საერთაშორისო მიმოხილვა. 10 იანვარი 2024 წელი
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა და ურთულესი მოლაპარაკება გამართა. ენტონი ბლინკენი უკვე მეოთხედ ჩადის ისრაელში 7 ოქტომბრის მასშტაბური ტერაქტის შემდეგ.
სიტუაცია ძალიან სახიფათოა: ისრაელის არმია აგრძელებს სპეცოპერაციას, მაგრამ იმავდროულად ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სპეცოპერაცია კიდევ თვეობით ან შესაძლოა წლობით გახანგრძლივდება.
დაღუპულ პალესტინელთა რიცხვმა 24 000-სს მიაღწია.
რაც მთავარია, სამხრეთ აფრიკამ შეიტანა სარჩელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, რომლითაც ისრაელს „გენოციდს“ აბრალებს, რაც ცნობილი მიზეზების გამო ისრაელისთვის ძალიან მტკივნეული თემაა.
ისრაელს არ შეუძლია მთლიანად დააიგნოროს ამგვარი სარჩელები და უნივერსალური ინსტიტუტების გამოყენება მის წინააღმდეგ.
მეორეს მხრივ, ამ საერთაშორისო ინსტიტუტებსაც, მათ შორის ჰააგას საერთაშორისო სასამართლოს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათში წამყვანი როლი და ფუნქცია დასავლეთის ქვეყნებს, არ შეუძლიათ შექმნან ისრაელისადმი მიკერძოების პრეცედენტი, რადგან გამონაკლისი კლავს ინსტიტუციას. ეს ცნობილი მაქსიმაა.
ისრაელის განცხადებები „ჰამასის განადგურების“ შესახებ ვერავის არწმუნებს.
„ჰამასის“ განადგურება შეუძლებელია.
„ჰამასი“ ანტისემიტური და ანტიისრაელური „იდეაა“ უფრო, ვიდრე ორგანიზაცია.
შესაბამისად, ყველას ესმის, რომ ისრაელის მიზანია ინფრასტრუქტურის განადგურება ღაზის სექტორში, მათ შორის მიწისქვეშა საწყობების, მიწისქვეშა ქარხნების (იარაღის მწარმოებელი ქარხნების) აღმოჩენა და შემდეგ ღაზის ბლოკირება ისე, რომ ამ ქარხნებმა მუშაობა ვეღარ განაახლონ.
სწორედ აქ წარმოიშობა სისტემური პრობლემა: ისრაელის არმია ცახალი აცხადებს, რომ აღმოჩენილია მიწისქვეშა ქარხნები, სადაც ამზადებდნენ იარაღს იმ მასალებისგან, იმ პროდუქციისგან, რომელიც ღაზას მიეწოდებოდა ათი წლის განმავლობაში მშვიდობიანი მიზნებით. იგულისხმება „ორმაგი დანიშნულების“ პროდუქცია.
მაგალითად ღაზაში იგზავნებოდა ტრაქტორები სოფლის მეურნეობისთვის ან/და სხვა მანქანა-დანადგარები სუფთა მშვიდობიანი აგრო-სამრეწველო მიზნით. მაგრამ შემდეგ „ჰამასი“ ამ დანადგარებიდან და მათი დეტალებიდან ამზადებდა იარაღს;
იგზავნებოდა ცემენტი (ვთქვათ) და იგი გამოიყენებოდა მიწისქვეშა ბუნკერების, მიწისქვეშა გვირაბების ასაშენებლად. ერთ-ერთი ასეთი გვირაბი მიიყვანეს ღაზა-ისრაელის საზღვრამდე და განახორციელეს საზარელი ტერაქტი 7 ოქტომბერს.
თუკი ისრაელი არ აპირებს უშუალოდ გააკონტროლოს ღაზის სექტორი, მას აქვს ერთადერთი ალტერნატივა, რათა აღარ განმეორდეს ის რაც მოხდა: ეგვიპტემ გააკონტროლოს ღაზის სექტორი, ხოლო ისრაელის დამკვირვებლებმა დროდადრო გააკონტროლონ, რათა ღაზის ორმილიონიანი (!) მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქონელი, რაც იქ შევა, აღარ გამოიყენებოდეს იარაღის დასამზადებლად.
დათანხმდება ამას ეგვიპტე? ბლინკენს უმძიმესი მოლაპარაკება ჰქონდა კაიროში, ეგვიპტის მმართველ გენერალ ასისისთან.
