საერთაშორისო მიმოხილვა. 15 თებერვალი 2022 წელი
აფხაზი სეპარატისტები აგრძელებენ მცდელობას, გამოიყენონ გაეროს ტრიბუნა და მიიღონ `დამკვირვებლის` სტატუსი მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციაში. თან ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი მზადაა გაიმეოროს პალესტინის გზა, რომელიც `ოდესღაც ამგვარი სტატუსით სარგებლობდა` გაეროში, ახლა კი (თურმე) დამოუკიდებელი სახელმწიფოაო.
ეს არის პირწმინდა დემაგოგია.
ჯერ ერთი, არანაირი` დამოუკიდებელი სახელმწიფო` პალესტინა, სინამდვილეში არაა. ეს არის ფართო ავტონომია, რომლის გარე საზღვრებს ერთის მხრივ ეგვიპტესთან, მეორეს მხრივ იორდანიასთან ისრაელი აკონტროლებს. რომელ `დამოუკიდებელ სახელმწიფოზეა` ლაპარაკი?
ასევე აფხაზეთის `საზღვარს` საქართველოსთან და მის საზღვაო აკვატორიას რუსეთი აკონტროლებს. ანუ აქაც რომელ დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი?
გარდა ამისა, აფხაზეთის `დამკვირვებლის` სტატუსზე გადაწყვეტილებას იღებს გაეროს გენერალური ასსამბლეა. როდესაც გაეროს გენერალურ ასსამბლეაში საქართველო აყენებდა საკითხს ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ, უმეტესობა მას მხარს უჭერდა, დიდი ნაწილი თავს იკავებდა და მხოლოდ რუსეთის პირდაპირი სატელიტები ეწინააღმდეგებოდნენ რეზოლუციას.
შესაბამისად, მაღალი ალბათობით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი და სოხუმი ამ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასსამბლეაში ასე იოლად ვერ `გაიტანენ`.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ `დამკვირვებლის` სტატუსზე გაერიოს გტენასსამბლეის გადაწყვეტილება უნდა დაამტ6კიცოს გაეროს უშიშროების საბჭომ, ხოლო ამერიკას უშიშროების საბჭოში აქვს ვეტოს უფლება. და აუცილებლად გამოიყენებს ამ ვეტოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა კასპიის ზღვიდან თავისი `კასპიის ფლოტილიის` დიდი ნაწილი გადაისროლა შავ ზღვაში. რა გზებით გადაისროლა, ზუსტად არავინ იცის. ალბათ ვოლგა-დონის არხით ან თუნდაც ხმელეთით. ლოჯისტიკურად ან ტექნოლოგიურად ეს არ არის დიდი პრობლემა.
`ფლოტილია` კი ჰქვია, მაგრამ ბევრ დიდ ქვეყანას ამ ძალის ფლოტიც კი არა ჰყავს.
პუტინმა ბოლო 15 წლის მანძილზე დიდი რესურსები დაახარჯა კასპიის ფლოტის გაძლიერებას.
ამის მიზეზი ის იყო, რომ 2 000-იან წლებში დასავლეთი ბევრს ლაპარაკობდა (თუმცა რეალურად არაფერს აკეთებდა) კასპიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანის შესახებ, რომელიც თურქმენეთის კოლოსალურ გაზის საბადოებს (თანაც რუსულზე ბევრად იაფი თვითღირებულების ენერგომატარებლით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით დააკავშირდებდა ევროპას, რითაც წერტილი დაესმებოდა რუსული გიგანტის Газпром დომინირებას ევროპის ენერგო-ბაზრებზე.
პუტინისთვის და რუსეთისთვის ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი იყო. ამიტომ აძლიერებდა ფლოტილიას, რომ თუ დასჭირდებოდა, სამხედრო გზითაც კი წინააღმდეგობა გაეწია გაზსადენის მშენებლობისთვის იმ საბაბით, რომ კასპიის ზღვის სტატუსი ბოლომდე განსაზღვრული და შეთანხმებული არ არის.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, კასპიის ზღვას, რომელიც ფართობით შავ ზღვაზე დიდია (თუ ვოლგის დელტასაც გავითვალისწინებთ), აქვს `ტბის` სტატუსი ანუ მასზე ჩვეულებრივი `საზღვაო-საოკეანო` კონვენციური სამართალი არ ვრცელდება. სულ სხვა სამართლებრივი რეჟიმი აქვს, როგორც ტბას; რაკი შავ ზღვას, მაგალითად გააჩნია მსოფლიო ოკეანესთან დამაკავშირებელი არტერია: ბოსფორის სრუტე - მარმარილოს ზღვა - ეგეოსის ზღვა - ხმელთაშუა ზღვა - ატლანტის ოკეანე.
