აფხაზთა პარლამენტი არძინბაზე გულწრფელია

აფხაზთა პარლამენტი არძინბაზე გულწრფელია

  

    თავდაპირველად, მთავრობის «გაფართოებული სხდომა», რომელიც გასულ პარასკევს გაიმართა, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე დაიწყო. დამსწრეებმა საქართველოს პრეზიდენტს ხუმრობაში ჩაუთვალეს თითქოს სხვათა შორის ნათქვამი მნიშვნელოვანი ფრაზა დისკუსიის დასაწყისში: ყველამ თავისი წილი იცისო.
    ედუარდ შევარდნაძე თითქოს მხოლოდ რეგლამენტს გულისხმობდა, თუმცა... მისი სიტყვები სხვაგვარადაც შეიძლება გავიგოთ.
    ეკონომიკის მინისტრმა ლადო პაპავამ დაადასტურა, რომ საქართველო ინარჩუნებს ზრდის ტემპს ყველაზე მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლის - მთლიანი შიდა პროდუქტის მატების თვალსაზრისით.
    1998 წლის იანვარ-მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობამ ერთ მილიარდ 133 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ თითქმის მილიარდი დოლარი. ელემენტარული ლოგიკით, წლის ბოლოსათვის აბსოლუტური მოცულობა 4 მილიარდ დოლარს მიუახლოვდება, რაც ნამდვილად აღარ არის «ხუმრობა საქმე» ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა.
    ზრდის ტემპი 11,3 პროცენტია.
    აღსანიშნავია, რომ ზრდა მიღწეულია მრეწველობაში დაშვებული ჩავარდნის მიუხედავად.
    ყოველდღიური ინფლაცია პირველ კვარტალში 0,46 იყო. ეს კი 0,74-ით ნაკლებია შარშანდელ დონეზე. ამასთანავე, ეროვნული ბანკის მიერ ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე განხორციელებულმა ინტერვენციებმა გარიგებებით მოცული საერთო თანხის 85 პროცენტი შეადგინა, რაც ქვეყნის ფინანსური თვითუზრუნველყოფის დაბალ დონეზე მეტყველებს.
    საინტერესოა, რომ 1998 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ხელფასმა საცხოვრებელი მინიმუმის 16,8 პროცენტი შეადგინა მაშინ, როდესაც 1997 წელს ეს მაჩვენებელი 11,6 პროცენტი იყო. კვლავინდებურად საგანგაშო მდგომარეობაა ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში. ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა, ანუ საქართველოს საგარეო ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 171 მილიონი დოლარი შეადგინა. ნაცვლად შარშანდელი პირველი კვარტლის 134 მილიონი დოლარისა. ამ მაჩვენებელმა შეიძლება ყოველგვარ დადებით პროცესს ხაზი გადაუსვას. ამასთანავე, მცირე საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი 13 ათასი ადამიანით (2,5-ჯერ) გაიზარდა. უმუშევრობა 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9 პროცენტი შეადგინა.
    შეგახსენებთ, რომ პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ასე შემდეგ) 5 პროცენტიანი ინფლაცია უკვე სავსებით ნორმალურად არის მიჩნეული.
    მთავრობამ 410 ათასი დოლარი დახარჯა მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად. წლის ბოლომდე კი 4 მილიონი დოლარი დაიხარჯება. პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იზრდება მსუბუქი მრეწველობის მოცულობა. მან ორი მილიონი ლარი შეადგინა, რაც განპირობებულია ძალოვან სტრუქტურებში შეკვეთების განთავსებით.
    ლადო პაპავას ინფორმაცია წინააღმდეგობრივ სურათს ქმნიდა, მაგრამ მიხეილ ჭკუასელის გამოსვლამ სხდომა უკვე სულ სხვა მიმართულებით წარმართა.
    როგორც ცნობილია, რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრი ვალდებულია შეასრულოს დანაპირები და აღმოფხვრას დავალიანება პენსიებისა და ხელფასების გაცემაში. თუ არადა, იგი თავად აგებს პასუხს.
