აჭარა

აჭარა

 

        აჭარის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ (რაც საქართველოს პირველი და, ჯერ-ჯერობით, უკანასკნელი გამარჯვებაა ბოლო 5 წლის განმავლობაში), ქართული პოლიტიკის ყურადღება, რა თქმა უნდა, აფხაზეთისაკენ აღმოჩნდა მიმართული, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ნებისმიერ წარმატებას ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება, აგრეთვე საქართველოს მტერ-მოყვარენი აღიქვამენ, როგორც ჩვენი ქვეყნის უდიდესი ისტორიული მარცხის კომპენსირების მცდელობასა დასაწყისს.
        აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ 1993 წლის კატასტროფა თითქმის უმაგალითოა საქართველოს ისტორიაში, ვინაიდამ თვით შაჰ-აბასმაც ვერ შეძლო ერთი რომელიმე რეგიონის მთლიანად გაწმენდა ძირძველი ქართული მოსახლეობისაგან. მის მიერ 1616-1618 წლებში, კახეთში განხორციელებული ეთნოწმენდამ ასეულობით ათასი ქართველის გასახლება, მაინც არ ნიშნავდა რეგიონის დემოგრაფიული სურათის სრულ შეცვლას და ამ მხარის «განქართველებას».
        ასეთივე მღელვარებითა და შიშნარევი ინტერესით ადევნებდნენ თვალს აჭარაში მიღწეულ წარმატებას სოხუმსა და მოსკოვში. ამის უპირველესი სიმპტომი გახლავთ რუსეთის «ექსპერტული თანამეგობრობის» (ანუ უმაღლესი კვალიფიკაციის პოლიტოლოგია) ცხოველი დაინტერესება, გაუთავებელი კომენტარები, კონფერენციები, ბრიფინგები, ანალიტიკური სტატიები (ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაში), რომელთაც ერთი საერთო «მნიშვნელი კითხვა» აქვთ: გავრცელდება თუ არა რევოლუცია აფხაზეთზე. უფრო ზუსტად, შეეცდება თუ არა საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის დაბრუნებას _ რაც თბილისშიც და მოსკოვშიც შესანიშნავად ესმით, რომ «ბათუმური სცენარი» აფხაზეთში შეუძლებელია.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ეს თემა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უმთავრესად და განსაზღვრულად იქცა რუსული ისტებლიშმენტისთვის. მასზე დიდად იქნება დამოკიდებული პრეზიდენტ პუტინის საპრეზიდენტო ვადის ორი წლით გაგრძელება, რის თაობაზეც კონსულტაციები რუსეთის პოლიტიკურ ოლიმპზე უკვე დაიწყო.
        ნიშანდობლივია, რომ უკლებლივ ყველა სერიოზულმა რუსმა პოლიტოლოგმა აჭარის «უსისხლო რევოლუცია» და ასლან აბაშიძის გაძევება ერთმნიშვნელოვნად აღიქვა, როგორც რუსეთის სერიოზული გეოპოლიტიკური მარცხი, ვინაიდან ეს არის პირველი პრეცედენტი პოსტსაბჭოურ სივრცეზე, როდესაც დამარცხდა აშკარად «პრომოსკოვური» რეგიონული ლიდერი,
        ამჟამად კი, თითქმის ყველა ექსპერტი (რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე) მოუწოდებს მოსკოვს, არ დაუშვას სააკაშვილის მომდევნო წარმატება, ვინაიდან «ამან შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის პოზიციათა შემდგომ შესუსტებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში».
        ისმის ლოგიკური კითხვა: თუკი მოსკოვმა მართლაც «კონსტრუქციული როლი» შეასრულა ბათუმის კრიზისის გადაწყვეტაში, მაშინ რატომ საუბრობენ ექსპერტები «შემდგომ შესუსტებაზე»?
        არად, სინამდვილეში, ექსპერტებს, რომლებიც პოლიტიკური კონიუქტურით არ არიან შეზღუდულნი, განსხვავებით პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირებისაგან (მათ შორის, განსხვავებით ქართველი პოლიტიკოსებისაგან), შეუძლიათ უფრო თამამად ილაპარაკონ სიმართლე, ანუ, თქვან ის, რომ რეალურად რუსეთი მხოლოდ ერთ გასროლას ელოდება, რათა «მართვადი ქაოსის» მექანიზმები აემოქმედებინა.
