დიდი პოლიტიკის მცირე მანევრი პანკისში

დიდი პოლიტიკის მცირე მანევრი პანკისში

        გუშინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა სამხედრო სწავლებათა დაწყება ახმეტის რაიონში - პანკისის ხეობის სიახლოვეს. ჯერჯერობით, მანევრებში მონაწილეობს ერთი გაძლიერებული ასეული ვეტრმფრენითა და მძიმე ნაღმმტყორცნებით. ბუნებრივია, ეს სწავლება უკავშირდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დაძაბვას. თბილისს, ალბათ ვაშინგტონიდანაც «ურჩიეს», გადაედგა დემონსტრაციული ნაბიჯები პანკისის ხეობაში მყოფი «ბოევიკების» წინააღმდეგ. მით უმეტეს, როდესაც მსოფლიო პრესაში გაჩნდა ინფორმაცია «ალქაიდას» აქტივისტთა კავშირის შესახებ ჩეჩენ ვაჰაბიტებთან პანკისში. მეორე მხრივ, მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნისგან განსხვავებით, ვაშინგტონის «რჩევა» არ გულისხმობს პანკისში ჩეჩნური სოფლების «ნოხისებრ» დაბომბვებს და «ზაჩისტკების მოწყობას».
        რა თქმა უნდა, გამორიცხულია ოპერაციაში ამერიკელი ჯარისკცაების მონაწილეობა, თუმცა, მათი სპეციალისტების მომზადებული «კომანდოს» ბატალიონის აქტიურობა თავისთავად სერიოზული არგუმენტი იქნება ამერიკა-რუსეთის მუდმივი კონსულტაციების დროს «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამის მიზანშეწონილობის გასამართლებლად.
        რუსეთმა კი, შეიძლება კიდევ ერთი ძალიან სერიოზული მარცხი იწვნიოს – მათ თავად შექმნეს გაზვიადებული წარმოდგენა პანკისის ხეობის, როგორც «აუღებელი ციხესიმაგრის» შესახებ, ხოლო თუ იქ მართლაც შევიდა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფი და ეს, შესაბამისად, გახმაურდა - ამით ამერიკის შეერთებული შტატებიც მოიგებს (პოლიტიკურად) და საქართველოც, ვინაიდან დადასტურდება შეიარაღებულ ჩეჩენთა არყოფნა ხეობაში.
        ზოგიერთი ცნობით, რუსლან გელაევის რაზმი წინასწარ გააფრთხილეს, რომ მათ მოუწევთ მაღლა მთებში ასვლა ხეობიდან და რუსეთში გადასვლა (რაც არც ისე ადვილია), ან იარაღის დაყრა და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში გამგზავრება. შესაძლოა, სწორედ ამ მიზანს ისახავდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის – ვალერი ვაშაკიძის განცხადება ჩეჩენი ლტოლვილების «მესამე ქვეყნებში» რეპატრიაციის შესახებ.
        არ არის გამორიცხული, განიარაღებულ «ბოევიკთა» მიღებაზე თანხმობა განაცხადოს მუსლიმანურმა მალაიზიამ, რომელიც საკმარისად შორს არის რუსეთიდან და არაერთგზის მიუღია ლტოლვილი ჩეჩნები, მათ შორის ზრდასრული მამკაცები. ყოველ შემთხვევაში, რუსულან გელაევს შესანიშნავად ესმის: პანკისში მის დარჩენას ჩეჩნეთისთვის აბსოლუტურად არავითარი აზრი არა აქვს. ეს მხოლოდ საქართველოს უქმნის პრობლემებს, რაც უკვე ჩვენთვისაც მოუთმენელია. ამავროულად, მივაქციოთ ყურადღება, რომ რუსეთის მედია (ამჟამად იგი კრემლის მონურად მორჩილია) თითქოს ვერ ამჩნევს სამხედრო მანევრებს პანკისის ხეობასთან.
        მიზეზი გასაგებია: ხუხულასავით ინგრევა მითი, თითქოს ჩეჩნეთის პრობლემის გადაუწყვეტლელობა პანკისის ხეობაში არსებული ვითარებითაა განპირობებული. ბუნებრივია, ამ მითის დანგრევა (თუნდაც, რუსული საზოგადოებისთვის) კრემლში არ ეპიტნავებათ. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება წინასწარ საკმაოდ კარგად მოემზადა განსახორციელებელი სამხედრო-პოლიტიკური ოპერაციისთვის.
        მაგალითად, სოფელ დუისთან შეიკრიბა ადგილობრივი ჩეჩნური მოსახლეობა და თავად მოითხოვა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა შეყვანა ხეობაში. სულ რაღაც 1-2 წლის წინ ისინი ამის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ დღეს იგრძნეს, რომ ქართული ჯარი უნდა ერჩიოთ «რუსის ჯარს» და «ნოხისებრ» დაბომბვებს.
        უახლოესი ერთი კვირის განმალვობაში მანევრების ინტენსიურობა მოიმატებს. შემდეგ კი სამხედრო კონტინგენტი დაიძვრება, ხეობის გავლით, მდინარე ხადორის სათავისაკენ. საეჭვოა, რუსლან გელაევის რაზმელებმა რაიმე წინააღმდეგობა გაბედონ, ან თუნდაც მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენებით სცადონ ხელის შეშლა.
        ამრიგად, საქართველო ამერიკასა და დასავლეთს დაუმტკიცებს, რომ პანკისის ხეობა მეტად გაზვიადებული და გაბერილი მითია, თუმცა, რუსეთში ამას არ შეიმჩნევენ და ისტერიას განაგრძობენ.

დილის გაზეთი, 16 აგვისტო, 2002 წელი