მან გადასცა ამერიკის სახელმწიფო მდივანს არა მხოლოდ ეგვიპტის, არამედ მთელი არაბული სამყაროს მთავარი მესიჯი:
ა) არაბული და ისლამური სამყარო არ დაუშვებს ეთნიკურ წმენდას ღაზაში, ანუ 2 მილიონი პალესტინელი არაბის გაძევებას ღაზის სექტორიდან.
ბ) კონფლიქტის გადაწყვეტა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პალესტინური სახელმწიფოს შექმნა.
დავაკვირდეთ დისპოზიციას: ამჟამად ჩრდილოეთ ღაზა მთლიანად დაცლილია მოსახლეობისგან. პალესტინელები მასობრივად გადასახლდნენ ღაზის სამხრეთში. თუ „ცახალი“ გააფართოებს ოპერაციას სამხრეთისკენ, შესაძლოა მოსახლეობა მიაწყდეს ეგვიპტის საზღვარს და ეგვიპტე მათ ვერ შეაკავებს; ხოლო ისრაელის სასაზღვრო ძალები არ შეაკავებენ.
შესაბამისად, თუკი შეიქმნება საფრთხე ღაზის მთლიანად დაცლისა არაბებისგან, არაბული სამყარო იძულებული გახდება დაიწყოს დიდი ომი.
არადა, როგორ იპოვოს ისრაელმა დაახლოებით 140 მძევალი, ვინც ჩრდილოეთ ღაზიდან - სამხრეთში გადაიყვანეს ტერორისტებმა?
მეორეს მხრივ, „ორი სახელმწიფოს“ კონცეპტიც ამჟამად განუხორციელებადია, არარეალურია, რადგან ისრაელი მას არ დაეთანხმება უსაფრთხოების ათასპროცენტიანი გარანტიების გარეშე; ხოლო არაბები არასდროს იტყვიან უარს მოთხოვნაზე, რომ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ალ აქსას ტაძარი და კლდის ტაძარი მათ ეკუთვნოდეთ; ესე იგიპალესტინის მომავალ სახელმწიფოს
და ბოლოს, რამდენიც არ უნდა იმეოროს ისრაელის ხელისუფლებამ, რომ მისი მიზანი შურისძიება არ არის.....სინამდვილეში „მიზღვა“ („სისხლი - სისხლისა წილ, კბილი - კბილისა წილ, თვალი-თვალისა-წილ“) უდიდესი ბიბლიური ღირებულებაა.
სხვაგვარად ისრაელის ვერც ერთი ხელისუფლება და ელიტები ზოგადად, ლეგიტიმურობას ვერ შეინარჩუნებენ;
ერთბაშად 1200 ებრაელის მკვლელობა 2023 წლის 7 ოქტომბერს-----მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შემდეგ უპრეცედენტო მოვლენაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინამ ბრიანსკი და კურსკი დაბომბა. მხოლოდ სამხედრო ობიექტები: ნავთობბაზები და აეროპორტი. სამწუხაროდ, რუსეთმა შეძლო ყველა დრონის ჩამოგდება
დასავლეთს რომ საკმარისი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები მიეწოდებინა უკრაინისთვის, შეტევა წარმატებული იქნებოდა.
Bloomberg იტყობინება, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში, ერ-რიადში (საუდის არაბეთი) გაიმართა საიდუმლო მოლაპარაკებები უკრაინის თემაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ G7 ქვეყნები ანუ დასავლეთის ლიდერი სახელმწიფოები და „გლობალური სამხრეთის“ გავლენიანი სახელმწიფოები.
ჩინეთმა თავისი წარმომადგენელი არ მოავლინა, რაც ცუდი ნიშანია.
მოლაპარაკებისას გამოიკვეთა, რომ ოფიციალური დასავლური პოზიცია უცვლელია: კონფლიქტი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე;
პუტინისთვის რა თქმა უნდა ეს პოზიცია მიუღებელია; ზოგადად, მარტის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებამდე„ გამორიცხულია მან რაიმე „მკვეთრი მოძრაობა„ გააკეთოს უკრაინის მიმართულებით.
მხოლოდ დაბომბვებს განაგრძობს
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა პრეს-კონფერენციაზე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან კერობიანმა. მისი თქმით, ბათუმი - ნოვოროსიისკის საბორნე მარშრუტმა, რომელზეც ოდესღაც სომხები ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ და რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა, აბსოლუტურად არ გაამართლა; „ინვესტორები და ექსპორტიორები არ დაინტერესდნენ რუსეთში ექსპორტით“ - გაღიზიანებით თქვა სომეხმა მინისტრმა და დაამატა: „სომხეთმა უნდა ეძებოს სხვა ალტერნატიული ქვეყნები საექსპორტოდ“.
