დენ ბრაუნის `და ვინჩის კოდი` და `კუდიანთა გვრდემლი`

დენ ბრაუნის `და ვინჩის კოდი` და `კუდიანთა გვრდემლი`

ფემინიზმის აპოთეოზი

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს არის ფინალური ეპიზოდი რენ ჰოუარდის ფილმიდან.

დენ ბრაუნის ბესტსელერის, `და ვინჩის კოდის` ეკრანიზაცია.

მესმის, რომ დენ ბრაუნის ტექსტი, ლიტერატურული თვალსაზრისით, მაკულატურაა;

ოღონდ წიგნიც და მისი ეკრანზიაციაც სხვა მხრივაა საინტერესო: ქალური საწყისის საკრალიზაციის მცდელობით!

საკრალიზაციისა არა ქრისტიანული ტრადიციით - მხოლოდ როგორც დედის, ღვთისმშობლის - არამედ თვით ქალურობისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

წიგნში გადმოცემული უსაშველოდ მკრეხელური თეორიის თანახმად, მარია მადგალინელი ქრისტეს ცოლი (უფრორე საყვარელი) იყო და არა მის მიერ შეწყალებული მომნანიე.

ეს `მძვინვარე მკრეხელობა` დენ ბრაუნის მოგონილი არ არის რასაკვირველია. მან უბრალოდ მარტივად, მაინც შთამბეჭდავად და გასაგებად გადმოსცა საუკუნეთა მანძილზე ევროპის ქალურ სოციუმში მძიმედ ჩახშული, თუმცაღა მაინც მღვივი `ქალური ინტერპრეტაცია` დიადი ისტორიისა.

ეს ინტერპრეტაცია და სასოწარკვეთილი, ოღონდ მტკიცე აღქმა ევროპის ბობოქარმა მამაკაცურმა ტირანიამ და შოვინიზმმა 2 000 წლის მანძილზე ვერაფრის დიდებით ვერ ამოძირკვა, ვერ ამოშანთა ..... არადა თუ გულწრფელნი ვიქნებით, `ქალურობის გაუწმინდურება` წითელ ხაზად გასდევს ქრისტიანობის მთელს ისტორიას, მისეულ მსოფლხედვასა და სწავლებას.

ქრისტიანობამ ქალს დაუტოვა ერთადერთი ლეგიტიმური ფუნქცია: იყოს დედა (წერტილი)

სწორედ მის წიაღში იშვა შემაძრწუნებელი Malleus Maleficārum `კუდიანთა გვრდემლი`.

დიდწილად ამ წიგნის `სინდისზეა` ასი ათასობით კოცონზე დამწვარი და წყალში ლოდით ჩამხვრჩალი ქალი.

თუმცა ავტორნი, - უმოწყალო ინკვიზიტორები ჰენრიხ კრამერი და იაკობ შპენგერი (XVს.) - შესაძლოა ვერც აცნობიერებდნენ, რომ არა ქრისტესმიერი სიყვარული, არამედ იმავე ტრადიციით აღძრული ქალთმოძულეობა (თანამედროვე ტერმინოლოგიით, მიზოგინია) უგიზგიზებდათ ქვეცნობიერსა და შავბნელ ფანატიზმზე დამყნილ ნიჭს.

ხოლო დენ ბრაუნი იმ ჰუმანისტური იდეის ოდენ გამომხატველია, რომ ქალი არ არის მხოლოდ დედა (ღვთისმშობელი), არამედ მისი სხვა ფუნქცია, - იყოს არათუ მეუღლე, არამედ ცოლი, ანუ საყვარელი, - არანაკლებ საკრალური და წმიდაა, ვიდრე დედობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ისე, ბრაუნის წიგნი რომ გამოვიდა (2003წ), ტრადიციული, გრძნეული ევროპული მიზოგინია ახალი გატეხილი იყო წელში; თორემ იგივე იდეის მართლა გენიალურად გამომხატველი , დიდი მარტინ სკორსეზეს `ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება` (1988წ) ევროპაში ლამის `პოგრომების` მიზეზი გახდა.

ბევრგან აკრძალეს კიდეც!

დრონი მეფობენ!

. . . . . . . . . . . . . . . .

ნახეთ და მოუსმინეთ: პროფესორი ლენგდონი გამოდის პარიზის სასტუმროდან `რიც-კარლტონი` (დააკვირდით - საიდანაც ევროპელ ფემინისტთა ქალღმერთი, პრინცესა დიანა გამოვიდა უკანასკნელად იმ საბედისწერო საღამოს), მიდის ლუვრისკენ და იქ....... მამაკაცი კათოლიკურად მუხლმოყრილი ლოცულობს ქალზე!

ოღონდ ლოცულობს არა ღვთისმშობელზე, არამედ `ნამდვილ წმიდა გრაალზე` - ქრისტეს საყვარელ მარია მაგდალინელზე.

შემდეგ კამერა აკლდამაში ეშვება და ვხედავთ განსასვენებელში ამაყად (!) მწოლიარე მარია მაგდალინელს.

სწორედაც მიცვალებულის ქალურად ამაყი იერით, რადგან მან შეასრულა თავისი დიადი ფუნქცია საკაცობრიო თანასწორი (!) ქალური საწყისის წინაშე არა როგორც დედამ, არა როგორც მეუღლემ, არა როგორც ცოლმა, არამედ..... საყვარელმა და პარტნიორმა.

და მთელი მისი იერით ავტორი გვეუბნება, რომ ქალის ეს ფუნქცია ასევე წმიდაა, როგორც დედობა!

როცა ნახავთ, ხმამაღლა ჩართეთ ეს ულამაზესი ეპიზოდი.

. . . . . . . . . . . . . . . .

ჰოდა.....ამ ჩვენს ტვინისმხვნელ ქართველ ფემინისტებზე რომ ვარ ხოლმე ნერვებმოთხრილი, ამას ვუსმენ და ვუყურებ....თან ვგრძნობ, როგორც ვმშვიდდები და ბაია პატარაიასადმი სიყვარულით მითბება გული. 

დათო

VIDEO       https://www.youtube.com/watch?v=B_Ej58013X0