პუტინი, ბიჭვინთა და აფხაზთა ლოიალობის ისტორიული კოდი

პუტინი, ბიჭვინთა და აფხაზთა ლოიალობის ისტორიული კოდი

აფხაზეთში კვლავინდებურად გრძელდება `მასათა მძვინვარება` მოსკოვის მოთხოვნასთან დაკავშირებით: პუტინისათვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თააობაზე.

რუსი ექსპერტები უკვე ერთხმად აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ სპეციალურად მოაწყო ეს ისტერია, რათა შემდეგ `მხრები აეჩეჩა`: `აბა რა ვქნათ, ხომ ხედავთ საზოგადოება წინააღმდეგია და.....`

სინამდვილეში კი, აფხაზეთის ხელისუფლებას, `პრეზიდენტ ბჟანიას` თავადაც არ სურს ბიჭვინთის გადაცემა რუსებისთვის. ანუ პუტინისთვის.

ამჯერად აქ საინტერესოა არგუმენტი, რომელიც აფხაზებს ყველაზე ხშირად მოაქვთ თემაზე რუსებთან პოლემიკაში: `აფხაზეთში ხომ რუსული სკოლები ბევრად მეტია, ვიდრე აფხაზური სკოლები და.....`

ანუ ის, რომ აფხაზები `რუსულენოვანები` არიან უკვე, ამას `ამადლიან` რუსებს, როგორც `აფხაზური ლოიალობის` მტკიცებულებას: `ჩვენ ხომ შვილებს რუსულ სკოლებში ვზრდით და.....ჩვენ ხომ სახლში, ოჯახშიც კი რუსულად ვლაპარაკობთ და.....მაინც გინდათ გვაწყენინოთ?`

ეს ისტორიული ნარატივია: აფხაზებმა სწორედაც ისტორიულად იმის მეშვეობით მოიპოვეს რუსეთის იმპერიის კეთილგანწყობა საქართველოსთან სეპარატისტული დაპირისპირებისას, რომ რუსები თემას ასე აღიქვამდნენ მუდამ: `ქართველებისგან განსხვავებით, აფხაზები რუსულენოვანები არიან, ქართველები კი თავისი ენით ამაყობენ, საკუთარი დამწერლობით ამაყობენ, შვილები ქართულ სკოლებში შეჰყავთ, ქართული სკოლა ბევრად მეტია საქართველოში, ვიდრე რუსული სკოლა` და ა.შ.

იმავე ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, `რუსული ენა` აფხაზებისთვის (საქართველოსგან განსხვავებით) ისევე იქცა რუსული იმპერიისადმი ლოიალობის `მარკერად, სიმბოლოდ და საბუთად`, როგორც მანამდე, XVI საუკუნიდან, ისლამი, ნაცვლად ქრისტიანობისა, იქცა თურქეთის (ოსმალთა) იმპერიისადმი ლოიალობის `მარკერად, სიმბოლოდ და საბუთად`....ისევ და ისევ საქართველოსგან განსხვავებით.

ამ `ლოაიალობის` პასუხად და ერთგულების ჯილდოდ, რუსეთის იმპერიამ უზრუნველჰყო სეპარატისტთა გამარჯვება საქართველოზე XX საუკუნეში;

ისევე, როგორც იმავე `ლოიალობის საბუთის`(ქრისტიანობის განგდების და ისლამის მიღების) `ჯილდოდ` ოსმალთა იმპერიამ უზრუნველჰყო, რომ საუკუნეთა მანძილზე აფხაზებს უპირატესობა ჰქონდათ მეზობელ, საბრალო ქართულ ქრისტიანულ სამეფო-სამთავროებზე: ქრისტიან (ქართველ) ბავშვებს იპარავდნენ, იტაცებდნენ და ანაკლიიდან გემით სტამბულის მონათა ბაზრებზე მიჰყავდათ, სადაც ხარჭებად ჰყიდდნენ.

საზარელი ისტორიული სიმართლეა, რომელიც აფხაზებს ძალიან არ მოეწონებათ, თუმცაღა მაინც სიმართლეა.

ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ამავე თემაზე აფხაზეთის ექს-პრეზიდენტმა, რაულ ჰაჯიმბამ. კიდევ იმიტომაცაა ეს განცხადება მნიშვნელოვანი, რომ ჰაჯიმბა აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნომენკლატურა იყო 2004 წლიდან, როცა თვით არძინბა პოლიტიკას ჩამოშორდა პარკინსონის დაავადების გამო.\

ჰაჯიმბას თქმით, ის კატეგორიულად წინააღმდეგია ბიჭვინთა საკუთრებაში გადაეცეს მოსკოვს რადგან......(დავაკვირდეთ ამ არგუმენტს) `მოსკოვი ცდილობს ამით შექმნას პრეცედენტი, რომ აფხაზეთმა თუნდაც მიწის პატარა ნაგლეჯი გადასცეს სხვა სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში რუსეთს და ამას უეჭველად გამოიყენებს რათა შემდეგ მოგვთხოვოს სხვა ტერიტორიები, მოგვთხოვოს რუსებზე არა მხოლოდ ბინების არამედ მიწის ყიდვა-გაყიდვა`.

