გალში პარტიზანული ომი მძვინვარებს

გალში პარტიზანული ომი მძვინვარებს

  

    საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, გალის რაიონის ქვემო და ზემო ზონის სოფლებში ფართომაშსტაბიანი სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. აფსუებმა მაინც გადაწყვიტეს, განახორციელონ დამსჯელი ექსპედიციები გალის ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ.
    ბოლო ინფორმაციით, გალის რაიონში შესული აფხაზეთის პოლიციის ასეული ქართულმა პარტიზანულმა დაჯგუფებებმა («თეთრი ლეგიონი» და «ტყის ძმები») სოფელ სიდასთან ალყაში მოაქციეს. მას შემდეგ, რაც აფხაზების მხრიდან დაიღუპა 30_მდე «ბოევიკი», მათ მძევლად აიყვანეს რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და მოითხოვეს დერეფნის გახსნა. ალყაში მოქცეულთა დასახმარებლად ოჩამჩირის მხრიდან 300-მდე «ბოევიკის» შესვლის მცდელობა პარტიზანთა მიერ აღიკვეთა. რუსეთის სამშვიდობო ძალები კი (მიუხედავად ედუარდ შევარდნაძის განცხადებისა - თითქოს ისინი «ბოევიკებს» ქართული სოფლებისაკენ აღარ ატარებენ) სინამდვილეში არაფერს აკეთებენ სისხლისღვრის შესაჩერებლად.
    ამ ვითარებაში, საქართველოს სპეცსამსახურები უბრალოდ ვალდებულნი არიან, დაეხმარონ პარტიზანებს, რათა «აფხაზმა ფაშისტებმა» მომავალშიც ვეღარ გაბედონ გალის რაიონში ცხვირის შეყოფა. გალის რაიონი მთლიანად უნდა იქცეს პარტიზანულ ძალად, ხოლო არძინბისტები იძულებულნი გახდნენ, გარემოებას შეურიგდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გალის რაიონში აფსუები უკვე აშკარა პროვოკაციულ ქმედებებს იწყებენ. მაგალითად, ქართულ სკოლებში ქართულის ნაცვლად მეგრულს ასწავლიან, ხოლო ქართულად ლაპარაკისთვის ბავშვებს სასტიკად სჯიან. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ შეკრებაზე განაცხადა: «უამრავი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციაა საქართველოში. ისინი დიდ ინტერესს ამჟღავნებენ, თუ რა მდგომარეობაა ციხეებში, მაგრამ რატომღაც არავის აინტერესებს, რა ცოდვა-ბრალი ტრიალებს გალის რაიონის სკოლებში. არადა, იქ უხეშად ირღვევა ადამიანის წმიდათაწმიდა უფლება - ისწავლოს იმ ენაზე, რომელზედაც სურს».

მერიდიანი, 22 მაისი, 1998 წ.