გერჰარდ შრიოდერი გერმანულ პოლიტიკას ცვლის

გერჰარდ შრიოდერი გერმანულ პოლიტიკას ცვლის

        ხვალ, 30 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი. მისი ვიზიტი ვერ დაიყვანება მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის წინასაარჩევნო მხარდაჭერასა და (თუნდაც) გერმანიის გაერთიანებაში შეტანილი წვლილის დაფასებამდე. ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა, უნდა ინარჩუნებდენ მნიშვნელობას, მაგრამ ორივე მათგანი უკვე საკმარისად «გამოიხატა» გერმანიაში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს, მართლაც, განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს და გერმანიის უმაღლესი ორდენითაც დააჯილდოვეს.
        გერჰარდ შრიოდერის საქართველოში ვიზიტი ღრმა და ნიშანდობლივი მოვლენაა, რომელიც მთლიანად, გერმანიის «ახალი კურსის» კონტექსტში უნდა გავიაზროთ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნის ლიდერის პირველი ვიზიტი კავკასიაში (ეს რეგიონი რუსეთის გეოპოლიტიკური «მზის წნულია») კრემლის აღშფოთებას გამოიწვევს. მით უმეტეს, ჩეჩნეთის ომის დროს. მოსკოვში რომის პაპის საქართველოში სტუმრობაც კი ჩეჩნეთის ომს დაუკავშირეს – მით უფრო, დაუკავშირებენ კავკასიაში რუსეთის პოზიციათა შესუსტებას ევროპული ლიდერი ქვეყნის ხელმძღვანელის ვიზიტს.
        რაც მთავარია, გერმანელმა კანცლერმა შესანიშნავად უწყის, რა რეაქციას გამოიწვევს მისი ვიზიტი ჩრდილოეთში (გერმანიისათვის აღმოსავლეთში), მაგრამ მაინც (როგორც ჩვენში იტყვიან) «მიდის ამაზე». ანუ აქ კიდევ ერთ საოცარ ფენომენთან გვაქვს საქმე: მემარცხენე შრიოდერი, ისევე, როგორც მემარცხენე ბლეერი და სხვა ევროპელი მემარცხენეები, რომლებსაც თითქოსდა, მათ წინამორბედ მემარჯვენეებთან შედარებით, უფრო ზომიერი პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ რუსეთის მიმართ – პირიქით, უფრო რადიკალურები და გამბედავნი არიან, რაც თვალნათლივ გამომჟღავნდა არა მხოლოდ ბალკანეთის ომის დროს, არამედ რუსეთის ტრადიციულ გავლენის სფეროში შემავალი ქვეყნების მიმართ პოლიტიკის შემუშავებისას.
        მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ მოჩვენებითი პარადოქსია. ევროპაში მემარჯვენეთა ზეობისას სხვა პრიორიტეტები არსებობდა. მაშინ სხვა იყო შესაძლებლობის ზღვარი (პოლიტიკა ხომ «შესაძლებლის ხელოვნებაა»), ამიტომ 90-იანი წლების დასაწყისში, ან თუნდაც მის შუა წლებში, გერმანის კანცლერი ჰელმუტ კოლი არათუ საქართველოსა და კავკასიაში, არამედ ბალტიის ქვეყნებშიც ვერ გაბედავდა ვიზიტით ჩასვლას, რათა რუსეთი არ გაენაწყენებინა, მაგრამ საუკუნის დასასრულისათვის ვითარება რუსეთშიც, კავკასიაშიც და ევროპაშიც რადიკალურად შეიცვალა.: დღეს უკვე შესაძლებელია ის, რაც მაშინ ფანტასტიკად აღიქმებოდა.
        აქ უფრო სხვა მომენტია საინტერესო: რატომ იკისრა სწორედ გერმანიამ გზის გამკვლევის როლი ევროპელ გრანდებს შორის? ეს, ალბათ, სუბიექტური მიზეზითაა განპირობებული: გერმანია თანდათან იშორებს დამნაშავის კომპლექსს, რომელიც მას ფაშისტებზე არანაკლებ (თუ მეტად არა) დამნაშავე კომუნისტებმა დააკისრეს.
        ამიტომაც, გაერთიანებულიო გერმანია ყველაზე აქტიურად ილაშქრებდა ფაშისტური სერბეთის წინააღმდეგ და პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მონაწილეობდა ნატოს სამხედრო აქციაში ევროპის ტერიტორიაზე.
        გულუბრყვილობა აღმოჩნდა ზოგიერთი რაფინირებული ინტელექტუალის მოსაზრება, თითქოს გერმანია სამუდამოდ შეურიგდებოდა «მარადი დამნაშავის» როლს ევროპასა და მსოფლიოში – მით უმეტეს (ვიმეორებ), რომ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში სხვები მასზე ნაკლებ როდი იყვნენ დამნაშავენი.
        გარდა ამისა, არ შეიძლება საზოგადოება (თუნდაც ისეთი დემოკრატიული და ჰუმანისტური საზოგადოება, როგორიც თანამედროვე გერმანიაა) მუდმივი თვითგვემის მდგომარეობაში იმყოფებოდეს. იცვლება თაობები, საზოგადოებას კი სრულფასოვნების შეგრძნება სჭირდება - ნორმალური განვითარებისა და ცხოველმყოფელობისათვის.
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, გერმანია (სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით) აქტიურად «ითამაშებს» პოსტსაბჭოურ სივრცეზე – უპირველესად, სწორედ კავკასიაში, სადაც დიდი საჭადრაკო დაფის გეოპოლიტიკურ ფიგურათა ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული კონფიგურაცია იკვეთება.
        გერჰარდ შრიოდერი ამ თვალსაზრისით თამამად შეიძლება ჩაითვალოს გერმანიის ახალი «აღმოსავლური პოლიტიკის» არქიტექტორად, რომელიც რუსეთის პოზიციათა აშკარა შესუსტების კვალობაზე, მით უფრო, რადიკალური იქნება, რაც უფრო «თავშეუკავებელი» იყო კოლის პოზიცია.
        ფაქტობრივად, გერმანია შეეცდება აღმოსავლეთით გაატაროს იგივე სტრატეგია, რასაც დასავლეთით (ანუ სამხრეთ აზიაში) ახორციელებს იაპონია. იაპონიამ ვერ შეძლო ამ რეგიონის დაპყრობა მეორე მსოფლიო ომის დროს, სამაგიეროდ, წლების განმავლობაში მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკით მოიპოვა გაბატონებული პოზიციები – არა ძალმომრეობით, არამედ «ინტერესთა თანხვედრის» საფუძველზე.
        ასეთივე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიად იქცევა გერმანიისათვის აღმოსავლეთი ევროპა და პოსტსაბჭოური სივრცე. წარმოუდგენელია, გერმანია სამუდამოდ შერიგებოდა დამამცირებელ მდგომარეობას. რუსი პოლიტოლოგები და ჟურნალისტები 80-იანი წლების ბოლოს ამ ქვეყანას უწოდებდნენ «ეკონომიკურ გიგანტსა და პოლიტიკურ ჯუჯას», რაც იმთავითვე აბსურდი იყო: შეუძლებელია თანამედროვე მსოფლიოში «ეკონომიკური გიგანტი» - «პოლიტიკურ გიგანტად» არ იქცეს, შეუძლებელია გერმანია არ ეცადოს თავისი ძალმოსილების გამოყენებას «პოსტსაბჭოურ ყამირზე», მაგრამ საამისოდ ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი: სრულფასოვან თანამშრომლობასა და გერმანიის საქართველოში შემოსვლაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება, თუ საქართველოდან არ გავიდა რუსული სამხედრო კონტინგენტი – ყოველ შემთხვევაში, თუ არ დაიწყო მაინც ეს პროცესი.
        გარეშე დამკვირვებლისათვის, უბრალოდ, სასაცილოა რუსეთის მიმართ საქართველოს დამოუკიდებულობის შესახებ საუბარი, როდესაც აქ ოთხი უდიდესი რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული.
        ამრიგად, გერჰარდ შრიოდერის ვიზიტი პოტენციური შესაძლებლობების გამოხატულებაა, მაგრამ თუ თვითონ არ გავანძრიეთ ხელი და მტკიცე სახელმწიფოებრივი ნების დემონსტრირება არ მოვახდინეთ, ეს შესაძლებლობები თეორიულ განზრახვად დარჩება.

მერიდიანი, 29 მარტი, 2000 წელი