რუსეთში სტალინის აჩრდილი დადის

რუსეთში სტალინის აჩრდილი დადის

  

    საზოგადოებრივი განწყობა რუსეთში საოცარი სისწრაფით იცვლება. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, რუსულ პრესაში (იგი, გარკვეულწილად საზოგადოებრივი აზრის სარკეა) სტალინისა და სტალინიზმის მიმართ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება იყო, მაგრამ მდგომარეობა თანდათანობით შეიცვალა.
    ამ მეტამორფოზის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა «ნეზავისიმაია გაზეტა», რომელიც 1991-92 წლების დროინდელი «დემოკრატიული გამოცემიდან» ლამის იმპერიალისტურ «ჟოლტი ლისტოკად» იქცეს და რუსულ შოვინისტურ გამოცემას «ჩორნაია სოტნიას» ემსგავსოს
    ვიტალი ტრეტიაკოვი არცთუ დიდი ხნის წინ ყველაზე თვალსაჩინო რუს დემოკრატად ითვლებოდა, დღეს კი «რეაქციონერთა» ლიდერია; თუმცა ვიტალი ტოვიევიჩს ავიწყდება, რომ სისხლით ებრაელია, ამას კი ბოლოს და ბოლოს, ბარკაშოვის, მაკაშოვისა და ილიუხინის ეპოქაში არ აპატიებენ.
    ამიტომ ტრეტიაკოვს წყალში ჩაეყრება (ძალიან ძვირადაც დაუჯდება) რუსული იმპერიალიზმის აღორძინებაში შეტანილი წვლილი. მის მოკვეთილ თავს კრემლის ქონგურს რომ წამოაცვამენ, - მერე მიხვდება, რა შეცდომა დაუშვა.
    თუმცა, ამჯერად, ტრეტიაკოვზე არა გვაქვს საუბარი, საქმე ეხება რუსეთში «სტალინისტთა» პოზიციების გაძლიერებას, რაც სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. საკუთრივ იოსებ სტალინი ამჟამინდელ სტალინისტებს აინტერესებთ მხოლოდ როგორც სიმბოლო რუსული «დერჟავისა». სტალინის სახელი თანდათან «დაიწმინდა» პარადოქსული ბრალდებებისაგან; ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ითქვა კიდეც სიმართლე: სტალინის ეპოქის დასასრულს (1983 წელს) ციხეებსა და «გულაგებში» 2 მილიონ 500 ათასი პატიმარი იყო. დღეს გაცილებით მეტია, თანაც ამ 2 მილიონ 500 ათასიდან ნახევარს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, კიდევ 700 ათასს - 10 წლამდე, ხოლო მათგან, ვინც, 15 წლამდე სასჯელს იხდიდა, 2/3 გასამართლებული იყო მკვლელობასა და სხვა კრიმინალური დანაშაულისათვის.
    ლენინ-ტროცკის რეჟიმთან შედარებით სტალინის «ტირანია» - დემოკრატიის «ყვავილობა» იყო. სხვათა შორის, რუსულენოვან ებრაელობას და ტროცკიზმის მიმდევრებს სოსო ჯუღაშვილი (მასთან ერთად საქართველოც) სწორედ იმიტომ სძულდათ და სძულთ, რომ სტალინმა (ლენინისაგან, ტროცკისაგან განსხვავებით) მიზნად დაისახა რუსეთის იმპერიის მოდერნიზება - აღორძინება და არა რუსეთის ქცევა მსოფლიო კომუნისტურ რევოლუციის პლაცდარმად.
