ბერეზოვსკი ელცინის ბოლო არგუმენტია

ბერეზოვსკი ელცინის ბოლო არგუმენტია


   
       რუსეთის პრეზიდენტის არაორდინალური გადაწყვეტილება დსთ-ს აღმასრულებელ მდივნად ბერეზოვსკის დანიშვნის შესახებ, ყველა სხვა მიზანთან ერთად, იმ მიზანსაც ისახავს, რომ თანამეგობრობის ქვეყნებში მითოლოგიზირებული წარმოდგენა შექმნას «ახალი რუსული კაპიტალის» შესაძლებლობათა თაობაზე.
    ბორის ბერეზოვსკი ედუარდ შევარდნაძემ დაახასიათა, როგორც «დიდი მეცნიერი, წარმატებული ბიზნესმენი, მდიდარი კაცი და მსოფლიო ისტებლიშმენტისთვის ცნობილი პიროვნება» ყველა შეფასება ფორმალურად სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ მთლიანობაში მაინც გაუგებარია რა მიზანს ისახავს ბერეზოვსკის ჩართვა თანამეგობრობის სივრცეზე მხოლოდ წარმოსახვით მიმდინარე ე.წ. «ინტეგრაციულ პროცესებში».
    უფრო ზუსტად, გაუგებარი ის არის, თუ რისი იმედი აქვს მოსკოვს; ნუთუ რუსებს სერიოზულად სჯერათ, რომ დსთ-ს წევრი რომელიმე ქვეყანა ნებით დათანხმდება კლასიკური რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას იმ სახით, როგორიც იგი «დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციამდე» არსებობდა?
    ბერეზოვსკი, როგორც ჩანს, საკუთარი კონცერნის გარდა ზოგადად, რუსეთის ფინანსური ოლიგარქიის ინტერესებსაც დაიცავს თანამეგობრობის ქვეყნებში. მაშასადამე, იგი უფრო რუსეთს წარმოადგენს, ვიდრე თანამეგობრობას მთლიანობაში. მაგრამ მისი პირველივე იდეა კატეგორიულად უარყვეს დსთ-ს წევრებმა. კერძოდ, საქმე ეხება პოსტსაბჭოურ სივრცეზე ტრანსნაციონალური კორპორაციების შექმნას; რა თქმა უნდა, ცენტრით მოსკოვში და რუსული კაპიტალის პრიორიტეტულობით.
    აქაც წმინდა წყლის საბჭოური მენტალიტეტი მჟღავნდება. კრემლის ბინადარნი «პოლიტპროსვეტის» დონეზე აზროვნებენ, რომელიც მათ უნერგავდა (როგორც ჩანს, ჩაუნერგა კიდეც), რომ კაპიტალისტური სამყარო ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით მართავს კოლონიებს. აქედან გამომდინარეობს ახალი რუსული იდეა: რაკი კომუნისტური პარტია აღარ არსებობს და რესპუბლიკებში ცკ-ს მდივნებს მოსკოვიდან ვეღარ ნიშნავენ, ხელი უნდა შეეწყოს რუსული კაპიტალის აგრესიას ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების წინააღმდეგ, შეიქმნას ტრანსნაციონალური კომპანიები, რომელთა მეშვეობით კრემლი სულ ადვილად აღიდგენს დაკარგულ პოზიციებს.
    ძნელი სათქმელია, რამდენად სჯერა თავად ბერეზოვსკის იმპერიის ასეთი გზით აღორძინებისა. ყოველ შემთხვევაში, ბორის ელცინისთვის ეს იდეა უკანასკნელი შანსია, ამიტომაც თქვა კატეგორიული უარი ნურსულთან ნაზარბაევის საკმოად გონებამახვილურ წინადადებებზე «ათი უბრალო ნაბიჯი - უბრალო ადამიანებისკენ», რომლებიც, ფაქტობრივად, ითვალისწინებენ თავისუფალი ვაჭრობის ზონის დაფუძნებას. ასეთი რეჟიმი ხელსაყრელია რუსეთისთვის, თუ მას მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებს, მაგრამ თუ მისი მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფოს აშენებაა - ნაზარბაევის დოქტრინას, რა თქმა უნდა, ბერეზოვსკი უნდა არჩიოს.
