ახალი იმპერიული «ჩარჩო»

ახალი იმპერიული «ჩარჩო»

        რამდენიმე დღის წინ, ოფიციოზში (ანუ მასობრივი ინფორმაციის ოფიციალურ საშუალებებში), თუ შეიძლება ასე ითქვას, «გაიელვა» ცნობამ მოსკოვში დასრულებულ რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ახალი «ჩარჩო-ხელშეკრულების» საკითხი განიხილებოდა.

    მადლობა ღმერთ,ს თბილისში თვით ყველაზე თავგადაკლული «რუსეთუმეებიც» მიხვდნენ, რომ ეს, ეგრეთ წოდებული, «დიდი ხელშეკრულება» პანაცეა არ არის. ოფიციოზის ცნობით, ხელშეკრულების რუსული პროექტი საქართველოს, ფაქტობრივად, სთავაზობს რუსეთ-ბელორუსიის კავშირის ახალი სუბიექტის სტატუსს. სხვათა შორის, ეს სრულებით არ არის გასაკვირი. გავიხსენოთ, რომ რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს ჩვენთვის კარგად ცნობილი ბორის პასტუხოვი, ხოლო მისი «მარჯვენა ხელია» არანაკლებ კარგად ცნობილი გარეწარი ანატოლი ჩეხოვი - ოსური სეპარატიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი და რუსული იმპერიალიზმის ადეპტი.
        მკითხველს შევახსენებ, რომ როდესაც ერთი თვის წინათ, თბილისში გაიმართა მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი «დიდი ხელშეკრულების» თაობაზე, რუსულ მხარეს ხელშეკრულების თავისი პროექტი არ წარმოუდგენია. «ქართულ პროექტში» კი ახალი, პრინციპში, არაფერი იყო - ისევ ძალიან ლამაზი სიტყვები მეგობრებისა და პარტნიორობის შესახებ, რაც თანამედროვე რუსი «დერჟავნიკებისთვის» აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.
        «ქართული პროექტი», ამ თვალსაზრისით, დიდად არ განსხვავდებოდა იმ ვარიანტისგან, რომელსაც ელცინმა და შევარდნაძემ თბილისში მოაწერეს ხელი 1994 წლის 3 თებერვალს. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება განახორციელა 1995 წლის დეკემბერში, ხოლო რუსულმა «გოსდუმამ» საქართველოსთან «მეგობრობასა და კეთილმეზობლობაზე» უარი თქვა, ვიდრე საქართველოს პარლამენტი 25 წლით არ დააკანონებდა რუსულ ბაზებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
        «ახალი რუსული ხელშეკრულებით» რუსეთი იღებს სრულ გეოპოლიტიკურ გარანტიებს საქართველოსთან მიმართებაში, ხოლო საქართველო სანაცვლოდ იღებს... არაფერს! უფრო ზუსტად, თითქმის არაფერს: უბრალოდ, რუსეთი შეინარჩუნებს «ცეცხლის შეწყვეტის» რეჟიმს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არ დაუშვებს ახალი «ცხელი წერტილების» წარმოშობას და ფორმალურად (როგორც ამჟამად) აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის და ეს.
        ტყუილად ჰქონდა ზოგიერთს იმედი, თითქოს საქართველო რუსეთ-ბელორუსიის კავშირს შეუერთდება და სანაცვლოდ (ჩვენში დამკვიდრაებულ ბრიყვული კლიშეს შესაბამისად) «დაგვიბრუნებს» აფხაზეთს, «დაგვიბრუნებს» სამაჩაბლოს და ასე შემდეგ. სინამდვილეში, რუსული ფორმულა უცვლელია და იგი ძალიან ზუსტად გამოხატა კონსტანტინე ზატულინმა: «ერთპოლუსიანი მსოფლიოს პირობებში, საქართველოში სამხედრო ბაზების განლაგება არ შეიძლება იყოს რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესთა დაცვის გარანტია. ასეთ გარანტად შეიძლება იქცეს მხოლოდ ქართულიო ისტებლიშმენტის მუდმივი შიში, ფორმალურადაც არ დაკარგოს აფხაზეთი და «სამხრეთ ოსეთი».
        მიაქციეთ ყურადღება – ლაპარაკია არა რეალურ დაკარგვაზე (რეალურად არც აპირებს ვინმე მათ «დაბრუნებას» ჩვენთვის) არამედ ვირტუალურ (ფორმალურ) დაკარგვაზე, როდესაც ისტებლიშმენტში მოხდება განხეთქილება და ხელისუფლებაში არომყოფი დაჯგუფება ხელისუფლებას დაადანაშაულებს.
        ერთადერთი, რასაც რუსეთი დათანხმდება, იქნება «შეკავება-გაწონასწორება-წინააღმდეგობის» იმ ბალანსის აღდგენა საქართველოში, რაც საბჭოთა პერიოდში არსებობდა. მაგალითად, საქართველო (რუსული თვალთახედვით და პასტუხოვ-ჩეხოევის პროექტით) შეიძლება იყოს «მრავალნაციონალური» და რუსულენოვანი ქვეყანა, ხოლო აფხაზეთის ინკორპორაცია (მაგალითად) დაკავშირებული იქნება საქართველოში რუსული (როგორც «ინტერნაციონალური») ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებასთან, ძირითადი საწარმოების «ერთობლივ გამგებლობაში» გადაცემასთან, ქვეყნის ფედერალიზებასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

დილის გაზეთი, 28 თებერვალი, 2002 წელი