ამერიკელები «თელასიდან» გაქცევას აპირებენ

ამერიკელები «თელასიდან» გაქცევას აპირებენ

  

    ამერიკული კომპანია «აეს»-ი, რომელმაც დიდ ზარ-ზეიმით ჩაიბარა სულ მცირე ხნის წინ «თელასი» და თბილისის მოსახლეობას «ბნელი ღამეების დასრულებას» შეჰპირდა, საქართველოდან გაქცევას აპირებს.
    ეს გადაჭარბება არ გეგონოთ. ამერიკის საელჩოს მეშვეობით, ენერგოკომპანიის მესვეურებმა უკვე გაავრცელეს რამდენიმე განცხადება, რომელშიც ერთმნიშვნელოვნადაა აღნიშნული, რომ «თუ არ შეწყდება გაუგებარი პრეტენზიები, იძულებულნი ვიქნებით, შევწყვიტოთ თანამშრომლობა».
    არადა, რა გეგმები, რა იმედები იყო დაკავშირებული ამ კომპანიის საქმიანობასთან!
    «თელასის» პრივატიზების პროექტი იყო პირველი «სინჯი», პირველი ცდა «მსხვილი პრივატიზების» განხორციელებისა საქართველოში, რის გარეშეც ეკონომიკური პროგრესი და კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელია.
    «თელასის» პრივატიზებას უნდა მოჰყოლოდა ტელეკომუნიკაციათა, იმავე ენერგეტიკის, ტრანსპორტის სტრუქტურათა განსახელმწიფოებრივება, მაგრამ თუ «აეს»-თან დაკავშირებული სკანდალი გაფართოვდა, შესაბამისი ინფორმაცია უმალვე მოხვდება ინტერნეტში და ყოველგვარი ტენდერის გამოცხადება უაზრობა გახდება - ვინღა ენდობა ქვეყანას, რომელმაც შეძლო «გაეძევებინა» თვით დასავლური მასშტაბებითაც კი საკმაოდ მსხვილი ინვესტორი?
    «აეს»-მა ტენდერით იკისრა ვალდებულება, დაუყოვნებლივ ჩაერიცხა 25 მილიონი დოლარი საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე; დაეფარა «თელასის» ვალები 10 მილიონი დოლარის ოდენობით და 10 წლის განმავლობაში განეხორციელებინა 80 მილიონი დოლარის ინვესტირება.
    გარდა ამისა, «აეს»-ი თბილისს შეჰპირდა, რომ თუ «საქენერგო» 24 საათის განმავლობაში მიაწოდებდა ელექტროენერგიას, ენერგიას იგი ასევე უწყვეტად მიაწოდებდა მომხმარებელს
    ამრიგად, «თელასის» აქციათა 75 პროცენტი გაიყიდა და ამერიკულმა კომპანიამ პირნათლად შეასრულა ყველა პირობა, ყველა ნაკისრი ვალდებულება: 29 დეკემბერს 25 მილიონი დოლარი უკვე ჩაირიცხა შესაბამის ანგარიშზე, თებერვლის დასაწყისისთვის, 10 მილიონი დოლარიდან - 5 მილიონის «გასტუმრება» მოასწრო ვალების ანგარიშში; ინვესტიციების განხორციელებასაც იწყებს «ტექნოლოგიური ხაზის», ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის.
    ხოლო თუ ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება ვერ შეძლო, - მისი ბრალი სრულებითაც არ არის:. დღემდე არ დასრულებულა დავა «საქენერგოსთან» ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე. «აეს»-სს იმპორტირების უფლებას არ აძლევენ და თავადაც ვერ აწვდიან ელექტროენერგიას. აქვე, საკითხავი მხოლოდ ის არის, სად მიდის, სად იხარჯება 600-700 მეგავატის ენერგია, რაც სავსებით საკმარისია თბილისისათვის?
    მიუხედავად ზემოთქმულისა, საქართველოს საგადასახადო ინსპექციამ ესეც არ იკმარა და ახლა ცდილობს, ამერიკულ კომპანიას დაარიცხოს დეკემბრის თვის (!) დამატებითი ღირებულების გადასახადი, რამაც ამერიკელთა სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
    კი მაგრამ, რატომ უნდა გადაიხადოს «აეს»-მა დეკემბრის გადასახადები? როგორც ცნობილია, ოფიციალურად იგი მხოლოდ 4 იანვრიდან გახდა თელასის მეპატრონე. დავუშვათ, ეს «ფორმალობა» არაფერია «საგადასახადოს» მუშაკთათვის. მაგრამ როდის ჩაირიცხა თანხა ანგარიშზე? - 29 დეკემბერს. ნებისმიერმა ნორმალურმა ადამიანმა, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც რამე ნივთი (არა აქვს მნიშვნელობა მცირე თუ დიდი) უყიდია, ზუსტად იცის: მფლობელი ხდები უმალვე, როგორც კი თანხას გადაიხდი, არც უფრო გვიან, მაგრამ (მით უმეტეს) არც ადრე ანუ ფულის გადახდამდე.
    თუ «აეს-მა» ფული 29 დეკემბერს გადაიხადა (ზუსტად მაშინ, როცა უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით), რატომ უნდა იკისროს მან პასუხისმგებლობა დეკემბრის გადასახადებზე?
