«დეოკუპაციის კომიტეტი» - პოლიტიკურ გვამთა «საძმო სასაფლაო»

«დეოკუპაციის კომიტეტი» - პოლიტიკურ გვამთა «საძმო სასაფლაო»

 

    რუსთაველის თეატრში გაიმართა ე.წ. «საქართველოს დეოკუპაციის კომიტეტის» დამფუძნებელი კრება, რომლის ინიციატორები იყვნენ ირაკლი წერეთელი და მისი ძველი მეგობრები «ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან».
    კომიტეტი მიზნად ისახავს რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანაზე ზედამხედველობას და თვით ამ პროცესის ინიცირებას ოღონდ «დეოკუპაციის კომიტეტი» ჯერჯერობით რაიმე ქმედითი ზომების (მაგალითად, მასობრივი აქციების) ორგანიზებას ერიდება, ვინაიდან კარგად უწყის, რომ ჯერ ერთი, ათჯერ რჯულ და ტყავშეცვლილ ზოგიერთ პოლიტიკანს ხალხი აღარ ენდობა; გარდა ამისა, დღეს საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძეა, შევარდნაძესთან კი მათ ნამდვილად არ გაუვათ ის, რაც პატიაშვილთან ან გამსახურდიასთან გასდიოდათ; ამდენად «აქციის» მოწყობის შემთხვევაში შეიძლება ლაზათიანად მიბეგვონ კიდეც აქციის ორგანიზატორები, რაც მათ ნამდვილად არ ეჭაშნიკებათ.
    «დეოკუპაციის კომიტეტში» გაერთიანებულნი არიან ყოფილი ე.წ. «ეროვნული კონგრესის» ნარჩენები, მეორე მოწვევის პარლამენტის წევრები და რამდენიმე გაურკვეველი წარმოშობისა და მიმართულების ორგანიზაცია. ბოლო დროს კომიტეტში გაერთიანების სურვილი გამოთქვა, აგრეთვე, ფრაქცია «ეროვნულ-დემოკრატმაც» მამუკა გიორგაძის ხელმძღვანელობით. როგორც ჩანს, ედპ-ს ყოფილი მმართველი ელიტა ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს და რამდენიმე პოლიტიკურ ბლოკთან ცდილობს ალიანსის შეკვრას. «კომიტეტში» მათი გაერთიანება, ამ თვალსაზრისით, პირველი საცდელი ნაბიჯია. «დეოკუპაციის კომიტეტის» წევრი დანარჩენი ოცი ორგანიზაციისათვის კი ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციასთან კავშირი პოლიტიკური რეანიმაციის ერთადერთი საშუალებაა.
    თუმცა, ალბათ, ესეც «ორმხრივი» ილუზიაა, რადგან ირაკლი წერეთელის გარშემო შეკრებილ პოლიტიკურ ძალებს უკვე არავითარი პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნიათ: იდეა, რომელსაც ისინი განასახიერებდნენ, მოკვდა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული თვალსაზრისითაც; გარდა ამისა, აბსურდულია ხელისუფლებას მოსთხოვო უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას თავად აქვს პრობლემა «საოკუპაციო ჯარების სტატუსთან» დაკავშირებით და თავად ამზადებს ნიადაგს «ჩრდილოელ მეზობელთან» ამა თუ იმ ფორმით დაპირისპირებისათვის.
    სამაგიეროდ, «დეოკუპაციის კომიტეტის» პირველივე სხდომამ გვიჩვენა, რომ ამ კომიტეტს ძალიან დიდი «პოტენციალი გააჩნია» საქართველოში დესტაბილიზაციისა და ახალი დაპირისპირების აგორების თვალსაზრისით.
    მაგალითად, კრებაზე გამოსულმა ბორის კაკუბავამ, რომელიც მანამდე უცნაურად იყო გაუჩინარებული და პარლამენტის სხდომებსაც არ ესწრებოდა, ძალიან ბევრი ისაუბრა სამცხე-ჯავახეთში შექმნილი ვითარების შესახებ. არადა, სწორედ აფხაზეთია კაკუბავას მთავარი ასპარეზი. როგორც ჩანს, ბორის კაკუბავა არ არის კმაყოფილი ამ რეგიონის ბედის «საბოლოო გადაწყვეტაში» თავისი როლით და ცდილობს, კიდევ უფრო «გააფართოვოს» საქართველოს ტერიტორიაზე თავისი საქმიანობის არეალი. აფხ
    ანუ, აფხაზეთი არ იკმარა, ახლა სამცხე-ჯავახეთს გადასწვდა და თუ «დეოკუპაციის კომიტეტმა» ამ რეგიონში მოქმედებისას (უფრო ზუსტად სამცხე-ჯავახეთის მიმართ პოლიტიკის გამომუშავებისას) ბორის კაკუბავას «რეკომენდაციებით» იხელმძღვანელა, საქართველოს კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ომი გარანტირებული აქვს; საინტერესოა, ვინ შთააგონა ბორის კაკუბავას, თავისი უკიდეგანო ნიჭი და უნარი აფხაზეთის ნაცვლად სამხრეთ საქართველოსკენ მიემართა?
    ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ამით ნამდვილად მოიგებს, ვინაიდან, საბედნიეროდ, სომხურ-ქართულ ურთიერთობებში ჯერჯერობით ერთგვარი «წონასწორობაა» დაცული და ამ ურთიერთობათა «აფეთქება» დესტაბილიზაციის თვით ისეთ დიდოსტატებსაც გაუჭირდებათ, როგორებიც ე.წ. «დეოკუპაციის კომიტეტში» გაერთიანებული პოლიტიკური გვამები არიან.

«მერიდიანი 44» 5 ნოემბერი, 1996 წელი.