ზურაბ ჟვანია და ლევან მამალაძე განხეთქილებას უარყოფენ

ზურაბ ჟვანია და ლევან მამალაძე განხეთქილებას უარყოფენ

       

        როგორც ელემენტარული ლოგიკით იყო მოსალოდნელი, მას შემდეგ, რაც ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა განხეთქილება და «ურთიერთჭამა» ოპოზიციურ ბანაკში, უმალვე «წამოტივტივდა» მმართველ პარტიაში დაპირისპირების თემაც.
        არჩევნები ახლოვდება, ნებისმიერი საარჩევნო ტექნოლოგიის «ოქროს კანონი» კი შიდა განხეთქილების დაუშვებლობაა, ვინაიდან ეს ძალზე უარყოფითად აღიქმება ელექტორატის მიერ.
        რასაკვირველია, ამ კანონს ორივე მხარე იცნობს. განსაკუთრებით «მსახვრალი» უნდა იყოს იგი «მოქალაქეთა კავშირისათვის,» მით უმეტეს, რომ ამ ორგანიზაციამ ვერა და ვერ მოიშალა თავისი «შიდა სამზარეულოს» გამომზეურების პრაქტიკა, - რასაც დედამიწის ზურგზე არც ერთი პარტია არ აკეთებს, თვით არქიდემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, ვინაიდან ეს «დემოკრატია» კი არა სისულელეა.
        აი, ახლაც, პრესაში ფართო სჯა-ბაასია «მოქალაქეთა კავშირის» მომავალი საარჩევნო სიების თაობაზე, მაშინ, როდესაც «ოპოზიციურ» პარტიათა სიებზე არავინ მსჯელობს, - იმიტომ კი არა, რომ ეს არ არის საინტერესო, არამედ სულ სხვა მიზეზით. უბრალოდ, ამის თაობაზე ინფორმაცია არავის აქვს და არც ექნება, რაკი პარტიის შიდა პოლიტიკა არავის საქმე არ არის.
        სწორედ «საარჩევნო სიების» თაობაზე ატეხილმა და გამომზეურებულმა დისკუსიამ გამოიწვია ეჭვი მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირების თაობაზე; რაც მოსალოდნელი იყო, არადა, სინამდვილეში, არ არსებობს პარტია, რომელშიც არ მიმდინარეობდეს კამათი საარჩევნო სიების, საკანონმდებლო წარმომადგენლობის შესახებ.
        «მოქალაქეთა კავშირი» განეკუთვნება იმ არცთუ მრავალრიცხოვან პარტიებს, რომლებიც უეჭველად გადალახავენ 5-პროცენტიან ან თუნდაც 7-პროცენტიან ბარიერს მომავალ არჩევნებში, ამიტომ მსურველიც ძალზე ბევრია.
        არ არის გამორიცხული, ლევან მამალაძის წინადადება რეგიონთა «კვოტების» შესახებ გამოწვეული იყოს რეგიონალურ ელიტათა გააქტიურებით - ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც მრავალი ასპექტით სერიოზული შედეგი მოჰყვება.
        4-5 წლის წინ საქართველოში «რაიონული ელიტები» კი არსებობდნენ, მაგრამ ჩამოყალიბებული არ იყო რეგიონული (სამხარეო) ელიტა. განვლილ წლებში მოხდა მათი «კონსოლიდაცია». ისინი რაიონული დონიდან «ამოიზარდნენ», რაც, რა თქმა უნდა, არავისათვის უნდა იყოს საკვირველი.
        დისკუსიის არსი კი «მოქალაქეთა კავშირის» გენერალურმა მდივანმა, მიხეილ მაჭავარიანმა გაამჟღავნა. მისი თქმით, საქმე ეხება რეგიონთა კვოტირებას მოქალაქეთა კავშირის სიაში იმის მიხედვით, თუ წინა არჩევნებში რომელ რეგიონში უფრო მეტი ხმა მოაგროვა «მოქალაქეთა კავშირმა».
        აქ იგულისხმება არა 1995 წლის (მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა), არამედ შარშანდელი არჩევნები, რომელიც «ადგილობრივობის» მიუხედავად, საკმაოდ ზუსტი ინდიკატორი აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით.
        ხმების უმრავლესობა კი, «მოქალაქეთა კავშირმა» მიიღო ქვემო ქართლში (რომელსაც მამალაძე ხელმძღვანელობს), შიდა ქართლში და სამეგრელოში.
        აქედან გამომდინარე, მამალაძე პარტიის ლიდერებს სთავაზობს, გაიზარდოს «ქვემო ქართლის» კვოტა პარტიული სიის შედგენისას, ანუ ნაცვლად 4 დეპუტატისა, რეგიონი წარმოდგენილი იყოს (ვთქვათ) 10 კანდიდატით, რომლებიც ამასთანავე, სიის «გამსვლელ ნაწილში» მოხვდებიან.
        ერთი შეხედვით, თითქოს ეს წინადადება ლოგიკურია, მაგრამ ლევან მამალაძე (და მისი მხარდამჭერები «მოქალაქეთა კავშირის» ცენტრალურ აპარატში, რომელთა რიცხვს ზურაბ ჟვანია, ალბათ, არ განეკუთვნება) ვერ ამჩნევს, რომ ამგვარი კვოტებით ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის.
        ფაქტობრივად, თუ «მოქალაქეთა კავშირი» წინადადებას დაეთანხმა, იგი დაარღვევს პროპორციული არჩევნების შინაარსს: «პარტიული სიით», ანუ როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე «საერთოეროვნული სიით» არჩევნების მიზანია წარმოადგინოს საკანონმდებლო ორგანოში არა რეგიონები, არა მათი ინტერესები, არამედ ესა თუ ის ზოგადეროვნული მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური კონცეფცია. ამიტომ «პროპორციული პარტიული» სია უნდა დგებოდეს არა იმ პრინციპით, რასაც მამალაძე უჭერს მხარს, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ უკეთ წარმოადგენს, ვინ უკეთ დაიცავს და იურიდიულად ვინ უკეთ უზრუნველყოფს ამ «საერთოეროვნულ კონცეფციას», რომელსაც ესა თუ ის პარტია სთავაზობს ქვეყანას.
        სხვა საქმეა მაჟორიტარული არჩევნები - მათი ძირითადი მიზანი სწორედაც რეგიონის, რაიონის ინტერესთა «ცენტრალურ ხელისუფლებაში» დაცვაა, ანუ გარკვეული ჯგუფის ინტერესთა წარმომადგენლობა.
        ამიტომ, თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში «შერეული» საარჩევნო სისტემის (მაჟორიტარულ-პროპორციული არჩევნების) შემოღების შესახებ გარკვეულწილად გამართლებული იყო; თუმცა, საქართველოს არაკონსოლიდირებულობისა და შინაგანი სისუსტის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანას არც მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანო «აწყენდა» - საქართველოს სახელმწფიოებრივი კონსოლიდირებულობის დონის შემდგომი განმტკიცებისათვის უმჯობესი იქნებოდა საკანონმდებლო ორგანო, უპირველეს ყოვლისა, «ზოგადეროვნულ ინტერესებს» წარმოადგენდეს, ვინაიდან რეგიონისა და საერთო სახელმწფიოებრივი ინტერესები ყოველთვის როდი ემთხვევა ერთმანეთს.
        ჩვენს შემთხვევაში კი, ხშირად სწორედ პირიქით ხდება. ქვემო ქართლის გუბერნატორი ამჟამად ცდილობს «მაჟორიტარული» არჩევნებისათვის დამახასიათებელი ელემენტი შეიტანოს პროპორციული (საერთოეროვნული) სიის დაკომპლექტების წესში, რასაც, როგორც ჩანს, არ ეთანხმება ზურაბ ჟვანია;
        თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჟვანიასა და მამალაძის უთანხმოება (აზრთა სხვადასხვაობა) «მოქკავშირში» განხეთქილებას ახლავე გამოიწვევს - ჯერ ერთი, მმართველი პარტიის «კორპორაციული წინასაარჩევნო» ინტერესები ნებისმიერი გუბერნატორის გავლენას უეჭველად გადასწონის.

მერიდიანი, 9 ივნისი, 1999 წელი