«აღორძინება» გაზაფხულის დადგომასთან ერთად შარშანდელი თოვლივით დნება.

«აღორძინება» გაზაფხულის დადგომასთან ერთად შარშანდელი თოვლივით დნება.

        საქართველოს «მეოთხე რესპუბლიკის» მეორე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ფაქტობრივად დაიწყო გასულ ოთხშაბათს, როდესაც, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, ძირითადი ფრაქციების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები.
        იმთავითვე ნათელი გახდა მთავარი: «აღორძინების» ბლოკი არ არის (არც ოდესმე იყო) ერთიანი პოლიტიკური ძალა და ვერ (არ) გაატარებს ერთიან პოლიტიკას საკანონმდებლო ორგანოში.
        მაგალითად «ტრადიციონალისტმა» კაკო ასათიანმა და «ამღორძინებელმა» ჯემალ გოგიტიძემ აბსოლუტურად განსხვავებული აქცენტები დასვეს თავიანთ გამოსვლებში. ისევე, როგორც ბლოკის წევრმა სხვა ფრაქციებმა.
        დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბლოკის ლიდერის მხრიდან მეტ-ნაკლებად მართვადი იქნება მხოლოდ ჯემალ გოგიტიძის ფრაქცია; უფრო ნაკლებად (რაც დრო გავა) გიორგი თარგამაძის დაჯგუფება და შემდგომ, რეგრესიით _ «ვახტანგ ბოჭორიშვილი», «კაკო ასათიანი», «ვახტანგ რჩეულიშვილი». ეს უკანასკნელი არჩევნებამდეც და დღესაც საკუთარ თამაშს თამაშობს და «ბევრსაც ბედავს», ვინაიდან იცის, რომ ასლან აბაშიძეს იგი ჰაერივით სჭირდება, რათა არ «დააფრთხოს» ანტიზვიადისტი ამომრჩეველი.
        განსხვავებული «ფუნქცია» აქვს «ტრადიციონალისტთა ფრაქციას». მათ ერთიანი ბლოკის ორი («მემარჯვენე» და «მემარცხენე) უკიდურესობა თუ ფრთა უნდა შეადგინონ, მაგრამ ამ «ფუნქციის» განხორციელებისას ისინი თანდათან უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ბლოკს უეჭველად დაასუსტებს. ხოლო თუ ორივენი მხოლოდ «მოქკავშირს» დაუპირისპირდებიან, მაგრამ თავად მაინც დარჩებიან ერთიან ბლოკში – ეს უბრალოდ კომიკურ სახეს შეიძენს. რჩეულიშვილიც და ასათიანიც შესანიშნავად ხვდებიან, რომ 31 ოქტომბრის «27 პროცენტიანი» მხარდაჭერა აღარ განმეორდება, თუ კონფიგურაცია არ შეიცვალა. ამიტომ ასათიანიც და რჩეულიშვილიც უეჭველად «იმუშავებენ» საარჩევნო ბარიერის შესამცირებლად, ვთქვათ 4 პროცენტამდე, რაზეც «მოქალაქეთა კავშირი» მხოლოდ იმ პირობით დათანხმდება, თუ ორივე შეურიგებლად დაუპირისპირდება ასლან აბაშიძეს – რათა გამოირიცხოს შემდგომი (არჩევნებს შემდგომი) გარიგებები.
        «აღორძინების» ბლოკის იდეის მიმართ უფრო მეტად ლოიალური იქნება დანარჩენი სამი ფრაქცია, თუმცა პარლამენტის სხდომამ დაადასტურა, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილსა და «ზვიადისტებს» სავსებით გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესი აქვთ: მიაღწიონ ე.წ. «დეკემბერ-იანვრის» მოვლენათა დაგმობას. ეს იქნება მათი იდეა-ფიქსი მთელი 4 წლის განმავლობაში, მაგრამ მათი ძალისხმევა სულაც არ ეპიტნავებათ «სოციალისტებს» და ასლან აბაშიძის უშუალო მომხრეებს (ჯემალ გოგიტიძის ფრთა) ვინაიდან ეს კვლავ და კვლავ დააფრთხობს ანტიზვიადისტურად განწყობილ ელექტორატს და მათ «მოძრაობას» ერთფეროვანს გახდის.
        რაც შეეხება დებატების შინაარსს, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ «ოპოზიციის» ძირითადი ნაწილი ვერა და ვერ ჩასწვდა 31 ოქტომბერს დამარცხების მთავარ მიზეზს. ამიტომ ზედიზედ იმეორებენ სულელურ შეცდომებს, რამაც მოქალაქეთა კავშირს საპარლამენტო არჩევნებში საშუალება მისცა ყველა პროპაგანდისტული კოზირი ერთბაშად და წარმატებით გამოეყენებინა: კვლავ გაუთავებლად ოხრავდნენ და კვნესოდნენ მოსახლეობის «საშინელ სიდუხჭირეზე», «შიმშილზე», «მათხოვრობაზე», ერთი სიტყვით, კაკო ასათიანისა და ვახტანგ ბოჭორიშვილის გარდა «აღორძინების» დამრტყმელმა ძალამ (პატიაშვილი, რჩეულიშვილი, თარგამაძე, გოგიტიძე) თავისი გამოსვლები ისევ «სოციალურ მოტივებზე» ააგეს.