        საბედნიეროდ, აჭარაში «მსროლელი» არავინ აღმოჩნდა და რუსეთმაც «სახის შენარჩუნება» აირჩია _ სამომავლოდ ასლან აბაშიძის «დაკონსერვებით».
        ეს უკანასკნელი OPT-ს არხით რომ აცხადებს, _ პოლიტიკას თავს არ დავანებებო _ ძალიანაც რომ უნდოდეს, არ დაანებებინებენ. ისევე, როგორც «არ დაანებებინეს» რუსეთის დაზვერვის მარადიულ მძევლად მყოფ იგორ გიორგაძეს. მათი ბედისწერა მათ მიერვეა განსაზღვრული მათივე «თავისუფალი არჩევანით»
        ამავდროულად, «აჭარის ტრიუმფმა» სერიოზული მოლოდინი აღძრა თბილისშიც, მათ შორის, ლტოლვილებში, ანუ სოციუმის ყველაზე აქტიურ და, იმავდროულად, მოწყვლად ნაწილში. ეს მოლოდინი არ შეიძლება გაცრუვდეს, მაგრამ პრეზიდენტსა და ხელისუფლების პირველ პირებს, თუ მათი გამონათქვამებით ვიმსჯელებთ, ისიც ესმით, რომ «მხედრული შტურმით» ურთულესი პრობლემა ვერ გადაწყდება.
        აუცილებელია ბევრად უფრო ნატიფი ტექნოლოგიების გამოყენებით მოქმედება, უამრავი თანმდევი ფაქტორის გათვალისწინება. გასული კვირის მოვლენებმა დაადასტურა, რომ აფხაზეთთან მიმართებაში ძირითადი ტენდენცია პროგნოზირებად პოლიტიკაზე ორიენტირი ხდება. ადრინდელი ქართული პოლიტიკა, ამ მიმართულებით, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იყო. თბილისი პარტიზანულ ფორმირებებს ეხმარებოდა და, სამშვიდობო მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა სეპარატისტთა ლიდერებთან. რაც, აფხაზური სეპარატიზმის რესურსების, საგარეო მხარდაჭერის და საქართველოს რეალური სისუსტის გათვალისწიენბით, აბსოლუტურად უპერსპექტივო პოლიტიკა იყო.
        უკანასკნელ ხანს აქ ძირეული ცვლილებები მოხდა: ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დაშალა პარტიზანული ფორმირებები, გამოაქვეყნა (არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელით, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ნაწილობრივ ოფიციალური პოზიციასაც ახმოვანებდნენ) აფხაზეთის მომავალი სტატუსის პროექტის და გნაახლა მოლაპარაკებათა პროცესი.
        გარდა ამისა სოხუმიდან დაბრუნებულმა გიორგი ხაინდრავამ გააკეთა სენსაციური განცხადება: 2001 წელს პანკისიდან კოდორის ხეობაში რუსლან გელაევის რაზმის გადასროლის გარემოებათა გამოძიების და «ამ პროვოკაციული აქციის ორგანიზატორთა» დადგენა-დასჯის აუცილებლობის შესახებ.
        თუ გავითვალისწინებთ, თავდაპირველად რა აღფრთოვანება მოჰყვა სამი წლის წინანდელ ამ ბრიყვულ აქციას, გიორგი ხაინდრავას მოთხოვნა სენსაციად უნდა ჩაითვალოს.
        ამასთანავე იგი მხოლოდ ხაინდრავას კერძო პოზიცია ნამდვილად არ არის. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრმა, უეჭველად, ხელისუფლების დამოკიდებულება გააჟღერა, რაც იმავე ტენდენციის გამოხატულებაა: ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრა ბევრად უფრო იოლია, თუ პარტნიორები (თუნდაც) მოწინააღმდეგეს პროგნოზირებად სუბიექტად აღიქვამენ.
        ეს სულაც არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას, რიცი დადასტურებაცაა უპრეცედენტოდ მასშტაბური სამხედრო აღლუმი, მძიმე სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით, რომელიც 26 მაისს თბილისში გაიმართება _ პირველად 1997 წლის შემდეგ. მაგრამ ძალის გამოყენებაც (თუნდაც სარისკო ვითარებაში და გარანტირებული შედეგის გარეშე) მაინც «პროგნოზირებადი» პოლიტიკის შედეგი შეიძლება იყოს და მეტი ეფექტიც იზონიოს მოწინააღმდეგეზე (ომისათვის მზადების პერიოდშიც), ვიდრე გაურკვეველი «მიერთ-მოეთი»: მშვიდობიანის მოლაპარაკებებიდან _ ოჩამჩირეის რაიონში უაზრო დივერსიებამდე.