    ხალხნო, ამაზე დიდი აბსურდი თუ გაგიგიათ ოდესმე? ეს კი არა, «აეს»-ი იანვრის გადასახადებსაც არ უნდა იხდიდეს (ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკით) ვინაიდან «საქენერგომ» ვერ უზრუნველყო ელექტროენერგიით, მოსახლეობა კი საფასურს არ ფარავს.
    მიუხედავად ამისა, იანვრის გადასახადი ამერიკელებმა სრულად გადაიხადეს, თებერვლის თანხებიც შეაქვთ, დეკემბერი რატომ უნდა გადაიხადონ?
    ერთი სიტყვით, სულ გადასულა ჭკუიდან ის ხალხი, ვისაც «გეგმის შესრულების» მეტი არაფერი აინტერესებს. ამერიკელები ასეთ უსამართლობას არ შეურიგდებიან. იმიტომ კი არა, რომ ფული არ აქვთ. ფული შეიძლება იმდენი ჰქონდეთ, საქართველოს მთელ სახელმწიფო ვალს გაისტუმრებენ, მაგრამ უსამართლოდ, უკანონოდ ამერიკელი ერთ დოლარსაც არ დაკარგავს.
    ეს არის აბსოლუტში აყვანილი პრინციპი. სწორედ მას ეფუძნება ამერიკული «ეკონომიკური წარმატება» და მრავალწლიანი პროგრესი. ამიტომ, ამერიკელები ბოლომდე იბრძოლებენ თუნდაც ერთი დოლარისთვის, რაკი დარწმუნებულნი არიან (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ იმ «დოლარს» უსამართლოდ ედავებიან;
    ხოლო როცა საბოლოოდ დარწმუნდებიან, რაოდენ ფუჭია მათი ძალისხმევა (ჩვენი სასამართლოების გადამკიდე, გადასახადების უსამართლობას კი არა, თეთრი რომ თეთრია და არა შავი, - იმას ვერ დაამტკიცებ) ბოლოს და ბოლოს აიკრავენ გუდა-ნაბადს და გადაიკარგებიან საქართველოდან.
    ზოგიერთი «ჭკუისკოლოფი» იმასაც ფიქრობს: მაინც არსად წავლენ, ფული ხომ უკვე გადახდილი აქვთო;
    რა თქმა უნდა, ფული (25 მილიონი დოლარი) უკვე გადახდილი აქვთ, იანვრის გადასახადებიც «შეიტანეს», ამ ფულს კი მათ არავინ დაუბრუნებს (ის ფული უკვე დაიხარჯა), მაგრამ უდიდესი გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, თითქოს ამ ფულს (თუ ამერიკელები წავლენ) ვინმე შეგვარჩენს.
    ამერიკულ კომპანიებს თეთრი სახლის პოლიტიკაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამერიკის ადმინისტრაცია სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მეშვეობით, იმ ფულს «ძმრად გვადენს ცხვირიდან» და მანამ არ მოგვეშვება, სანამ უკანასკნელ ცენტამდე არ დაგვაბრუნებინებს.
    რაც მთავარია, «აეს»-ის გაქცევა ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. საქართველოს სამუდამოდ გაუტყდება სახელი, როგორც პარტნიორს; ჩვენი ქვეყანა იქცევა ინვესტორისთვის აკრძალულ ზონად, გაცხადდება არაფორმალური «ბოიკოტი», რომლითაც საქართველოს სასტიკად დასჯიან დასავლური კონცერნები, რითაც სოლიდარობას გამოუცხადებენ ამერიკელ კოლეგებს.
    ამ საშიშროების მიუხედავად «ჩვენები» თავისას მაინც არ იშლიან. როგორც მოსალოდნელი იყო, «თელასის» წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა სასამართლოში ვალების დაბრუნებისა და (რა თქმა უნდა) ყადაღის დადების მოთხოვნით;
    სანამ თელასი «გაძვალტყავებული» სახელმწიფოს საკუთრება იყო, სასამართლოში ტყუილუბრალოდ დროსა და ფულს არავინ ხარჯავდა, მაგრამ ამერიკული «აეს»-ი ხომ ფულის გადამხდელია?
    ამდენად, იმავე სასამართლოებში დროისა და ფულის ხარჯვამ აზრი შეიძინა - უმალვე შეესივნენ კიდეც, არადა ამ შემთხვევაში «ქონების მართვის სამინისტრო» ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტენდერის გამოცხადებამდე ამერიკელები ითხოვდნენ ზუსტ პასუხს: ხომ არ არის ყადაღის დადების რაიმე საფუძველი და საშიშროება?
    ტენდერში მათ მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემდეგ მიიღეს მონაწილეობა, ახლა «აღმოჩნდა», რომ თურმე «თელასი» საერთოდ უნდა დაიხუროს, ყადაღა დაედოს, გაკოტრებულად გამოცხადდეს და ა.შ.
    გაიქცევიან აბა რას იზამენ ასეთი ველურობისა და ლეგალიზებული ყაჩაღობის პირობებში ნორმალური ბიზნესმენი არ იმუშავებს. იგი გაუფრთხილდება არა მხოლოდ ფულს, არამედ საკუთარ ღირსებასაც.
    ტყუილად გვგონია, თითქოს ბიზნესმენს ღირსება არ გააჩნია.

7 დღე, 14 თებერვალი, 1999 წელი