აფხაზეთის პრობლემა რუბიკონს უახლოვდება

აფხაზეთის პრობლემა რუბიკონს უახლოვდება

        ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა არძინბას პირადი წარმომადგენლის, ანრი ჯერგენიას სტუმრობა თბილისში. მისი თქმით, «ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს დიალოგის გაღრმავებას». ქართულ პრესაში გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება შეხვდეს არძინბას იალტაში, 18-19 აგვისტოს – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგი სამიტის დროს.
        ოფიციალური და არაოფიციალური წყაროების ცნობით, ასეთი შეხვედრა გამორიცხული არ არის, თუმცა, გადაჭრით რაიმეს მტკიცებაც ჯერ შეუძლებელია – მიმდინარეობს კონსულტაციები.
        ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს არაერთგზის განუცხადებია, რომ არძინბას შეხვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა იქნება «მომზადებული», ანუ დასრულდება კონკრეტული შედეგით.
        მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ ამჟამად რაიმე «შედეგზე» საუბარი ნაადრევია. მასმედიაში გაჩნდა საოცარი ცნობები, თითქოს უკვე მიღწეულია შეთანხმება «საქართველოსა და აფხაზეთს» შორის რაღაც განსაკუთრებული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ და თითქოსდა ამ ხელშეკრულების პროექტი იალტაში უნდა დაზუსტდეს უკრაინის შუამავლობით. ასახელებენ ძირითად დებულებებს: «საქართველოსა და აფხაზეთს შორის თანასწორსუბიექტურობის» აღიარება, «ცალმხრივი სეცესის» (გამოყოფის) უფლების გაუქმება, საერთო საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა, მაგრამ ცალ-ცალკე მოქალაქეობა, გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნა და ასე შემდეგ.
        ერთი სიტყვით, ეს ზოგიერთებისთვის «ლამაზი ოცნება» (ვისაც იმედი აქვს, ასეთი ხელშეკრულებით სახლში დაბრუნებისა), სხვებისთვის კი საშინელება, რადგან აფხაზეთი იმ აზრით აღარ იქნება «საქართველოს ნაწილი» - როგორც ჩვენ გვესმის და გვინდა. თუმცა, ყოველგვარი მღელვარება ამ საკითხების თაობაზე ფუჭია, ვინაიდან ასეთი ხელშეკრულება ჰიპოთეტურად რომც განიხილებოდეს, გამორიცხულია, ხელისუფლებამ ესოდენ რადიკალური ნაბიჯი გადადგას იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში ისედაც დაძაბულია. ეს იმდენად შეუსაბამოა პრეზიდენტის სახელისუფლებო სტილისა, რომ, როგორც ჩანს, სწორედ ჰიპოთეზებთან გვაქვს აქ საქმე და არა რეალობასთან.
        რამდენიც უნდა ვისაუბროთ «გადაწყვეტილების მომწიფებაზე» (ვიმეორებ) – აბსოლუტურად გამორიცხულია, ხელისუფლებამ ესოდენ მოულოდნელად გადადგას ნაბიჯი, რაც ქართულ საზოგადოებაში «ბომბის აფეთქების» ეფექტს გამოიწვევს და მნიშვნელოვნად გაამწვავებს პოლიტიკურ ვითარებას. მრავალი დამკვირვებელი აღნიშნავდა (არცთუ უსაფუძვლოდ), რომ ხელისუფლება ნებისმიერ გადაწყვეტილებას აფხაზეთთან დაკავშირებით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ეს იქნება «საზოგადოებრივი კონსენსუსის» შედეგი – ეს კი აფხაზეთთან დაკავშირებით (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) თითქმის შეუძლებელი ჩანს.
        ამრიგად, საუბარი რაღაც მოსალოდნელ «გარღვევაზე» ნაადრევია – ყველა შემთხვევაში, როგორი მომწიფებულიც უნდა იყოს კომპრომისი, იგი განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ «საზოგადო კონსენსუსით».
        სხვა შესაძლებლობა გამორიცხულია – ვითარება საქართველოში არ არის ისეთი, რომ ხელისუფლებამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს. სეპარატისტებს კი სერიოზულ დათმობებზე საუბარიც არ სურთ – მათ თავი გამარჯვებულად მიაჩნიათ და მაქსიმუმი, რასაც შეიძლება დაეთანხმონ, მხოლოდ და მხოლოდ კონფედერაციაა. არ არის გამორიცხული, რომ ისინი სპეციალურად ავრცელებენ ცნობებს მოსალოდნელი «სტრატეგიული კომპრომისის» შესახებ, ვინაიდან სურთ მოსინჯონ საქართველოს ხელისუფლების შესაძლო რეაქცია.
        აქედან გამომდინარე, თუ იალტაში მართლაც გაიმართა შეხვედრა შევარდნაძესა და არძინბას შორის, სეპარატისტთა ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს თავის «წინადადებებს» წარუდგენს კონფლიქტის «მშვიდობიანი გადაწყვეტის» თაობაზე.
        არძინბა ხვდება, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიო თანამეგობრობის მიერ გამორიცხულია, ამიტომ, რაღაც გამოსავალი უნდა ეძებოს, მაგრამ «ასეთი» გამოსავალი ქართული მხარისთვის მიუღებელი ჩანს.

დილის გაზეთი, 8 აგვისტო, 2000 წელი