საერთაშორისო მიმოხილვა. 27 მარტი. 2024 წელი
ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი: პუტინის ბრძანებით, რუსული სპეცსამსახურების გამომძიებლები ჩავიდნენ დუშანბეში (ტაჯიკეთი) და იქ დაჰკითხეს დაკავებული ტაჯიკი ტერორისტების ნათესავები ანუ მშობლები, და-ძმები და ასე შემდეგ.
თავისთავად ასეთი გარემოება, რომ ერთი ქვეყნის გამომძიებლები მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებენ საგამოძიებო მოქმედებებს, უკვე საყურადღებოა. მით უმეტეს, რომ საქმე რუსეთს ეხება და პუტინს.
ტაჯიკეთის პრეზიდენტს, ძალიან გამოცდილ იმომალი რახმონს (რახმონოვს) სხვა გზა, ბუნებრივია არ ჰქონდა: რუსული ელიტა და პირადად პუტინი განრისხებულნი კი არა გაცოფებულნი არიან „კროკუს-ჰოლში“ ტერაქტის გამო და ახლა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა თუნდაც „სტატუსური“ და სიმბოლური სუვერენიტეტის მოსაზრებებით, ტაჯიკეთის ხელისუფლებამ სახიფათოდ მიიჩნია.
ტაჯიკეთში დღემდე დგას რუსული არმია. დაუჯერებელია თითქოს, მაგრამ ფაქტია! მთელი დივიზია დგას იქ: 201-ე რუსული სახმელეთო დივიზია. ანუ ტაჯიკეთში რუსული სამხედრო ბაზა ყველაზე დიდია რუსეთის ფარგლებს გარეთ. ბუნებრივია რახმონი ამასაც ითვალისწინებს.
თანაც სად დგას ეს დივიზია? ავღანეთის საზღვარზე კი არა და სადმე გარეუბანში, არამედ ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში! პრეზიდენტ რახმონის სასახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში!
. . . . . . . . . . . . . . . . .
პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მის უახლოეს თანამებრძოლად ითვლებოდა.
ნიშანდობლივია, რომ მისი „თხოვნით“ კი არ გაუშვა პოსტიდან, როგორც ხდება ხოლმე, როცა ორივე მხარეს სურს პოლიტესის შენარჩუნება, არამედ საკუთარი ბრძანებულებით გაათავისუფლა რაც იმას ნიშნავს ალბათ, რომ დანილოვს სულაც არ სურდა წასვლა.
როგორც ჩანს საბაბი გახდა დანილოვის ბოლო მკვეთრი განცხადებები ჩინეთის შესახებ და პეკინის პოლიტიკის კრიტიკა ომის დროს. ბუნებრივია ამ კრიტიკას ზელენსკიც ეთანხმება, მაგრამ ასე აშკარად უკრაინას არ აძლევს ხელს ჩინეთის განაწყენება და მასთან ღია კონფლიქტი. დანილოვს კი ახასიათებდა, ზოგადად „უკანმოუხედავი“ განცხადებები, რაც ოფიციალურ კიევს პრობლემებს უქმნიდა.
ეს რაც შეეხება საბაბს, ხოლო მიზეზი უფრო ღრმაა; უმწვავესი კონფლიქტი ზელენსკის მარჯვენა ხელთან - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკთან, რომელიც საბრძოლო მოქმედებათა და ზოგადად ომის სტრატეგიას უკავშირდება.
დანილოვი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ფიგურა იყო ზელენსკის გარემოცვაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ ბოლო დროს საკომუნიკაციო სისტემის Starlink ხარისხი შესამჩნევად გაუარესდა. უკრაინელებს უჭირთ მისი გამოყენება. კავშირი ხშირად ირღვევა და დრონების მართვაც ჭირს. ასევე ჭირს საჯარისო შენაერთების კოორდინაცია.
რაც მთავარია, არ არის ცხადი, გაურკვეველია და საეჭვოა, თუ რა გახდა ამის მიზეზი. ილონ მასკის კომპანია კომენტარს არ აკეთებს. ნეიტრალური დამკვირვებლები კი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ფრონტზე ორივე მხრიდან (!) გამოჩნდა უამრავი Starlink აპარატი. ანუ რუსებმა როგორღაც მოახერხეს ამ აპარატების შესყიდვა მიუხედავად სანქციებისა.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აქ „ცენტრალურ როლს“ ასრულებს ჩინეთი, რომელთანაც, ცნობილი მიზეზების გამო, ილონ მასკს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბარენცის ზღვაში რუსეთის ნაპირებს მიუახლოვდა ორი ამერიკული ბომბდამშენი B1, რომლის დასახვედრად რუსული ავიაგამანადგურებლები „აიწია“ ჰაერში.
ეს პირველი ინციდენტი არ არის ჩრდილო ყინულოვანი ოკეანეს მიმდებარედ და არც უკანასკნელია ალბათ. საქმე ისაა, რომ რუსეთი მთელი ამ საზღვაო-საოკეანო რეგიონის სტრატეგიულ კონტროლზე აცხადებს პრეტენზიას.
