ვინ არის ბატონი პუტინი?

ვინ არის ბატონი პუტინი?

     

        დასავლურ პრესაში გრძელდება მსჯელობა – დისკუსია: «რა ვუყოთ რუსეთს». წინამდებარე სტატია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ, რესპექტაბელურ და ინფორმირებულ გაზეთ «ვაშინგტონ პოსტში» გამოქვეყნდა, სწორედ ამ გახანგრძლივებული განსჯის გამოლვინებაა.
        ერთი შეხედვით, რა არის აქ გასარკვევი და საკამათო - ყველაფერი იმთავითვე ნათელი იყო უმალვე, როგორც კი პუტინის საარჩევნო კამპანია დაიწყო და წარიმართა ტატიანა ლიოზნოვას «გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების» აკომპანემენტით.
        ამ ფილმის ესოდენი სიყვარული სოციუმისგან სავსებით განსაკუთრებულ მენტალიტეტს მოითხოვს. ბუნებრივია, პუტინი გაფაციცებით შეეცდებოდა «შეკვეთის» შესრულებას და თავისი მრავალრიცხოვანი ელექტორატის ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.
        სწორედ ეს არის ყველაზე საშიში და საზარელი პუტინის სახელისუფლებო ტექნოლოგიაში: ებრაელი ბერეზოვსკისა და ქართველი პატარკაციშვილის დევნაც ეთნოფსიქოლოგიის შოვინისტური ქვეცნობიერი მონსტრების დარწყულებას ისახავს მიზნად.
        იმავე ხასიათისაა პუტინის საკმოად უზრდელი დემარში მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკის ვიზიტის დროს: შირაკი ერთადერთრ დამოუკიდებელ რადიოსადგურ «ეხო მოსკვი»-ში უნდა მისულიყო ინტერვიუს მისაცემად, ოდესაც რედაქციას თავს დაესხნენ ნიღბოსანი «წესრიგის დამცველები» და, ეგრეთ წოდებული «აღმასრულებლები».
        როგორც ჩანს, რუსეთში «თავისუფალი ხმის» ჩახშობის უკანასკნელი სტადია იწყება. ამას უეჭველად მოჰყვება ამერიკული რადიო «თავისუფლების» რუსული რედაქციის გაძევება მოსკოვიდან.
        ხელისუფლება, რომელმაც ასეთი რამ აკადრა საფრანგეთის პრეზიდენტს, აღარაფერს მოერიდება.
        თუმცა, დასავლური საზოგადოებრივი აზრი, რასაც კრემლი დღეს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ადრე თუ გვიან, აიძულებს ხელისუფალთ, პუტინის რუსეთი გამოაცხადოს ისეთივე «საერთაშორისო ჩაშვებულად», როგორადაც სხვა ტოტალიტარული რეჟიმები, რომლებთანაც პუტინი მეგობრობს.
        რუსული ისტებლიშმენტის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ იგი საკუთარი რეალობის ექსტრაპოლირებას ახდენს დასავლურ რეალიებზე.
        არადა, თუ რეჟიმისადმი უარყოფითმა დამოკიდებულებამ დომინანტური ხასიათი შეიძინა, ვერანაირი «პოლიტიკური მიზანშეწონილობა» ვერ აიძულებთ დასავლელ ხელისუფალთ, მოექცნენ პუტინს სხვაგვარად, ვიდრე ექცეოდნენ, ვთქვათ ბრეჟნევს, - ვისაც ერიდებოდნენ, მაგრამ ლაპარაკი ზედმეტია «დიდი შვიდეულის» წევრობასა და ინვესტიციებზე.
        შესაბამისი სიმპტომები უკვე გამოჩნდა: მიაქციეთ ყურადღება: ამერიკული გაზეთი წერს: «პუტინის გამოძიებები», «პუტინის მილიცია» - ხელისუფლების ამგვარი პერსონიფიცირება ძალზე ცუდი სიმპტომია ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის. არავის მოუვა თავში აზრად თქვას არათუ «შირაკის პოლიცია», არამედ «ჯორჯ ბუშის გამოძიება».
        მაშასადამ,ე შესაბამისი კონცენტრირებული სტერეოტიპების ჩამოყალიბების პროცესი უკვე დაწყებულია და საეჭვოა, პუტინი მდგომარეობიდან გამოიყვანოს ჰოლივუდის მეგავარსკვლავებთან (მაგ: ჯეკ ნიკოლსონთან) კეკლუცობამ.
        «ვაშინგტონ პოსტი» არ ერიდება, «დემონსტრაციულად თვალთმქაცური» უწოდოს პუტინის განცხადებებს ჩეჩნეთზე, ხოლო ჩეჩნეთში მის მიერ წამოწყებულ ომს - «ბინძური».
        პუტინი თანდათან იმკვიდრებს «მწიფობის პერიოდში მყოფი ავტოკრატის» სახელს დასავლეთში.
        ეს არც ისე «უწყინარია», როგორც ზოგიერთს ჰგონია - პოლიტიკოსის იმიჯი დასალვეთში, ამა თუ იმ ქვეყნისთვის საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური კატეგორიაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინი არ სჯერდება შიდაპოლიტიკურ დემარშებს და ირან-ერაყთანაც მეგობრობს.

დილის გაზეთი, 7 ივლისი. 2001 წელი