დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის პერმანენტული ხდება

დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის პერმანენტული ხდება

  

    რამდენიც უნდა ეცადოს ქართული საზოგადოება არ შეამჩნიოს, «ხუმრობაში გაატაროს» ან მესამეხარისხოვანი (არაჭეშმარიტი) ფაქტორებით ახსნას ის, რაც ამჟამად აჭარის გარშემო ხდება - ამ მცდელობიდან არაფერი გამოვა.
    ვითარება ძალზე სერიოზულია და დღითი დღე უარესდება. კონფლიქტი უკვე მხოლოდ განცხადებებით არ ამოიწურება. აჭარის უზენაესმა საბჭომ მიიღო რამდენიმე სერიოზული გადაწყვეტილება. მაგალითად, შემოღებულია «აჭარის მეთაურის» პოსტი. შეტანილია სხვა ცვლილებებიც ავტონომიის კონსტიტუციაში. ოფიციალური თბილისი ამ ცვლილებებზე რეაგირებას არც ახდენს და ვერც ახდენს, ვინაიდან ამჟამინდელი ურთიერთობა ავტონომიასა და ცენტრს შორის,იურიდიულად არ რეგულირდება; რაოდენ საზარელიც უნდა იყოს ამის თქმა, რაიმე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა აჭარის ავტონომიის უფლებამოსილებას საქართველოს შემადგენლობაში, ამჟამად არ არსებობს; კონსტიტუციაში გამოტოვებულია თავი ქვეყნის «ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის» შესახებ, ხოლო აჭარის ტერიტორიაზე კვლავინდებურად აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია მოქმედებს - მცირეოდენი ცვლილებებით...
    ალბათ, სწორედ ეს ქმნის დაძაბულობის ფონს - არ არის განსაზღვრული ავტონომიის ხელისუფლებისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილება. ყველაზე უცნაური კი მაინც ის არის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა საკუთარი თავის გამომრიცხავი დებულება: «ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა განისაზღვრება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ», რაზეც, მაგალითად, აფხაზები გვპასუხობენ, რომ ასეთი დებულება თავისთავად აბსურდია, ვინაიდან სწორედ აფხაზეთის სტატუსის (ანუ საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის განსაზღვრის) პროცესში შეიძლება აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა; ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, «ჯერ განისაზღვროს სტატუსი და მხოლოდ ამ საფუძველზე აღდგეს მთლიანობა». ესეც, რა თქმა უნდა, დემაგოგიაა, - უფრო საბაბია მოლაპარაკებათა ფარსად გადასაქცევად.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, ვითარება აჭარაში საკუთარი სპეციფიკით გამოირჩევა. იურიდიული შეუთანხმებლობა და სტატუსის ფორმალური გაურკვევლობა მაინც მხოლოდ შედეგია და არა სიღრმისეული მიზეზი.მიზეზი ასლან აბაშიძის ფიგურის «სპეციფიკურობაზეც» ვერ დაიყვანება. საქმე გაცილებით რთულად არის.
    საშინელი რეაქცია გამოიწვია ბათუმში გიორგი ბარამიძის განცხადებამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით. არადა, ბარამიძეს ნამდვილად არ უთქვამს «ავტონომია უნდა გავაუქმოთო». მან მხოლოდ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, «ეს ავტონომია ხელოვნურია». ამას ისეთი აურზაური მოჰყვა, თითქოს ბარამიძემ მთელი ისტორიის განმავლობაში პირველმა თქვა «აჭარის ავტონომია ხელოვნურიაო».
    რაც ყველაზე ანეკდოტურია, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციაც ისეა გასუსული, თითქოს თავად არასდროს უთქვამს რაიმე «ავტონომიის კანონიერება-უკანონობის თაობაზე». მაგრამ აბა გავიხსენოთ, ბატონებო, რა ლოზუნგები გამოგქონდათ 1988-89 წლებში მიტინგებზე?! სად იყო მაშინ «მოქალაქეთა კავშირი»? კი, მაგრამ დღეს გაისმა მხოლოდ პირველად «საქართველოში ავტონომიები საბჭოთა რუსეთმა შეგვიქმნა ქვეყნის დასასუსტებლად და დასაქუცმაცებლადო?» დღეს ითქვა პირველად, რომ ეს ავტონომიები «საქართველოს სხეულში ჩადებული ნაღმებია?»