რამდენიმე დღის წინ, რუს ახალგაზრდობასთან შეხვედრისას, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ორი ტიპის საზღვრები. ერთია გეოგრაფიული საზღვრები, ხოლო მეორე - სტრატეგიული საზღვრები
გეოგრაფიული საზღვრები, მისი ახსნით, არის რუსეთის სახელმწიფო საზღვრები, ანუ რომელ საზღვრებშიც იგი აღიარებულია გაეროს მიერ. ხოლო სტრატეგიული საზღვრები არის ის საზღვრები, რასაც იგი თავად მონიშნავს საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე
„სტრატეგიულ საზღვრებში“, მედვედევის დეფინიციით, შედის მთელი უკრაინა, მთელი პოსტსაბჭოური სივრცე და მთელი ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი არ ცნობს ამ სუფთად იმპერიალისტურ „სტრატეგიულ საზღვრებს“
მაგრამ დიმიტრი მედვედევმა, რომელიც ცდილობს ითამაშოს „პუტინზე უფრო დიდი იმპერიალისტის როლი“ ამ საჯარო მსჯელობისას დაიმოწმა თვით პუტინის განცხადება: Границы России нигде не заканчиваются. ანუ.....რუსეთი უსაზღვრებოა....რუსეთი - უსაზღვროა.
ამ სიტყვებს დარბაზში მქუხარე ტაში მოჰყვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის პარლამენტი ანუ „სახელმწიფო სათათბირო“ ამზადებს კანონს, რომლითაც რუსეთის ყველა ბიბლიოთეკიდან ამოიღებენ „უცხოელი აგენტების“ წიგნებს.
ესე იგი ყველა ავტორს, ვინც არ დაეთანხმა პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთი დატოვა.
პირველ რიგში იგულისხმება აკუნინი (ჩხარტიშვილი), რომელიც პუტინის „სახიფათო“ ოპონენტად იქცა, რადგან მისი დეტექტივები კვლავინდებურად ძალიან პოპულარულია რუსეთში.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ვაგრძელებთ თვალის მიდევნებას ამერიკა-იაპონიის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ტოკიომ დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდება ახალი ხელშეკრულება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. უფრო ზუსტად, მოხდება 1960 წელს გაფორმებული ხელშეკრულების აპგრეიდი და რენოვაცია.
იაპონელების მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობა, რომელიც ამჟამად განლაგებულია ჰავაის კუნძულებზე, განლაგდეს იაპონიაში, ტოკიოში!
იაპონიის ხელისუფლება თვლის, რომ ამით მათი ქვეყანა ამერიკის უფრო სრულყოფილ მოკავშირედ და საყრდენად იქცევა მთელს რეგიონში მაშინ, როდესაც ჰავაიზე წყნარი ოკეანის სარდლობის დისლოცირება იაპონიის მნიშვნელობას ამცირებს და ხელს უშლის კოორდინაციას.
გარდა ამისა, იაპონია გეგმავს NATO-ს სტანდარტამდე, ესე იგი 2%-მდე გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი, დაიწყოს ახალი სარაკეტო პროგრამა, გამოუშვას მეტი ტანკი და თვითმფრინავი; ხოლო ის შეზღუდვები შეიარაღებაზე, რაც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფაქტობრივად გაუქმებულია.
ეს ყოველივე მიმართულია ჩინეთის მზარდი ექსპანსიის წინააღმდეგ პირველ რიგში წყნარი ოკეანის აუზში; გარდა ამისა, მოკავშირეები (ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ავსტრალია, ახალი ზელანდია) ამ გზით ცდილობენ „დააზღვიონ“ ჩინეთის აგრესია ტაივანის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა მისი სოციალური ქსელი Truth social გაიტანა საფონდო ბირჟაზე ანუ აქცია Public company-დ.
უფრო ზუსტად Trump media, რომელიც ამ სოციალურ ქსელს ფლობს, გახდა „საჯარო კომპანია“ და აქ პირველ რიგში ისაა საინტერესო, რომ პირველი შემთხვევაა 30 წლის განმავლობაში, როდესაც დონალდ ტრამპის ბიზნეს-იმპერიის ერთ-ერთი კომპანია ხდება Public.
ანალიტიკოსები Trump media-ს აქციებს აფასებენ 13 მილიარდ დოლარად, რაც აბსოლუტურად არასაბაზრო ფასია და არ შეესაბამება რეალურ ღირებულებას ან მომხმარებელთა რაოდენობას; თუმცა ეს უფრო პროგნოზია, რომელიც ეფუძნება დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პერსპექტივას.
Truth მხოლოდ 500 000 მომხმარებელი ჰყავს მაშინ, როდესაც X (Twitter) – 80 მილიონამდე.მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპის ასეთი კაპიტალიზაცია - თუნდაც წინასწარი ტენდენციის დონეზე - მეტყველებს, რამდენად მაღალია მო ლ ო დ ი ნ ე ბ ი, რომლებიც Market ეკონომიკაში ბევრ რამეს განსაზღვრავენ. და იმასაც, თუ რამდენად აქტუალურ „მოტაამშედ“ რჩება ტრამპი
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ანტონიო გაუდის არქიტექტურული შედევრი, Familia sograda (წმიდა ოჯახი) (ეკლესია, რომლის მშენებლობა 1882 წელს დაიწყო) 2025 წელს დასრულდება და 2026 წელს ამოქმედდება, ანუ იქცევა მოქმედ ტაძრად და ტურისტულ ღირსშესანიშნაობად.
აქ საოცარი ისტორიული ფაქტი ისაა, რომ 2019 წლამდე (!) ამ უნიკალური, 172 მეტრიანი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტაძრის მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რადგან ბარსელონას მერიას ჯიუტად არ სურდა არქიტექტურული ნებართვის გაცემა, თუმცა საბოლოოდ მაინც გასცა ეს ნებართვა.