    ჭკუასელმა სხდომაზე გამოაქვეყნა სენსაციური ფაქტები, რომლის თანახმად რამდენიმე ფირმა სახელმწიფო ხაზინას უმალავს ათეულობით მილიონ ლარ შემოსავალს, აღნუსხულია 1998 წლის განმავლობაში მხოლოდ 6 ბოთლი შამპანურის (!) შემოტანა ქვეყანაში. ფორმდება ნავთობის ყალბი განბაჟების საბუთები და ასე შემდეგ. შემოსავლები ათჯერ და მეტად მცირდება ამ კრიმინალური პროცესის გამო.
    აღსანიშნავია საინტერესო ფაქტი: როგორც აღმოჩნდა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკრძალება ნავთობპროდუქტების რეექსპორტი მესამე ქვეყნებში (იგულისხმება სომხეთი) აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე; როგორც აღმოჩნდა, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ფარმა არღვევს ამ შეთანხმებას და მაინც გააქვთ ბენზინი მეზობელ რესპუბლიკაში.
    მიხეილ ჭკუასელმა ახსენა «ჩინიანი თუ უჩინო» მფარველები, რომლებიც ბენზინის ბიზნესს მფარველობენ, თუმცა, პრეზიდენტმა შეაწყვეტინა და გაახსენა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა წაუყრუებლად ვერანაირი მაქინაცია ვერ განხორციელდება - «საბაჟოცა» და «საგადასახადოც» ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემოდის. სხდომაზე სხვაც ბევრი საინტერესო ითქვა: მაგალითად, სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული მართვის სამსახურის უფროსმა, ბადრი ხატიძემ ამხილა თეთრიწყაროს რაიონის ხელმძღვანელობა ბუნებრივი აირის იმპორტის ტენდერში უსამართლოდ გამარჯვებული ფირმის მხარდაჭერისათვის, რამაც, მისი თქმით, «სახელმწიფოს დიდი ზიანი მიაყენა».
    ბადრი ხატიძემ ფედერალური მოწყობის გარდაუვალობაც ახსენა.
    პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს ხაზინაში 10 პროცენტს სთხოვენ კუთვნილი თანხის გასატანად (!). დედაქალაქში ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, ცხვება 215 ტონა პური მაშინ, როცა ქალაქს 580 ესაჭიროება. ამასთანავე, თბილისში პურის დეფიციტი არ არის, მაშასადამე, იგი «იატაკქვეშეთში» მაინც ცხვება.
    დამსწრენი გუმანით მიხვდნენ, რომ მთელი ამ ციფრების კორიანტელის მიღმა რაღაც ფარული ბრძოლა იმალებოდა. ეს დაადასტურა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის გამოსვლამ, რომელმაც რამოდენიმეჯერ ისეთ კონტექსტში მოიხსენია ფინანსთა მინისტრი, რომ ყველამ იგრძნო - თენგიზ აბულაძესა და მიხეილ ჭკუასელს შორის ურთიერთობა ჯერჯერობით ისეთი სუბორდინაციით არ ყალიბდება, როგორც უნდა იყოს მინისტრსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელს შორის.
    შესაძლოა, ეს იმითაც იყოს გამოწვეული, რომ საბაჟო სისტემა თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანი უწყებაა და ობიექტურად მიილტვის მეტი დამოუკიდებლობისკენ. შესაძლოა, თენგიზ აბულაძეს საბაჟოს - ფინანსთა სამინისტროსადმი დაქვემდებარება არ ეპიტნავება, ან გრძნობს, რომ მიშა ჭკუასელის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ფინანსური ჯგუფების კონსოლიდაცია მიმდინარეობს და სურს ამ ჯგუფთა მხარდაჭერა დაიბევოს.
    ამასთანავე, ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ სწორედ აბულაძე-ჭკუასელის ქარაგმული დისკუსიის შემდეგ თქვა პრეზიდენტმა სხდომის საკვანძო ფრაზა: «ბოლო უნდა მოეღოს სახელმწიფო სამსახურის შეთავსებას ბიზნესთან, ან სახელმწიფო სამსახურში უნდა იყო, ან ბიზნესში. მივიღეთ კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც მკაფიოდ აყალიბებს ამ ჩარჩოებს».
