პური ჩვენი არსობისა, ძეხვითა და ყველით.

პური ჩვენი არსობისა, ძეხვითა და ყველით.

ვდგავარ დიდი და მდიდარი ევროპული ქალაქის ცენტრში, მეტროსთან.

გზაჯვარედინია. მიყვარს იქ დგომა.

ჰოდა ვდგავარ ჩემთვის, ვუყურებ გამვლელ გამომვლელთ. თავისუფალი დრო მაქვს.

უეცრად ზურგიდან მესმის ქალის არა ჩურჩული, თუმცა დაბალი ხმა: "ბატონო....ძალიან მშია, იქნებ საჭმელი მიყიდოთ....."

მოვტრიალდი და....გავოგნდი: ჩემს წინ დგას ახალგაზრდა, დაახლოებით 25 -30 წლის, ლამაზად და ელეგანტურად ჩაცმული ქალი.

არააგრესიული სილამაზის..... ანუ მშვიდი სილამაზისა.

იერით (არა გარეგნობით, არა გამომეტყველებით, არა ჩაცმულობით, არამედ მთლიანობაში ი ე რ ი თ)აშკარად საშუალო კლასის წარმომადგენელია.

მით უფრო გასაკვირია ხომ?......

ულაპარაკოდ ამოვიღე "ხუთიანი" და მივეცი. სენდვიჩს მაინც იყიდიდა იქვე.

"დიდი მადლობა ბატონო" - გამიღიმა სევდიანად....

"არაფერს"....ვეუბნები, თან თავს უხერხულად ვგრნობ....იქნებ მეტი უნდა მიმეცა? პურის ფულია ხომ?....

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რომ მოვფრინავდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ ეპიზოდზე....საიდან არ მოვუარე...... უცნაური შემთხვევაა ხომ თითქოს..... მილიონში ერთი.....მით უმეტეს იმ უმდიდრეს ქალაქში.....ოღონდ ეს ის "მილიონში ერთია", განზოგადოების საშუალებას რომ გაძლევს.

მე პირველ რიგში იმ დასკვნამდე მივედი ამ ეპიზოდის ანალიზის შედეგად, რომ...... ევროპაში "საშუალო კლასს" სოციალური დეგრადაციისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს!

ამ ქალს არც უძრავი ქონება გააჩნია, არც რაიმე დანაზოგი, არც მცირე ბიზნესი..... ალბათ კრედიტები ჰქონდა, დიდ კომპანიაში მუშაობდა მენეჯერად, დიზაინერად ან რაიმე მსგავსი.... ის კომპანია კრიზისის გამო დაიშალა, გაკოტრდა, სამსახური დაკარგა, ბინის ქირა ვერ გადაიხადა, პენსიონერ მშობელს მიეკედლა და ისიც ჯუჯღუნებს - აბა მე შენი რჩენა სად შემიძლიაო.

ლიბერალური ეკონომიკა სასტიკია.

ოღონდ მისი სისასტიკე მხოლოდ ის როდია, პირადად შენგან რომ მოითხოვს დილის 5 საათზე წამოხტომას, ცივი შხაპის მიღებას და ფანატიკურ შრომას.

არა, მთავარი სისასტიკე ეს როდია.

მთავარი ისაა, რომ იმ სისტემაში შესაძლოა სულაც ასე თავგადაკლულად შრომობდე და შენი კომპანია სადღაც ჩინეთში მიღებულ გადაწყვეტილებას ან/და იემენსა და საუდის არაბეთს შორის სამხედრო კონფლიქტის გამო ნავთობის გაძვირებას, ან ტერაქტის შედეგად ტურისტული ნაკადის შემცირებას, ბაზრის რაიმე კონიუნქტურას თუ სხვა `გარეშე`, სრულიად შენგან დამოუკიდებელ ფაქტორებს შეეწიროს;

შენც უფსკრულში გადაეშვა....სამუშაო ვეღარ იშოვო და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, იშოვის სამუშაოს.

