აფხაზეთი: მძევალთა ომი

აფხაზეთი: მძევალთა ომი

      

        უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გამწვავდა ვითარება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, კერძოდ, გალის რაიონში - ისტორიულ სამურზაყანოში, სადაც შიშით, მაგრამ ასე თუ ისე, მიანც დაბრუნდა რამდენიმე ათეული ათასი ქართველი.
        ამ მომენტს სეპარატისტები კვლავინდებურად აქტიურად იყენებენ საქართველოს შანტაჟირებისათვის.
        რამდენიმე დღის წინათ, აფსუანურმა უშიშროების სამინისტრომ მოახერხა, 5 ქართველ პარტიზანს ჩასაფრებოდა. არ არის გამორიცხული, ისინი ვიღაცას (ისევ ქართველს, როგორც ხშირად ხდება) დაესმინა და სწორედ ამ დასმენის ნიადაგზე გარშემორტყმოდნენ სეპარატისტები მიტოვებული ქართველის სახლში პარტიზანებს.
        ორი ადგილზე მოკლეს, სხვები «კეთილშობილი აფსუებისთვის» დამახასიათებელი სისასტიკით აწამეს და დაასახიჩრეს. დღემდე «მოუხელთებელი ქართველი შურისმაძიებლების» დაპატიმრებას აფხაზეთში ნამდვილი ზეიმი მოჰყვა. არძინბას, როგორც ამბობენ, ცალ ფეხზე ცხვარი ჰყავს გამობმული, ანუ, ყბის კიბოს წყალობით «ამრაზე» გასამგზავრებლად ემზადება (თურმე, ბევრს ეს ინფორმაციაც თვალთმაქცობა ჰგონია), ამიტომ სეპარატისტთა სხვა ლიდერები, სადისტური სიხარულით ამცნობენ მოსახლეობას ამ «კიდევ ერთი დიდი გამარჯვების» თაობაზე, რომელიც ქართველებზე მოიპოვეს.
        განსაკუთრებულ სიამოვნებას, როგორც ჩანს, დასახიჩრებული, ნაწამები ქართველი პარტიზანების ჩვენება ანიჭებთ. აფსუანურმა ტელევიზიამ ეს «ტკბილი» კადრები ასჯერ მაინც გაიმეორა, მაგრამ სიხარული დიდხანს არ დასცალდათ. მადლობა ღმერთს, ვაჟკაცები საქართველოში, როგორც ჩანს, სულ არ გადაშენებულან - «ტყის ძმებმა» მეორე დღესვე ტყვედ აიყვანეს იმავე სამურზაყანოში, აგრეთ წოდებული, «აფხაზური არმიის» მეომრები. მიაქციეთ ყურადღება - რაკი არძინბას გარემოცვა გალის რაიონში ახალწვეულებს აგზავნის და არა «გამოცდილ მებრძოლებს» - ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ საქმე ვერა აქვთ კარგად. გარდა ამისა, რაკი «ამაყმა აფსუებმა» ასე იოლად დაყარეს იარაღი, - ესეც აფხაზეთში საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შეცვლაზე მეტყველებს,
        უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა. ანუ, სეპარატისტებისთვის - უარესობისკენ.
        ხუთი დატყვევებული «მეომრიდან» სამი აფსუა აღმოჩნდა, ერთი - რუსი და ერთიც - ოსი. ეს უკანასკნელი, ალბათ, იმ «მოხალისეთა» რომელიღაც ნაშიერია, ვინც 1992-93 წლებში ცხინვალიდან წავიდა აფხაზეთში «მოძმე მცირერიცხოვანი» ხალხის დასახმარებლად და იქვე დარჩა, ალბათ, ქართველის სახლში ცხოვრობს ამჟამად.
        ხუთში არც ერთი ჩეჩენი რომ არ ურევია, არც არის გასაკვირი, იმ უზნეო პოზიციის გათვალისწინებით, რაც აფსუებმა დაიკავეს ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით: მათ, ფაქტობრივად, რუსეთს დაუჭირეს მხარი ჩეჩენი ხალხის გენოციდისას.
        ხუთივე «მებრძოლი» ამჟამად ქართველ პრატიზანებს ჰყავთ დატყვევებული დასავლეთ საქართველოში. ჯერჯერობით, მათ არ გაუკეთებიათ იგივე, რაც სეპარატისტებმა ჩაიდინეს.
        დააკვირდით: არა მხოლოდ უსასტიკესად სცემეს პარტიზანებს (ფაქტობრივად, სამხედრო ტყვეებს), არამედ, შემდეგ ვიდეოკასეტა გაეროს მისიას თბილისში გამოატანეს, რათა ეს ფირი თბილისის ტელევიზიით ეჩვენებინათ და საზარელ, შემაძრწუნებელ, იმავდროულად, დამაცმირებელ კადრებს ქართულ საზოგადოებაზე შესაბამისი ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინა.