ანუ აფხაზებს ახლა მართლაც ეშინიათ `პრეცედენტის` და იმის, რომ თუ ბიჭვინთას დათმობენ, მოსკოვი მიუსერასაც მოითხოვს, მერე აფხაზეთის კონსტიტუციაში ბინების და მიწების ყიდვა-გაყიდვის დაკანონებას მოითხოვს რუსებისთვის...... არადა ეს ბინები სოხუმს თურქეთში და სირიაში მცხოვრები აფხაზებისთვის უნდათ `დაარეზერვონ`. ისევე, როგორც მიწებიც.

`ბინებში` იგულისხმება ქართველ ლტოლვილთა ბინები!

ყველა რუსსაც, ვინც აფხაზეთი ომის დროს და ომის მერე, 1993-2000 წლებში დატოვა, აფხაზებმა ბინები ჩამოართვეს.

მერე, როცა ეს რუსები დაბრუნდნენ და მათი ბინების ახალ აფხაზ მფლობელებს უთხრეს: `ეს ხომ ჩვენი ბინაა, რა უფლებით დაამტვრიეთ კარი და შეხვედითო`, აფხაზებმა უპასუხეს: `ეს ბინა თქვენი არასდროს ყოფილა, მუდამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო - თქვენ ხომ მისი პრივატიზება არ გაგიკეთებიათო`.

საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ, ყველამ, ვინც ვცხოვრობდით საბჭოთა საქართველოში, ბინების პრივატიზება (მანამდე ყველა ბინა სახელმწიფოს საკუთრება იყო) განვახორციელეთ 1990 წლის საქართველოს სსრ (გივი გუმბარიძის ხელისუფლების) უმაღლესი საბჭოს კანონის და იმდროინდელი მინისტრთა საბჭოს დადგენილების შესაბამისად, ოღონდ....აფხაზებმა უკვე მაშინ იეშმაკეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამ დადგენილების და კანონის მოქმედება შეაჩერეს.

ეს ჯერ კიდევ სსრკ არსებობისას მოხდა, რაც კიდევ ერთი უეჭველი მტკიცებულებაა, რომ აფხაზები უკვე მაშინ ემზადებოდნენ ბევრი რამისთვის.

კვლავინდებურად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ რუსები წნეხს გააძლიერებენ, აფხაზები აუცილებლად შეეცდებიან დაიწყონ როგორც ყოველთვის ეშმაკური თამაში ქართულ მხარესთან, ოღონდ თვალთმაქცურად, მოჩვენებითად და არა იმ მიზნით, რათა რაიმე კომპრომისს მიაღწიონ. თუნდაც გალში ქართველი ბავშვების ქართულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით.

ამ ეშმაკური `თამაშის` მთავარი ნარატივი უკვე ჟღერს აფხაზურ ბლოგოსფეროში რუსი ელჩის `თავხედობის` პასუხად: `ასე თუ გააგრძელებთ, აფხაზი ერის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ შეიცვლება და ფსოუზე მალე NATO-ს ჯარები დადგება`.

მაღალი ალბათობით მოსალოდნელია, რომ მოსკოვი ამჯერად უკან დაიხევს, რუსეთის ელჩი აფხაზების გამაღიზიენებელ განცხადებებს შეწყვეტს, მაგრამ......კრემლი აუცილებლად ჯერ შეამცირებს, შემდეგ კი სულ შეწყვეტს აფხაზეთის დოტირებას.

ოღონდ თანდათან გაუმწარებს სიცოცხლეს.

ერთბაშად არა.

ამას მოითხოვს იმპერიული ტექნოლოგია.

აფხაზეთი 100%-ით დამოკიდებულია რუსეთის რესურსებზე. აბა ჩამოვთვალოთ:

ა) პირდაპირი ფინანსური დოტაციები აფხაზეთის ბიუჯეტში;

ბ) რუსულ ბაზარზე აფხაზური ლიმონის, მანდარინის, კივის, ფეიჰოას და ა.შ გაყიდვა - სხვაგან ვერსად გაყიდიან....ლოგისტიკურად ყველა გზა რუსეთზე გადის. მაგალითად, ბელორუსში ვერ გაიტანენ რუსეთის გვერდსი ავლით, ზღვასაც რუსული გემები აკონტროლებენ;

გ) რუსი ტურიტები - სხვა აფხაზეთში არავინ ჩადის

დ) გაზაფხულობით, როცა საქართველოს დაჩაგვრით ენგურჰესიდან მოპარული ელექტროენერგია არ ჰყოფნით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის რუსეთიდან, მათ შორის კოდორის ხეობაზე გამავალი` კავკასიონის` მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით ხდება.

ამ ელექტროგადამცემ ხაზს აფხაზური მხარე 2008 წლის 10 აგვისტოს შემდეგ აკონტროლებს. მანამდე ვერ აკონტროლებდა.

დათო