აფხაზური ჭრელი პეპელა

აფხაზური ჭრელი პეპელა

        გასულ კვირას აფხაზეთში დასრულდა კანდიდატთა რეგისტრაცია 12 დეკემბრისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ეს იქნება პირველი არჩევნები სეპარატისტულ რესპუბლიკაში, რომელიც ტარდება რუსეთის მიერ ამ ტერიტორიის აღიარების შემდეგ.
        ხუთიდან სამ კანდიდატს სერიოზული საარჩევნო რესურსი აქვს. ესენია მოქმედი პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა (იგი თანამდებობიდან საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე გადადგა) და ბესლან ბუტბა.
        ბუნებრივია, ნომერ პირველ კანდიდატად სწორედ სერგეი ბაღაფში ითვლება. მის მხარესაა ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი, ესე იგი ძალოვანი სტრუქტურები, მმართველი ფინანსური დაჯგუფება და, რაც მთავარია, მოსკოვის კეთილგანწყობა.
        თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მოსკოვის მხარდაჭერა უსასრულო და, მით უმეტეს, უპირობო არ არის. აფხაზეთში ვიზიტით ყოფნისას რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის სასახლეში(!!!) აფხაზურ ოპოზიციასაც შეხვდა, რაც უმაგალითო შეურაცხყოფაა იმ ქვეყნისა (თუ ეს ქვეყანაა) სადაც ვიზიტი ტარდება.
        ეს ფაქტი ყველაზე ნათლად აჩვენებს, სინამდვილეში რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს დღევანდელი აფხაზეთისადმი და რეალურად რამდენად მიიჩნევს მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
        პუტინის მოთხოვნები კი (ბაღაფშის მიმართ) საყოველთაოდ ცნობილია: აფხაზეთში რუსული ბაზების საბოლოოდ დაკანონება (პარლამენტის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირების ჩათვლით) და რუსეთის მოქალაქეებისათვის მიწის, ესე იგი აფხაზეთის მთავარი სიმდიდრის ყიდვის უფლების აღიარება.

პუტინის საკონცენტრაციო ბანაკი

    ბოლო საკითხი აფხაზური ხელისუფლებისა და, ზოგადად, აფხაზებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია: აფხაზეთის ერთადერთი ნამდვილი სიმდიდრე სწორედ მიწაა და თუ რუსეთის მოქალაქეებს მისი ყიდვის უფლება მიეცემათ, მაშინ აფხაზეთი სულ მალე, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიქცევა ახალ მანჰეტენის კუნძულად, რომელიც თავის დროზე ინდიელებმა ჰოლანდიელებსა და ინგლისელებს 12 დოლარად მიჰყიდეს, ხოლო დღეს ქალაქი ნიუ იორკია გაშენებული, რომელთანაც რეზერვაციებში შერეკილ ინდიელებს არავითარი კავშირი არა აქვთ.
        ასეთივე (ანუ საკონცენტრაციო ბანაკის) ბედი ელის აფხაზეთს, თუმცა, მეორეს მხრივ, აფხაზებს ძალიან ეშინიათ რუსების განაწყენების. და ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ მოსკოვს ოდესმე საქართველოსკენ მოუბრუნდება გული და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გააუქმებს. მთავრი მიზეზი სხვაა: ქართული მოსახლეობისაგან აფხაზეთის უდიდესი ნაწილის გაწმენდის შემდეგაც კი, აფხაზური ეთნოსი აფხაზეთში უმცირესობაა: რუსული და სომხური მოსახლეობა ერთად მას რიცხობრივად აღემატება. საკმარისია მოსკოვიდან შესაბამისმა რუსულ–სომხურმა ორგანიზაციებმა სიგნალი მიიღონ და მოსახლეობის ეს ნაწილი კითხვების დასმას დაიწყებს.
        მაგალითად: რატომ უნდა იყოს ყველა მინისტრი მხოლოდ აფხაზური ეროვნებისა მრავალეროვან აფხაზეთში? რატომ არ არის აფხაზურ პარლამენტში დაცული შეფარდება აფხაზურ და რუსულ–სომხურ მოსახლეობას შორის, ანუ რატომაა დეპუტატთა უმრავლესობა აფხაზური ეროვნებისა? ან: ბოლოს და ბოლოს, რამდენად შეესაბამება აფხაზური კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი მხოლოდ აფხაზი შეიძლება იყოს ეროვნებით, არათუ საერთაშორისო ნორმებს, არამედ თვით დამოუკიდებელი აფხაზეთის კონსტიტუციას, რომლის ერთ–ერთი პირველი დებულება ყველა მოქალაქის თანასწორობას ამტკიცებს?