        ამ ლოგიკით, ომის აღიქმება, როგორც სამშვიდობო ძალისხმევის ევოლუცია და არა მისი პარალელური პროცესი, რასაც საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაწიერითაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
        აქ პირველი ნაბიჯია არა მხოლოდ კოდორის სამარცხვინო ინციდენტის გამოძიება, არამედ თვით სოხუმის მოლაპარაკება. ეს არის იშვიათი შემთხვევა, როცა მოლაპარაკებათა უშედეგობა თავისთავად შედეგია, ვინაიდან ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს «უკომპრომისო» მხარის წამგებიან პოზიციას მაშინ, როდესაც მეორე მხარეს უკვე ვეღარ დასდებენ ბრალად «დივერსიული ფორმირებების» შეგზავნას აფხაზეთში.
        «ახალი მესიჯის» მთავარ ადრესატად აქ ივარაუდება არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ რუსეთის, რომლის გარეშე აფხაზეთის კონფლიქტის წარმატებით გადაჭრა შეუძლებელია _ თუ, რასაკვირველია, არ ვიგულისხმებთ კიდევ ერთ წარუმატებელ და გამანადგურებელ (ალბათ საბოლოოდ და სამუდამოდ გამანადგურებელ) ომს.
        კონტექსტში ზუსტად თავსდება პრემიერის ვიზიტი მოსკოვში, _ უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებებით რუსეთის უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებთან. მათ შორის პრემიერთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან, ეკონომიკური ბლოკის «კაპიტნებთან» _ გერმან გრეფთან, ანატოლი ჩუბაისთან და ალექსეი მილლერთან.
        ეკონომიკური პრობლემატიკა ვიზიტისას განმსაზღვრელი საკითხი, მაგრამ არა ძირითადი თემა იქნება. ძირითადი თემა ისევ და ისევ აფხაზეთია, როგორც ქართული სახელმწიფოს ნგრევისა და აღდგენის სიმბოლო. ყველაფერი დანარჩენი კი _ თანამდევი პროცესია.
        იმავე დისკურსში უნდა განვიხილოთ აგრეთვე თბილისში დაგეგმილი «ბიზნეს-კონფერენცია» რუსი მეწარმეების მონაწილეობით: თბილისი საბოლოოდ ადასტურებს, რომ არ ანსხვავებს რუსულ ინვესტიციას დასავლურისაგან, რაც აგრეთვე ადვილად აღსაქმელი მესიჯია _ მათ შორის აფხაზეთის ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით. მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პირობით.
        ანალოგიურად გადაწყდება «გამჭოლი» (როგორც რუსები უწოდებენ) რკინიგზის პრობლემა და ასე შემდეგ.
        მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, «სამხრეთ ოსეთის» (ცხინვალის რეგიონის) პრობლემა, აფხაზეთთან შედარებით, საზოგადო ინტერესის პერიფერიაზე იმყოფება, ორივე კონფლიქტი ერთი და იმავე კონცეფციით გადაიჭრება. გუშინ ამ რეგიონში ჩატარებული არჩევნები დიდად არაფერს ცვლის ძალთა რეალური განლაგების მხრივ, ხოლო სამომავლოდ, «ცხინვალის რეგიონი» საქართველოსათვის «ხურდაში დაბრუნებულ» პირველ დათმობად შეიძლება იქცეს _ განურჩევლად ცხინვალის მამლაყინწური განცხადებებისა.
        ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიულ მიმართულებას მაინც მთლიანად «აფხაზეთის ვექტორი» გამოხატავს. გასულ კვირას ეს ვექტორი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა, რამაც დაადასტურა, თუ რისთვის უნდა ვემზადოთ ან რას უნდა ველოდოთ არც თუ შორეულ მომავალში _ ალბათ უკვე გვიანი შემოდგომისთვის, როდესაც აფხაზეთში ახალ ლიდერს აირჩევენ.
        ტყუილად როდი ამტკიცებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი არშბა, რომ «საქართველოს ხელისუფლებაში ახალგაზრდა, ამბიციური პოლიტიკოსების მოსვლის შემდეგ, აფხაზეთს რთული დროება ელის».


        24 საათი