ბელორუსეთი «დსთ» - ს ტოვებს?

ბელორუსეთი «დსთ» - ს ტოვებს?

 ბევრს ახსოვს, რა ისტერიკები იმართებოდა 90-იან წლებში ქართულ «პოლიტიკურ სცენაზე» ე.წ .»დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» თაობაზე. არანაკლებ ცხარე იყო კამათი რუსეთთან საერთო ენის გამონახვის აუცილებლობის შესახებ. ის, რაც ამჟამად რუსეთ-ბელორუსს შორის ხდება, ორივე საკითხს ერთხელ და სამუდამოდ სცემს პასუხს. ჯერ ერთი, როგორ და «რანაირად» უნდა გამოძებნოს საქართველომ საერთო ენა რუსეთთან, როდესაც ამ უკანასკნელმა ბელორუსეთთანაც კი (!!!) ცივ ომამდე მიიყვანა საქმე? ესე იგი ბელორუსეთი, - სისხლით ნათესავი, ერთმორწმუნე, მეზობელი, ახლობელი, ძმა, ლამის ტყუპისცალი, რომლის დედა ენა რუსულია, - თურმე რუსეთის მტერი და ორგული ყოფილა. ამიტომ უნდა მოახრჩონ, სანქციები დაუწესონ, თავსლაფი ასხან, ლამის ომით დაემუქრონ და ასე შემდეგ.
        რამდენიმე დღის წინ, კრემლის დაუფარავი ზეწოლის გამო, ბელორუსეთმა პირველად განაცხადა უარი გაეგზავნა სამხედრო კონტინგენტი რუსეთის მიერ შექმნილი «ანტინატოს», ესე იგი «კოლექტიური უშიშროების ორგანიზაციის» წვთნებზე. ეს ძალიან სერიოზული დემარშია, - იგი ადასტურებს, რომ მინსკსა და მოსკოვს შორის დაპირისპირებაში უკვე სამხედრო ფაქტორიც ერთვება. ფინანსური ზეწოლა, ენერგეტიკული ბლოკადა, საინფორმაციო იარაღი («რუსულ ტელევიზიას» რომ ვუწოდებთ) უკვე გამოყენებულია და სხვა მართლაც რაღა რჩება?
        ბევრისთვის გაუგებარია, მაინც რა არის ამ შიზოიდური დაპირისპირების მიზეზი ერთმორწმუნე «ტყუპისცალ ძმასთან?». Aარადა, პუტინი ამას ხომ არც მალავს? რამდენიმე წლის წინ მან არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ჟურნალისტების თანდასწრებით განუცხადა ლუკაშენკოს: «დაიშალეთ ოლქებად და ეს ოლქები შემოვიდეს რუსეთის შემადგენლობაში!!!» რამდენიმე Dდღის წინ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე, იგივე ვლადიმერ ჟირინოვსკიმაც გაიმეორა: «ხომ არის კურსკის ოლქი რუსეთის შემადგენლობაში? მაშ რატომ არ შეიძლება იყოს მინსკის ოლქი?».
        აი, ასეთი შედეგი მოაქვს «პრორუსულ ორიენტაციას», თორემ ლუკაშენკოზე ერთგული მოკავშირე რუსეთს ვინ ჰყავდა? თანაც, პუტინმა, ფედერაციის შემადგენლობაში ოლქებად შემოსვლა ბელორუსს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე დიდი ხნით ადრე მოსთხოვა: ჯერ კიდევ 2000 წელს, როდესაც მინსკსა და მოსკოვს შორის თბილისი «ჩორტს» ნამდვილად ვერ ჩამოაგდებდა.
        შესაბამისად, ბელორუსებმაც თანდათან დაიწყეს გამოღვიძება: რუსულმა სააგენტო «რეგნუმმა» გაავრცელა ცნობა, რომ ბელორუსეთის ხელმძღვანელობა «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან», «ანტინატოდან», «რუსეთ-ბელორუსეთის კავშირიდან» და საბაჟო ალიანსიდან გამოსვლას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს, ესე იგი ლუკაშენკოს გარდაუვალ გამარჯვებას (მას უბრალოდ კონკურენტი არა ჰყავს) არ აღიარებს.
        მართლაც, როგორ შეიძლება ორი სახელმწიფო რაიმე გაერთიანებაში იყონ, როცა დიდი სახელმწიფო პატარას ემუქრება, რომ ოლქებად დაშლის, ხოლო მის პრეზიდენტს საერთოდ არ აღიერებს? თუმცა, პუტინს უკვე ისეთი ტემპი აქვს აღებული, ბელორუსეთის «კავშირებიდან» გასვლა აღარც აშინებს. Mმისი მიზანია ბელორუსეთში ყირგიზული სცენარის განმეორება და ამ ქვეყნის სრული დამხობა! მერე კი მართლა ოლქებად დაშლა და რუსეთთან მიერთება.
        პირველი შეტევა მომავალ ზამთარს შედგება, როდესაც რუსეთი - ბელორუსს გაზს გაუძვირებს, ხოლო ლუკაშენკო, პასუხად, იძულებული იქნება რუს «ავტოტურისტებს» და გადამზიდავებს ევროპისკენ მიმავალი მთავარი გზა გადაუკეტოს. 

2010