აფხაზეთში მრავალეროვან სამშვიდობო ძალთა შეყვანა არარეალურია

აფხაზეთში მრავალეროვან სამშვიდობო ძალთა შეყვანა არარეალურია

    ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ძირითადად «აფხაზურ პრობლემატიკას» ეძღვნება. საქართველო უბრუნდება იმ პოზიციას, რომელზეც იმყოფებოდა 1994 წლის მარტში - შევარდნაძის პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს. მაშინ ამერიკის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო აფხაზეთში ამერიკელ ჯარისკაცთა გაგზავნის შესაძლებლობა, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გაეროს ეგიდით ამ რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისთვის «პირობები არ არსებობს». იგულისხმებოდა აფხაზური მხარის უარი აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების შემოყვანაზე. შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდა დათანხმებოდა «ცისფერჩაფხუტიანთა» განლაგებაზე მხოლოდ ენგურის გასწვრივ, მაგრამ არცერთმა ქვეყანამ (რუსეთის გარდა) არ მოისურვა თავისი შეიარაღებული ნაწილების გაგზავნა აფხაზეთში. რუსეთს კი უშიშროების საბჭომ მანდატი არ მისცა. ასე აღმოჩნდა გალის რაიონში რუსეთის ¹345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი (რომელსაც აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული საბრძოლო მოქმედებებში) დსთ-ს ეგიდით.
    ამჟამად სიტუაცია მეორდება: საქართველო აპირებს გაიყვანოს რუსეთის ჯარი ენგურის აუზიდან და შემოიყვანოს «მრავალეროვნული სამშვიდობო ძალები», როგორც ეს გათვალისწინებულია გაეროს წესდებით. მაგრამ, ჯერ ერთი, გაეროს ჯარი შეიძლება განლაგდეს მხოლოდ «მებრძოლ მხარეებს შორის». ანუ ისევ ენგურის გასწვრივ (ამისათვის განა ღირს ასეთი ძალისხმევა - თუკი ისევ მხოლოდ ხელოვნური საზღვარი დაფიქსირდება?). გარდა ამისა, გაეროს ჯარების შემოსაყვანად კვლავ აუცილებელი გახდება აფხაზური მხარის თანხმობა - არძინბა კი უეჭველად შეეცდება, რუსეთის გული მოიგოს, არ განაცხადოს თანხმობა და ამ გზით მიაღწიოს ფსოუზე საზღვრის გახსნას.
    რჩება ერთადერთი (თეორიული) შესაძლებლობა - გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება და აფხაზეთში იძულებით (ანუ აფხაზთა თანხმობის გარეშე) განახორციელოს სამშვიდობო ოპერაცია - ესეც არარეალურია, ვინაიდან რუსეთი უეჭველად გამოიყენებს «ვეტოს» უფლებას უშიშროების საბჭოში.
    სინამდვილეში, საქართველოს აქვს მხოლოდ ორი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან: ან უნდა წავიდეს კომპრომისზე აფხაზეთის სტატუსის საკითხში და ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება «ფედერაციული კავშირის» შესახებ, ან დათმოს რუსეთთან, შევიდეს «საბაჟო კავშირში», შეუერთდეს «ესენგეს საზღვრების ერთობლივი დაცვის შეთანხმებას» და ამ გზით მიაღწიოს ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას აფხაზეთის წინააღმდეგ, ეს ვერ დააბრუნებს ლტოლვილებს, მაგრამ წლიდან-წლამდე დაამძიმებს მდგომარეობას აფხაზეთში.
    რაც შეეხება ომს, იგი გამოსავალი არ არის. ახალი ომი აფხაზეთში დასრულდება ისეთივე (შეიძლება უარესი) შედეგით, როგორც 1992-93 წლების ომი. რუსეთი არ დაუშვებს ამ პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას - ხანგრძლივი ომი კი მისთვის ძალზე ხელსაყრელი იქნება, რაკი მოხსნის და შეარბილებს დაძაბულობას ჩრდილოეთ კავკასიაში. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ომი გარდაუვალი გახდება, თუ სამშვიდობო ძალების გასვლამდე არ იქნა მიღწეული შეთანხმება აფხაზურ მხარესთან რაიმე კომპრომისის თაობაზე - წინააღმდეგ შემთხვევაში, 31 ივლისის შემდეგ გალის რაიონში შეიქმნება იმაზე მძიმე ვითარება, ვიდრე დღეს არის: სეპარატისტთა ფორმირებები გააძევებენ გალიდან ქართულ მოსახლეობას (ნაწილს დაიტოვებენ მძევლად) და განლაგდებიან ენგურის სანაპიროზე. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები კი კვლავ გააჩაღებენ ინფორმაციულ ომს საქართველოს წინააღმდეგ.

მერიდიანი, 22 ივლისი, 1997 წ.