ხოლო კასპიის `ტბას` ამგვარი კავშირი არ გააჩნია: სტალინის აგებული არხები არ ითვლება.
კასპიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანა უდიდეს მოგებას მოუტანდა ევროპას, ასევე საქართველოს, მაგრამ დასაველთმა ამ საკითხში(ც) პუტინის გაბრაზება ვერ გაებდა. პუტინი ტრადიციულად ძალიან ბრაზდება როცა საქმე კომპანიას Газпром ეხება და მის დომინირებას ევროპულ ბაზრებზე.
სირიაში რუსული ჯარის შეყვანის და ასადის რეჟიმის გადარჩების მთავარი, სისტემური ანუ სტრატეგიული მიზეზი სწორედ ის იყო, რომ დასავლეთმა, ენერგო-პრიოექტ `ნაბუქუდანოსორის` ფარგლებში დაიწყო ყატარიდან, სირიის გავლით თურქეთსა და ევროპისკენ დიდი გაზსადენის მშენებლობა ისეთივე იაფი და მომგებიანი გაზის ტრანსპორტირებისთვის, როგორც თურქმენეთშია.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსული გაზი ძალიან მაღალი თვითღირებულებისაა ანუ მისი მოპოვება ბევრად რთულია ჩრდილოეთ რაიონებში, უამრავის სხვადასხვა მიზეზის გამო, ვიდრე ყატარში და თურქმენეთში. შესაბამისად, თუკი თურქმენული და ყატარის იაფი გაზი მოხვდებოდა ევროპის ბაზრზე, ის 90%-ით ჩაანაცვლებდა რუსულ ბუნებრივ აირს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად მოსთხოვა კიევში თავისი საელჩოს თანამშრომლებს არა მხოლოდ დატოვონ კიევი და განახორციელონ თვით საელჩოს ევაკუაცია კიევიდან - დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, არამედ გაანადგურონ კომპიუტერები, გაანადგურონ შენობის შიდა კომუნიკაციები და საერთოდ არაფერი დატოვონ გაუნადგურებელი იმ შენობაში, რათა კიევის აღების შემთხვევაში მტერმა, ესე იგი რუსეთმა, არ გამოიყენოს.
ასეთი რამ მხოლოდ ომის წინ ხდება. ადრე კომპიუტერები არ იყო და საელჩოები იღებდნენ ბრძანებას, დოკუმენტები დაეწვათ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა 16 თებერვალი რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღედ. შესაბამისად, დასავლელმა ინვესტორებმა რუსული აქტივების გაყიდვა დაიწყეს და ეს აქტივები 4%-ით გაიაფდა. ანუ თუ პუტინის მიზანი უკრაინის ეკონომიკის დაზიანება იყო და უკრაინიდან ინვესტორების გაქცევა, თვით რუსეთმაც იზარალა ამ დაძაბულობით, რადგან აგრესიის შემთხვევაში საპასუხო სანქციები გარდაუვალია. ოღონდ განსხვავება ისა, რომ რუსეთი ახერხებს ამ დანაკარგის კომპენსირებას ნავთობის ფასებით, რაც იზრდება...უკრაინას კი ამგვარი საექსპორტო რესურსი და კომპენსატორი არა აქვს.
დასავლელი ინვესტორები ოდნავ დააწყნარა პუტინის გუშინდელმა შეხვედრამ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან და თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან, რაც ფართოდ შუქდებოდა რუსული მედიით. ლავროვმაც და შოიგუმაც, წინასწარ მოფიქრებული და დადგმული უორდინგით (ფრაზეოლოგიით) პუტინს `ურჩიეს` განაგრძოს მოლაპარაკება დასავლეთთან უკრაინის თემაზე და დაასრულოს სამხედრო სწავლებები უკრაინის საზღვართან.
