ზურაბ ჟვანია: უკრაინა საქართველოს ერთგული მოკავშირე უნდა გახდეს

ზურაბ ჟვანია: უკრაინა საქართველოს ერთგული მოკავშირე უნდა გახდეს


   

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში უბრალოდ არ დამთხვევია 9 თებერვლის ტერორისტულ აქტს; მართალია ზურაბ ჟვანიამ ჯერ კიდევ ბორისპოლის აეროპორტში აღნიშნა, რომ კიევში სტუმრობა ორი თვის წინ დაიგეგმა, მაგრამ იქვე დაამატა: მიუხედავად ამისა, უკრაინაში სტუმრობას დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ვანიჭებთ; თქვენი ქვეყანა მეგობრად მიგვაჩნია და დახმარების იმედიც გვაქვსო.
    მასპინძლებმა სტუმრის განწყობა დაუყოვნებლივ აიტაცეს. როგორც ჩანს, რუსულ სპეცსამსახურთა გაუთავებელი პროვოკაციებით ისინიც დაიღალნენ. ზურაბ ჟვანიას კიევში ვიზიტამდე ყირიმის პარლამენტმა მიიღო ექსტრემისტული გადაწყვეტილება: გაუქმდა მორატორიუმი ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებაზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით.
    ამან რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები ძალზე დაძაბა. ამდენად, ზურაბ ჟვანიას დამატებითი ზომების მიღება არ დასჭირვებია. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კიევში ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიან პოლიტიკოსს შეხვდა: პრეზიდენტ კუჩმას, პრემიერ მინისტრ პუსტოვოიტენკოს და, რა თქმა უნდა, უკრაინელ კოლეგას - ალექსანდრე მოროზს.
    შეხვედრების საერთო ატმოსფეროს მიხედვით, თამამად შეიძლება ვისაუბროთ განსაკუთრებულ მიღებაზე, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებს მოუწყვეს. კიდევ ერთი ფაქტი:. უკრაინაში ამჟამად ძალზე დაძაბული შიდა პოლიტიკური ვითარებაა, მაგრამ საქართველოსთან დამოკიდებულებაში ხელისუფლების ორივე შტო და ყველა გავლენიანი ფიგურა იდენტურ პოზიციაზე დგას, რაც შესაძლოა, იმითაც აიხსნას, რომ «ევრაზიული დერეფნის იდეა» (ამ იდეის ძირითად ავტორად საქართველო მიაჩნიათ) უკრაინასაც აძლევს შანსს, იპოვოს გეოპოლიტიკური ნიშა ახალ ევროპაში.
    ვინმეს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს: აბა, სად საქართველო და სად - უზარმაზარი უკრაინა. მაგრამ სახელმწიფოს სიმტკიცე მისი შინაგანი სტრუქტურის სიმყარით განისაზღვრება და არა ტერიტორიული სიდიდით ან მოსახლეობის რაოდენობით. ამ თვალსაზრისით, უკრაინა საკმაოდ სუსტი სახელმწიფოა. ჯერ ერთი, არსებობს ყირიმის პრობლემა, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება. ამასთანავე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე მცხოვრებნი მენტალიტეტით საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. უკრაინის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ უკრაინელსა და უკიდურეს აღმოსავლეთში მცხოვრებ უკრაინელს საერთო თითქმის არაფერი აქვთ - ეს უკვე საფუძველია სამოქალაქო ომისათვის.
    სახელმწიფოებრივი დეგრადაციისა და განადგურების თაივდან ასაცილებლად უკრაინას ორი გზა დარჩენია: ან ისევ რუსეთს მიეკედლოს და რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შექმნა აქციოს სახელმწიფოებრივი მდგრადობის გარანტად, ან ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია ეძიოს, რათა ევროპის (დასავლეთის) გარანტიები მიიღოს ტერიტორიული მთლიანობისა და შიდაპოლიტიკური ჰარმონიის შესანარჩუნებლად.
    ამრიგად, ევრაზიული დერეფნის» მშენებლობაში ჩართვა უკრაინისათვის (მიუხედავად მისი სიდიდისა) ისევე სასიცოცხცლოდ აუცილებელია, როგორც საქართველოსთვის. ზურაბ ჟვანიასთან საუბრისას ამიტომ გაამახვილა ყურადღება ლეონიდ კუჩმამ კასპიის ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების კიდევ ერთ პროექტზე: ბაქოდან-ფოთამდე რკინიგზით, შემდეგ სარკინიგზო ბორნით - ოდესამდე, ოდესიდან კი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში აგებული ნავთობსადენით - ევროპაში.
    ლეონიდ კუჩმამ დაადასტურა უკრაინის მზარდი ინტერესი ე.წ. «სუამის» ანუ საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯან-მოლდოვას გაერთიანებისადმი, რომელიც აგრეთვე «დიდი აბრეშუმის გზის» კონტექსტში განიხილება.
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა ხელსაყრელი პოზიცია შექმნა, რათა უკრაინას საკუთარი ეროვნული ინტერესებიც გაეცნობიერებინა (კავკასიასთან მიმართებაში) და გარკვეული პასუხისმგებლობაც ეგრძნო; ზურაბ ჟვანიამ კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში გამოსვლისას ძალიან ფრთხილად, ტაქტიანად, მაგრამ პრინციპულად შეახსენა მასპინძლებს: არ არსებობს დიდი სახელმწიფო დიდი პასუხისმგებლობის გარეშე. ანუ «თუ თქვენ ამბობთ, რომ «Великая держава» ხართ, მაშინ კეთილი ინებეთ და პასუხისმგებლობაც იკისრეთ».
    ჟვანიას თქმით, უკრაინა «კავკასიური სახელმწიფო უნდა გახდეს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგიონში წარმოშობილ კონფლიქტთა სამართლიან მოწესრიგებაში».
    ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა, რომელიც უეჭველად ჰპოვებს გამოძახილს მოსკოვში. რუს გეოპოლიტოლოგებს (მიგრანიანებს, ზატულინებს და სხვებს) კავკასიაში თურქეთის ან დასავლეთის აქტიურობისა ისე არ ეშინიათ, როგორც უკრაინის Iშემოსვლისა» ამ რეგიონში. მიზეზი გასაგებია: უკრაინა უდიდესი პოტენციალის, ამავე დროს პოსტსაბჭოური ქვეყანაა, მაშასადამე, მისი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, სამხედრო ტექნოლოგიები, მოსახლეობის ფსიქოლოგიური განწყობა შეთავსებადია კავკასიასთან.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, უკრაინამ შეიძლება, კავკასიაში შეასრულოს რუსეთის როლი (ეკონომიკური ბაზრის, იარაღის მიწოდების თვალსაზრისით) ოღონდ იმპერიული ამბიციების გარეშე.
    ეს პირდაპირ თქვა კიდეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევის უნივერსიტეტში: «ჩვენ ვგულშემატკივრობთ უკრაინას, რადგან ვიცით, რომ შეგვიძლია მივიღოთ მისგან ყველაფერი, რაც შეიძლება პატარა ქვეყანამ მიიღოს დიდი ქვეყნისაგან და ამავე დროს დარწმუნებული ვართ, - უკრაინა სანაცვლოდ არ მოგვთხოვს დამოუკიდებლობის დათმობას».

7 დღე, 16 თებერვალი, 1998 წ.