შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: «შერიგების მანიფესტი» - შემრიგებელი კი არავინაა

შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ: «შერიგების მანიფესტი» - შემრიგებელი კი არავინაა

  

    თებერვლის მოვლენებმა საქართველოში ცოტა არ იყოს უცნაური შედეგი გამოიღო. გასაგებია, რომ სისხლისღვრისა და სამეგრელოში მრავალმხრივი გართულების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა ფაქტობრივად შეიწყალა 12 ზვიადისტი, რომელთაც ტყვედ აიყვანეს გაეროს სამხედრო დამკვირვებლები და ამით, სხვათა შორის, ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს.
    ისიც გასაგებია, რომ 3 ზვიადისტი (გოჩა ესებუას თავკაცობით) ქართულმა «სპეცნაზმა» გაუშვა, ვინაიდან ეს იყო ურყევი პირობა მძევალთა უვნებლად ჩაბარებისა და იარაღის დაყრისა - მიუხედავად «ესებუისტების» მონაწილეობისა პრეზიდენტზე განხორციელებულ თავდასხმაში;
    საინტერესოა, ხელისუფლებას რატომ გაახსენდა «შერიგების მანიფესტი»? ან მანანა არჩვაძე-გამსახურდია როგორ უხსნის საკუთარ მომხრეებს, თუ რატომ ცხოვრობს იმ ქალაქში, საიდანაც (მისივე თქმით) «შევარდნაძე გამოგზავნეს საქართველოს დასაღუპად»?!
    თავისთავად მთელი საზოგადოებისათვის შეურაცხმყოფელი იქნება, თუ «შერიგების მანიფესტს» ხელს ნემო ბურჭულაძე მოაწერს - ისიც «მოსკოველი ქართველია» და სულაც არ მიაჩნია უცნაურად «ბოროტების იმპერიის დედაქალაქში» ცხოვრება.
    გარდა ამისა, არ შეიძლება «შერიგების» აბსურდამდე დაყვანა და მტრის გულის გასახარად ისეთი ღონისძიებების მოწყობა, რომელნიც საზოგადოებაში რეალურად არსებულ ძალთა განლაგებას არ შეესაბამება. ზემოთნახსენები ყველა სუბიექტი ამჟამად თავად შეურაცხყოფს იმ გრძნობას, რომლებიც გულწრფელ «ზვიადისტებს» ამოძრავებდა, როცა 1992 წელს თბილისში მიტინგებს აწყობდნენ და ტყვიით იღუპებოდნენ.
    აუცილებლად შესასწავლია ისიც, თუ რატომ დაასახელა გოჩა ესებუამ მაინცდამაინც მოსკოვში მცხოვრები ნემო ბურჭულაძე და არა პარიზში მცხოვრები ბიძინა ჩოლოყაშვილი, ან რატომ აიყვანა მძევლად სწორედ გაეროს დამკვირვებლები და არა რუსეთის ე.წ. «მშვიდობისმყოფელნი». მისთვის ხომ გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა (საზოგადოებრივი სიმპათიის თვალსაზრისით) რუსები აეყვანა მძევლად და პარიზელი ემიგრანტი დაესახელებინა მოლაპარაკებებში თავის რწმუნებულად?! მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან სურდა თუ არა, აშკარად «რუსეთის დაკრულზე» ცეკვავდა.
    იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯიხაშკარის აქცია განხორციელდა იმ მიზნით, რათა საბოლოოდ მოეჭრათ თავი მთლიანად ოპოზიციური მოძრაობისთვის და ისეთი მდგომარეობა შეექმნათ, როცა ხელისუფლების ნებისმიერი «შემრიგებლური» ნაბიჯი შეურაცხმყოფელადაც კი აღქმულიყო. ანუ გოჩა ესებუასა და მოსკოველი ქართველების საქციელით ნაწილობრივ, თვით ჯაბა იოსელიანი და თენგიზ სიგუაც კი გამართლდნენ.
    რაც შეეხება «შერიგების მანიფესტს» - ხელისუფლებამ საბოლოოდ არ უნდა გაიმასხარაოს თავი ასეთი სპექტაკლის მოწყობით. ასეთი შერიგება საქართველოს არ სჭირდება. თუ ლაპარაკია დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შეფასებაზე, მათი უარყოფითი როლი უკვე დადასტურებულია და ამაზე არც არავინ დავობს. თვით ამჟამინდელი ხელისუფლებაც კი აღარ აყენებს ეჭვქვეშ იმ გადატრიალების ნეგატიურ შედეგს; გაუგებარია რა საჭიროა ახლა პარლამენტის სპეციალური დადგენილება - ამთავითვე ნათელია, რომ ეს დადგენილება რომელიმე მხარეს არ მოეწონება და მას უეჭველად გამოაცხადებს «კონიუქტურულად».
    ისტორიის ვერდიქტი საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებით არ ფორმდება. ეს ვერდიქტი ფაქტობრივად უკვე გამოტანილია; თუმცა ორივე მხარის რიგ წარმომადგენელთა გონებრივმა სიჩლუნგემ და იდიოტიზმმა (ასე ადვილად რომ ცეკვავენ მტრის დაკრულზე) მისი სამართლიანობა ლამის ეჭვქვეშ დააყენოს!
    «შერიგების მანიფესტის» თაობაზე მორიგი კლოუნადის მოწყობას (იგი უეჭველად კლოუნადად იქცევა!) სჯობს ხელი მოეწეროს სხვა შინაარსის ფუძემდებლურ დოკუმენტს - ეროვნული თანხმობის ქარტიას. ქარტია უნდა შემუშავდეს ამჟამად მოქმედი, სავსებით კანონიერად და დემოკრატიულად მიღებული კონსტიტუციის საფუძველზე. იგი უნდა შეიცავდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის უზოგადეს პირობებს.
    ამ მანიფესტს ყველამ უნდა მოაწეროს ხელი.
    თუ რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება, - «ზვიადისტური» იქნება იგი, კომუნისტური, თუ სოცმოქკავშირული, მას ხელს მოაწერს. ამით საბოლოოდ დაადასტურებს, რომ პირადი, მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ და არა პატრიოტიზმი.

მერიდიანი, 2 მარტი, 1998 წ.