    სხვათა შორის, ამ პოლიტიკის კონტურები ჯერ კიდევ 1993 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეგორ გაიდარის ნაცვლად ვიქტორ ჩერნომირდინმა დაიკავა. გაიდარი ჩვეულებრივი თეორეტიკოსი-მეცნიერი იყო, ხოლო ჩერნომირდინი - ოფიციალური მულტიმილიონერი და რუსული     «გაზპრომის» ერთ-ერთი მესვეურია.
    ტრანსნაციონალური კომპანიების შესაქმნელად რუსეთის ფინანსური ოლიგარქია უცნაურ ხერხს იყენებს. აქაც მჟღავნდება გაუკუღმართებული წარმოდგენა «ამერიკულ ნეოიმპერიალიზმზე». დასავლეთში ასეთი კომპანიები ეკონომიკური ინტერესების თანხვედრის შემთხვევაში იქმნება, გათვალისწინებულია ადგილობრივი კაპიტალის ინტერესებიც; ხელისუფლებას, ამა თუ იმ ქვეყანაში, ყოველთვის აქვს საშუალება გააკონტროლოს პროცესები და უმალვე აღკვეთოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა. რუსეთს კი ისეთი ვითარების შექმნა სურს, როდესაც საკონტროლო პაკეტი რუსული კომპანიების ხელთ იქნება, ნედლეულსაც თავად მიაწვდის მწარმოებელს (დააკვირდით: დასავლეთში პირიქითაა) და რაც მთავარია, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების სახელმწიფო ვალს აინაზღაურებს ყველაზე სარფიანი და პერსპექტიულ საწარმოთა აქციებით.
    ბორის ბერეზოვსკი და, მთლიანად, რუსული კაპიტალი ასეთ სქემაზე უარს, რა თქმა უნდა, არ იტყვის. სახელმწიფო სტრუქტურა მისთვის საკუთარი ინტერესების დასაცავად აუცილებელი, მთავარი ინსტრუმენტი ხდება. სავსებით მართლდება ბორის ნემცოვის სიტყვები, რომ რუსეთში შენდება ოლიგარქიული კაპიტალიზმი - ნომენკლატურული კომუნიზმის ნაცვლად. «საშუალო რუსისთვის» სასიამოვნო წარმოსადგენია, ვითარება «რუსულ სივრცეში» კარდინალურად განსხვავდებოდეს ადრე არსებულისაგან: «ნაცმენები» კი არ ცხოვრობდნენ რუსებზე უკეთ, არამედ პირიქით; დაიქირავონ «ახალმა რუსებმა» ოდესღაც ამაყი ქართველები ან სხვა ერთა წარმომადგენლები თავიანთ საწარმოებში, უნდათ მისცენ სარჩო საარსებოდ, უნდათ - არა. ბერეზოვსკის კაპიტალი უეჭველად შეეცდება პირველმა დაიპყროს აუთვისებელი ბაზარი, ოღონდ, «საკონტროლო პაკეტის» აუცილებელი მოთხოვნით.
    ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა ზურაბ ჟვანიას ერთი დაკვირვება, რომელიც მან ამერიკაში საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გამოთქვა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ჩქარობს რუსული კაპიტალი საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ინვესტირებას. მისი თქმით, «რუსი ინვესტორები ელიან ვითარებას, როცა განსაკუთრებული პირობები ექნებათ. მათ არ აკმაყოფილებთ სასტარტო თანაბარი უფლება, არამედ პრივილეგიების მიღება სურთ. ამიტომ ელიან ისეთ დროს, როდესაც პრივილეგიების მოპოვება, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე – შესაძლებელი გახდება».
