ერთიანი ჩერქეზეთი – საქართველოს ადგილას?

ერთიანი ჩერქეზეთი – საქართველოს ადგილას?

 

    გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ადიღეს პრეზიდენტმა, რუსლან ჯარიმოვმა რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართა ერთი შეხედვით უცნაური წინადადებით. ადიღე მოსკოვს სთავაზობს შემდეგ ტერიტორიულ გადანაწილებას: «ადიღე კრასნოდარის მხარეს გადასცემს თავისი ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო კრასნოდარის მხარე ადიღეს სანაცვლოდ – თავისი ტერიტორიის სამხრეთ მონაკვეთს, ანუ ვიწრო ზოლს კავკასიონის ქედსა და შავ ზღვას შორის – მდინარე ფსოუს გასწვრივ».
    ეს წინადადება, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ ეხება საქართველოს (რადგან «გადანაწილება» რუსეთის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო), სინამდვილეში უშუალოდ უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და აფხაზეთის პრობლემას.
    საქმე ის გახლავთ, რომ ამგვარი «გაცვლის» შედეგად, ადიღეს რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია, უშუალოდ «გაუმეზობლდება» აფხაზეთს და შეიქმნება ერთიანი «ადიღური ტერიტორია» აფხაზეთის, საკუთრივ ადიღეს, ჩერქეზეთის და ყაბარდოს ჩათვლით.
    რუსეთი ალბათ არ მიიღებს ამ «წინადადებას», რაკი ჯერ ერთი, მდინარე ფსოუს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს სოჭის უმნიშვნელოვანესი საკურორტო ზონა და მეორეც: რუსეთის ანალიტიკური სამსახურებისათვის არ არის უცნობი ე.წ. «ერთიანი ჩერქეზეთის» შექმნის გეგმა, რომლის ერთ–ერთი ავტორი არძინბა გახლავთ. მაგრამ თვით წინადადების დაყენება სხვა თვალსაზრისითაც ძალზე სიმპტომატური და საშიშია.
    ერთიანი ჩერქეზული რესპუბლიკა (ფედერაციული ან კონფედერაციული ფორმით) უეჭველად ნიშნავს აფხაზეთის თვითნებურ შეყვანას ამ კონგლომერატის შემადგენლობაში. ადიღეს პრეზიდენტის მიმართვაში საუბარია «ერთიანი სოციალურ–ეკონომიკური პოლიტიკის» გატარებაზე. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, «კომუფლიაჟია» – სინამდვილეში ამ იდეას წმინდა პოლიტიკური სარჩული უდევს. ან, თუ გნებავთ, სოციალურ–ეკონომიკური საფუძველი გამოიყენება შემდგომში ერთიანი სახელმწიფოებრივი ზედნაშენის ასაგებად.
    მოსკოვში ეს ყოველივე შესანიშნავად ესმით, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ აქ კვლავ საქმე გვაქვს მიზეზ–შედეგობრიობის ერთგვარ «გაუკუღმართებასთან» – რაც საერთოდ დამახასიათებელია კრემლის პოლიტიკისათვის.
    მოსკოვის სპეცსამსახურებმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შეძლეს ინტერესთა კონფლიქტის პროვოცირება ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთში მცხოვრებ ვაინახებსა და დასავლეთში მცხოვრებ ადიღური მოდგმის ტომებს შორის. ადიღეველები, ჩერქეზები, აფხაზები და ყაბარდოელები ფაქტობრივად ერთი ხალხის – ჩერქეზთა (ადიღთა) სხვადასხვა სახელწოდებაა. ამ ეთნიკურ ჯგუფებს, რა თქმა უნდა, საერთო ინტერესები აქვთ და ისინი ამჯერად ცდილობენ ამ ინტერესთა დაცვას კრემლთან მიმდინარე ფარულ დაპირისპირებაში.
    ჩეჩნეთში საომარ მოქმედებათა დაწყებისთანავე რუსულ პრესაში გაჩნდა აზრი, რომ ადიღური წარმოშობის ხალხებს შეიძლებოდა მხარი დაეჭირათ ჩეჩნეთის ბრძოლისათვის რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა: ჩრდილო–დასავლეთ კავკასიიდან სულ რამდენიმე ასეული მოხალისე გაემგზავრა ჩეჩნეთში საბრძოლველად. მათ შორის უმეტესობა ადრეც იბრძოდა აფხაზეთში.
    როგორც ჩანს, ადიღესა და ყაბარდოს მმართველმა ელიტებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და სცადეს თავისი ლოიალურობა «ძვირად მიეყიდათ» კრემლისათვის: სწორედ იმ დროს, როდესაც ჩეჩნეთში ომი მძვინვარებს, მათ წამოაყენეს ერთიანი, «ადიღური ტერიტორიის» შექმნის იდეა – აფხაზეთის ჩათვლით.
    კრასნოდარის მხარიდან – ადიღეს რესპუბლიკისათვის მდინარე ფსოუსთან მიმდებარე ტერიტორიის გადაცემა უეჭველად ნიშნავს იმას, რომ სულ მალე შეიქმნება ერთიანი «ჩერქეზული ელიტა», რომელიც შეეცდება კონტროლს დაუქვემდებაროს კავკასიის მთავარი წყალგამყოფი ქედის დასავლეთ ნაწილის მთისწინეთი ორივე მხრივ, ანუ როგორც სამხრეთით ასევე ჩრდილოეთით: მდინარე ენგურიდან – მდინარე ფსოუმდე; ხოლო ჩრდილოეთით, ტერიტორია ადიღედან – ჩრდილოეთ ოსეთის საზღვრამდე. ეს ტერიტორია მოიცავს ნაყოფიერ მიწებს ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიაში. აგრეთვე სოხუმის პორტს, საკურორტო ინფრასტრუქტურას და სხვა.