    მხოლოდ მაშინ გახდა თვალნათელი, რომ ზემოთ მოყვანილი თითქოს ხუმრობითა და სასხვათაშორისოდ «ნასროლი» ფრაზა: «ყველამ თავისი წილი იცისო», არც ხუმრობა იყო და არც სხვათაშორისო!
    ქვეყანაში არსებობს რეალური საფრთხე ოლიგარქიული, კლანური სისტემის ჩამოყალიბებისათვის და თუ ამ საფრთხეს ბოლო დროულად არ მოეღო, საქართველო ჩვეულებრივ პოსტკოლონიურ «ბანანის რესპუბლიკად» გადაიქცევა.
    ჯერჯერობით არ არის ნათელი, როგორ აპირებს პრეზიდენტი ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლას.
    ყოველ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯის სახით მან კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გააფრთხილა ყველა მინისტრი, რომ პრეზიდენტის ნათესავთა ანგარებიან მხარდაჭერას უკუშედეგი მოჰყვება და მოჰყვა კიდეც: სათანადო მაგალითი ცნობილია.
    ედუარდ შევარდნაძის თქმით, საქართველოს უმკვიდრდება კორუმპირებული ქვეყნის «იმიჯი»; უფრო ზუსტად, მტკიცდება ის იმიჯი, რომელიც საბჭოთა ეპოქიდან შემოგვრჩა და რომელიც ვერაფრით აღმოიფხვრა,
    - თვით ყველაზე მკაცრი ანტიკორუფციული კამპანიების შედეგადაც კი. «კორუფცირებული ქვეყანა» კი დასავლელი ინვესტორებისთვის უინტერესოა, ვინაიდან ასეთ ქვეყანაში მათ არ შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი კაპიტალის დაცულობის იმედი. იქ, სადაც არსებობს კორუფცია, - არ არის ჯანსაღი კონკურენცია.
    კონკურენტული გარემო აუცილებელი პირობაა ჭეშმარიტი ბიზნესის დაინტერესებისთვის. კორუფცირებულ გარემოში მხოლოდ მეორე, მესამე ხარისხოვანი კორპორაციები და ფირმები შემოდიან, - რომლებმაც ნორმალურ პირობებში კონკურენტებს ვერ აჯობეს.
    «კრიშების» თემა კი საქართველოში კვლავ აქტუალურია ისევე, როგორც, ზოგადად, მექრთამეობისა. თუმცა, პრეზიდენტი არცთუ ხუმრობანარევი ტონით დაემუქრა ქართულ ეკონომიკურ-სამეურნეო ისტებლიშმენტს, ანუ, როგორც წინათ იტყოდნენ, აქტივს: «პრეზიდენტი თავად მოჰკიდებს ხელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. მე მგონი, საქართველოში ცუდად არ ახსოვთ, რას ნიშნავს ეს».
    მართლაც, 1972 წელს, მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძე ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იმდროინდელი სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტად იქცა; ოღონდ მაშინ ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება შეუძლებელი იყო. დღეს კი, ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას არავინ და არაფერი ზღუდავს - საკუთრივ სისტემის გარდა. სხვათა შორის, პრეზიდენტის გაფრთხილება «ბიზნესისა და სახელმწიფო სამსახურის შეუთავსებლობის» შესახებ იმ თვალსაზრისითაცაა საინტერესო, რომ თითქმის არც ერთი პოსტკომუნისტური ქვეყანა არ შებრძოლებია ამ სენს.
    მაგალითად, რუსეთში ოფიციალურ მილიარდერებს - ჩერნომირდინს, პოტანინს, ბერეზოვსკის ღიად, აშკარად ნიშნავენ თანამდებობაზე სწორედ მათი ფინანსური გავლენის ნიშნით. ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ სახელმწიფოს აღარ ძალუძს ფუნქციონირება ფინანსური ჯგუფებისგან დამოუკიდებლად.

