დავით თევზაძემ ბათუმში საქართველოს სამხედრო ნაწილი მოინახულა    

დავით თევზაძემ ბათუმში საქართველოს სამხედრო ნაწილი მოინახულა    

    აჭარის ლიდერის პოლიტიკური ტექნოლოგია გამოცდილ პოლიტექსპერტებსაც კი აბნევს. ყოველ შემთხვევაში, უდავო ფაქტია, რომ მან საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად აღნიშნა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ბათუმის ბრიგადის ჩამოყალიბების მე-6 წლისთავი და საკმაოდ პათეტიური სიტყვაც წარმოთქვა სამხედრო აღლუმზე, რომელშიც მოუწოდა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მეტი ყურადღება მიაქციოს შეიარაღებულ ძალთა მშენებლობას.
    ცოტა არ იყოს, გაუგებარია, როგორ ეთანადება ეს აშკარად პატრიოტული განცხადებები ასევე აშკარად «უცნაურ» ქმედებებს. მაგალითად, ქართული სასაზღვრო გემებისათვის აჭარის აკვატორიაში შესვლის აკრძალვას, რამაც მოსკოვში ნამდვილი ფურორი და აღფრთოვანება გამოიწვია.
    ასეა თუ ისე, ფაქტს ვერავინ უარყოფს, - მეექვსე ბრიგადა ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული ნაწილია საქართველოს არმიაში და მას ასლან აბაშიძემ ღირსეული პატივი მიაგო; თუმცა, ნუ დავივიწყებთ, რომ კრემლის გაიძვერული პოლიტიკის შედეგად, აჭარაში კიდევ ერთი პარალელური ქართული არმია დგას .
    დიახ, ქართული არმია, რომელიც აჭარლებითაა დაკომპლექტებული და ამჟამად რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან შენაერთად ითვლება.
    ეს «მეორე» ქართული არმია, ჯერჯრეობით რუსული დროშის ქვეშ ფუნქციონირებს, გაცილებით უკეთ არის შეიარაღებული, გაცილებით უკეთესი სამხედრო სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და უფრო მეტად დისციპლინირებულიცაა.
    რუსეთის პრესაში (განსაკუთრებით სამხედრო გამოცემებში) აქა-იქ გაჟონავს ხოლმე ეჭვიანი კითხვა: რამდენად გამართლებულია ჩვენი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი მოსახლეობით? რამდენად ერთგულნი იქნებიან ისინი რუსეთის ინტერესებისა? ამ კითხვების ავტორები ირწმუნებიან, რომ თუ რუსეთის ინტერესები ქართველთა ხოცვა-ჟლეტას მოითხოვს, აჭარლები ამ საქმეში არ გამოდგებიან, ვინაიდან ისინი თავიანთი ძმების სისხლს არ ღვრიან.
    მაშასადამე, რუსული არმიის ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტება სხვა სტრატეგიულ მიზანს ისახავს და უფრო მეტად თურქეთის საწინააღმდეგოდაა თითქოს მიმართული, მაგრამ ნუ ავჩქარდებით დასკვნებისას, - რუსული სპეცსამსახურები უფრო ღრმად და შორს ჭვრეტენ ვითარების პერსპექტივას.
    ორი არმია გვერდი-გვერდ დიდხანს ვერ გაძლებს, - ეს კლასიკური სამხედრო კანონია, რომელიც გამონაკლისს არ უშვებს. ქართული ბრიგადა ბათუმში დისლოცირებულია ასევე ქართული (აჭარული) სამხედრო კონტიგენტის გვერდით, რომელსაც რუსული გენერალიტეტი ხელმძღვანელობს. ეს უკანასკნელი კი უეჭველად შეეცდება ამგვარი დისპოზიცია ძმათა შორის რაიმე პროვოკაციისათვის გამოიყენოს. პროვოკაციის ალბათობა მით უფრო მაღალი იქნება, რაც უფრო დაიძაბება ურთიერთობა თბილისსა და ბათუმს შორის. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის რუსული გენერალიტეტის გაძევება აჭარიდან. ამ შემთხვევაში მდგომარეობა თანდათან ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება. რუსულ ოფიცრობასთან ერთად აჭარელი მეომრები საკუთარ სამშობლოს, რა თქმა უნდა, არ დატოვებენ, არც იარაღს გაატანენ, ამ გზით მივიღებთ ვითარებას, როცა ორი ქართული არმია აჭარაში შეიძლება გაერთიანდეს კიდეც იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს ერთიანი სახელმწიფოებრივი ნება და ტრადიციულად ამბიცია ატანილი აჭარის მმართველი ელიტა, ისევე, როგორც მისი თავკაცი, არ მოინდომებენ ყოფილი რუსული ბრიგადის მხოლოდ აჭარის უზენაესი საბჭოსთვის დამორჩილებას.
    თუმცა, რუსების აჭარიდან წასვლის შემთხვევაში ამ რეგიონში თვისებრივად ახალი ფსიქოლოგიური განწყობა შეიქმნება. სანამ «რუსი აჭარაშია», სტაბილურობის გარანტად სწორედ ის აღიქმება, მაგრამ საკმარისია იგი წავიდეს და აჭარლები უმალვე მიხვდებიან: მათი მშველელები გაჭირვების შემთხვევაში ისევ და ისევ მხოლოდ სრულიად საქართველოა.
    ღმერთმა ნუ ქნას, გარედან რაიმე საფრთხე დაემუქროს და საქართველო ყველაფრით დაეხმარება, რითაც შეძლებს. ასლან აბაშიძეს ეს გარემოება კარგად ესმის, აჭარის ელიტისა და საკუთარი მოსახლეობის აზრს იგი ყოველთვის ითვალისწინებს და შესაბამისადაც მოქმედებს; ის ფაქტი, რომ მან აშკარად სცადა კარგი ურთიერთობები დაემყარებინა სიტყვაძუნწ თევზაძესთან, ვისაც პოლიტიკური ამბიციების ნასახიც არ ეტყობა - სწორედ ამ ტენდენციის მაჩვენებელია.
    ვარდიკო ნადიბაიძესთან იგივე არ გამოვიდოდა, ვინაიდან დავით თევზაძისაგან განსხვავებით იგი ჩვეულებრივი, ოღონდ «განმდგარი, მოღალატე» რუსი გენერალი იყო, რუსის გენერლები კი (ნამდვილი რუსის გენერლები) ბათუმში ისედაც ბევრნი არიან.

მერიდიანი. 10 აგვისტო, 1998 წელი