იწვალებს, გაიჭირვებს, თუმცა იშოვის, მაგრამ.....ჩვენი თვალთახედვით " როგორია" როცა უცხო მამაკაცს პურის ფულს სთხოვ?

სხვათაშორის, პირველად რომ შევხედე, მაშინვე მივხვდი, სექს- მუშაკი არ იყო.

ოღონდ მარტო სანდომიანი ი ე რ ი ს (!) გამო კი არა.

`სექსმუშაკების` მეტი რაა ევროპაში. შენი `შებმა` თუ უნდა, გეტყვის: " ბატონო, იქნებ კათხა ლუდით გამიმასპინძლდეთ.....აქვე ვცხოვრობ და....." მაგრამ "მშია და ეგება საჭმელი მიყიდოო`....." - რა სისულელეა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აი სწორედ აქ მივადექით უფრო ღრმა შრეს, ვიდრე სოციალური დეგრადაციისა და ლიბერალური ეკონომიკის მუდმივი ტურბულენტობის თემაა.

რომ დავხვეწოთ და `ძირეულამდე` დავიყვანოთ, რა მითხრა იმ ქალმა, ევროპის უმდიდრეს ქალაქში მდგომმა - მე, სრულიად უცხო მამაკაცს? (იერით ვერ მიხვდებოდა, რომ უცხოელი ვიყავი)

რა მითხრა და: "მოყვასო, მიჭირს და ეგება გაიმეტო ჩემთვის პური ჩვენი არსობისა!`

ეს მითხრა!

თან აბსოლუტურად უშუალოდ....

და რომ ვფიქრობდი, რა საერთო `მნიშვნელი` შეესაბამებოდა მის მიერ იმ მომენტში მანიფესტირებულ გრძნობათა გამას, ურყევად დავასკვენი: იქ ნამდვილად იყო უხერხულობის შეგრძნება, მაგრამ არ იყო სირცხვილის შეგრძნება!

მიმაჩნია, სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი.

"უხერხულობა" სოციალური კონსტრუქტია, "სამარცხვინოობა" - ღირებულებითი.

" უხერხულობა" არის შენი დიალოგი საზოგადოებასთან.

აბსოლუტურად ლეგიტიმური, აუცილებელი, სწორი, გარდაუვალი, მაგრამ....მეტი არაფერი

ხოლო "სამარცხვინო" არის შენი დიალოგი ღმერთთან!

იმ ქალმა, რომელიც უხერხულობას გრძნობდა, ჯერ ერთი, იცოდა (! - იცოდა იმ უხილავი, გრძნეული მიმართებებით, რასაც სოციუმი ქსოვს ღირებულებითი მატრიცის სახით) რომ არაფერ სამარცხვინოს (!) არ აკეთებდა.

მართლაც, არაფერია სამარცხვინო იმაში, თუ გშია, თუნდაც უცნობ ადამიანს ლუკმაპური სთხოვო.

და რაც მთავარია, მან იცოდა, რომ არ ვიქნებოდი მე, ან არ შევისმენდი მე, მაგრამ მის ღრმად ჰუმანისტურ, ქრისტიანულ ცივილიზაციაში (მიუხედავად სოციალ-ეკონომიკური `წყობის` პრაგმატული სისასტიკისა) აუცილებლად მოიძებნებოდა ვინმე სხვა, ვინც მოყვასისთვის არ დაიშურებდა პურს არსობისას, - მასში გახვეული გემრიელი ძეხვითა და ყველით.

დათო

P.S და ჩვენს პრავასლავნი ცივილიზაციაში როგორაა?

არ დამავიწყდება.....25 წლის წინ ავტობუსში სანდომიანი ქალი ამოვიდა, ხურდას ითხოვდა სამადლოდ და....ზურგიდან გავიგონე ქალის ხმა: "თმა კი აქვს შეღებილი და....."