თუ 16 თებერვალს ომი არ დაიწყო, საფონდო ბირჟები აღდგენას დაიწყებენ.
მაგრამ ზოგადად პუტინი რისკავს, რომ საკუთარი ქვეყნის შიგნით დაკარგოს რეიტინგი: რუსი `დერჟავნიკების` მენტალობა ისეთნაირადაა მოწყობილი, აუცილებლად გაუჩნდებათ კითხვა: `თუ არაფერს აპირებდა, ეს ამოდენა ბაქი-ბუქი და იმედიანი მოლოდინები რატომ გაგვიჩინაო`.
ზოგადად რუსებს მიაჩნიათ, რომ უკრაინასთან ომი იოლი გასეირნება იქნება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსი ბიჭების გვამები წამოვა, შეიცვლიან განწყობას, რომ უკრაინას ასე იოლად ვერ დაამარცხებენ.
პუტინმა ეს ძალიან კარგად იცის და მოსალოდნელ დასავლურ საქნციებთან ერთად ეს მომენტია, რაც აკავებს ჯერ კიდევ.
ყ ო ყ მ ა ნ ო ბ ს
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ თავდაცვის მდივანი (მინისტრი) გენერალი ლლოიდ ოსტინი პოლონეთში და ლიტვაში ჩადის, რათა ამერიკული ბაზები მოინახულოს. ეს ბაზები პენტაგონმა შესამჩნევად გააძლიერა ბოლოდროინდელი დაძაბულობის პროცესში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პეკინის ოლიმპიადაზე მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ ხშირად (მეტისმეტად ხშირად) რამდენად უმწეოა დასავლეთი პუტინის თავხედობასთან დაკავშირებით.
ფიგურისტი ვალიევა საერთაშორისო სპორტულმა არბიტრაჟმა დააბრუნა შეჯიბრში მიუხედავად იმისა, რომ უეჭველად დადასტურდა მის მიერ დოპინგის გამოყენება.
არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინის გარშემო დაძაბულობის და `ომისწინა` მოლოდინების დროს პუტინი კიდევ უფრო არ `გაებრაზებინათ`.
რუსეთი დიდი ხანია ანგრევს საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას მისი სახელმწიფო დოპინგ-პოლიტიკით და ასეც გააგრძელებს რადგან დასაველთს ამ საკითხში ნამდვილად არ აღმოაჩნდა სიმტკიცისა და ერთიანობის რესურსი, რაც ძალზე სამწუხარო და ნიშანდობლივია
2014 წლის სოჭის ოლიმპიადას ტოტალურად გაყალბებული შედეგების შემდეგ (პუტინს არ აწყობდა `საშინაო ოლიმპიადას` წაგება უკრაინის ომის წინ) სპორტსმენები მკაფიოდ მოითხოვდნენ რუსეთის საერთოდ გარიცხვას საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობიდან, მაგრამ კომიტეტის გერმანელმა (!) პრეზიდენტმა, თომას ბახმა უარი თქვა ანგელა მერკელის მითითებით: `კიდევ უფრო გაცოფდება რუსი დათვი და კიევსაც აიღებს, ყირიმს და დონბასს არ დასჯერდებაო`.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კანადისა და ამერიკის საზღვარზე, სტრატეგიულ ხიდზე `ამბასადორ`, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს, გრძელდება კანადელი გადამზიდავების, მძღოლების პროტესტი: მათ სატვირთო მანქანებით (ე.წ. `ტრაილერებით`) ჩახერგეს ხიდი.
პროტესტის მიზეზი გახდა აშშ და კანადის მთავრობათა მოთხოვნა, მძღოლებს აეღოთ კოვიდ-პასპორტები. არადა ამ მძღოლთა უმრავლესობა ანტივაქსერი აღმოჩნდა.
საქართველოს ხელისუფლებამ პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო კოვიდ-პასპორტებთან დაკავშირებით, როდესაც ამ დოკუმენტის აუცილებლობა ფაქტიურად გააუქმა, რათა ქართველი ანტივაქსერები არ გაბრაზებულიყვნენ.