განა რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო იყოს ერთიანი სახელმწიფო?

განა რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო იყოს ერთიანი სახელმწიფო?

ერთი ილუზიის თაობაზე

    საზოგადოებრივ ფსიქოლოგიას (ყოველ შემთხვევაში ჩვენში) ერთი უცნაურობა ახასიათებს: რაიმე დებულება, თუ იგი დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნების მიერ იქნა გამოთქმული, მიიღება თითქმის უკამათოდ, ცირკულირებს საზოგადოებრივ ცნობიერებაში და სულ მალე მკვიდრდება, როგორც უეჭველი ჭეშმარიტება, როგორც პოლიტიკური აქსიომა, რომლის მართებულებაში ეჭვის შეტანა ნიშნავს განვითარების დაბალ დონეს ან თვით ამ აზრის გამომთქმელი პოლიტიკოსის მიმართ მტრულ, ტენდენციურ დამოკიდებულებას.
    ერთ-ერთი ასეთი «ურყევი» დებულება გვიმტკიცებს: რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო იყოს ერთიანი სახელმწიფო, იგი არ არის დაინტერესებული საქართველოს დაშლით, მაგრამ საჭიროა, ეს ერთიანი სახელმწიფო დარჩეს მის გეოპოლიტიკურ სივრცეში და წავიდეს პოლიტიკურ დათმობებზე თავისი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ.
    ეს საკმაოდ გავრცელებული სტერეოტიპია, რომლის ამოსავალი დებულება (ვიმეორებ) ის არის, რომ რუსეთი დაინტერესებულია კავკასიაში ერთიანი სახელმწიფოს არსებობით, - თუ ეს სახელმწიფო მისი მოკავშირე იქნება.