    თანამედროვე რუს «სტალინისტებსაც» სწორედ ეს მოსწონთ სტალინში. თქვენ წარმოიდგინეთ, თანდათან იცვლება დამოკიდებულება ლავრენტი ბერიას მიმართაც. ეგრეთ წოდებული «პერესტროიკის» დასაწყისში იგი ლამის ჯოჯოხეთის მოციქულად აქციეს. პატარა ბავშვისათვისაც რომ გეკითხათ, 1937 წელს ბერიას სახელს დაუკავშირებდა, არადა, ეს აშკარა უსამართლობა იყო - 1937 წელს ეჟოვი ხელმძღვანელობდა НКВД-ს, ბერია კი მხოლოდ საქართველოს «ცკ»-ს პირველ მდივნად მუშაობდა. იგი 1938 წელს ჩაუდგა სათავეში საბჭოთა რეპრესიულ მანქანას დაб სხვათა შორის, ასეულობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. როგორც 1953 წელს - სტალინის სიკვდილის შემდეგ.
    ეს ყოველივე დაწვრილებით ითქვა რუსეთის ტელევიზიით გადაცემულ დოკუმენტურ ფილმში, რომლის ავტორმა სიტყვასიტყვით განაცხადა: «ბოლოს და ბოლოს, თუ ბერიას მომაკვდინებელ ცოდვად ეთვლება ის, რომ ქალები უყვარდა, განა უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ჩვენთვის ბერიას დამსახურება, - დიდი სამამულო ომის დროს დაზვერვის ბრწყინვალე ორგანიზაცია და «ატომური საიდუმლოს» მოპარვა ამერიკიდან?»
    გარდა ამისა, ფილმის ბოლოს ავტორი დარცხვენილი ყვებოდა, რომ ლავრენტი ბერიას ლაჩრულად, ზურგში დაახალეს ტყვია.
    სარწმუნო წყაროთა ცნობით, ასეთი გადაცემები სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს აფხაზეთში. ვლადისლავ არძინბამ, სწორედ ამ ტენდენციათა გამო, საკმაოდ მკვახე ინტერვიუები მისცა რუსულ გაზეთებს. პირველ რიგში, იმავე, «ნეზავისიმაია გაზეტას».
    მეორე მხრივ, სტალინური თემის ამგვარი «მუსირება» რუსული საზოგადოების სხვა ნაწილების გაღიზიანებასაც იწვევს. რუსეთის ტელეკომპანია ОРТ-მ (რომელსაც «ტროცკისტი» იგორ მალაშენკო ხელმძღვანელობს) ეთერში გადასცა სპეციალური რეპორტაჟი საქართველოდან. კერძოდ, ერთი ოჯახიდან, სადაც სტალინის მავზოლეუმი ჰქონდათ მოწყობილი, რაკი სტალინს «გაფრინდი შავო მერცხალო» უყვარდა, ფანატიკოს ქართველ სტალინისტს მერცხლები დაეჭირა, მოეკლა და მათი გახრწნილი ჩონჩხები დაეკიდა სტალინის თავზე.
    გადაცემის ავტორი გესლიანი ირონიით აღნიშნავდა: «ამის ნახვის შემდეგ ყოველგვარი სურვილი დავკარგე მესარგებლა ქართული სტუმართმოყვარეობით და მათთან მესადილაო».
    ბუნებრივია, ქართველები, ისე და ისევ, ჩვენი უნიჭობითა და სიჩლუნგით ვუწყობთ ხელს იგორ მალაშენკოს მსგავს პროვოკატორებს - ამგვარი სიუჟეტებით რუსეთში მიმდინარე დისკუსიის მოგებაში.
    აბა, ასეთი გულისამრევი «მავზოლეუმის» მოწყობა რა აუცილებელია? სტალინის, როგორც ისტორიული ფიგურისადმი პატივისცემა ან თუნდაც მისით სიამაყე, სრულიადაც არ გულისხმობს მარაზმში გადავარდნას.
    რაც შეეხება რუსეთს, იგი საბოლოოდ შეტრიალდა სათაყვანებელი «დერჟავის», ანუ იმპერიისაკენ. მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ იოსებ სტალინი ამ იმპერიის უდიდესი იმპერატორი იყო, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა ივანე მრისხანესა და პეტრე პირველის საქმე.

მერიდიანი, 20 იანვარი, 1999 წელი