დათო შენგელიას მდევნელი საქართველოს მოღალატეა!

დათო შენგელიას მდევნელი საქართველოს მოღალატეა!

     საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ქართველ პარტიზანთა ერთ-ერთმა ლიდერმა, «ტყის ძმების» მეთაურმა დათო შენგელიამ გააკეთა სენსაციური განცხადება, რომ თუ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მის დევნას არ შეწყვეტენ, იგი იძულებული იქნება «აფხაზებს ჩაბარდეს».
    არა მგონია, დათო შენგელია მართლა აპირებდეს სეპარატისტებს თავი ხელში ჩაუგდოს, ვინაიდან ბოლო წლებში მან იმდენი ივაჟკაცა (ანუ იმდენი აფხაზი ფაშისტი გაჟლიტა გალსა და აფხაზეთის სხვა რაიონებში), რომ არძინბას ხროვა კარგ დღეს არ დააყრის. არძინბასთან მის შერიგებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
    მაშასადამე ამ განცხადებით შენგელია ცდილობდა საზოგადოების ყურადღება მიექცია იმ მდგომარეობაზე, რაც ამჟამად იქმნება პარტიზანთა გარშემო.
    ხელისუფლების დამოკიდებულება პარტიზანებისადმი ყოველთვის არაერთგვაროვანი იყო, ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებდა, პარტიზანები გვიშლიან ხელს აფხაზ თანამოძმეებთან მშვიდობიანი დიალოგის გამართვაშიო. თურმე, რომ არა ის გმირები, - ვინც არ შეურიგდა (დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით) სამარცხვინო მარცხს და ბრძოლას აგრძელებს, - სეპარატისტები აქამდე აღიარებდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ლტოლვილებსაც დააბრუნებდნენ.
    სწორედ ამ სულელური რწმენიდან მომდინარეობს პარტიზანთა დევნა სხვადასხვა მოტივით. ახლაღა გაახსენდა ზოგიერთს (არძინბას მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე), რომ დათო შენგელია თურმე კრიმინალია.
    მაშასადამე, სანამ საჭირო იყო ის კაცი, მისი წარსული არ აინტერესებდათ, ახლა კი, როცა არძინბასთან კომპრომისი დასჭირდათ, გაახსენდათ დათო შენგელიას ადრინდელი «მოღვაწეობა».
    არადა, ჩვენმა ხელისუფლებამ, თუ ჭკუა აქვს, ნებისმიერი პიროვნება, თუნდაც კრიმინალი, - არძინბას პრობლემად უნდა აქციოს და არა საკუთარ თავსატეხად.
    დათო შენგელია და მისი თანამებრძოლები საქართველოს არაფერს და ვერაფერს დაუშავებენ, სეპარატისტებს კი სერიოზული ზიანი მიაყენეს.
    ეს ეპიზოდი კვლავ ადასტურებს, რაოდენ უცნაურია ხელისუფლების დამოკიდებულება პარტიზანებისადმი. ფაქტობრივად, პარტიზანები წარმოადგენენ ერთადერთ ძალას, რომლისაც ეშინიათ სეპარატისტ-ფაშისტებს. სხვა პრობლემა (სინამდვილეში) არძინბას არც აქვს. აფხაზეთის ბლოკადა რეალურად არ ხორციელდება. არძინბისტებს შემოაქვთ ყველაფერი, რაც სურთ და სჭირდებათ, დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებით ელექტროენერგიაც არ აკლიათ.
    სხვა რაღა დარჩა? არძინბა უკვე ღიად აცხადებს, რომ საქართველო «მეზობელი სახელმწიფოა», რომელთანაც აფხაზეთი მხოლოდ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს თუ დაამყარებს - ისიც, თუ ძალიან შევეხვეწებით და სოხუმში ჩავალთ შესაბამის დოკუმენტთა ხელმოსაწერად (მთელი მსოფლიოს თვალწინ).
    მხოლოდ და მხოლოდ პარტიზანები უქმნიან არძინბას ნამდვილ პრობლემას. მხოლოდ და მხოლოდ მათი ეშინია არძინბას, ვინაიდან პარტიზანულმა რაზმებმა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გაცილებით მეტი ზიანი მიაყენეს, ვიდრე ბლოკადამ და თვით 1992-1993 წლების ომმა. სწორედ ქართული პარტიზანული რაზმები არ აძლევენ საშუალებას სეპარატისტებს, თავი «გამარჯვებულად იგრძნონ» და მშვიდად იცხოვრონ ქართველთა ნასახლარზე.