«ურანის სკანდალმა» საქართველოს სარგებლობა მოუტანა
   

    რუსეთის ტელევიზია ყოველთვის ოსტატურად ახდენდა ზემოქმედებას საქართველოში საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური პროცესების განვითარებაზე. ამის მაგალითია, თუნდაც, პროპაგანდისტული დივერსია, რომელიც მცხეთიდან ურანის გატანასთან დაკავშირებით განხორციელდა: რუსეთის ტელეკომპანია ОРТ-ის დიქტორმა მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: ამერიკელებმა ურანი საქართველოდან გაიტანეს, რადგან ურანი «არასაიმედო ხელში არ უნდა იყოსო». თანაც გაუგებარი დარჩა - «არასაიმედო ხელში» საქართველოს გულისხმობდა თუ ირანელ ან ჩეჩენ ტერორისტებს, რომლებიც ვითომდა გეგმავდნენ მცხეთიდან 4 კგ და 200 გრამი გამდიდრებული ურანის გატაცებას.
    სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ურანის ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია ეგრეთ წოდებული «ატომური ჩემოდანის» დასამზადებლად. საქმე ეხება უმაღლესი (96 პროცენტიანი) აქტივობის ურან-238-ს, რომელიც ურან 235-ით არის «გამდიდრებული». ბუნებაში ურან-238 უხვად მოიპოვება. ურან-235 კი მიზერული რაოდენობითაა აღმოჩენილი.
    ამჟამად მსოფლიოში რამდენიმე ათეული ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ტექნოლოგია ატომური ბომბის დასამზადებლად. ამერიკელებს «ატომური ტერორიზმისა» პანიკურად ეშინიათ. ჰოლივუდში ათეულობით ფილმი გადაიღეს ასეთი ტერორიზმის შესახებ. «ატომური იარაღის» გაუვრცელებლობისთვის ბრძოლა ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობაა. სახელმწიფო დეპარტამენტში სპეციალური განყოფილებაც კი ფუნქციონირებს. ამდენად, სულაც არის გასაკვირი, თუ ამერიკის მთავრობამ მილიონობით დოლარი დახარჯა საქართველოდან სულ რამდენიმე კილოგრამი ურანის გასატანად.
    თავდაპირველად მხარეები კონფიდენციალობას იცავდნენ, მაგრამ «ნიუ-იორკ ტაიმსში» სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გამართა პრესკონფერენცია. მთლიანობაში ეს ოპერაცია, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, ვინაიდან დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფაქტი ისეთ პრესტიჟულ სფეროში, როგორიცაა ატომური იარაღის გაუვრცელებლობა. თანამშრომლობის შინაარსსა და ხარისხს, შესაძლოა, ამჯერად მნიშვნელობა არ ჰქონდეს; მთავარი ფაქტი.
    ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ამგვარი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოამჟღავნეს - ყოველ შემთხვევაში, ინფორმაციამ ამერიკელთა მხრიდან «გაჟონა» და არა საქართველოს უწყებიდან.
    მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის დონე ჯერ კიდევ ისეთია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ვალდებულად მიაჩნდა, ყოველდღიურად მიეწოდებინა ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოდან ურანის გატანის ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ.
    რა თქმა უნდა, საქართველოს და (ვთქვათ) შვედეთისადმი ან თუნდაც ლიტვისადმი ასეთ შემთხვევაში დამოკიდებულება ერთგვაროვანი ვერ იქნებოდა. საქართველო მაინც რუსეთის გავლენის სფეროდ აღიქმება. ოღონდ, ჩვენი ქვეყანა ყოველნაირად უნდა ეცადოს ისეთი აქციების მოწყობას, რომელიც წარმოაჩენს მის დამოუკიდებლობას.
    შესაძლოა, ეს იყოს ერთობლივი წვრთნა ნატოს წევრ ქვეყნებთან ან თუნდაც ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია სამხედრო თემაზე და ასე შემდეგ. ალბათ, სხვაგვარი ხერხების გამოყენებაც უნდა შეგვეძლოს. იმავე ამერიკისგან ჩვენ არათუ 125 ათასი დოლარი, არამედ გაცილებით უფრო მეტის მიღება შეგვეძლო კომპენსაციის სახით.