        შედეგს ნამდვილად მიაღწიეს - ჩვენი ეთნოფსიქოლოგია ზედმიწევნით აქვთ შესწავლილი: მას, უპირველესად, უილაჯობის განცდა ანგრევს (ამ სინდრომმა იმუშავა 9 აპრილის შემდეგ).
        რატომ არ შეიძლება, ქართველი პარტიზანებიც ასევე მოიქცნენ? ანუ ცხივრ-პირი დაამტვრიონ დატყვევებულ სეპარატისტ-ფაშისტებს და შემდეგ ეს ფირი საქართველოს ტელევიზიით უჩვენონ (ვითომ, ვიღაც უცნობმა მიაწოდა ჟურნალისტს).
        სეპარატისტებმა სწორად გათვალეს, რომ ქართველი პარტიზანები მათი ტყვეების თანამოძმეებში გაცვლას მოითხოვდნენ, ამიტომ «აფხაზეთის საზღვაო ძალებმა» მიიღეს დავალება, ხელში ჩაეგდოთ ქართული სეინერი, რათა შემდეგ მეზღვაურები გაეცვალათ «ბოევიკებზე» და არა პარტიზანები.
        სწორედ ამიტომ, სეპარატისტთა სამხედრო კატარღამ (რა თქმა უნდა, რუსეთაის «საჩუქარმა») დაატყვევა ქართველ მეზღვაურთა მცირე გემი (სეინერი) შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში - და არა «აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში, როგორც ამას «აფსნი-პრესი» იუწყება.
        ესეც ძალიან საინტერესო მომენტია: სეპარატისტებს თავისუფლად შეუძლიათ სამურზაყანოში «აიყვანონ» იმდენი უბედური ქართველი მოსახლე, რამდენიც უნდათ - 100, 200, 300, მაგრამ მიიჩნიეს, რომ ეს ვერ მოახდენდა საჭირო გავლენას ქართულ საზოგადოებაზე.
        ამიტომაც დაატყვევეს ფოთელი მეზღვაურები, ვინაიდან იმედი აქვთ, შედეგი უფრო შთამბეჭდავი იქნება: ფოთლები დაიწყებენ გაფიცვას, დატყვევებულთა ოჯახის წევრები გადაკეტავენ ფოთის პორტს (რომელსაც საქართველოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს) და მოსთხოვენ ხელისუფლებას, დათანხმდეს მეზღვაურების გაცვლას «ბოევიკებში» - ანუ პარტიზანთა დატოვებას აფსუა ფაშისტთა ტყვეობაში.
        ამან შეიძლება, დაძაბოს ვითარება მთელ სამეგრელოში, რადგან «ტყის ძმები» ასეთ გაცვლას ნებით არ დათანხმდებიან (ისიც საკითხავია, საქმის «რეზონანსულობის» თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებაც რამდენად მიიღებს სეპარატისტების პირობებს) და მოითხოვენ გაცვლას პრინციპით ყველა-ყველაზე.
        დააკვირდით კიდევ ერთ მომენტს. რუსეთის ტელევიზია კრინტს არ ძრავს ამ ამბების შესახებ. არ მგონია, მიზეზი «ნტვ»-ს გარშემო ატეხილი სკანდალი ან თუნდაც, ჩეჩნეთის ომი იყოს: სეპარატისტები თავად არ აგზავნიან მოსკოვში შესაბამის ტელესიუჟეტებს. ჩვენგან განსხვავებით კი ისინი არ აძლევენ ნებას რუს ჟურნალისტებს, აფხაზეთში საკუთარი ნება-სურვილით იმუშაონ.
        ოღონდ, საქმე ის გახლავთ, რომ «აფხაზეთის» თემის გამწვავება დღეს თვით არძინბას ჯგუფს არ აძლევს ხელს, რადგან, ჯერ ერთი, იწყება საკურორტო სეზონი, ხოლო სავიზო რეჟიმის გაუქმების კვალობაზე, აფხაზეთში უამრავ დამსვენებელს ელიან.
        გარდა ამისა, სოხუმს აშინებს ჩეჩნეთის ომის ფონზე აფხაზეთის პრობლემის მეტისმეტი ანგაჟირება, ვინაიდან ანალოგიები მეტისმეტად აშკარაა. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც რუსულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, მოსკოვურ მედიაში გაკრთა ცნობები აფხაზეთიდან - რუსეთში ტერორისტების, ანუ რუსეთისგან ჩრდილო კავკასიის გამოყოფის მსურველთა შეღწევის თაობაზე.
        ამ თვალსაზრისით, ძალზე საინტერესოა, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები «გაცვლის თაობაზე» და როგორ მოიქცევიან სეპარატისტები, თუ თბილისი მტკიცე პოზიციაზე დადგება და «ყველას-ყველაზე» გაცვლას მოითხოვს.

დილის გაზეთი, 17 აპრილი, 2001 წელი