    სხვა საკითხია რამდენად სამართლიანია ამგვარი შეფასება (ვთქვათ) აჭარის მიმართ. მაგრამ ამას ჯერ კიდევ «ეროვნული მოძრაობის» გარიჟრაჟზე ამბობდნენ და თემა დღევანდელი გამოგონილი ნამდვილად არ არის. ეტყობა, პრობლემის არსიც სწორედ ამაში უნდა ვეძიოთ: არსებობს სერიოზული შეუთანხმებლობა აჭარის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტი! საჭიროა ამ შეუთანხმებლობის ობიექტთა დასახელება: «თბილისისა» და «ბათუმის» ელიტები! სწორედ მათ შორის არსებობს შეუთანხმებლობა; უთანხმოების საგანია აჭარის სტატუსი. თუმცა, არც აჭარის ელიტა, არც თბილისის ელიტა საეჭვოს არ ხდიდა ყოფნას საქართველოს შემადგენლობაში. ეს გამორიცხულია. მაშასადამე, აზრთა სხვაობას იწვევს, ჯერ ერთი, უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხი და (რაც მთავარია) საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია. აჭარის ელიტას და თბილისურ ელიტას რუსეთისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. აქაც მხოლოდ სუბიექტური ფაქტორი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს; ეს იმავე 1988-89 წლებში შეიძლებოდა შეგვემჩნია; გარკვეული განხეთქილება ელიტათა შორის უკვე მაშინ იკვეთებოდა.
    მაგრამ იმ დროს რეაქცია ვერ მოჰყვებოდა და ვერც იქნებოდა გააზრებული ძირითადი პრობლემა. პრობლემური კვანძი ის არის, რომ აჭარის ელიტა პირდაპირ არ ამბობს იმას, რაც სინამდვილეში აღელვებს. ამიტომ ხდება ყურადღების აქცენტირება რაღაც სასაცილო ექსცესებზე და ხელოვნურად იქმნება პრობლემები - როგორც ჩოლოქთან სამაშველო რაზმის შეჩერებასთან დაკავშირებით მოხდა.
    არადა, ასლან აბაშიძე და მისი გუნდი აშკარად, ღიად, პირდაპირ არ იტყვის, რომ ძირითადი პრობლემა მისი საგარეო ორიენტაციის საკითხია. აჭარაში ძალიან ეშინიათ თურქეთის. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს კიდევ არ იძლევა იმის საფუძველს, ვინმემ გაუთავებლად ლანძღოს თბილისი. ბოლოს და ბოლოს, არც თურქეთის და არც რუსეთის პრობლემა საქართველოში «მოგონილი» არ არის, როგორც აჭარული დეპუტაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ (სხვა მისამართით). მაგრამ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ეს ფაქტი - აჭარაში ძალზე ეშინიათ თურქეთის და ალბათ ამითაა გამოწვეული გაუთავებელი რევერანსები რუსეთის მიმართ.
    ეს პოზიცია ასლან აბაშიძის პირად ინტერესებსაც ემთხვევა, ვინაიდან ბათუმში კვლავინდებურად «მყარად» დგას რუსეთის მოტომსროლელი დივიზია, მაგრამ აქ სწორედ ინტერესთა თანხვედრასთან გვაქვს საქმე და არა ინტერესთა პროვოცირებასთან. ამ ორ პოლიტიკურ სიტუაციას შორის კი დიდი სხვაობაა; ყველაფრის ასლან აბაშიძის პიროვნულ ინტერესებით ახსნა არ შეიძლება. მას, რა თქმა უნდა, სურს თანამდებობის შენარჩუნება, მაგრამ ობიექტური დისონანსი რომ არ არსებობდეს თბილისისა და ბათუმის ელიტებს შორის ინტერესთა შეუთავსებლობისთვის, იგი მარტო ვერაფერს გახდებოდა.
    დაპირისპირების აღმოფხვრა დროულად არის აუცილებელი; ალბათ საჭიროა დაიწყოს მოლაპარაკება შეთანხმების გასაფორმებლად თბილისსა და ბათუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე. ან, თუნდაც, პარლამენტში დამუშავდეს შესაბამისი კანონი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ».
