ოპოზიცია არჩევნებს მოითხოვს, ხელისუფლებას კი იმ ტოტის მოჭრა არ უნდა, რომელზეც ზის

ოპოზიცია არჩევნებს მოითხოვს, ხელისუფლებას კი იმ ტოტის მოჭრა არ უნდა, რომელზეც ზის

 

    «სახალხო ფრაქციის» ერთ-ერთი ლიდერის, ვანო ხუხუნაიშვილის «ღია წერილმა» ქვეყნის პრეზიდენტისადმი, რომელშიც იგი ბრალად სდებდა ხელისუფლებას «თვითმმართველობის» შეზღუდვას საქართველოში და კატეგორიულად მოითხოვდა «ადგილობრივი არჩევნების» გამართვას, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ეს თემა უახლოეს მომავალში ქართული პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად იქცევა. ხუხუნაიშვილის დემარში უეჭველად კარგად მოფიქრებული და შორსგამიზნული პოლიტიკური სვლაა, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით «გარღვევას» ისახავს მიზნად.

    ნებისმიერი ქვეყნისთვის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის საკითხი ერთ-ერთი უმთავრესია სახელმწიფოებრივი დაფუძნების პროცესში. საქართველოსთვის ეს პრობლემა კიდევ უფრო დამძიმებულია ისეთი «თანამდევი» ფაქტორებით, როგორიცაა ცენტრალური ხელისუფლების ტრადიციული სისუსტე; სხვა ქვეყნებზე ორიენტირებული, კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობების არსებობა; პოლიტიკური ელიტის შეუთანხმებლობა (არაკონსოლიდირებულობა) ფუნდამენტურ საკითხებში; პოლიტიკური კულტურის ქრონიკული (ისტორიული) დეფიციტი და ა.შ. მიუხედავად ამისა, თვითმმართველობის შემოღება და ადგილობრივი არჩევნები გარდაუვალი ხდება, - პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და (ზოგიერთი ინფორმაციით) არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. გადაუწყვეტელია მხოლოდ ტაქტიკური მნიშვნელობის საკითხები: რა ფორმატით გაიმართება არჩევნები და რომელი პოლიტიკური ძალები მიაღწევენ კონსენსუსს ამ ახალ პოლიტიკურ ფრონტზე, - ერთიანი ძალით შეტევის განსახორციელებლად.
    ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში (როგორც უილიამ კორტნი, ასევე მისი წინამორბედი) დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან «ლოკალური არჩევნების» გამართვას; ამერიკელები დროულად მიხვდნენ, რომ ეს პრობლემა ხელისუფლების ყველაზე სუსტი და მტკივნეული ადგილი იყო, რომლის გაღიზიანებით შეეძლოთ მუდმივი «წნეხის» ქვეშ ჰყოლოდათ შევარდნაძე და (საჭიროების შემთხვევაში - თუ რუსებთან სეპარატულ შეთანხმებას მიაღწევდნენ) სწორედ ამით გაემართლებინათ საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარების შეწყვეტა.
    მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლებამ გარკვეული სიმტკიცე გამოამჟღავნა - მან დროულად იგრძნო, რომ საკითხის ნაჩქარევი გადაწყვეტა არათუ დიდ პრობლემებს შეუქმნიდა, არამედ საერთოდ ეჭვქვეშ დააყენებდა 1994 წლის შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებრივ სისტემასა და მყიფე სტაბილურობას. საქმე მხოლოდ ის როდია, რომ ხელისუფლებას რაიონებზე კონტროლის დაკარგვის ეშინია ან «გამგებლის ინსტიტუტი» არჩევნებში გამარჯვების უზრუნველსაყოფად სჭირდება. კრიზისის არსი უფრო ღრმად უნდა ვეძიოთ: ადგილობრივი არჩევნები შეუძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გარკვევის გარეშე. ეს კი, თავის მხრივ, მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც გაირკვევა ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის პრინციპი. მაგრამ სწორედ ამ საკითხში აწყდება პრეზიდენტიცა და მმართველი პარტიაც ყველაზე დიდ და ძნელად დასაძლევ წინააღმდეგობას, - კონსტიტუცია კრძალავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, სანამ არ აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ გავრცელდება სახელმწიფოებრივი იურისდიქცია; რაც თავისთავად იურიდიული და პოლიტიკური აბსურდია, რადგან აფხაზებსა და ოსებს ყოველთვის შეუძლიათ თქვან («ძალიც შესწევთ ქადილისა»), რომ სწორედ საქართველოსთან მოლაპარაკებისა და «სტატუსის» ერთობლივი გამომუშავების პროცესი განაპირობებს «სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღდგენას» - მოლაპარაკება კი, რა თქმა უნდა, უსასრულო იქნება, ვინაიდან სინამდვილეში სეპარატისტებს იგი პოლიტიკური ფაქტის დაფიქსირებისთვის სჭირდებათ და არა შედეგის მისაღწევად.
    მეორე მხრივ, «სამხარეო მოწყობის» კონსტიტუციური დაკანონება უდიდეს სირთულეს აწყდება იმავე კონსტიტუციური დებულების გამო - ამის გარეშე კი «ადგილობრივი თვითმმართველობის» დაკანონებამ შეიძლება წარმოშვას წინააღმდეგობა მხარეთა (რაიონთა) ხელმძღვანელობასა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს შორის - რაც კიდევ უფრო გაამწვავებს პოლიტიკურ ვითარებას მთლიანად ქვეყანაში.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, ხელისუფლებას უკანდასახევი გზა უკვე არ აქვს. ამდენად, პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია და არჩევნები უეჭველად გაიმართება. ეს ოდნავ შეამცირებს დაძაბულობას; შეიძლება პირიქითაც. საპარლამენტო უმრავლესობა (ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის სახელმწიფოებრივი პრობლემის გადაწყვეტამდე) არავითარ შემთხვევაში დათანხმდება «რაიონული რგოლის» არჩევითობას, ვინაიდან ეს გააძლიერებს პარტიკულარიზმს და შეასუსტებს ცენტრალური ხელისუფლების გავლენას. ამრიგად, აირჩევა მხოლოდ «პირველადი თვითმმართველობა» სოფლისა და თემის დონეზე - რასაც საპარლამენტო და გარე ოპოზიციის უეჭველი გამძვინვარება მოჰყვება.
    «სახალხო ფრაქცია» ამჯერად წაუგებელ თამაშს თამაშობს: ჯერ ერთი, პასუხისმგებლობა შედეგისათვის მაინც უმრავლესობას დაეკისრება; მეორე: პოლიტიკურად მომგებიანია, წამოაყენო მოთხოვნა იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინასწარ იცი, რომ შენსას ვერ გაიტან; ეს ერთგვარი «კაზუს-ბელია» - ხელისუფლებისგან გასამიჯნად. მესამე: «სახალხო ფრაქციას» უამრავი მხარდამჭერი ეყოლება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება მისი სოციალური სპექტრი. ადგილობრივი ელიტები და მათ მიერ პარლამენტში წარგზავნილი «მაჟორიტარი» დეპუტატები, რა თქმა უნდა, «ლოკალური არჩევნების» თავგადაკლული მომხრეები იქნებიან, რითაც ძირფესვიანად შეიცვლება ძალთა განლაგება პარლამენტში.
    მეოთხე: «ადგილობრივი არჩევნების» თემასთან დაკავშირებით, კვლავ შეიძლება გადაიკვეთოს მამუკა გიორგაძის, ირინა სარიშვილისა და ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერესები. ედპ-ს თავმჯდომარე არც მალავს, რომ იწყებს ბრძოლას თბილისის მერის თანამდებობისთვის, ხოლო «სოციალისტთა ლიდერი» მაჟორიტართა ინტერესებს გამოხატავს. გარდა ამისა, რჩეულიშვილმა იცის, რომ ადგილობრივი არჩევნები «გატეხავს ნავსს» და დააჩქარებს ზედა პალატის ფორმირებას, - მას კი მიაჩნია, რომ ერთ-ერთი რეალური კანდიდატია სენატის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
    არ არის გამორიცხული, «ლოკალური არჩევნების» მოთხოვნამ აიძულოს ხელისუფლება, «აფხაზური პრობლემის» გადაწყვეტის ფორსირება მოახდინოს, რათა დაძლიოს კონსტიტუციური ბარიერი და ჯერ აღმასრულებელი სტრუქტურის უფლებამოსილება განსაზღვროს, - სამხარეო და რაიონულ დონეებზე.

7 დღე, 25 აპრილი, 1997 წ.