        არადა, ამ მოტივებზე მოსთქვამდნენ ორი წლის განმავლობაში (1997 წლიდან, რაც დაიწყეს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება), მაგრამ ვერაფერი გააწყვეს.
        მიუხედავად ამისა, 31 ოქტომბრის კრახმა მაინც ვერაფერი ასწავლათ – კვლავ ჯიუტად: მათხოვრობა... შიმშილი... მათხოვრობა... შიმშილი... უხელფასობა.
        კი ბატონო, საქართველოში მათხოვრობაც არის, შიმშილიც, უხელფასობაც, უპენსიობაც, მაგრამ პატიაშვილ-რჩეულიშვილი ვერაფრის დიდებით ვერ მიხვდნენ, რომ ამ კატეგორიის პროტესტული ელექტორატი საქართველოში უმრავლესობას არ შეადგენს. ამიტომ პრიმიტიული ოხვრა-კვნესით ამომრჩეველს მხოლოდ აღიზიანებენ.
        ანუ, ჯიუტად არ სურთ გაითვალისწინონ ქართული ეთნოსფიქოლოგიის თავისებურება. სწორედ ამიტომ დამარცხდნენ სამარცხვინოდ არჩევნებში. მაგალითად, მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ერთიანი გაბმული ზმუილი ჰქონდათ: «შიმშილი... მათხოვრობა... უხელფასობა...» - ამით თავისდაუნებურად დაამკვიდრეს სტერეოტიპი, რომ «აღორძინების» ბლოკს ხმას აძლევენ მათხოვრები, «უკან შარვალგამოხეულები», ანუ ის ხალხი, ვისაც პენსიის მეტი არაფერი გააჩნია და ა.შ.
        მაგრამ ქართველი კაცი ხომ ბუნებით, ეთნოსფიქოლოგიით ამპარტავანია? როდესაც ოპოზიციამ მთელი თავისი წინასაარჩევნო რიტორიკა ააგო «შიმშილ-მათხოვრობასა» და «სოციალურ მოტივებზე» ამით მან თავად გააღვიძა ეს ამპარტავნობა: «...ვინ არის შენი მათხოვარი, შე...» თავად დაამკვიდრა აზრი, რომ «აღორძინებას» ის ხალხი აძლევს ხმას, ვინც შიმშილით კვდება, ვისაც უჭირს, ხოლო «მოქკავშირს» - ვინც მათხოვარი არ არის, ვინც წარმატებით «მუშაობს», ანუ საკუთარი ბიზნესი აქვს, და ა.შ.
        ერთი სიტყვით, «აღორძინების» მთავარი იმედი იყო პროტესტული ელექტორატის «სოციალურად უკმაყოფილო» ნაწილი, მაგრამ ჯერ ერთი, ეს ნაწილი არც ისე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა და მეორეც, როდესაც ვახტანგ რჩეულიშვილი «შიმშილით მომაკვდავ» მოსახლეობას მიმართავდა, ხოლო თვითონ «საკუთარ აუზში» გადახტომისას კისერი მოიტეხა – ელექტორატის ეს მცირე ნაწილიც უფრო «მშიერი სოფლელი ბიჭუნას» (ვ. რჩეულიშვილის შეფასებით) შალვა ნათელაშვ
ილისაკენ «წავიდა».
        მეორე უმძიმესი შეცდომა, რომელიც «აღორძინებამ» დაუშვა, იყო პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასანიძის გათავისუფლებაზე უარის თქმა, რაც მმართველმა პარტიამ პროპაგანდისტული თვალსაზრისით ბრწყინვალედ გამოიყენა: საქმე ის გახლავთ, რომ «საბჭოთა ადამიანის» მენტალიტეტში მყარად «ზის» დანაშაულის განცდა. საბჭოთა საზოგადოებაში ადამიანი (მით უმეტეს საქართველოში) თავს ადვილად წარმოიდგენდა ციხეში, ვინაიდან აბსოლუტურად ყველა ასე თუ ისე არღვევდა კანონს და აზროვნებდა პრინციპით.: «კაცი იყოს, მუხლი მოიძებნება».
        იგივე მენტალიტეტი მოქმედებს დღესაც, ამიტომ, როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა, ხოლო ასლან აბაშიძემ «არ გამოუშვა» ასანიძე, საქართველოს უბედურმა მოქალაქემ ადვილად წარმოიდგინა თავი მის ადგილას და ადვილად ასახსნელია ისიც, თუ რატომ გააკეთა ისეთი არჩევანი, როგორიც გააკეთა.
        როგორც ჩანს, ამ გაკვეთილებმა ოპოზიციას ვერაფერი ასწავლა,  და მას კვლავ ძველი მეთოდებით სურს საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი მოწინააღმდეგის დამარცხება – რაც ფუჭი მცდელობაა.

7 დღე, 11 თებერვალი, 2000 წელი