დილის თბილისი

დილის თბილისი

გინდ დამიჯერეთ გინდ არა, დაახლოებით 20 წელია დილით ადრე ქალაქში არ გავსულვარ. ასე აეწყო და....

ახლა ბავშვი დამყავს სკოლაში შორს, ამიტომ დილის თბილისი ვნახე.

რომ მივიყვანე, წამოვედი და უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, შევჩენკოს ძეგლთან ჩამოვჯექი.

ლამაზი ადგილია. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თბილისში. სატრანსპორტო, არქიტექტურული, საკომუნიკაციო და ადამიანური `ინფრასტრუქტურის` მხრივ ევროპისგან ვერც გაარჩევ.

ვზივარ და სწორედ `ადამიანურ ინფრასტრუქტურას` ვაკვირდები.

აგერ, ვიღაც ახალგაზრდა დარბის დილით, ვარჯიშობს, სამსახურისთვის ემზადება სპორტულ შორტებში და მაისურში. ხელში ტელეფონი უკავია და `უაირლეს` უსმენს მუსიკას.

ვხედავ, ახალგაზრდა ქალი მოდის, ხელში დიდი ჩანთით.... საქმიანი კოსტიუმი აცვია; აშკარად ოფისში მიდის, ოღონდ....ბოტასები აცვია.

ვა, საქმიანი კოსტიუმი და ბოტასები? ხომ `არ მიდის ერთმანეთთან`, როგორც ერთი ჩემი ახლობელი ადამიანი იტყვის ხოლმე.

`არ მიდის` და მორჩა.

მოულოდნელად, ქალმა ამ პატარა სკვერში გადმოუხვია, ჩემს შორი-ახლოს დაჯდა, ბოტასები ხელის ჩვეული მოძრაობით გაიძრო, იმ დიდი ჩანთიდან `მაღალქუსლებიანი` ამოიღო, კოხტად ჩაიცვა და გზა გააგრძელა.

ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა. 

უცბად ლონდონის სიტი გამახსენდა.

ვგიჟდები სიტიზე.

სპეციალურად , `პიკის საათის` დროს - დილით ადრე გავდივარ ხოლმე სასტუმროდან, ჩამოვდივარ წითელი ხაზით Bank station-ზე, `სამეფო ბირჟის` წინ პატარა სკვერში ვჯდები და ხალხს ვაკვირდები.

იქ სწორედაც ძალიან ხშირია ეს სცენა: ჩამოსკუპდებიან ქალები, გაიძრობენ ბოტასებს, ამოიღებენ მაღალქუსლიანებს და შედიან იქვე, უამრავი გრანდიოზული ოფისიდან რომელიღაცაში....

კითხვა `ძველი თბილისიდან`: კი მაგრამ, რატომ არ შეიძლება ჯერ შევიდნენ ოფისში და იქ გამოიცვალონ ფეხსაცმელი?

ოოოოოოო.....ეს ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს:

არა, არ შეიძლება! და თუ რატომ არ შეიძლება, ამის ახსნა შეუძლებელია.

მაინც ვერ გაიგებს, რაკი ასეთ კითხვას სვამს.

ანუ, ამ 20 წლის განმავლობაში ბევრი რამ მნიშვნელოვანი გამომეპარა თბილისში.

მადლობა ნინო!