    რაკი აჭარას პარლამენტში საკმაოდ მძლავრი და მრავალრიცხოვანი დეპუტაცია ჰყავს, რატომ არ შეიძლება ასეთი კანონის პარლამენტშივე განხილვა? თუ ამაზე აჭარის დეპუტაცია უარს იტყვის, - იგი თავად აღმოჩნდება უხერხულ მდგომარეობაში, ვინაიდან სწორედ ამ დოკუმენტის არარსებობა ქმნის ფონს დაძაბულობის ესკალაციისა და ათასგვარი (ასე ვთქვათ) გაუგებრობისათვის.
    აჭარის მოსახლეობა კი აქ ნამდვილად არაფერ შუაშია. აჭარლებისადმი საქართველოს მადლობის მეტი არც არაფერი ეთქმის და არც უთქვამს.
    საბედნიეროდ, ყველა პროვოკაცია, პოლიტიკური ისტებლიშმენტის დონეზე რჩება და ყველა ჩვენთაგანისთვის საყვარელი აჭარლების რაიმე სახით პროვოცირებას ვერ ახერხებს. ავტონომიას სინამდვილეში არავინ ემუქრება. მეტიც - იგი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს თბილისი-მოსკოვის გეოპოლიტიკურ ურთიერთმოქმედებაში.
   

იგორ გიორგაძე ბელორუსეთში იმალება?
   

    მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ახლა საქართველოსა და ჩვენი პრობლემებისათვის «არ სცხელა» - ოფიციალური თბილისი კვლავინდებურად დაჟინებით მოითხოვს უშიშროების ყოფილი შეფის გადმოცემას.
    გიორგაძეს, როგორც ცნობილია, ბრალად ედება გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის და გია გულუას მკვლელობები. აგრეთვე, 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტის ორგანიზება. პროკურორ რეზო ყიფიანთან შეხვედრისას რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური სკურატოვმა განაცხადა, რომ მან ხელმეორედ მისცა დავალება შინაგან საქმეთა სამინისტროს, გააძლიეროს იგორ გიორგაძის ძებნა.
    თუმცა, რუსული პროკურატურა იმავდროულად ინფორმაციის «გაჟონვასაც» აწყობს, რომლის თანახმად, გიორგაძე ამჟამად უკვე ბელორუსეთში იმყოფება და არა რუსეთში. ეს ინფორმაცია ირიბად დაადასტურა მამამისმა - საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ პანტელეიმონ გიორგაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი შესაძლოა იმ ქვეყანაში არ იმყოფებოდეს, სადაც ეძებენ.
    თუ გავითვალისწინებთ ედუარდ შევარდნაძესა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის ურთიერთობის ამჟამინდელ დონეს, იგორ გიორგაძისთვის ბელორუსეთში თავშესაფრის მიცემა გამორიცხული არ არის; ოღონდ, საეჭვოა, ბელორუსეთის ხელისუფლებამ ამის აფიშირება მოახდინოს - იგი, რასაკვირველია, ისევე უარყოფს გიორგაძის მინსკში ყოფნას, როგორც მანამდე რუსეთი უარყოფდა. ბელორუსეთის პრეზიდენტზე ზემოქმედებისთვის კი თბილისს, ფაქტობრივად, ბერკეტები არ გააჩნია. ან იმაზე ნაკლები ბერკეტი აქვს, ვიდრე რუსეთის იძულებისათვის.
    ერთადერთი საშუალება ისევ რუსეთისადმი აპელირებაა, რათა მან აიძულოს ბელორუსული ისტებლიშმენტი, დათმოს ამ საკითხში. თუმცა, რუსეთმა საკუთარი ჟურნალისტებიც კი, დიდი სკანდალისა და დავიდარაბის შემდეგ, ძლივძლივობით გამოაგლიჯა ხელიდან ლუკაშენკოს და ვინ დაიჯერებს, რომ იგი (კრემლი) შეეცდება ასეთივე სკანდალი მოუწყოს თავის უახლოეს გეოპოლიტიკურ პარტნიორს საქართველოს გულისთვის?
    ეს იმ შემთხვევაში, თუ გიორგაძეს ბელორუსეთის სპეცსამსახურმა რუსი კოლეგების დაუკითხავად მისცა თავშესაფარი, თუმცა, არ არის გამორიცხული, ესეც თამაში იყოს და ყოველივეზე ორი ქვეყნის საიდუმლო სამსახურები წინასწარვე შეთანხმებულიყვნენ.