ბაღაფშის ქართველი მხარდამჭერები და ჩეკისტ–კაპიტალისტები

    ეს კითხვები ჯერ–ჯერობით არ ისმება, მაგრამ თუ აფხაზები მეტისმეტ დამოუკიდებლობას გამოამჟღავნებენ, მაშინ უეჭველად დაისმება. რუსი პოლიტიკოსები კი უკვე ამბობენ, რომ მათ მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა არ ნიშნავს აფხაზეთის ამა თუ იმ მთავრობის მხარდაჭერას.
        აქედან გამომდინარე, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, სერგეი ბაღაფშის მთავარი მხარდამჭერები ხდებიან. . . . . გალში მცხოვრები ქართველები. ეს არის აფხაზეთის მოსახლეობის ერთადერთი ნაწილი, რომელიც მთლიანად, ბოლო გალელამდე მზადაა, გვერდში დაუდგეს სერგეი ბაღაფშს, რაკი იმედი აქვს, რომ იგი არ დაემუქრება მათ ცხოვრებას აფხაზეთში.
        აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაღაფშს ქართველი ცოლი ჰყავს, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია გალში ქართული სკოლები შეევიწროვებინა.
        ბაღაფშის მოწინააღმდეგეებმა მისი ეს კოზირი ჯერ–ჯერობით იოლად გაჭრეს: ჩაშალეს აფხაზეთის ხელისუფლების გეგმა, მიენიჭებინა აფხაზეთის მოქალაქეობა გალში მცხოვრები ყველა ქართველისათვის. რაულ ხაჯიმბამ ამას ქართველების ახალი ექსპანსია უწოდა და განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ის გალელი ქართველები მიიღებენ მონაწილეობას, ვისაც აფხაზური პასპორტი აქვს. ეს კი არც ისე დიდი ოდენობაა. ამჟამად გალში სულ 14 ათას ქართველს აქვს აფხაზური პასპორტი და 2004 წლის არჩევნებში მათგან 86–მა პროცენტმა ბაღაფშს მისცა ხმა.
        დღეს, ყველა გამოკითხვით, ბაღაფშს დაახლოებით 40 პროცენტიანი რეიტინგი აქვს აფხაზეთში. ეს პირველივე ტურში გამარჯვების შანსს არ იძლევა, მეორე ტურში კი ყველაფერი იმაზე გახდება დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა გაერთიანებას მისი მთავარი მოწინააღმდეგეები: ჩეკისტი რაულ ხაჯიმბა და პირველი აფხაზი მილიარდერი ბესლან ბუტბა.
        ძნელი მისახვედრი არ არის: მათი კავშირი ისევ და ისევ მოსკოვზეა მიბმული: დღეს კრემლში ჩეკისტი–კაპიტალისტები იმყოფებიან. ანუ ყოფილი კგბ–ს მაღალი თუ საშუალო რანგის ჩინოსნები, რომლებმაც დიდი ფული იშოვეს და ახლა ამ ფულის პოლიტიკურ გავლენაში კონვერტაცია სურთ.
        თუკი მათ შეძლეს გბშ–ნიკური ძალაუფლების შეკავშირება ოლიგარქიასთან, ვითომ ხაჯიმბასა და ბუტბას მორიგებას ვერ მოახერხებენ?

