დაიშლება თუ არა ნაცმოძრაობა?!

დაიშლება თუ არა ნაცმოძრაობა?!

 

ერთ დროს ძლევამოსილ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ერთიანობას აშკარად წყალი შეუდგა. ამის ყველაზე მკაფიო  ნიშანი ახლახანს ჩატარებული პოლიტსაბჭოს სხდომა გახლდათ. საბჭოს ე.წ. „პრო-მიშისტურმა“  ჯგუფმა სულ რაღაც 1 ხმის უპირატესობით (25/24) დაამარცხა გიგა ბოკერიას დაჯგუფება. შესაბამისად,  პარტიის ყრილობა შედგება იანვარში, მას დაესწრება7000 დელეგატი და თავმჯდომარის პოსტი კვლავ ვაკანტური დარჩება,  როგორც ეს „მიშისტებს“ სურდათ. პოლისაბჭოზე გიგა ბოკერიას და მისი ჯგუფს, რომ გაემარჯვათ, ყრილობა იქნებოდა დეკემბერში და მხოლოდ 2158 დელეგატით, პარტია აირჩევდა ახალ თავმჯდომარეს, სავარაუდოდ დავით ბაქრაძეს, რომელიც დიდი ალბათობით ბოკერიასგან იქნებოდა მართული. ამით ოფიციალურად გაფორმდებოდა სააკაშვილის პარტიის ლიდერობიდან  ჩამოშორება და მართვის სადავეების გადასვლა ბოკერიასა და მისი ჯგუფის ხელში. ასეა თუ ისე,   პირველი რაუნდი სააკაშვილმა მოიგო და სხდომის შემდეგ თავის მიმართვაში საგანგებოდ „მოიკითხა“ ისინი, ვინც „პარტიისაგან მის დისტანცირებას“ გეგმავდა.

 საგულისხმოა, რომ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს არანაირად არ გამოეხმაურა ციხეში მყოფი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. არ არის გამორიცხული, რომ ის პროცესებს აკვირდება და სათქმელს მაშინ იტყვის, როდესაც ამას ყველაზე დიდი ეფექტი ექნება.

„ნაცმოძრაობის“ მიშისტური ფრთის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ  სწორედ სააკაშვილია პარტიისათვის ელექტორატის მოზიდვის მთავარი რესურსი.

ბოკერიას და მისი გუნდის მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილი პარტიისათვის უფრო ზიანის მომტანია და პარტიიდან მისი დისტანცირებით „ნაცმოძრაობა“  მერყევ ამომრჩევლებს მიიზიდავს, ეხმიანება „ნაცმოძრაობის“ ერთ დროს გავლენიანი „იდეოლოგის“ ლევან რამიშვილის წერილი.  რამიშვილი ქართული პოლიტიკური სივრცის „სისტემური გადატვირთვის“ სასიცოცხლო აუცილებლობაზე, კრიზისში მყოფი პროდასავლური პარტიების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციასა და ახალი დემოკრატიული ძალის შექმნაზე საუბრობს.  დიდი მიხვედრილობა არ სჭირდება იმას, რომ ამაში სწორედ ბოკერიას ეგიდით შექმნილი განახლებული „ნაცმოძრაობა“ მოიაზრება, რომელიც როგორც წერილში წერია, „არ იქნება „ეგომანიაკის“ პერსონალური ამბიციების იარაღი.“

და მაინც, არის სააკაშვილი „ნაცმოძრაობისათვის“ ამომრჩევლის მოზიდვის მთავარი და უცვლელი რესურსი, თუ პირიქით, მისი ფაქტობრივი ლიდერობა „ნაცმოძრაობას“ ამომრჩეველს აკარგვინებს?

დავუშვათ, რომ იმ 477 ათასმა ამომრჩეველმა ვინც ოფიციალური მონაცემებით „ნაცმოძრაობას“ მხარი დაუჭირა, ეს შეგნებულად გააკეთა და არა  მოსყიდვით თუ სხვა მანიპულაციებით.  რადგან ამაზე კვლევა არ ჩატარებულა, არავინ იცის ზუსტად, არჩევნებზე „ნაცმოძრაობისათვის“ მათი მხარდაჭერა სააკაშვილთან იყო ასოცირებული, თუ კოლექტიურ  „ნაცმოძრაობასთან“  თავის „ახალი“ და „ძველი“ სახეებით?