    ხელისუფლებას მტკიცე პოზიცია უნდა დაეკავებინა – პრესაში უნდა «გაეჟონა» ინფორმაციას ურანის, აგრეთვე, ირანელი და ჩეჩენი ბოევიკების გეგმათა შესახებ; შეძლებისდაგვარად დაგვეფეთებინა ამერიკელები, რომლებიც ამის შემდეგ თუნდაც 10 მილიონ დოლარს გადაიხდიდნენ, ოღონდ კი ურანი მოეშორებინათ «საშიში» ზონიდან.
    ასეთ ხერხებს მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებს. ეს პოლიტიკაა და მასში სათაკილო არაფერია. ისევე, როგორც ვაშინგტონი მზად არის, მილიარდობით დოლარი გადაუხადოს რუსეთს, გეოპოლიტიკური პოზიციებიც დათმოს (თუნდაც პატარა ქვეყნების ხარჯზე), ოღონდ კი ირანში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნება არ მისცეს, ვინაიდან ეს უეჭველად გამოიწვევს მაღალი ატომური ტექნოლოგიის გავრცელების ფუნდამენტალისტურ ქვეყანაში.
   

აფხაზთა პარლამენტი არძინბაზე გულწრფელია
   

    გასულ კვირას სოხუმში შეკრებილმა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა «პარლამენტმა» მიიღო მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ «საქართველოს უნდა ეყოს ვაჟკაცობა, ცნოს აფხაზი ხალხის თვითგამორკვევის უფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის ფორმით. ეს ხელს შეუწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას აფხაზეთსა და საქართველოს შორის, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს იტყვის უსაფუძვლო კოლონიურ პრეტენზიებზე აფხაზეთის მიმართ».
    ამ მიმართვაში დიდი სიზუსტითაა გადმოცემული აფხაზური სეპარატიზმის არსი და მისი დღევანდელი მდგომარეობა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არავითარი აზრი მოლაპარაკებას სოხუმთან არა აქვს. სეპარატისტები არ დაგვთანხმდებიან (მას შემდეგ, რაც ომი მოიგეს) რაიმე იმაზე ნაკლებს, ვიდრე კონფედერაცია. კონფედერაციაც მხოლოდ დროებით მანევრის სახით ესაჭიროებათ, რათა დააფიქსირონ «თანასწორსუბიექტურობა» საქართველოსთან და შემდეგ სრული დამოუკიდებლობაც გამოაცხადონ.
    ამ თვალსაზრისით აფხაზეთის სეპარატისტულმა პარლამენტმა მართლაც უფრო მეტი «გულწრფელობა» გამოამჟღავნა, ვიდრე ვლადისლავ არძინბამ, რომელიც მოლაპარაკებებსაც მართავს საქართველოსთან. იგი დოკუმენტებსა და დეკლარაციებს აწერს ხელს, ვითომდა კომპრომისისთვისაც მზად არის, მაგრამ სინამდვილეში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან 1992 წლის მოთხოვნებიდან - კავშირი საქართველოსა და აფხაზეთს შორის მხოლოდ თანასწორუფლებიანობის საფუძველზე.
    «აფხაზეთის მიმართ კოლონიური მისწრაფებანი», რა თქმა უნდა, უზნეო ტყუილია - აფხაზეთი საქართველოს კოლონია არასდროს ყოფილა. აფსუა პროპაგანდისტები, როგორც ჩანს, თავად ვერ ამჩნევენ, რომ საკუთარ სამშობლოს ამცირებენ ამგვარი სიყალბის შეთხზვით. მაშასადამე, აფხაზეთი VIII საუკუნიდან - 1993 წლამდე კოლონია ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, სისულელეა.
    საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით. გამოქვეყნდება პროექტი, რომელიც ალბათ გაითვალისწინებს საქართველოს ფედერალურ მოწყობას აფხაზეთისათვის ფედერაციის სუბიექტის სტატუსის მინიჭებით.