    მე მიმაჩნია, რომ ეს ამოსავალი დებულება არის აბსოლუტურად მცდარი. მის გასამაგრებლად არ არსებობს არც რაიმე თეორიული (ისტორიული) არგუმენტი, არც პოლიტიკური დოქტრინა და რაც მთავარია, მას ეწინააღმდეგება არსებული რეალობა, რომელიც დღეს რუსეთის გავლენით იქმნება კავკასიაში.
    რუსეთზე ორიენტირებულ პოლიტიკურ წრეებში ფიგურირებს აზრი, თითქოს რუსეთმა გააერთიანა საქართველო. ამის დასადასტურებლად მოაქვთ შემდეგი ისტორიული ფაქტი: რუსეთმა მოახდინა კავკასიის ანექსია - თანამიმდევრულად დაიპყრო ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია, სამცხე, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი, რის შედეგადაც საქართველო გაერთიანდა.
    მაგრამ სინამდვილეში რუსეთმა უბრალოდ შემოიერთა ეს ტერიტორიები, დაამყარა მათზე სიმშვიდე, აღკვეთა მაჰმადიან აგრესორთა თარეში, ოღონდ ამას არავითარი კავშირი არა აქვს საქართველოს შემდგომ გაერთიანებასთან - ეს იმპერიის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. რუსეთმა კი დაჰყო საქართველო ორ გუბერნიად (თბილისისა და ქუთაისის), მაგრამ ოდესღაც მთლიანი ქვეყნის ნამსხვრევებს შორის კულტურული და სულიერი ლტოლვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქართლ-კახეთს, იმერეთს, გურიას, აჭარას, სამეგრელოსა და სვანეთს, აგრეთვე ქართულად ორიენტირებულ აფხაზეთს შორის სულიერი ერთობის ობიექტურად (სწორედ ობიექტური ანუ იმპერიის ნებისაგან დამოუკიდებლად) აღდგენას წინ ვერაფერი აღუდგა.
    შემდგომ, როდესაც 1917 წლის რევოლუციის შედეგად, იმპერია დაიშალა, ეს სულიერი ერთობა პოლიტიკურ ერთობად იქცა - სწორედ ასე წარმოიშვა პირველი ქართული რესპუბლიკა 1918 წელს, როგორც ერთიანი სახელმწიფო.
    მაგრამ ვერავინ დაგვისახელებს ისტორიულ პერიოდს, როდესაც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთიანობის მიმართ რუსეთი დადებითად ყოფილიყო განწყობილი და კეთილმოსურნეობას იჩენდა. პირიქით, როგორც ოციანი წლების, ასევე თანამედროვე ისტორია ამტკიცებს, რომ რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს ერთიანობის მიმართ უაღრესად აგრესიულად არის განწყობილი და თუ მას ჯერჯერობით არ შეუძლია თვით დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აშკარად გალაშქრება, ყველაფერს აკეთებს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთი არასდროს ურიგდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ფორმალურად და დემოგრაფიულად მთლიანი საქართველო მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც თავად რუსეთის ნაწილს წარმოადგენდა.
    ოციან წლებში, მსოფლიოში არსებული ძალთა განლაგებისა და ისტორიულ-გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რუსეთს შეეძლო საქართველოს დაპყრობა და მან ეს განახორციელა კიდეც, მაგრამ ეს რომ შეუძლებელი ყოფილიყო, ანუ შეუძლებელი რომ ყოფილიყო საქართველოს მთლიანად დაპყრობა, - რუსეთი მაშინაც ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა დღეს. ანუ, დაარღვევდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას - მთლიანად არ დაიპყრობდა საქართველოს, მაგრამ წაგლეჯდა მას აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.
    ჩვენი საზოგადოების ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და სოციალური თვალსაზრისით გავლენიანი ნაწილი ვერა და ვერ მიმხვდარა, რომ რუსეთს, ობიექტური გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, ხელს არ აძლევს საქართველოს არსებობა როგორც დამოუკიდებელი და ამავე დროს ერთიანი ქვეყნისა. მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ «დათმობები» დამოუკიდებელი საქართველოს მხრიდან, რადგან თუ საქართველო საერთაშორისო სამართალსუბიექტი იქნება, ეს ობიექტურად შეუქმნის საფრთხეს რუსეთის სამხრეთი რეგიონის (ჩრდილოეთ კავკასიის) სტაბილურობას.
    ეს ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნება, რა «ლოიალურიც» უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველო რუსეთის მიმართ. აქ, რასაკვირველია, საერთოდ არ გვსურს განვიხილოთ ის სასაცილო თეორია «ორი რუსეთის» თაობაზე, რომლის მიხედვით, თურმე, ბაბურინს სურს, იმოქმედოს რუსეთის ობიექტური გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ელცინს ეს არ სურს. ამ «კონცეფციის» ავტორებს არაფრით არ უნდათ გაიგონ, რომ არსებობს ობიექტური გეოპოლიტიკური ინტერესი. არა «კარგი» ან «ცუდი», «კეთილი» ან ბოროტი» (ამგვარი კატეგორიები აქ არ მოქმედებს), არამედ უბრალოდ გეოპოლიტიკური ინტერესი და რუსეთის ნებისმიერი მთავრობა იმოქმედებს ამ ინტერესიდან გამომდინარე.
    გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ უნდა ესწრაფოდეს რუსეთი ერთიან დამოუკიდებელ საქართველოსთან ურთიერთობას, როდესაც შესანიშნავი საშუალება აქვს ეს სახელმწიფო დაშალოს ნაწილებად? რატომ უნდა სურდეს რუსეთს კავკასიაში ერთიანი სახელმწიფოს არსებობა მაშინ, როდესაც შეუძლია, საქმე იქონიოს რამოდენიმე პატარა გაერთიანებასთან, რომელთა ერთმანეთზე «წასისინება», მმართველ ელიტებზე ზემოქმედება და, შესაბამისად, რეგიონში სამხედრო ძალით სიტუაციის მართვა გაცილებით უფრო ადვილი იქნება?
    დავაკვირდეთ რეალობას. ჩრდილოეთ კავკასია ისტორიულად დაყოფილია რამდენიმე პატარა გაერთიანებად: ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ინგუშეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი. რუსეთმა იმდენი ქნა, რომ თვით ჩერქეზებსაც კი არ შეუქმნა ერთიანი ავტონომია და საკუთრივ ჩერქეზები, ადიღეველები და ყაბარდოელები (რომლებიც ფაქტობრივად ერთი ერის ეთნოგრაფიულ განშტოებას წარმოადგნენ) - სამ სხვადასხვა ავტონომიაში გაანაწილა.
    თანაც, თვით ეს ავტონომიებიც «ბიეთნიკურად» აქცია (ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი).
    სწორედ ამიტომ, მისთვის ძალზე მოხერხებულია დღეს ჩრდილოეთ კავკასიის მართვა.
    ახლა კი დავფიქრდეთ, რატომ არ უნდა აძლევდეს ხელს რუსეთს კავკასიონის სამხრეთითაც ანალოგიური სიტუაციის დაფიქსირება, რატომ არ უნდა აძლევდეს ხელს მას ერთიანი საქართველოს ნაცვლად იმ ტერიტორიებზე სხვადასხვა გაერთიანების შექმნა?
    რუსეთისათვის გეოპოლიტიკურად გაცილებით ხელსაყრელი იქნება, თუ საქართველოს ნაცვლად ამიერკავკასიაში იარსებებენ აფხაზეთი; სამეგრელო; აჭარა; სამხრეთ ოსეთი; მესხეთი (თურქ-მესხთა სახელმწიფოებრივი გაერთიანება); სვანეთი; ქართლ-კახეთ-იმერეთი. . . . .
    ან იქნება მას არ შეუძლია ამის მიღწევა? ჯერჯერობით მხოლოდ იმაში ვრწმუნდებით, რომ შეუძლია.
    თანაც (აი, ამას დავაკვირდეთ ყველაზე მეტი ყურადღებით), ამ შემთხვევაში მას შეუძლია იმოქმედოს დემოკრატიის დროშით. იმ დემოკრატიისა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი ერთა თვითინდენტიფიკაციაა.
    თუ მეგრელი ან სვანი ან აჭარელი თავს ქართველად თვლის, - ამგვარი აღქმა საქართველოს ჭეშმარიტად უნიკალური ისტორიული სულიერი ერთობის დამსახურებაა და ამ მოვლენასთან თანამედროვე «იზმებითა» და «კრატიებით» მიდგომა განადგურების მეტს არაფერს მოგვიტანს. თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. ამჟამად კი მხოლოდ დავასკვნათ და კვლავ გავიმეოროთ ის, რაც არაერთგზის თქმულა: რუსეთი არასდროს ყოფილა და არც იქნება დამოუკიდებელი საქართველოს მეგობარი; - იგი არასდროს არ შერიგებია და არც შეურიგდება ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობას. ამიტომ, ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთის მიმართ დღეს ტარდება, მას მხოლოდ გაუადვილებს საქართველოს დაშლისა და განადგურების გეგმის განხორციელებას.

ივერია-ექსპრესი», 12 მაისი, 1994 წელი.