    არ არის შემთხვევითი, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში აფხაზეთიდან აფხაზთა ნახევარი რუსეთში გადაიხვეწა. ბევრი მათგანი იქ არასოდეს დაბრუნდება.
    ფაქტობრივად, ამით არძინბამ საკუთარ ხალხს მოუწყო გენოციდი, - ეს არის შედეგი მუდმივი დაძაბულობისა, რასაც აფხაზეთში ქართველი პარტიზანები ქმნიან.
    დათო შენგელიას რაზმმა კი (აგრეთვე «თეთრმა ლეგიონმა»), ასეულობით ფაშისტი მოსპო. გარდა ამისა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ისინი აფიქსირებენ, რომ პრობლემა არ არის აღმოფხვრილი. ესეც ძალზე აცოფებს არძინბას, მას ხელს აძლევს ისეთი ვითარება, როდესაც «საქართველო-აფხაზეთის» საზღვარზე სრული იდილია და სიწყნარე იქნებოდა.
    ამით დაფიქსირდებოდა თვით საზღვარიც; გარდა ამისა, თუ საქართველო კვლავ შეეცდებოდა ძალით აფხაზეთის შენარჩუნებას, არძინბა მისთვის ჩვეული თვალთმაქცობით «მხრებს აიჩეჩდა» - «წარმოგიდგენიათ, 6 წელი მშვიდობა იყო «მეზობელ სახელმწიფოებს» შორის, საქართველომ კი ახალი აგრესია წამოიწყოო».
    საქართველოს ხელისუფლებამ არათუ რეპრესიები უნდა განახორციელოს დათო შენგელიასა და სხვა პარტიზანთა წინააღმდეგ, არამედ პირიქით, - ყოველნაირად უნდა დაეხმაროს მათ;
    აბსოლუტურად გაუგებარია, რაში იხარჯება მილიონობით ლარი, რომელიც სახელმწიფომ «უშიშროების სამინისტროს» გამოუყო? სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სულაც არ არის საჭირო შეინახო ათეულობით ათასი უმაქნისი აგენტი, რომელიც რეალურად არაფრის გამკეთებელია.
    გაცილებით უფრო მიზანშეწონილი და გამართლებული იქნებოდა ორასიოდე პარტიზანის მოვლა, - მათი შეიარაღება, უზრუნველყოფა და გაწვრთნა;
    დივერსიული საქმის ათი ათასი შესანიშნავი სპეციალისტია მთელ მსოფლიოში. რა გახდა (თუ ჩვენ არა გვყავს) ოციოდე მათგანის ჩამოყვანა საქართველოში, რათა ნამდვილად შეასწავლონ «დივერსიული საქმე» პარტიზანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნამდვილად არაპროფესიონალურად მოქმედებენ.
    პროფესიონალურად, კვალიფიციურად მოქმედების შემთხვევაში კი სეპარატისტებს გაცილებით მეტი ზიანი მიადგებოდათ. თუმცა, არც ახლა არის გვიან.
    პარტიზანული მოძრაობა აფხაზეთში არ ჩამცხრალა და არც ჩაცხრება; თუ ჩვენი ხელისუფლება ბრიყვულად არ მოიქცევა და თავად არ დაიწყებს პარტიზანთა დევნას.
    დათო შენგელიას «სამართალდამცავებმა» თავი უნდა დაანებონ. წარსულში რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, დღეს ეს კაცი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვის.
    მხოლოდ ამიტომ შეიძლება მის ფიგურას «არასტანდარტულად» მივუდგეთ. ვიმეორებ: დათო შენგელია «არძინბას პრობლემად» უნდა დარჩეს. ჩვენივე სიბრიყვით იგი «საკუთარ პრობლემად» არ უნდა ვაქციოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ შენგელიას დევნას ახორციელებენ პოლიციაში და უშიშროებაში შემძვრალი პროვოკატორები, რომელთაც ამ გზით სურთ პარტიზანული მოძრაობის შესუსტება.
    დათო შენგელიას დევნა, მით უმეტეს, მისი დაპატიმრება საბოლოოდ გაუტეხს გულს პარტიზანებს. ამაზე უარესს საქართველოს მოსისხლე მტერიც ვერ მოიფიქრებს!!! ქართველ გმირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან და ფაშისტებს ჟლეტენ - თვით მაისის მოვლენებმაც ვერ გაუტეხა გული, ვერ ააღებინა ხელი ბრძოლაზე. ახლა მაინცდამაინც გვინდა ის ხალხი «ქვეყნის მტრებად» ვაქციოთ.
    რა თქმა უნდა, თუ შეუჩნდები, თუ საქმეს არ დაუფასებ, თუ დაპატიმრებას მოუნდომებ, შეიძლება მართლა მტრად გექცეს, - რატომ ვიქმნით დამატებით პრობლემებს, როდესაც ისედაც თავზესაყრელი გვაქვს?

მერიდიანი, 8 თებერვალი, 1999 წელი