თუ არჩევნებზე სააკაშვილის ფაქტორი ნეგატიურ როლს თამაშობდა, როგორც ბოკერიას ფრთა მიიჩნევს, მაშინ რაში დასჭირდათ სასწრაფო წესით სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის ჩართვა საარჩევნო კამპანიაში? იმიტომ ხომ არა რომ საარჩევნო კამპანია უფრო მეტად ყოფილიყო ასოცირებული სააკაშვილთან და  მის დაბრუნებასთან გამარჯვების შემთხვევაში?

სააკაშვილი რომ ნებაყოფლობით გამიჯნოდა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას უკრაინის მოქალაქეობის და ოდესის გუბერნატორობის  მომიზეზებით და სადავეები ასე ვთქვათ „კოლექტიური ნაცმოძრაობისათვის“ დაეტოვებინა, რამდენად შეძლებდა პარტია  ამ რაოდენობის ელექტორატის აკრეფას?  საქართველოში ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ამომრჩევლის სიმპათიები თუ მხარდაჭერა ამა თუ იმ პარტიის მიმართ ძირითადად ლიდერისადმი დამოკიდებულებით  არის განპირობებული და პარტიული პროგრამაც ლიდერის  პრიზმაში განიხილება თუკი საერთოდ განიხილება.  რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი ამ წესიდან „ნაციონალური მოძრაობა“?  პარტიის საარჩევნო პროგრამაც და დაპირებებიც ამომრჩევლის თვალში სწორედ სააკაშვილზე პროეცირდებოდა, რომლის დაბრუნების მოლოდინშიც იყვნენ „ნაციონალების“ მხარდამჭერები.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არცერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში არც ბოკერია და მისი ჯგუფის წევრები (დავით ბაქრაძის გამოკლებით) და არც მათ მიერ პარტიულ სიაში შემოყვანილი ე.წ. „ახალი სახეები,“  არ მოხვედრილან საზოგადოების მოწონების ან ნდობის ველში.  ამიტომაც,  დიდი ალბათობით  „ნაცმოძრაობამ“ მისი სტაბილური ელექტორატის ხმების დიდი ნაწილი და მერყევი ამომრჩევლის მცირე სეგმენტი სწორედ  სააკაშვილის  და სანდრა რულოვსის აქტიური ჩართულობის მეშვეობით მიიღო. სანდრა რულოვსს კი, როგორც სააკაშვილის დესპანს, რეგიონიდან რეგიონში დაატარებდნენ აგიტაციისათვის სადაც ის  ფაქტიურად სააკაშვილს განასახიერებდა.  მაშინ ბოკერია და მისი გუნდი დელიკატურ დუმილს ინარჩუნებდნენ.   

ძალიან მყიფე და არადამაჯერებელია   ბოკერიასა და მისი ჯგუფის არგუმენტები, რომ სააკაშვილის აგრესიულმა რიტორიკამ და რევოლუციისკენ მოწოდებებმა,  დააფრთხო და გააღიზიანა ელექტორატის გადაუწყვეტელი ნაწილი.  სინამდვილეში სააკაშვილის გამოხდომებმა  ის გააკეთა, რომ „ქართული ოცნების“ პასიური ამომრჩევლის მობილიზებას შეუწყო ხელი. ბევრი მათგანი ვინც არჩევნებზე მისვლას არ აპირებდა, მივიდა და ხმა „ოცნებას“ მისცა იმის შიშით რომ „ნაციონალები“ არ მობრუნებულიყვნენ.  სწორედ მათმა ხმებმა შეიტანეს საკმაო წვლილი „ნაციონალების“ დამარცხებაში. ხოლო  მერყევი საარვისო ამომრჩეველი (40-45%), რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი არჩევნების ბოიკოტი, საკუთარი გადაწყვეტილების ბოლომდე ერთგული დარჩა და სააკაშვილის ფაქტორი მათზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა.