ეს იმას ნიშნავს, რომ სომხურ ელიტებს, როგორც ჩანს, სტრატეგიულად გადაწყვეტილი აქვთ რუსეთის ორბიტიდან გამოსვლა. არ არის გამორიცხული, განაცხადონ ევროპული ასოცირების შესახებაც.
იმავე სომეხმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მართალია რუსეთის წილი სომხეთის ექსპორტში მაღალია, მაგრამ იზრდება სხვა ქვეყნების წილი. მაგალითად გაერთიანებული არაბული ემირატების, საქართველოს და.....ამერიკის შეერთებული შტატებისა“.
მართლაც, რა აქვს საექსპორტო სომხეთს? კონიაკი და ხილი. სხვაგან ვერ გაყიდის? რთული იქნება, თუმცა ამერიკას და ევროპას შეუძლიათ დააწესონ სომხეთისთვის საექსპორტო დოტაციები, რის შედეგადაც სულ რომ ჩაიხსნას სომხეთი რუსული ბაზრიდან, მაინც გადარჩება. მით უმეტეს თუ გაიხსნება აზერბაიჯანის და თურქეთის გზები.
აბსოლუტურად ყველა დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ სომხეთ-რუსეთის „ისტორიული მოკავშირეობის“ ჯერ დეგრადაცია, შემდეგ კი გაწყვეტა ისტორიულად უკვე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთმა „უღალატა სომხეთს“, როგორც ამჟამად სომხეთში მოარული მეგა-ნარატივი ბრძანებს იმპერატიულად და ყველა სომეხი იზიარებს იმის მიუხედავად, დღესვე ურთიერთობის გაწყვეტის მომხრეა რუსეთთან თუ „მოცდას“ სთავაზობს ხელისუფლებას „ხვალამდე“.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დამაიმედებელი ცნობები მოდის კაპიტოლიუმიდან უკრაინის ფინანსური დახმარების შესახებ: „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ კონგრესში თითქმის შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მიიღებს 65 მილიარდ დოლარს.
აქ კვლავ აღსანიშნავია, რომ იგულისხმება პირველ რიგში ამერიკული იარაღის მიწოდება ანუ ამერიკული კონცერნები მიიღებენ ამ თანხის უდიდეს ნაწილს.
მიუხედავად ამისა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკა „ფუჭად ხარჯავს უდიდეს სახსრებს“, რაკი თურმე „უკრაინა ვერ აღწევს წარმატებას“.
ერთი შეხედვით, თითქოს მასკი არ არის ამერიკის ოფიციალური პირი და ამგვარი განცხადებები არ გამოხატავენ თეთრი სახლის ან კონგრესის პოზიციას, მაგრამ.....მასკი ძალიან სერიოზული „ინფლუენსერია“; შესაბამისად, მისი განცხადება ამერიკის ელიტათა ერთი, ძალიან გავლენიანი ნაწილის დამოკიდებულებას გამოხატავს.
ზოგადად უკრაინას ძალიან სჭირდება რაიმე ხელშესახები წარმატება უახლოეს მომავალში: მრავლდება ცნობები, რომ შესაძლოა რუსეთში ე.წ. „მარტის არჩევნებამდე“ მძლავრად დაარტყან ყირიმს - ააფეთქონ ე.წ. „ყირიმის ხიდი“ და გადასხან დესანტი ნახევარკუნძულზე.
ეს სარისკო ნაბიჯი იქნება უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რადგან თუ ეს დესანტიც წარუმატებელი გამოდგა, მაშინ „მასკები“ უფრო ხმამაღლა ილაპარაკებენ.
ზოგადად, მასკის პოზიცია (რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს) დაპარალელებულია პეკინის პოზიციასთან. ზოგჯერ დამკვირვებლებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ თვით ამერიკის ადმინისტრაციასაც კი არა აქვს ასეთი გავლენა ილონ მასკზე, როგორც პეკინს.
ეს თავისთავად ტრაგიკული და სახიფათო მოცემულობაა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისი დაპატიმრება ქვეყანაში „ბედლამს“ გამოიწვევს.
ამაში უკვე ძნელია შეედავო.