    გავიხსენოთ საქართველო-ბელორუსეთის ურთიერთობათა პერიპეტიები უკანასკნელ წლებში. დღემდე ბევრმა არ იცის იდუმალებით მოცული ისტორია, რომელიც 1993-94 წლებში განვითარდა: როგორც ცნობილია, 1993 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა გააკეთა განცხადება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანების თაობაზე. წესდების თანახმად, ამა თუ იმ ქვეყნის მისაღებად საჭირო იყო დსთ-ს ყველა მეთაურის თანხმობა. მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, ბელორუსეთის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა დაედასტურებინა თავისი თანხმობა და «საკითხის შესწავლისთვის» დრო ითხოვა. მინსკი ყოველნაირად ცდილობდა მისი განხილვა და გადაწყვეტა გაეჭიანურებინა. ბოლოს საქმეში თვით ბორის ელცინი ჩაერია და მკაცრი «შეძახილის» შემდეგ ბელორუსებმა «გული მოილბეს».
    მიუხედავად ამისა, სწორედ ბელორუსეთი ითხოვდა დაჟინებით საქართველოს პარლამენტში დსთ-ს წესდების რატიფიცირებას. თუ არადა, უარს აცხადებდა კანონიერად ეცნო ედუარდ შევარდნაძის მონაწილეობა დსთ-ს უმაღლესი დონის სამიტებში.
    1994 წლის 1 მარტს, საკითხის პარლამენტის სხდომაზე განხილვას რა ამბავი მოჰყვა, ბევრს ეხსომება. გარდა ამისა, ალექსანდრე ლუკაშენკოს იდეაფიქსის (საბჭოთა კავშირის დაშლის დაუშვებლობის) შესაბამისად, მან არა მხოლოდ ბელოვეჟის პუშჩის «გმირები» მოიძულა, არამედ, რატომღაც ედუარდ შევარდნაძეც, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის დაშლაში სდებს ბრალს.
    არ ყოფილა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურების არც ერთი სამიტი, რომელზეც ლუკაშენკო საქართველოს წინააღმდეგ არ გამოსულიყო. იგი კატეგორიულად ილაშქრებს აფხაზური რეჟიმის ეკონომიკური ბლოკირების წინააღმდეგ. ლუკაშენკოს თქმით, «ბელორუსეთი არ დაუშვებს, რომ თანამეგობრობა იქცევს ამა თუ იმ სეპარატისტთა დასჯის იარაღად». ამ განცხადებას შევარდნაძის მწვავე რეაქცია მოჰყვა. საერთოდ, როდესაც იგი აცხადებს, რომ «სამიტზე ყველამ დაგვიჭირა მხარი აფხაზეთის საკითხში - გარდა ერთი დელეგაციისა», დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყოველთვის ბელორუსეთსა და მის ოდიოზურ პრეზიდენტს გულისხმობს. შევარდნაძემ ერთხელ ვერ მოითმინა და პირდაპირ თქვა: «მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ახალი კავშირი შექმნეს საბჭოთა კავშირის ნაცვლად, მაგრამ ეს ილუზიაა - ბელორუსეთი და ტაჯიკეთი ჯერ კიდევ არ არის კავშირი».
    ზემოთქმულის გათვალისწინებით, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება ლუკაშენკოს მცდელობა, გიორგაძის შეფარებით გადაუხადოს სამაგიერო საქართველოს ლიდერს. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ «იგორი» ბელორუსეთში დაიმალა (თუ ეს მართალია), უეჭველად იმას მეტყველებს, რომ (მისი აზრით) იგი იმ ქვეყანაში უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, ვიდრე რუსეთში.
    შესაძლოა ეს გამოწვეული იყო საქართველოს სპეცსამსახურთა «ნაცნობობით» მოსკოვში, რის გამოც გიორგაძეს ეშინია, მის წინააღმდეგ საქმე არ «ჩააწყონ» (ქართული ჩვეულებისამებრ), მაგრამ არ არის გამორიცხული მეორე მიზეზიც - იგორ გიორგაძე მიხვდა: თუ გურამ აბსანძე გადასცეს საქართველოს გარკვეული პირობით, სხვა პირობათა სანაცვლოდ შეიძლება ისიც გაწირონ; ამიტომ, ისეთ ქვეყანაში ამჯობინა დამალვა, რომლის ლიდერი (და მთლიანად ისტებლიშმენტი) საქართველოსთან არანაირი ინტერესით არ არის დაკავშირებული - არც გეოპოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სამხედრო.
