შევარდნაძემ განაცხადა, რომ გამოჰყავს ჯარები აფხაზეთიდან

შევარდნაძემ განაცხადა, რომ გამოჰყავს ჯარები აფხაზეთიდან

«ეროვნული ტრადიცია»

    ღმერთი სამობითო - ნათქვამია. «მესამე ცდისას» ძლივს ძლივობით შეძლო ამ ჩვენმა პარლამენტმა კვორუმის მოგროვება. და ეს იმ დღეს, როდესაც ფაქტობრივად ქვეყნის ბედი წყდება - სოჭში ხელი ეწერება საქართველოსათვის საბედისწერო ხელშეკრულებას, რომლის შედეგებზე ალბათ საუკუნეთა განმავლობაში იმსჯელებს ქართველთა მომავალი თაობა.
    ბუნებრივია, ამ სხდომაზეც წარმოიშვა ეს საკითხი მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურმა მოკლე ინფორმაცია გამოაქვეყნა.
    მისი თქმით, გუდაუთის მხარემ თანხმობა განაცხადა ხელი მოაწეროს სამმხრივ ხელშეკრულებას აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აფხაზეთის მხრიდან სოჭში მიემგზავრება არძინბას ერთ-ერთი მოადგილე, საქართველოს მხრიდან - პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე, ხოლო რუსეთის მხრიდან (შევარდნაძის ინფორმაციით) ანდრეი კოზირევი.
    მრავალმა პარლამენტარმა იმთავითვე აღნიშნა, რომ ვახტანგ გოგუაძეს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს, არა აქვს იურიდიული უფლება, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რადგან პარლამენტს ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია. უფრო სწორად, პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას დააკისრა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თავად წინასწარ გაემიჯნა გადაწყვეტილებას. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს სავსებით გამართლებულია, რადგან სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში სჯობს მთელი პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებას დაეკისროს, ვიდრე მოხდეს პარლამენტისა და პარლამენტარიზმის საბოლოო დისკრედიტაცია.
    შევარდნაძემ სხდომა დატოვა იმ მოტივით, რომ მას მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონოდა თავის წარმომადგენლებთან სოჭში, რათა დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესი მისი კონტროლის ქვეშ განხორციელებულიყო. დეპუტატებმა კი განაგრძეს დისკუსია პრობლემის ირგვლივ.
    «რესპუბლიკელთა» ფრაქცია გამოვიდა განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ უმძიმესი მარცხი განიცადა აფხაზეთში. ამ მარცხის მიზეზი იყო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემისადმი არასწორი მიდგომა. შევარდნაძის ძალისხმევით ქვეყანამ თავი დააღწია საერთაშორისო იზოლაციას, მაგრამ რაც შეეხება რუსეთთან დამოკიდებულებას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებას - აქ თითქმის არავითარი პროგრესი არ არის.
    ნიკო ჭავჭავაძის თქმით, მას «შურს იმ ადამიანების, რომლებმაც ზუსტად იციან, მისაღებია თუ არა ეს ხელშეკრულება საქართველოსათვის. ჩვენ თავიდანვე უნდა გაგვეცნობიერებინა - ვინ გვეომებოდა, უნდა გაგვემიჯნა ერთმანეთისაგან უშუალოდ მტერი და ის, ვისი ხელითაც მტერი გვებრძოდა. ეს ჩვენ არ გავაკეთეთ - რაც უდიდესი შეცდომა იყო».
    «ილია ჭავჭავაძის საზოგადოება» სხდომაზე გამოვიდა უაღრესად მტკიცე საპროტესტო განცხადებით, რომლითაც მკაცრად დაგმო ხელშეკრულება, როგორც სამარცხვინო და არაფრის მომტანი კაპიტულაცია.
    შესვენებისას ზოგიერთებმა ბრალი დასდეს საზოგადოების დეპუტაციას, რომ ისინი ხელს უწყობდნენ ქართული ჯარის დემორალიზაციას და თითქოს სწორედ ამიტომ გამორბიან ჯარისკაცები ფრონტიდან.
    გაუგებარი ბრალდებაა! - რა უფრო უწყობს ხელს ჯარის დემორალიზაციას: ილია ჭავჭავაძის საზოგადოების განცხადება თუ უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც საქვეყნოდ ჩამოსტირის სახე?
    «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» განცხადებაში ყველაზე პრინციპული მომენტი იყო მათი დამოკიდებულება გაეროს დამკვირვებელთა მონაწილეობისადმი ცეცხლის შეწყვეტის პროცესში. სავსებით სამართლიანად აღინიშნა, რომ ეს არის კოსმეტიკური ღონისძიება, რომლის მიზანია შენიღბოს რუსული არმიის ჭეშმარიტი სახე და როლი ამ პროცესში.
    ვახტანგ რჩეულიშვილი შეეცადა დაემშვიდებინა დეპუტატები და აცნობა: «ნატოს ხელმძღვანელობამ იმსჯელა აფხაზეთში შექმნილი ვითარების შესახებ და მიესალმა საქართველოს მცდელობას, რუსეთის დახმარებით, მშვიდობიანად მოაგვაროს კონფლიქტი».
    ჩემი აზრით, ეს ამბავი სრულებითაც არ არის ისეთი სასიხარულო (თუ ჩავუფიქრდებით) როგორც პირველი შეხედვით ჩანს.
    პარლამენტმა იმსჯელა სხვა საკითხებზეც - განიხილეს და მთლიანობაში მიიღეს კანონი პოლიციის შესახებ. ამ დროს კი თავად პოლიცია (როგორც ჩანს ხელისუფლებისადმი თავისი ლოიალობის დასადასტურებლად) აქტიურად მოქმედებდა პარლამენტს გარეთ. ყოფილი უზენაესი საბჭოს შენობის წინ ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა გამართეს მცირერიცხოვანი მიტინგი (რომელსაც ორასი ადამიანი დაესწრო) რუსეთ-საქართველო-აფხაზეთის ხელშეკრულების წინააღმდეგ. ეს მიტინგი სასტიკად იქნა დარბეული. რამდენიმე ქალი წიხლებით სცემეს.
    როგორც ჩანს, ქალების ცემა ჩვენი ეროვნული ტრადიცია ხდება. ბოლოს და ბოლოს ამ ტრადიციის წინააღმდეგ იმ ჟურნალისტებმა მაინც ხომ უნდა ამოვიღოთ ხმა, ვინც ქვეყანა შევძარით (რუსეთის ჩათვლით) 2 სექტემბრის ინციდენტის გამო. ნუთუ ვერ ვხვდებით, რაოდენ სამარცხვინოა, რომ ქვეყანა თავსლაფის დამსხმელ ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, ამ დროს ქალები პროტესტს გამოთქვამენ და ამ ქალებს «ვაჟკაცურად» ერევიან მამაკაცები.
    დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თვით მისი ყველაზე გულმხურვალე მომხრეებიც კი გადაუდგებიან, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა. გარდა ამისა, საზოგადოებაში უკმაყოფილო სოციალური ელემენტი არ დაილევა და ერთ «მშვენიერ დღეს» რომელიმე «მორიგი» მიტინგის დარბევამ შესაძლოა იგივე ეფექტი გამოიღოს, როგორიც «2 სექტემბრის დარბევამ» გამოიღო გამსახურდიას რეჟიმისათვის.

«ივერია-ექსპრესი», 28 ივლისი, 1993წ.