საზოგადოება დღემდე  მარჩიელობს „ნაცმოძრაობაში“ დაწყებული რღვევის პროცესი (ჯერ  ზურაბ ჯაფარიძის და მისი ოთხეულის , შემდეგ გიორგი ვაშაძის წამოსვლა და ბოლოს გიგა ბოკერიას და მისი ჯგუფის ბუნტი) შიდაპარტიული პროცესებით არის გამოწვეული, თუ გარედან ინიცირებული, როგორც ამას მართლმორწმუნე „მიშისტები“ ირწმუნებიან?  ალბათ, ერთიც და მეორეც სხვადასხვა დოზით.  თუმცა, ისიც უნდა აღნიშნოს რომ პარტიაში ბოლო დროს კულტივირებულმა კულუარულობამ და კლანურ-კლუბურმა მიდგომებმა,  რომლებზედაც  უჩვეულო გულახდილობით ისაუბრა თავის ვრცელ ინტერვიუში  „ნაცმოძრაობის“ ერთ ერთმა აქტიურმა სახემ ჩიორა თაქთაქიშვილმა, დააჩქარა შიდაგანხეთქილება.  

ასეა თუ ისე, პარტიაში რღვევის პროცესი დაწყებულია და „ნაცმოძრაობა,“ რომელსაც შეუძლია წარბშეუხრელად გაასაღოს დამარცხება გამარჯვებად, დიდხანს ვეღარ შეძლებს პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების  უბრალო აზრთა სხვადასხვაობად წარმოჩენას. ბოლოსდაბოლოს,  პოლიტიკურ პარტიაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობის ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემდეგაც განსხვავებული  პოზიციების მქონეთ ცივილური გაყრის გარდა არაფერი დარჩენიათ.  შიდა პარტიულ ფრაქციულობას  და დისიდენტების არსებობას „ნაცმოძრაობა“  ბუნებრივია არ დაუშვებს და ამას არ დაუშვებს არც სააკაშვილი.   

 „ნაცმოძრაობაში“ დაწყებულ  დაპირისპირებას შეიძლება ჰქონდეს ორი სცენარი. 

პირველი : ბოკერიას დაჯგუფება ნებდება და აცხადებს, რომ პარტიის ერთიანობის გადასარჩენად დღის წესრიგიდან ხსნის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს და აღიარებს სააკაშვილს პარტიის ფაქტობრივ ლიდერად. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს შეფუთავენ ოლიგარქთან ბრძოლის, საქართველოს ევროატლანტიკური ვექტორის გადარჩენის და სხვა კეთილშობილური მოტივებით.  თუმცა, ასეთი სცენარი ნაკლებსავარაუდოა. მხარეებმა დაპირისპირებაში უკვე საკმაოდ ღრმად შეტოპეს.  თანაც, დამარცხებულის სტატუსით პარტიაში დარჩენა ბოკერიას პოლიტიკურ გავლენას მინიმუმამდე დაიყვანს

მეორე: ხორციელდება სცენარი, რომლის მიხედვითაც,  ბოკერია და მისი მომხრეები გადიან „ნაცმოძრაობიდან,“ თან მიჰყავთ პარტიის ე.წ. „ახალი სახეები,“  ქმნიან ახალ პოლიტიკურ მოძრაობას და შესაბამისად  ახალ „ფრაქციას“ პარლამენტში.  შესაბამისად, ორად გაიყოფა „ნაცმოძრაობის“ ელექტორატიც, აქედან გამომდინარე შედეგებით.  

მართალია, გადამწყვეტი ბრძოლა  ალბათ პარტიის ყრილობაზე შედგება,   მაგრამ თუ პროცესები მეორე სცენარით წავიდა,  „ნაცმოძრაობა“ მისი წინამორბედის -  „მოქალაქეთა კავშირის“ ნაკვალევს გაჰყვება.  

2016