   

რუსულ შესაკრებთა გადანაცვლებით საქართველოსთვის ჯამი არ შეიცვლება
   

    «ჩვენს ქვეყანაში ასე არ დგას საკითხი» - ამ ფრაზით უპასუხა შევარდნაძემ კორესპონდენტის კითხვას რუსეთში მომხდარი მორიგი სკანდალური ფარსის თაობაზე.
    როგორც ცნობილია, ელცინის მიერ ახლად გაძევებული ჩერნომირდინის ნაცვლად (ეს უბადრუკი ტაკიმასხარა «საქორწინო გენერლის» თანამდებობაზე განამწესეს) პრემიერად სერგეი კირიენკო დაინიშნა.
    დედით რუსი, მამით ებრაელი, გვარით უკრაინელი, წარმოშობით სოხუმელი.
    სხვათა შორის, ძალზე საინტერესო ფაქტია, რომ მორიგი «სამთავრობო გადატრიალება» უშუალოდ მოჰყვა რუსი მილიარდერის, ბორის ბერეზოვსკის განცხადებას რუსეთის პოლიტიკაში შესაძლო კარდინალური ცვლილებების შესახებ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა გავლენითა და ძალით სარგებლობს ბერეზოვსკი რუსულ ისტებლიშმენტში. თუმცა, მისი თანამდებობა ძალზე მარტივად და უბრალოდ ჟღერს: «რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი». ხელფასიც ექნება ერთი ასი რუბლი თვეში, თუმცა მისი ქონება სამ მილიარდ (!) დოლარად არის შეფასებული.
    სერგეი კირიენკოც მილიონერია და მისი პროტეჟე ბორის ნემცოვიც. ერთი სიტყვით, რუსეთში პატრიოტი გენადები (გენადი ზიუგანოვი, გენადი სელეზნიოვი) «ჟიდომასონ» ბორისებს (ბორის ბერეზოვსკი, ბორის ნემცოვი) უპირისპირდებიან. ამ უკანასკნელთ მესამე ბორისი (ელცინი) ჰყავთ გამოჭერილი და ტიკინასავით ათამაშებენ - ასეთია, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის «პატრიოტულ» ძალთა ვერსია, რომელსაც ქართველი პატრიოტებიც იმეორებენ.
    კერძოდ, ვახტანგ გოგუაძე მიიჩნევს, რომ «ჩეჩნეთი რუსეთს წაართვეს იმავე ძალებმა, რომლებმაც საქართველოს წაართვეს აფხაზეთი». არა მგონია, აქ იგი «გენადებს» გულისხმობდეს (ზიუგანოვს, სელეზნიოვს და ა.შ.). ალბათ უფრო «ბორისებს» გულისხმობს და არა გენადებს. მაგრამ ეს ყოველივე ჩვენთვის რა შეღავათია? რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ვინ იქნება რუსეთის პრემიერი - ვიქტორ ჩერნომირდინი თუ სერგეი კირიენკო? მიუხედავად იმისა, რომ «სერიოჟას» ერთი პერიოდი ქართულ სკოლაშიც კი უსწავლია, საქართველოს სასიკეთო გადაწყვეტილებას იგი არ მიიღებს. ამ ლოგიკით ნაძირალა ჟენკა პრიმაკოვი, - პლეხანოველი ძველი ბიჭი, თბილისში რომ გაიზარდა (სხვათა შორის, ისიც ებრაელია) და აქ მიაღწია ყველაფერს - დღეს ჩვენი ძმა უნდა იყოს, მაგრამ აკი საჯაროდ გამოთქვამს გულისწყრომას - РПГ-7-მა დაჯავშნული მერსედესი რატომ ვერ გახვრიტაო.