    სხვა საკითხია, თუ რატომ მიემხრნენ ბერეზოვსკის კანდიდატურას თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა ლიდერები. მისი «არჩევა» ისე გაფორმდა, თითქოს ინიციატორი ელცინი კი არა, უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა იყო.
    როგორც ჩანს, უკრაინას, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკებს, რომლებმაც ვერ დაძლიეს საბჭოური ეკონომიკის სინდრომი და «მასების სოციალური წინააღმდეგობის» გამო, ჯერჯერობით არ ძალუძთ რეალურად გაატარონ საბაზრო რეფორმები - უშუალოდ უნდათ დაამყარონ კონტაქტი რუს ოლიგარქებთან, ეკონომიკური მოგებაც ნახონ, მაგრამ არც სუვერენიტეტი დათმონ. ამიტომაც საუბრობენ ლეონიდ კუჩმა და ნურსულთან ნაზარბაევი «ეკონომიკური ინტეგრაციის» პრიორიტეტულობაზე, მაგრამ ეს ილუზიაა.
    როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს კრემლი ოლიგარქების მიმართ საკუთრივ «რუსული ეკონომიკური ნამცხვრის» გაყოფისას - იგი ყოველთვის შეძლებს მართოს პროცესები თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებთან დამოკიდებულებაში; თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს უშუალო მხარდაჭერა ამ საკითხში ნამდვილად სჭირდება კაპიტალს.
    მით უფრო, თუ საქმე ეხება არა რეალურ ინტეგრაციას ეკონომიკურ ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე, არამედ რუსული კაპიტალის ინტერვენციის ძალისმიერ უზრუნველყოფას და საამისოდ სხვადასხვა სახელმწიფოებრივი ბერკეტის (მათ შორის, უკიდურეს შემთხვევაში, არმიის) გამოყენებას.
    ზემოთქმულიდან ვასკვნით, რომ ერთადერთი ხსნა რუსეთის ნეოიმპერიალიზმისაგან ლიბერალური რეფორმების განვითარებაა. რუსული ოლიგარქია უნდა დავამარცხოთ მისივე იარაღით. ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება მართლაც ითანამშრომლოს საქართველოსთან, უპირატესად ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, თანასწორუფლებიან საფუძველზე.
    ის ქვეყნები კი, რომლებიც ელცინის «მოტყუებას» ცდილობენ, თავად ვერ ატარებენ საბაზრო რეფორმებს, მაგრამ რუსულ კაპიტალთან თანამშრომლობა სურთ - უეჭველად დამარცხდებიან: იძულებული გახდებიან ძალისმიერი მეთოდებით აღკვეთონ რუსული კაპიტალის შემოჭრა თავიანთი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის სფეროში ან შეურიგდნენ ნახევრად კოლონიურ მდგომარეობას - სწორედ მაშინ მიაღწევს თანამეგობრობა მისთვის «დადგენილ» კონდიციას, როგორც ჩაიფიქრეს თავის დროზე გაიდარმა და ბურბულისმა.
    ნებისმიერ შემთხვევაში ბორის ბერეზოვსკი მოგებული დარჩება. სხვა მას არაფერი აინტერესებს. პოლიტიკა მისთვის ჰობი არ არის, - ნებისმიერი მაქინაციის შემთხვევაში, დსთ-ს აღმასრულებელ მდივანს ასე ადვილად თითსაც ვერავინ დააკარებს. ანუ, ბერეზოვსკიმ იმუნიტეტი მოიპოვა. ეს იმუნიტეტი მით უფრო მძლავრი იქნება, რაც უფრო მჭიდრო კონტაქტებს დაამყარებს იგი «ადგილობრივ ოლიგარქებთან».

7 დღე, 6 მაისი, 1998 წ.