პუტინის ბოღმა

        ბესლან ბუტბას სწორედ რუსული ოლიგარქია ლობირებს. პირველ რიგში გაზპრომი, ხოლო ხაჯიმბას – რუსული ფსბ და პირადად პუტინი. ეს უკანასკნელი საკმაოდ ბოღმიანი ადამიანია საიმისოდ, რათა მწარედ ახსოვდეს თავისი კანდიდატის დამარცხება 2004 წლის არჩევნებში. ასეთ რაღაცეებს პუტინი იოლად არ ივიწყებს. მით უმეტეს, რომ იგი უკვე იწყებს ფიქრს 2012 წელს სრული ძალაუფლების დაბრუნებაზე, ხოლო მედვედევს კრემლში ყოფნა აშაკრად მოსწონს: ძალაუფლება ტკბილი ყოფილა. ამიტომ, მედვედევ–პუტინის ტანდემი ნელ–ნელა ჭრიალს იწყებს და ეს ისეთ წვრილმანებშიც ვლინდება, როგორიც აფხაზეთის არჩევნებია, სადაც, პუტინი უფრო ჩეკისტ ხაჯიმბას უჭერს მხარს, ხოლო მედვედევი – ბაღაფშს ან ბუტბას.
        თუ სერგეი ბაღაფში მეტისმეტად გაჯიუტდება და მოსკოვის ულტიმატუმებს არ შეასრულებს, რუსი ჩეკისტები და ოლიგარქები მის წინააღმდეგ მოლაპარაკებას ნამდვილად შეძლებენ. რა აქვთ გასაყოფი? თუმცა, ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის პრეზიდენტი, მას ძალიან გაუჭირდება ამის შემდეგ რუსული ულტიმატუმის შესრულება, რაკი მიწების გაყიდვა და რუსული ბაზების სამუდამო დაკანონება აფხაზებში პოპულარული არ არის, ესე იგი, მოსკოვს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს თავისი მთავარი კოზირის გამოყენება, – რუსული და სომხური მოსახლეობის გააქტიურება.
        2004 წლის შეთანხმებით, როდესაც აფხაზეთში კინაღამ სამოქალაქო ომი დაიწყო ბაღაფშისა და ხაჯიმბას მომხრეებს შორის, რაულ ხაჯიმბას ძალისმიერი სტრუქტურები უნდა ეკონტროლებინა. კოდორის ხეობის დაპყრობაში მან ძალიან დიდი როლი შეასრულა, რაც მის გავლენას კიდევ უფრო ზრდის. ხოლო ბესლან ბუტბა აფხაზეთში რესტორნების, სასტუმროების და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი ტელეკომპანია აბაზა–ტვ–ს მფლობელია, რაც არჩევნებში სერიოზული ბერკეტი გახდება.
        გარდა ამისა, სწორედ ბუტბა ხელმძღვანელობს აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს, მაშასადამე, აქვს პირდაპირი კავშირი თურქეთის აფხაზურ დისპორასთან, რომელსაც ბევრჯერ გამოუთქვამს უკმაყოფილება სერგეი ბაღაფშის მეტისმეტად პრორუსული კურსის გამო.
        რაულ ხაჯიმბას კი მხარს უჭერს ყოფილი პრეზიდენტის, – ვლადისლავ არძინბას სანათესაო და ამ კლანის წარმომადგენელი ზაურ არძინბა, რომელიც აგერთვე იღებს მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა კი მეორეხარისხოვან კანდიდატად ითვლება პირველ სამთან შედარებით. მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხაჯიმბა – არძინბას გამარჯვების შემდეგ პრემიერ–მინისტრის პოსტს სთავაზობს.
        ყოველივე ზემოთთქმული აფხაზ პოლიტიკოსებს აიძულებს, მუდამ ჭრელი პეპელას როლში იყვნენ, – არც გაფრინდნენ და არც მოფრინდნენ: ერთის მხრივ რუსეთის ერთგულება იფიცონ, ხოლო მეორეს მხრივ, რაიმე მაინც შეინარჩუნონ იქედან, რაც ტერიტორიას სახელმწიფოდ აქცევს და საკუთარი მოსახლეობა დამოუკიდებლობის ზღაპრებით კვებონ.
        მათი სუვერენიტეტის აღიარებას რომ მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი არ ჩქარობს, ამას სეპარატისტთა ლიდერები ამერიკისა და დასავლეთის ზეწოლით ხსნიან. არადა, ისინი ხომ თავისი დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ? მერედა, რომელი თავმოყვარე ქვეყანა აღაირებს იმ სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, რომლის ტერიტორიას და საზღვრებს მთლიანად უცხო ქვეყნის ჯარი აკონტროლებს და რომლის პრეზიდენტის სასახლეში სხვა ქვეყნის პრემიერი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება?