როგორც ჩანს . . . . . „აფხაზეთი არც დაგვიკარგავს“

როგორც ჩანს . . . . . „აფხაზეთი არც დაგვიკარგავს“

        საქართველოს საინფორმაციო საშუალებებში ბოლო ჟამს აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ ატეხილი პოლემიკები «ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოროტგანზრახული ზონდირება» კი არ არის, როგორც ქალბატონ ნატო კორსანტიას მიაჩნია, არამედ – სწორედ ამჟამად არსებული ვითარებისადმი საზოგადოების შინაგანი შეურიგებლობის გამოხატულება.
        არ ვიცი, ჩემზე რას ფიქრობს ქალბატონი ნატო (მისი ნებაა – ავტ.) მაგრამ დათო ბერძენიშვილი და ივლიანე ხაინდრავა «შევარდნაძის აგენტებად» ჯერ არავის გამოუცხადებია. მე რაც მეხება, თუ ქალბატონი ნატო ჩემს მიმოხილვებს კითხულობს, არა მგონია ისეთი შთაბეჭდილება შექმნოდა, რომ ძაღლთაპირ არძინბას «ნელ ცეცხლზე დაწვა» და სეპარატისტი ფაშისტების ერთიანად ამოწყვეტა მასზე ნაკლებ გამიხარდება.
        მიუხედავად ამისა, ქალბატონ ნატოს ემოციებს მე გულრწფელად ვცემ პატივს და ღმერთმა დამიფაროს, მას გული ვატკინო. თუმცა ვიტოვებ უფლებას, მტკიცედ განვაცხადო, რომ მისი პოზიცია უფრო ემოციას ეფუძნება, ვიდრე რაციონალურ განსჯას. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, მაგრამ პოლიტიკაზე საუბრისას ემოცია გონიერი გადაწყვეტილების უპირველესი მტერია. ეს მე არ აღმომიჩენია – ამას ამბობდა, ჯერ კიდევ მოხუცი ბრძენი მაკიაველი, რომელიც, ანათემის მიუხედავად, კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს გენიოსად რჩება – სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკის მრისხანე კანონები დაადასტურა.
        ახლა ქალბატონი ნატო (ან ვინმე სხვა) ნუ შეეცდება, აქ «ხელმწიფის» ეგოისტურ ინტერესთა მსახურება შენიშნოს, ვინაიდან პოლიტიკური მოძღვრება «ნამდვილად სცილდება» «ხელმწიფის» ინტერესთა აღწერას. ოღონდ აქვე შევნიშნავ, რომ ჯერ დედამიწის ზურგზე არ დაბადებულა (არც ოდესმე დაიბადება) ისეთი «ხელმწიფე», საკუთარი ხელმწიფობის ინტერესებს არ ითვალისწინებდეს, მაგრამ ჩემი პატივცემული ოპონენტი უეჭველად იმათ რიცხვს განეკუთვნება, ვინც ნებისმიერი პრობლემის პერსონიფიცირებას ცდილობს და «იოლი», ანუ ყველასა და ყველაფრის ადვილად «მაკლასიფიცირებელი» სტერეოტიპებით საზრდოობს – რაც აგრეთვე გასაგებია, ვინაიდან ეს სტერეოტიპები ფსიქოლოგიურად «დამამშვიდებელია» და აფსუ-ავირთხათა ზეიმით დაბოღმილ ჩემს გულსაც არანაკლებ «სალბუნად დაედებოდა» მხოლოდ ემოციური განწყობის შემთხვევაში.
        კი ბატონო, ჩავთვალოთ, რომ 1988-1993 წლების საზარელი ეროვნული ტრაგედია და მწარე დამარცხება აფხაზეთში (სწორედ პოლიტიკის მრისხანე კანონთა იგნორირების შედეგად) რომელიმე პიროვნების (ვთქვათ, ედუარდ შევარდნაძის, ზვიად გამსახურდიას, კიტოვანის, ქობალიას) «ბრალია» - ამჟამინდელი ხელისუფლება კი «ემზადება მორიგი კაპიტულანტური სვლებისათვის», და სწორედ ამიტომ «მიმდინარეობს მოსახლეობის აზრის შესწავლის პროცესი».
        მაგრამ ეს სტერეოტიპი ნამდვილად ვერ ხსნის და ვერ ამართლებს უეჭველ წინააღმდეგობას – მაინც, რატომ არ უნდა უნდოდეს საქართველოს ხელისუფლებას «ერთი დარტყმით» გადაწყვიტოს აფხაზეთის პრობლემა თუკი ეს შესაძლებელია? ან იმ ხალხს რა უნდა რჯიდეს, ვინც «არაპოპულარულ აზრს» გამოთქვამს აუცილებელი, თუმცა ძალზე მძიმე კომპრომისის თაობაზე?
        თუ ზემოთ ხსენებული «მოხუცი ბრძენის» მოძღვრებას ბოლომდე ვუერთგულებთ, მაშინ უაღრესად რაციონალური გადაწყვეტილებაა, რომ ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის, ხელისუფლებამ არ გადადგას არანაირი «სარისკო» ნაბიჯი და არც რაიმე კომპრომისს დათანხმდეს, ვინაიდან ასეულობით ათასი უბედური ლტოლვილი მას არავითარ პოლიტიკურ პრობლემას არ უქმნის.
        მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, ქალბატონო ნატო, რომ იმ ადამიანებს, ვინც თქვენთვის კატეგორიულად მიუღებელ წინადადებას გამოთქვამს, სულ სხვა მოტივაცია აქვთ: ისინი მზად არიან ლტოლვილთა პრობლემა გადაწყვიტონ, თუნდაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, ვინაიდან ფორმალურად, თუ დავივიწყებთ ასეულობით ათასი თანამემამულის (ვიმეორებ) «გამათხოვრებულ» მდგომარეობას -–საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს სწორედ ის ვითარება შეესაბამება, რომ დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის, ხელისუფლებამ კი ლტოლვილები კვებოს აბსოლუტურად არარეალური დაპირებებით «მომავალი ძალისმიერი გადაწყვეტის» თაობაზე, რაც არასდროს განხორციელდება და იცით რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ ისევე, როგორც ლტოლვილთა 99 პროცენტი მოითხოვს «ძალისმიერ გადაწყვეტას» და სჯერა აფხაზეთის მხოლოდ «ძალისმიერი დაბრუნებისა», ასევე დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისა და მთელი ქართველი საზოგადოების 99 პროცენტს არ სურს ომი და ფსიქოლოგიურად (ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ) არ არის მზად ახალი ომისათვის.
        ეს არის «აღმაშფოთებელი რეალობა» - მაგრამ მაინც რეალობაა.
        გარწმუნებთ, ქართველი საზოგადოების (არა მხოლოდ ლტოლვილთა, არამედ მთელი საზოგადოების) განწყობა სხვაგვარი რომ იყოს, ხელისუფლება კარგა ხნის წინ გახდებოდა იძულებული, ომი განეახლებინა.
        ოღონდ ღმერთმანი, ამ განწყობას ჟურნალისტებსა და მათ მიერ «საზოგადოების ზომბირებას» ნუ დააბრალებთ. ნურც იმით მოიტყუებთ თავს, რომ «მოფრინდებიან არწივები» და საზოგადოების განწყობას შეცვლიან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: 1992-1993 წლების შემდეგ არც ერთი ხელისუფლება საქართველოში არასდროს შეეცდება ომის განახლებას აფხაზეთში ისეთი საზოგადოებრივი განწყობის პირობებში, როგორიც ამჟამად არსებობს.
        «ეს დათმობათა ქადაგება» კი არ არის, არამედ ფაქტის აღიარებაა. და სხვათა შორის, კიდევ კარგი, 1988-93 წლების მოვლენებმა («ზოგი ჭირი მარგებელიაო») ქართველ საზოგადოებას მწარედ «ჭკუა ასწავლა» და რეალობის მეტი პატივისცემა აიძულა. პოლიტიკის მრისხანე კანონებისადმი «დონკიხოტურმა» დამოკიდებულებამ «ჩაგვყარა» სწორედ იმ დღეში, რომელშიც აღმოვჩნდით.
        ძირითადი თეზა და აზრობრივი ქვაკუთხედი ქალბატონ ნატო კორსანტიას წერილისა «რასაც შენით დათმობ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ» ის არის, რომ ამჟამინდელი ვითარება სჯობს ისეთ დათმობას, რაც შესაძლოა ნაწილობრივ უზრუნველყოფს ლტოლვილთა დაბრუნებას, მაგრამ აღიარებს არძინბას რეჟიმის იურისდიქციას.
        კი, ბატონო, თუ ჯობია – დარჩეს ყოველივე ისე, როგორც არის. თუმცა, საქმე სწორედ ის არის, რომ სინამდვილეში დღევანდელი ვითარების ალტერნატივად მიიჩნევა ომი და «ძალისმიერი გადაწყვეტა», რაც უზრუნველყოფს, სულ ცოტა, 1992 წლის 14 აგვისტომდე, ან 1989 წლის ზაფხულის მოვლენებამდე არსებული ვითარების აღდგენას.
        რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს ამის აღიარება – ეს არის «ტკბილი ილუზია», «ფანტომური შეგრძნების» გამოვლენა. სინამდვილეში წარსულში დაბრუნება შეუძლებელია და ვერასდროს აღდგება ის, რაც იყო 1989 ან 1978 წლამდე, თუნდაც იმიტომ, რომ სოხუმი უკვე «იავარქმნილია».
        მაგრამ «ფანტომურ შეგრძნებებს» კვლავინდებურად თან სდევს შავ-თეთრი სტერეოტიპებისა და ყველაფრის «იოლად ამსახველი» იდეოლოგიებისადმი მიდრეკილება: «..ვინც რუსულ-აფხაზურ ანკესს წამოეგო და აფხაზეთის ომის პროვოცირებას ხელი შეუწყო, ვინც შემდეგ ეს ომი მოღალატურად წააგო...»
        კი ბატონო, მოვთხოვოთ პასუხი», მაგრამ ვის? აქ უეჭველია, რომ «ხელისშემწყობებში» საქართველოს ხელისუფლება იგულისხმება, «რომელიც მას შემდეგ არ შეცვლილა», მაგრამ აზრობრივი საფუძველი ამ მტკიცებისა არის ისევ და ისევ «დამაამებელი და ყველაფრის იოლად ამხსნელიო სტერეოტიპი: ომი იყო პროვოცირებული და საქართველოს შეეძლო ამ ომის თავიდან აცილება.
        სწორედ ეს არის ძირეული შეცდომა, ვინაიდან აფხაზეთში ომის თავიდან აცილება საქართველოს შეეძლო მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ უომრად შეურიგდებოდა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო!
        ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ომი აფხაზეთში იყო აბსოლუტურად გარდაუვალი თუნდაც იმიტომ, რომ აფსუანური საზოგადოებისათვის (განსხვავებით დღევანდელი ქართველი საზოგადოებისგან) 1992 ან თუნდაც 1976 წელს არსებული ვითარება (მათი ინტერესებიდან გამომდინარე) იყო კატეგორიულად მიუღებელი და მოუთმენელი.
        ამიტომ, რომც წარმოვიდგინოთ შეუძლებელი: «არ ყოფილიყო 9 აპრილი», არ ყოფილიყო ლოზუნგი «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია», ხოლო საქართველოს კომუნისტურ ხელისუფლებას პირველს მოეწერა ხელი «სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე» - არძინბა და «არძინბები» (პერსონას მნიშვნელობა არა აქვს) მაინც მიაღწევდნენ საწადელს თუნდაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უფლებრივი გათანაბრების» მეთოდით, რაც საქართველოს ოთხად დანაწევრებას ნიშნავდა.
        ამიტომ სრულიად ფუჭია ამჟამად მსჯელობა იმაზე, რა იქნებოდა «რომ არა» და ასე შემდეგ. აფხაზეთის ტრაგედია იყო ისტორიულად გარდაუვალი იმ პირობებში, იმ რეალიების, ძალთა იმ განლაგების გათვალისწინებით.
        1988 წლიდან საქართველოს «შავებით უხდებოდა თამაში», სეპარატისტები კი მათთვის მომგებიან და «აღმავალ» ტალღაზე, აღმოჩნდნენ- თეთრებით თამაშობდნენ.
        სხვა საქმეა, რომ ქართველ საზოგადოებას მეტი გონიერება მართებდა, დამარცხება ასეთი ყოვლისმომცველი და აბსოლუტური რომ არ ყოფილიყო – ეგება «რაღაც» მაინც შეგვენარჩუნებინა.
        მაგრამ ამაზე ლაპარაკი ამჟამად გვიან არის. დღეს, ალბათ, უპრიანია, ვიმსჯელოთ იმაზე, რა გავაკეთოთ, რა მოვიმოქმედოთ ან (ბოლოს და ბოლოს) შევურიგდეთ არსებულ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ დრო არძინბას სასარგებლოდ მუშაობს და სულ მალე არათუ სოხუმში, არამედ სამურზაყანოშიც არავინ იქნება დამბრუნებელი.
        მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობის დროსაც ისევ ის სტერეოტიპები გვიშლის ხელს: «არძინბა კი, როგორადაც უნდა შეეცადონ ჩვენს დარწმუნებას მის «ეროვნულ აღქმაში», არის რუსეთის ზრახვების აღმასრულებელი... რუსეთის გარეშე არც არავის და არც არაფერს წარმოადგენს... სულაც არ გამოხატავს აფხაზი ხალხის ინტერესებს...»
        ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი და იმავდროულად ერთ-ერთი ყველაზე «მაღალი ხარისხის» ილუზია (ცრუ სტერეოტიპი), რომელიც გვიშლის ხელს, რეალურად აღვიქვათ და შევაფასოთ აფხაზეთის პრობლემის გენეზისი და დღევანდელობა. «არძინბა არის ლაქია, არძინბა არის კრემლის «ყურმოჭრილი მონა», გააკეთებს იმას, რასაც მოსკოვიდან ეტყვიან, არ გამოხატავს აფხაზი ხალხის ინტერესებს...» და ა.შ.
        კი, მაგრამ აბა ვის ინტერესებს გამოხატავს არძინბა, თუ არა აფსუა ფაშისტებისა, რომლებიც აფხაზეთის ქართველთაგან «გაწმენდაზე» ოცნებობდნენ?
        რა თქმა უნდა, არძინბა არ გამოხატავს «აფხაზი ხალხის» ინტერესებს, როგორც ჩვენ გვესმის ეს ინტერესები - მაგრამ იგი ნამდვილად გამოხატავდა და გამოხატავს სეპარატისტული საზოგადოების ინტერესებს.
        არძინბა აფსუანური სეპარატიზმის გულისთქმის გამოხატულებაა – იგი სწორედაც ძირეულ სეპარატისტულ ინტერესებს გამოხატავს და თუ იგი ჩვენთვის (ქართველებისთვის) სამართლიანად არის «ფაშისტი» , - საკუთრივ აფსუებისათვის დიახაც «ეროვნული გმირი და განმათავისუფლებელია».
        ხოლო თუ მოგვწონს თავის მოტყუება იმით, რომ «სინამდვილეში არძინბას მხარს არ უჭერს აფხაზი ხალხის უმრავლესობა» - კი ბატონო, მოვიტყუოთ თავი. ამ თავის მოტყუებიდან გამომდინარეობს ის ყალბი სტერეოტიპიც, რომ «არძინბასთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, ვინაიდან ის კრემლისგან დამოუკიდებლად მაინც ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას». არ არის, ბატონები და ქალბატონებო ასე! არძინბას «კრემლისადმი ერთგულება» სინამდვილეში ინტერესთან თანხვედრითაა განპირობებული და არა მისი «აგენტობით». კრემლი იმდენად იყენებს არძინბას, რამდენადაც სჭირდება, მაგრამ იმავდროულად, არძინბაც იყენებს კრემლს აფსუათა საუკუნოვანი გულისთქმის განსახორციელებლად. არძინბას «ერთგულება» კრემლისადმი გაგრძელდება მხოლოდ მანამ, ვიდრე ეს შეესაბამება სეპარატისტული აფხაზეთის ინტერესებს, მაგრამ საკმარისია, «ინტერესთა თანხვედრა» მოიშალოს, არძინბა უმალვე გამოვა «კრემლის მორჩილებიდან» და თუ აუცილებელიო გახდება, აფსუები რუსებს ისევე ესვრიან ტყვიას, როგორც ქართველებს ესროლეს. არძინბას რეჟიმი მხოლოდ იმდენად არის «პრორუსული», რამდენადაც რუსეთი ეხმარება მას შეინარჩუნოს სტატუსი-კვო.
        ეს არის სავსებით პრაგმატული გათვლა, რომელიც არ შეიცვლება, თუ არძინბას რეჟიმი არ იგრძნობს, რომ სამშვიდობო პროცესის სხვა ფორმატში (რუსეთის გარეშეც) ექნება გარანტიები და საქართველო ახალ ფორმატს გამოიყენებს მძიმე, მაგრამ აუცილებელი კომპრომისისთვის და არა პრობლემის ძალისმიერად გადასაწყვეტად.
        ხოლო თუ ამჟამინდელი ვითარება (სტატუს კვოს შენარჩუნება) გვირჩევნია, - მაშინ დღევანდელი ფორმატი ჭეშმარიტად იდეალურია! პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის საშუალება კი (როგორც არ უნდა გვინდოდეს - არა მხოლოდ ქალბატონ ნატო კორსანტიას, არამედ თქვენს მონა მორჩილსაც) საქართველოს აღარ ექნება.
        პოლიტიკური მოძღვრების ერთი უზუსტესი ფორმულის შესაბამისად (გენიალური აინშტაინი პოლიტიკას ფიზიკაზე უფრო რთულ მეცნიერებას უწოდებდა): «პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება», ანუ ხელოვნება იმის მიღწევასა, რისი მიღწევაც, არსებული რეალიების გათვალისწინებით, პრინციპში შესაძლებელია.
        ჩვენ აფსუებმა, უპირველეს ყოვლისა, ეშმაკობითა და გაიძვერობით გვაჯობეს: ალბათ გახსოვთ «ეროვნული მოძრაობის» გარიჟრაჟზე დამკვიდრებული სტერეოტიპი: «ქართული ეროვნული მოძრაობის ყოველ გამოვლენას (მაგალითად, 1978 წლის 14 აპრილის აქციას) კრემლი პასუხობდა აფხაზეთში სეპარატისტული მოძრაობის გააქტიურებით».
        სინამდვილეში, მოსკოვი კი არ ცდილობდა «დაემთხვია» აფსუა სეპარატისტების გააქტიურება ქართული ეროვნული მოძრაობის აქციებისათვის, არამედ პირიქით, - აფსუა სეპარატისტები მართავდნენ თავიანთ აქციებს მაშინ, როდესაც მოსკოვი გაღიზიანებულიო იყო «ქართული ნაციონალიზმის» გამოვლენით.
        ასე «დაამთხვიეს» არძინბას პირველი გამოსვლა 1978 წლის კონსტიტუციაში «ქართულიო ენის» სახელმწიფო სტატუსის დამკვიდრებას, ხოლო ლიხნის თავყრილობა, თბილისში «ნოემბრის შიმშილობას». მივაქციოთ ყურადღება, ორივე შემთხვევაში ჩვენი აქცია უსწრებდა მათსას.
        პოლიტიკა ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა. ჩვენში ზოგიერთს არაფრის დიდებით სურს იმის გაგება, რომ ინტერესთა გარკვეული «თანხვედრა» შეიძლება არსებობდეს აფხაზეთის შემთხვევაშიც, ვინაიდან აფხაზეთი დიდი კავკასიისა და ჩრდილო კავკასიის განუყოფელი ნაწილია, ჩრდილო კავკასია კი, ტრადიციულად, ანტირუსულადაა განწყობილი.
        სწორედ ამით განსხვავდება «აფხაზეთის პრობლემა» «დნესტრისპირეთის პრობლემისაგან», მაგრამ ამ განსხვავების შესაძლო კომპრომისისთვის გამოყენების საშუალებას არ გვაძლევს სავსებით გასაგები, «ფანტომური ტკივილებით» განპირობებული სტერეოტიპული აზროვნება.
        ამიტომაც, საქართველოში სავსებით შესაძლებელია ისეთი საოცრება, რომ (ერთი საჯარო დისკუსიისა არ იყოს): «აფსუები თუ ჭკუით არ იქნებიან, საერთოდ გავუუქმებთ ავტონომიას» - თითქოს აფხაზეთი არ დაგვეკარგოს.

დილის გაზეთი, 31 იანვარი, 2000 წელი