეთმა ამ დოკუმენტს „წინააღმდეგ“ არ მისცა ხმა, ამით თვითონაც აღიარა, რომ საქართველოს ტერიტორიები დაიპყრო. ესე იგი, აფხაზეთი მართლა ოკუპირებული ტერიტორია ყოფილა.
    ინტერნეტში კი ტეხენ გნიასს ჩვენი აფხაზი თანამოძმენი, მაგრამ დიპლომატიურ დონეზე და ბეჭდურ პრესაში კრინტის დაძვრას ვერ ბედავენ. ეს „ბლოგოსფეროს“ ერთ-ერთი უპირატესობაა - იქ ბევრი რამ ისეთი შეიძლება ითქვას, რაც ოფიციალურად და არაანონიმურად ვერ დაფიქსირდება პოლიტიკური თუ პიროვნული მომენტების გამო. ჰოდა, არის ერთი ვაიუშველებელი ანონიმი ავტორებისგან, სხვადასხვა ნიკით რომ პოსტავენ: „ეს რა გვიქნა რუსეთმა, ეს რა ჩაიდინა, ეს როგორ ჩაგვცა ზურგში ლახვარი, როგორ მიაფურთხა საკუთარი პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებას „დამოუკიდებლობის აღიარების“ თაობაზეო“ და ა.შ. და ა.შ.
    ბუნებრივია, აფხაზი დიპლომატები არაოფიციალურ და ფარულ შეხვედრებზე ნამდვილად უსვამდნენ ამ კითხვას რუს კოლეგებს, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საოცარი და ცოტა არ იყოს კომიკური რეაქცია მოჰყვა: „როგორ გეკადრებათ, რუსეთის დელეგაციამ წინააღმდეგ მისცა ხმა და მთელი ეს ინციდენტი ქართულმა პრესამ მოიგონაო“.
    კი მაგრამ, რუსულ-სომხური სააგენტო „რეგნუმი“ ქართული პრესაა?!!! ანუ, კოვალიოვს მისთვის ინტერვიუ სულ მიუცია და „ქართველმა ჟურნალისტებმა მოიგონეს“, რომ ამ დეპუტაციამ კენჭისყრისას თავი შეიკავა?
    საოცრებაა პირდაპირ! უფრო ზუსტად, გაუგონარი თავხედობაა, ანუ თბულისური ჟარგონით თუ ვიტყვით „ნაგლობა“, რაც სერგეი ოვანესის ძე ლავროვის უწყებას (წარმოშობით თბილისელია სხვათა შორის) ზოგადად ახასიათებს. რას ქვია „თავი არ შეუკავებია“, როცა ეს ფაქტი ოფიციალურადაა დაფიქსირებული საპარლამენტო ასსამბელის პრეს-რელიზში? რა შუაშია აქ ქართული პრესა და მისი ვითომდაც ინსინუაციები?
    მეორეს მხრივ, ძალიან საინტერესოა, მაინც რატომ შეიკავა თავი რუსულმა დელეგაციამ და რატომ არ დააფიქსირა ხმა „წინააღმდეგ“ იმ რეზოლუციისა, სადაც „ოკუპაციაა“ ნახსენები. ამის სამი მიზეზი არსებობს. მათგან ორი არაარსებითია, მესამე კი - განმსაზღვრელი.
    პირველი: განსახვავებით „ეუთოს საბჭოს“ ანუ ამ ორგანიზაციის აღმასრულებული სტრუქტურისაგან, რუსეთს საპარლამენტო ასსამბლეაში ვეტოს უფლება არა აქვს. ანუ წინააღმდეგ მისცემდა რუსული დელეგაცია ხმას თუ არა, - რეზოლუცია მაინც იქნებოდა მიღებული, რუსებს კი უბრალოდ მოსწყინდათ მუდმივად „მარტოობაში“ ყოფნა: თვით უახლოესმა მოკავშირე ბელორუსებმაც კი არ მისცეს ხმა „წინააღმდეგ“ და ისინი თეთრი ყვავებით წარმოჩინდებოდნენ.
    მაგრამ მხოლოდ ეს მოსაზრება ვერ აიძულებდა კოვალიოვს ასეთი განკარგულება გაეცა. უფრო ზუსტად, მოსკოვიდან მიღებული მითითება „მიეყვანა“ დელეგაციის სხვა წევრებამდე. ამიტომ მეორე (აგრეთვე არაარსებითი) მიზეზი: რუსებს უნდადათ „თავში ჩაეთაქებინათ“ აფხაზებისთვის, რომლებიც სულ უფრო აღიზიანებენ მოსკოვს ეთნიკური რუსებისთვის სოხუმში ბინების არდაბრუნებით, ახლო ამოსავლეთიდან მაჰაჯირთა შთამომავლების გადმოსახლების გეგმებით და რკინიგზის, აგრეთვე სანატორიუმების პრივატიზებაზე უარით. ამიტომ ბოლოს პირდაპირ უთხრეს: „თქვე უბედურებო, მართლა „დამოუკიდებლები“ ხომ არ გგონიათ თავი, - ჩვენს მიერ ოკუპირებულები ხართო.“
    მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რუსეთი იძულებულია საქართველოსთან გარკვეული კულუარული მოლაპარაკება აწარმოოს რეგიონში „ეუთოს“ მისიის დასაბრუნებლად. მივაქციოთ ყურაღება, რომ სკანდალი მაშინ აგორდა, როდესაც თბილისში ეუთოს გენერალური მდივანი, ლამბერტო ზანიერი იმყოფებოდა. რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია სიტუაცია (ეს მისთვის საშიში პრეცედენტია), როდესაც სამშვიდობო ოპერაციას კავკასიის რეგიონში ის ორგანიზაცია ახორციელებს, რომელზე ზემოქმედების ბერკეტებიც მას არ გააჩნია, რაკი მისი წევრი არ არის! ვგულისხმობ ევროკავშირის დამკვირვებლებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
    მართალია ევროპელ დამკვირვებელთა მისიას სუსტი მანდატი აქვს და მისი მონიტორებიც მხოლოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, მაგრამ ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი და მოსკოვისათვის სტრატეგიულად მიუღებელი პრეცედენტია. ამიტომ მოსკოვს ისღა დარჩენია, ევროკავშირის დამკვირვებლების ნაცვლად რეგიონში ეუთოს მისია დააბრუნოს.
    მაგრამ როგორ გააკეთოს ეს, ქართულ მხარესთან და თვით ეუთოსთან კომპრომისის გარეშე? ყოფილი მისია ხომ თვითონ გააგდო კავკასიიდან? ერთადერთი გამოსავალია ე.წ. „სტატუს-ნეიტრალური“ მისიის შემოყვანა, რომლის სახელწოდება მხოლოდ გეოგრაფიული ტერმინებით აღინიშნება. მაგალითად, არა „ეუთოს მისია სამხერთ ოსეთში“ ან „ეუთოს მისია საქართველოში“, არამედ „ეუთოს მისია ლიახვის ხეობაში“, და ა.შ. ანალოგიური კომპრომისი მზადდება ენგურის აუზშიც. ბოლო დრომდე ეს სეპარატისტებისთვის მიუღებელი იყო და, გარწმუნებთ, დღემდე მიუღებელია, ამიტომ მოსკოვი მათ აფრთხილებს, მეტისმეტ თავნებობას ნუ გამოიჩენენ და რუსეთის ინტერესები გაითვალისწინონ, თორემ უარეს დღეშიც შეიძლება აღმოჩნდნენ.

2012