    რუსეთში დატრიალებული ამბები ჩვენთვის იმ თვალსაზრისით არის საინტერესო, რომ იგი საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის ამჟამად მიღწეულ დონეზე მეტყველებს. დავაკვირდეთ პრეზიდენტ  შევარდნაძის ზემოთ მოყვანილ განცხადებას. მართლაც, თუ ბორის ელცინს ჩერნომირდინის გაძევება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სჭირდებოდა, ასეთი ნაბიჯი ბევრს ვერაფერს მოიტანს: ჩერნომირდინი კირიენკოზე გამოცდილიც იყო და მდიდარიც, ფინანსურ ჯგუფებთანაც უფრო აქტიურად მუშაობდა და კავშირებიც უფრო მყარად უზრუნველყოფილი ჰქონდა მათთან.
    მაშასადამე, საქმე ის კი არ არის, რომ ჩერნომირდინი «ცუდად მუშაობდა», ან «კირიენკო უკეთ იმუშავებს». უბრალოდ, ელცინმა სცადა ამ გზით «ორთქლი გამოეშვა სოციალური ქვაბიდან».
    9 აპრილს (!) რუსეთის პროფკავშირებმა საპროტესტო აქცია დანიშნეს. თავისთავად ესეც საინტერესოა - რაღა მაინცდამიანც 9 აპრილს? რუსეთში იგი არაფრით გამორჩეული დღეა - თითქოსდა ჩვეულებრივი ხუთშაბათია.
    ბორის ელცინმა «დაასწრო» პროფკავშირებს და მთავრობის «მოთხრით» დაძაბულობა შეანელა. თავისთავად, ეს მის სისუსტეზე მეტყველებს. რუსეთის პრეზიდენტს გაცილებით მეტი უფლებამოსილება აქვს, ვიდრე მის ქართველ კოლეგებს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი ვერაფრით აიძულეს ანალოგიური ნაბიჯები გადაედგა და, ალბათ, ვერც აიძულებენ.
    ამგვარი საკითხი ჩვენს ქვეყანაში არც განიხილება, რაც ხელისუფლების სიმტკიცეზე მეტყველებს და იმასაც ადასტურებს, რომ თავის დროზე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც საქართველოში მმართველობის «ამერიკული მოდელი» დამკვიდრდა და პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ ხელისუფლებას.
    ამ მოდელმა, ჯერ-ჯერობით, ძალიან ბევრ წინააღმდეგობას აგვარიდა და მომავალშიც აგვარიდებს.
   

მანანა არჩვაძე ჭეშმარიტად სიბრალულს იმსახურებს
   

    საქართველოს პრეზიდენტის ქვრივმა ამასწინათ გამართულ მორიგ «სენსაციურ» პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა სამშობლოს მოღალატეთა სია, ანუ ნუსხა იმ ადამიანებისა, რომლებმაც «უღალატეს» საქართველოს პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას და განაპირობეს კიდეც მისი დაღუპვა.
    არჩვაძის სია «შინდლერის» სიისგან იმით განსხვავდება, რომ ამ ადამიანებს სიის ავტორი თავად გაწირავდა (რომ შეეძლოს) ნებისმიერი სასჯელისთვის.
    არადა, სიაში ისეთი ადამიანებიც მოჰყვნენ, ვის ერთგულებაშიც თავად ზვიად გამსახურდიას იოტისოდენა ეჭვი არ ეპარებოდა. როგორც ჩანს, მისი მეუღლე უფრო გულთმისანი და გონებამახვილი აღმოჩნდა.
    აბა, როგორ შეამჩნევდა ზვიად გამსახურდია, რომ, მაგალითად, მუხრან მაჭავარიანი, რომელსაც «გზა ხსნილი» ჰქონდა ელიტარულ ინტელიგენციაში და არც მატერიალური რამ სიკეთე აკლდა - «სუკის მიერ იყო შეგზავნილი ეროვნულ მოძრაობაში» და თურმე თავიდანვე იმ მიზანს ისახავდა, როგორმე ზვიად გამსახურდია გამოესალმებინა სიცოცხლეს. ასევე, გურამ პეტრიაშვილი; - ის გურამ პეტრიაშვილი, კიტოვანის დაუვიწყარი ჰაუბიცის ბათქა-ბუთქში რომ ყვიროდა: «მოგელანდები, თენგიზ სიგუა, მოგელანდები!!!»; თურმე ისიც შეაგზავნეს ეროვნულ მოძრაობაში, რათა ზვიად გამსახურდიასთვის სახელი გაეტეხა; ეგ არის მხოლოდ - გურამ პეტრიაშვილი რუსეთში არ გაიქცა, - ახლაც უკრაინას აფარებს თავს.
