«აღადგენს თუ ვერა სააკაშვილი ურთიერთობას რუსეთთან?»

  «აღადგენს თუ ვერა სააკაშვილი ურთიერთობას რუსეთთან?»

        დღეს ქართული პოლიტიკის მთავარი ინტრიგა, როგორც არ უნდა ცდილობდნენ პოლიტიკოსები ამის მიჩქმალვას, იმაში მდგომარეობს, თუ ვინ, რომელი პოლიტიკური ფიგურა მოახერხებს აგვისტოს ომის შედეგად დარღვეული «ბალანსის» აღდგენას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ანუ ვინ გამოვა ასეთი პრეტენზიით.
        უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია, მათი პროდასავლური მიმართულების მიუხედავად, პრეზიდენტ სააკაშვილს, მათ შორის, იმაში ადანაშაულებს, რომ არაბალანსირებული, ემოციური, იმპულსური პოლიტიკით რუსეთთან დიალოგი «ჩიხში შეიყვანა», «დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა» და ამით «ქვეყანას უკანდასახევი გზა მოუჭრა» ანუ «ყველა ხიდი დაწვა კრემლთან თანამშრომლობისათვის.
        თუმცა, ამ პოლიტიკოსებს არა აქვთ პასუხი კითხვაზე – თავად როგორ მოიქცევიან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მაგალითად, აღადგენენ თუ არა დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან იმ დათქმით, რომ რუსეთი, რასაკვირველია, იმავდროულად შეინარჩუნებს საელჩოებს სოხუმსა და ცხინვალში?
        რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ეს გამართლებული თუ არა, ყოველ შემთხვევაში, გასაგები და იოლად ასახსნელი ნაბიჯია, ვინაიდან მოსკოვს სურდა ერთის მხრივ დიპლომატიური ურთიერთობა შეენარჩუნებინა საქართველოსთან, ხოლო მეორეს მხრივ აცხადებდა, რომ «არავითარი ურთიერთობა არ ექნება პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან».
        გამოდის, რუსეთი ამით სააკაშვილს მიანიშნებდა, რომ პირდაპირ, დაუფარავად იმუშავებდა მისი შემცვლელის მოსაძებნად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ყველაფერს იღონებდა, რათა ამ ახალ ფიგურას მოქმედი პრეზიდენტი დაემხო.

        სხვაგვარი ახსნა ნამდვილად არა აქვს სურვილს – შეინარჩუნო დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, როდესაც ღიად აცხადებ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ გსურს.
        თუმცა ის, თითქოს ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის არავითარი ურთიერთობა არ არსებობს – აშკარა თვალთმაქცობაა (ორივე მხრიდან) და ორივე ქვეყნის მოსახლეობის თვალის ახვევას ემსახურება.
        გათვლა იმაზეა, რომ ფართო მასები პოლიტიკისა და დიპლომატიის «ხვეულობებსა» და «ეშმაკობებში» კარგად არ არიან ჩახედულნი. დავიწყოთ უშუალოდ დიპლომატიით:
        წყნეთის გზაზე მომხდარმა ინციდენტმა (ავარიამ) დაადასტურა, რომ რუსი დიპლომატები საქართველოდან არსადაც არ წასულან. ისინი კვლავ იმყოფებიან ვაკეში მდებარე რუსულ საელჩოში და ასრულებენ საკონსულო ფუნქციას. იმ განსხვავებით, რომ ფორმალურად ამ საქმიანობას შვეიცარიელი დიპლომატი ხელმძღვანელობს. თუმცა ამით რუსი დიპლომატების სტატუსი არ მცირდება.
        ზუსტად ასეთივე სტატუსით სარგებლობენ ქართველი დიპლომატებიც მოსკოვში. ისინიც იმყოფებიან საქართველოს ყოფილი საელჩოს შენობაში, კვლავინდებურად გასცემენ ვიზებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსეთში საქართველოს საკონსულო ინტერესებსაც ფორმალურად შვეიცარიელი დიპლომატი ახორციელებს.
        გარდა ამისა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს პუტინ-მედვედევმა (თუ მედვედევ-პუტინმა), რომ «საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან საქმეს არ დაიჭერს, რაკი ეს ხელისუფლება ოსი ხალხის გენოციდსა და ომის პროვოცირებაში დამნაშავედ მიაჩნია» – ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები (საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან) სწორედ ამის საპირისპირო მოქმედებაა, რადგან გიგა ბოკერია არა უბრალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის უახლესი თანამებრძოლიც.
        ზოგიერთი ცნობით, ბოკერია პირადად მონაწილეობდა სეპარატისტთა წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში. გარდა ამისა, დავაკვირდეთ იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ომის შემდეგ, აზრადაც არ მოუვიდა გამოეყენებინა მის მიერ მიღებული კანონი «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ», რათა განეხორციელებინა ჩვენს ქვეყანაში აგრესორი სახელმწიფოს ქონების კონფისკაცია.
        იგივე «თელასი», როგორც დღეს უკვე გამართულად მოქმედი, აწყობილი, შემოსავლიანი საწარმო, მისი ნაციონალიზაციის შემთხვევაში, ქვეყნის ბიუჯეტს დიდ მოგებას მოუტანდა. თანაც აქ საქმე ეხებოდა არ კერძო ინვესტიციას, არამედ სწორედ რუსეთის სახელმწიფო საკუთრებას და მთელ მსოფლიოში სააკაშვილის ყველაზე აქტიურ კრიტიკოსებსაც «ენა არ მოუბრუნდებოდათ» საქართველოს ხელისუფლება ამისთვის გაემტყუნებინათ.
        რეალურად კი, საპირისპირო ხდება: იგივე ანატოლი ჩუბაისის «ინტერ - რაო» მართვაში იღებს რეგიონში უდიდეს ენგურის ჰიდროელექტროსადგურს.
        დავამატოთ ამ რიგს ის ფაქტიც, რომ, როგორც ახლა ირკვევა, თბილისში ყოფნისას, რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, მიხაილ შვიდკოის სავსებით ოფიციალური ორსაათიანი მოლაპარაკება ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან.
        მეორეს მხრივ, რუსეთის ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა, ვლადიმერ პუტინმაც ღიად განაცხადა, რომ «გაზპრომი საქართველოსთან ურთიერთობებს რასაკვირველია შეინარჩუნებს» და ასე შემდეგ.
        ეს ყოველივე მეტყველებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას სინამდვილეში ურთიერთობა მოსკოვთან არც გაუწყვეტია იმ ზომითა და მოცულობით, რაც საკმარისად და სასარგებლოდ მიიჩნია; იმავდროულად რუსეთიც ამჟღავნებს სურვილს, აჰყვეს ოფიციალურ თბილისს ამ თამაშში და შეინარჩუნოს დღევანდელი სტატუს – კვო არა მხოლოდ კონფლიქტის ზონებში, არამედ საქართველოს ხელისუფლებასთან სიტუაციური თანამშრომლობის თვალსაზრისითაც.
        რეალურად ამ სტატუს-კვოს დარღვევა უკვე რუსებსაც არ აწყობთ, რაკი სააკაშვილი მათთვის «შეჩვეული ჭირია», ხოლო რამდენად აჯობებს მათთვის «შეუჩვეველი ლხინი» (ბურჯანაძე, ალასანია, ნოღაიდელი, კიწმარიშვილი, გაჩეჩილაძე და ა.შ) – გაურკვეველია. იგორ გიორგაძის გაპრეზიდენტების იმედი კი მოსკოვში, რა თქმა უნდა, არა აქვთ.

18 იანვარი 2008 წელი