და კვლავ  „რუსთავი-2“

და კვლავ  „რუსთავი-2“

 

„გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ ქეისი, როგორც  ჩანს, უკვე დაწყებული საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ უმთავრეს თემად იქცევა. თანაც, განურჩევლად იმისა, როგორ დასრულდება ამჟამინდელი დავა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს  სასამართლო ქიბარ ხალვაშისა თუ აქიმიძე-დვალის სარჩელებთან დაკავშირებით.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ტელევიზია, რასაკვირველია, არც ერთ შემთხვევაში არ დაიხურება. ამ მხრივ, რეალური საფრთხე იქ მხოლოდ ნიკა გვარამიას ემუქრება და კიდევ ერთი-ორ ტელესახეს, რადგან თუ „რუსთავი-2“-ს ძველ-ახალი მფლობელები ეყოლება, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, ტელევიზია კი არ დაასუსტონ, არამედ პირიქით, უფრო პოპულარული გახადონ, ოღონდ, იმავდროულად, აქციონ იგი ხელისუფლებასთან ვაჭრობისა და გარიგების საგნად.

„რუსთავი-2“ თუ პოპულარული და ძველებურად მიმზიდველი აღარ იქნება, მისი პოლიტიკური ანგაჟირებაც აღარავის დააინტერესებს.  ამით იყო ეს ტელევიზია ძლიერი და საინტერესო ყველა ხელისუფლებისათვის, ანუ  ამჟამად ბრძოლა გაჩაღდა მისი პოლიტიკური მიმართულებისა და შინაარსის შესაცვლელად.

მაგრამ თუკი „წინააღმდეგობის მოძრაობის“  ინიციატორები  უკვე აშკარად ცდილობენ, ამ ბრძოლას ისტორიული ხასიათი შესძინონ, ესე იგი „რუსთავი-2“ -ის, როგორც ისტორიული ფენომენის დისკურსში განიხილონ, მაშინ, სამართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს შევნიშნოთ, რომ „რუსთავი-2“-ის დასაცავად გაშლილ მოძრაობაში არ მონაწილებენ და „მეტყველად სდუმან“  ის ჟურნალისტები, რომლებმაც შექმნეს ეს ტელევიზია თავის დროზე და რომლებიც არიან, სინამდვილეში, ნამდვილი „რუსთავი-2“:  ნათია ლაზაშვილი, ნინო ქაჯაია, ნათია ზამბახიძე, ნიკა ტაბატაძე, ნანა ლეჟავა, ეკა ხოფერია.

ეს ძალიან  ნიშანდობლივი ფაქტია. იგი  მკაფიოდ  ადასტურებს, რომ რამდენიც არ უნდა ეცადოს დღევანდელი „რუსთავი-2“  საკუთარი ისტორია უწყვეტად წარმოაჩინოს, სინამდვილეში,  2003 წლიდან - დღემდე რამდენიმე სერიოზული წყვეტა იყო, რომელიც მხოლოდ მლობელთა ცვლას არ უკავშირდებოდა: 1998 წლის, 2007 წლისა და დღევანდელი „რუსთავი -2“, შინაარსობრივად, სამი სხვადასხვა ტელევიზიაა!

კიდევ ერთი მომენტი, რაც უეჭვეად შეუშლის ხელს „რუსთავი-2“-ს,  მოიპოვოს პოლიტიკურად არაანგაჟირებული საზოგადოების ნამდვილად გულწრფელი თანადგომა, მისი გაუმჭვირვალობაა. მაგალითად: ვინ არის და რა არის  „ტელეკომპანია საქართველო“, რომელიც, როგორც ახლაღა ირკვევა, ფლობს „რუსთავი-2“ - ის საკონტროლო პაკეტს? რატომ არავინ არაფერი  იცის მის შესახებ? ვინ დგას (უფრო ზუსტად, ვინ და რა იმალება) ამ სახელწოდების მიღმა?

დღემდე ცნობილი იყო, რომ „რუსთავი-2“ -ს ფლობდნენ მიშას მეგობარი ბიზნესმენები - ყარამანიშვილები. თუმცა ირკვევა, რომ  51% რაღაც იდუმალ „ტელეკომპანია საქართველოს“ ეკუთვნის. 

სანამ ამ კითხვას მკაფიო პასუხი არ გაეცემა,  სანამ მფლობელებთან დაკავშირებულ გაუთავებელ გაურკვევლობებს ნათელი არ მოეფინება, ყველა ის ადამიანი, ვინც „რუსთავი 2“ - ის მხარდასაჭერად მზადაა, ქუჩაში გამოვიდეს, სერიოზული რისკის ქვეშ იქნება!

ხომ ელემენტარულია? თუ გინდათ,  ხალხმა მხარი დაიჭიროთ, მან უნდა იცოდეს ყველაფერი თქვენს შესახებ: 2001 წელს, როდესაც ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო ყოველივე: ტელეკომპანიას ჰყავდა მფლობელები, რომელთა სახელი და გვარი ყველა დაინტერესებულმა ადმიანმა იცოდა ან იოლად შეეძლო გაეგო.

ამ საკითხში გაუთავებელი გაურკვევლობა და იდუმალება კი ის სტიგმაა, რომელიც ხელს შეუშლის „რუსთავი-2“- ს მაშინდელივით მოიპოვოს საზოგადოების სრულიად გულწრფელი მხარდაჭერა: არ შეიძლება ხალხს შველას სთხოვდე და, იმავდროულად, უმალავდე, ვინ არის მფლობელი, ვინ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ბოლოს და ბოლოს, ვინ მართავს, რეალურად ტელევიზიას და ა.შ. 

ხოლო ის დემაგოგია, თითქოს „ამ თემებს ძირითად საკითხთან და სიტყვის თავისუფლების ღირებულებასთან კავშირი არა აქვთ“, ჩვენს პირობებში ნამდვილად არ გაჭრის: ნურას უკაცრავად, სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი და სანამ ამას არ იტყვით, არაგულწრფელები იქნებით.

რაც შეეხება ხელისუფლებას, იგი საკმაოდ  მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა  ამას ბოლომდე, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს. ეს მკაფიოდ მჟღავნდება სრულიად კომიკურ კომენტარებში: „ჩვენ სასამართლოს საქმეში არ ვერევით და როგორც სასამართლო გადაწყვეტს, ისე იქნებაო“. 

მაშასადამე, სრულიად გულწრფელად ჰგონიათ, რომ შეძლებენ „ხელი დაიბანონ“ და გვერდზე გადგნენ - „ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს დაგიჭამიათ ერთმანეთიო“.  არადა, პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას დაეკისრება. თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც სასამართლოს გადაწვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, ეს გადაწყვეტილება სწორედ ხელისუფლებამ, მისი „აღსრულების ბიურომ“ და ძალისმიერმა სტრუქტურებმა უნდა შეასრულონ.

მათ შორის (არ არის გამორიცხული) „სპეცდანის“ მეშვეობით, რომელსაც „აღსრულების  ბიურო“ იწვევს ხოლმე განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში. 

აი, მაშინ კი აფეთქდება, რაც აფეთდება!

2015