    ამიტომაც «მთავარი არგუმენტი» («რუსეთის აგენტობა») მაინც ძნელი გამოსაყენებელია; მით უმეტეს, რომ ამ არგუმენტის შესაძლო ავტორი თავადაც მოსკოვში ცხოვრობს.
    ამდენად, მუხრან მაჭავრიანისა და გურამ პეტრიაშვილის (აგრეთვე, ნემო ბურჭულაძის, ლოთი ქობალიას, ელიზბარ ჯაველიძის, ზვიად ძიძიგურის (!) და მრავალი სხვის დადანაშაულება რუსეთის აგენტობაში ცოტა არ იყოს რთული იქნება.
    «რთული» წმინდა პრაქტიკული მოსაზრებების გამო, ვინაიდან ხვალ-ზეგ ბრალდების ავტორი ისევ მოსკოვში უნდა დაბრუნდეს.
    კაცმა რომ თქვას, ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებზე ნამდვილად ახია! ასე იცის ბრმა ერთგულებამ, რომელსაც რაციონალური განსჯა არ ახლავს თან. ნებისმიერ ქმედებას (პოლიტიკაში) რაციონალური განსჯა ესაჭიროება. რომანტიზმი ჩვეულებრივ (ყოფით და სახელოვნებო) დონეზეა მისაღები და აღსაფრთოვანებელი, პოლიტიკური რომანტიზმი კი მთავრდება იმით, რითაც საქართველოში «ზვიადიზმი» დამთავრდა - უსინდისო უმადურობით და «წიხლის დაჭერით».
    მართლაც, რით უნდა ინუგეშოს თავი ლოთი ქობალიამ, რომელმაც ყველაფერი შესწირა პრეზიდენტს, რაც გააჩნდა? ვერაფრით! ყველაზე მწარე მისთვის იმის განცდა იქნება, რომ სამუდამო პატიმრობამისჯილი «მოღალატედ» ცხადდება ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიერ. თანაც, «ბრალმდებლისგან» განსხვავებით, ბრალდებული მოსკოვში ხომ მაინც არ გაქცეულა - კიევში დააპატიმრეს იგორ გიორგაძის აგენტებმა.
    ან კიდევ, ნეტავ, რას ფიქრობს ახლა მუხრან მაჭავარიანი?
    მორალური გამარჯვების განცდა დამარცხებულის უკანასკნელი შვებაა. დამარცხებულ ზვიადისტებს ეს შვებაც არ შეიძლება ჰქონდეთ 9 თებერვლის შემდეგ, როდესაც მოსკოვი ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მათ შუამავლად იქცა.
    ბოლოს და ბოლოს, მართლა გასარკვევია, რა მოხდა სოფელ ჯიხაშკარში 1993 წლის 31 დეკემბერს. აშკარა ტყუილი ჩანს, თითქოს ზვიად გამსახურდია ვიღაცამ მოკლა. თუ მოკვლა უნდოდათ (მოღალატეებს), განა უკეთესი გამოსავალი არ იქნებოდა ხელისუფლებისთვის ჩაებარებინათ? მათთვის ხომ ამის შედეგად «ინდულგენცია» დაიწერებოდა?
    მანანა არჩვაძემ იმას უკვე მიაღწია, რომ «ზვიადიზმი» საქართველოში აღარ არსებობს არც როგორც პოლიტიკური მიმდინარეობა და არც - ზნეობრივი ოპოზიცია.
    შევადაროთ დღევანდელი ვითარება იმ ატმოსფეროს, რომელიც ქვეყანაში იყო 1994 წელს თუნდაც;
    ყველაფრის მიზეზი კი იმ ადამიანთა სულმოკლეობაა, რომლებიც პოლიტიკური რომანტიზმის საბურველში პირად ამბიციებსა და ლაჩრულ სულს ჩქმალავდნენ.
    სიბრალული პოლიტიკოსისადმი - ზიზღის ტოლფასია.

დილის გაზეთი, 30 მარტი, 1998 წ.