    თავისთავად, ეს იქნება ასიმეტრიული ფედერაცია, ანუ აფხაზეთს ექნება უფრო ფართო სტატუსი, ვიდრე სხვა სუბიექტებს. ამგვარი დოკუმენტების გამოქვეყნება წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ; თუმცა, ქვეყნისთვის გაცილებით უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, რეალურად განხორციელებულიყო ფედერალური მოწყობა, ანუ საქართველო ქცეულიყო 12 სუბიექტისაგან (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, სვანეთი, აჭარა, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, თბილისი, აფხაზეთი) შემდგარ ფედერაციულ სახელმწიფოდ. თუნდაც თეორიულ, კონსტიტუციურ დონეზე ამგვარი რეალობის დაფიქსირება სერიოზულად განამტკიცებდა საქართველოს პოზიციებს მოლაპარაკებებისას. ყველასთვის ცხადი გახდებოდა, რომ საქართველო აფხაზეთს სთავაზობს არა ავტონომიის, არამედ ფედერაციის სუბიექტობას. თუ არძინბას კლანი ამაზეც უარს იტყვის - ამით დაადასტურებს თავის სეპარატისტულ განზრახვებს;
    საქართველოს ფედერალიზაციის შემდეგ (თუნდაც, ფორმალურად შედიოდეს მხოლოდ ამ ფედერაციაში აფხაზეთი, და არა რეალურად) აფხაზები ვეღარ დასვამენ «საქართველოსა და აფხაზეთს» შორის, ანუ ორ უნიტარულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობათა მოწესრიგების საკითხს. საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებებზე «საქართველოს ფედერაციასა» და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის - ეს კი ერთი და იგივე არ არის.
    აფხაზეთის სტატუსის პროექტთან ერთად შეიძლება გამოქვეყნდეს ფედერაციული ხელშეკრულების პროექტიც. რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტები «გამარჯვებულ» აფსუებს სასაცილოდაც არ ეყოფათ, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით (ვიმეორებ) მათი «მაგიდაზე დადება» ჩვენთვის მომგებიანი იქნება.
    შესაძლოა, უპრიანი იყოს გადაწყვეტილების მიღება მოსკოვის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტამდე, რომელზეც მძაფრი ბრძოლა გველის. პარალელურად გამძაფრდება პროპაგანდისტული ომი. ოფიციალური და არაოფიციალური სოხუმი ყველაფერს გააკეთებს და იკადრებს, რათა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თანამეგობრობის სხვა წევრ სახელმწიფოებსა და მთელ მსოფლიოში შექმნას ყალბი შთაბეჭდილება საქართველოს წინადადებების თაობაზე გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნისა და ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ.
    თუ საპასუხოდ ქართულ მხარეს საშუალება ექნება განაცხადოს, რომ ჩვენ აფხაზეთს ვთავაზობთ ფედერაციას, ისინი კი კონფედერაციაზე არიან მხოლოდ თანახმა, არძინბა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
    ალბათ, დადგა დრო, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანის მუქარაც - საქართველომ შეიძლება ულტიმატუმის სახით დასვას მოთხოვნა: ან ახალი წინადადებების მიღება (კომპლექსში - სტატუსთან ერთად), ან სამშვიდობო ჯარების გაყვანა და ჩანაცვლება.
    ეს რუსული სამშვიდობო მისიის სრული კრახის მაჩვენებელი იქნება; ბოლოს და ბოლოს, თუ «მშვიდობისმყოფელნი» მხოლოდ ენგურზე დგანან, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის სამშვიდობო ჯარი იქნება იქ თუ უკრაინისა?!
    ევგენი პრიმაკოვის უწყება იძულებული გახდა თანხმობა განეცხადებინა უკრაინის მონაწილეობაზე სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებაში, ოღონდ ცალყბად და «კბილებში გამოცრით»: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, «ეს საკითხი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს».
    რასაკვირველია, მოსკოვში არცთუ უსაფუძვლოდ იმედოვნებენ, რომ აფხაზები კატეგორიულ უარს იტყვიან კონფლიქტის ზონაში რუსეთის გარდა რომელიმე სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა განლაგებაზე იმ უბრალო მიზეზით, რომ უკრაინაზე, მაგალითად, ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, განსხვავებით რუსეთისაგან, სადაც მძლავრი ჩრდილოეთკავკასიური ლობი მოქმედებს.
    საქართველოს კი, ამ საკითხის გამწვავების გარდა, სხვა გზა დღეს არა აქვს.

დილის გაზეთი, 27 აპრილი, 1998 წელი