    ამრიგად, ზემოთხსენებულ ელიტას გაუჩნდება საშუალება, შექმნას წინაპირობა ერთიანი, საკმაოდ მძლავრი სახელმწიფოს შექმნისათვის, რომლის მოსახლეობა საქართველოს თითქმის გაუტოლდება და რომლის ეკონომიკური პოტენციალი მას დამოუკიდებლობის გარკვეულ გარანტიებსაც კი მისცემს.
    აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო დრომდე ხშირად საუბრობდნენ ე.წ. «თებერდის გასასვლელის» შესახებ, რომლითაც სოხუმს, კოდორის ხეობის გავლით, შეეძლო ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირება. როგორც ჩანს, ეს გეგმა ან ჩაიშალა (მოსკოვის თუ ადგილობრივი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო) ან ჩერქეზულმა ელიტამ არ ჩათვალა იგი საკმარისად მომავალი სახელმწიფოს ცხოველმყოფელობისათვის.
    თუმცა, შეიძლება არსებობდეს სხვა ახსნაც. კერძოდ, ამ წინადადებით ჩერქეზები ქარაგმულად მიანიშნებენ მოსკოვს თავისი საგარეო–პოლიტიკური პრიორიტეტის თაობაზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ რუსეთმა მიიღო ეს გეგმა და სოჭის მიმდებარე ტერიტორია ადიღეს გადაეცა, მაშინ მომავალი ჩერქეზული სახელმწიფოს არეალში მოექცევა კიდევ ერთი ადიღური მოდგმის ხალხი – შაფსუღები, რომლებიც, ჯერჯერობით უშედეგოდ ითხოვენ თუნდაც კულტურულ ავტონომიას კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში.
    გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთიანი ტერიტორიის შექმნით, იქმნება ერთიანი ეკონომიკური და სატრანსპორტო სისტემა, რაც საშუალებას მისცემს მილიონობით ჩერქეზ «მოჰაჯირს» აფხაზეთის გავლით დაბრუნდეს ჩრდილოეთ კავკასიაში.
    აფხაზეთის შემოყვანით საერთო სისტემაში, ჩერქეზული ელიტა ერთგვარ «ორაზროვნებას» სძენს საკუთარ დამოკიდებულებასაც რუსეთის ფედერაციასთან, რადგან აფხაზეთი არა თუ არ შესულა რუსეთის შემადგენლობაში, არამედ ეს არც მოუთხოვია.
    მიიღებს თუ არა ამ წინადადებას რუსეთი?
    რა თქმა უნდა, რუსეთში შესანიშნავად ესმით, რომ ერთიანი ჩერქეზეთის შექმნა ეწინააღმდეგება მის სტრატეგიულ ინტერესებს, ვინაიდან ამით იკვრება ერთიანი ხაზი თურქეთიდან – ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც დიდი გეოპოლიტიკური საფრთხის მომტანია. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამჟამად, ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რუსეთის ხელმძღვანელობისათვის (კონკრეტულად ელცინისათვის) დღევანდელი წარმატება, ჩეჩნეთის ომში ადიღეველთა ნეიტრალიტეტი, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰიპოთეტური, სამომავლო გეოპოლიტიკური საფრთხე. ამიტომ, ამგვარი გარიგება, გარკვეულ პირობათა თანხვედრის შემთხვევაში, შეიძლება კიდეც შედგეს.
    როგორ უნდა მოიქცეს ამ პირობებში საქართველო? ჩემი აზრით, მან დაუყოვნებლივ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა აფხაზეთის დასაბრუნებლად – როგორც დიპლომატიური, ასევე სხვა თვალსაზრისითაც.
    გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ჩეჩნეთში რუსეთის პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა. დავაკვირდეთ როგორ იქცევიან ადიღეველები: ისინი მხარდაჭერას არ უცხადებენ რუსეთის მოქმედებას და მხოლოდ ნეიტრალიტეტით ცდილობენ მის შანტაჟირებას. რატომ არ შეიძლება ასევე მოიქცეს საქართველო? მით უმეტეს, რომ საქართველო (ყარაჩაი–ჩერქეზეთისგან ან ყაბარდოსაგან განსხვავებით) საერთაშორისო სამართლის სუბიექტია და ამ თვალსაზრისით, მას უფრო ნაკლებად მოეთხოვება კრემლისადმი ლოიალობის ერთმნიშვნელოვანი დადასტურება.
    ალბათ დროა საქართველოს პარლამენტმა გააკეთოს «გამაწონასწორებელი» განცხადება, რომლითაც იგი დაგმობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ჩეჩნეთში.
    ამჟამად კავკასიაში ტერიტორიათა და ძალთა დიდი გადანაწილება მიმდინარეობს. საქართველო მხოლოდ აქტიური პოლიტიკის გატარებით თუ შეძლებს კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას.

«ივერია–ექსპრესი», 8 თებერვალი, 1995 წელი.